აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ცივილიზებულ სამყაროს 2008 წლის ომი გაახსენა და დასვა კითხვა - საქართველოს ომის დროს სანქციები დააწესა თუ არა ვინმემ? როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ 2008 წლის ომის შემთხვევაში.
„მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება.
ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი - ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები რატომ არ გქონდათ დაწესებული? ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია?“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცხადია, რომ დასავლეთს და მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს არ ჰქონდა შესაბამისი რეაგირება როგორც 2008, ასევე 1992-93 წლების რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ომთთან დაკავშირებით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აშშ 2008 წელს რუსეთთან ომში მყოფ საქართველოს წყლით დაეხმარა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ვინმესთვის რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა, დაიწყო 2022 წლის 24 თებერვლიდან და ამ ქვეყნის აგრესორობის წელთაღრიცხვა აქედან იწყება, მაგრამ საქართველო წლებით ადრე მიხვდა ამას, თუ რა როლი აქვს რუსეთს საერთაშორისო პოლიტიკაში, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ ხშირად ისმის უსაფუძვლო პრეტენზიები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების არსებობაზე. მისი თქმით, უმჯობესია, ამ განცხადებების ავტორებმა რუსეთთან საკუთარი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებს გადახედონ.
„მინიმუმ, 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სწორედაც რომ აგრესორია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ცოტა უფრო იქით, 90-იანი წლებიდანაც გვაქვს ეს გამოცდილება. ამიტომ, ვინ არის რუსეთი, რა ხდება და როგორი პოლიტიკა აქვს, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, რომ საქართველოსთან ჰქონდეს მორალური პედესტალიდან საუბრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს აქ ხდება გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები და ა.შ. მათ უნდა შეხედონ მარტივ ციფრებს.
ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში და ეს მილი გადის უკრაინის გავლით. ვინც გადაანგარიშების მოყვარულია, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს, გადაიანგარიშონ და ნახავენ, რა ციფრებთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, დღეს იყო ბორელის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია, არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი აცხადებს, რომ ფრენების გახსნა არ არის უბრალოდ ფრენების გახსნა, ეს არის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებს და რუსეთის პარტნიორ რეჟიმს წარმოადგენს. ვაშაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.
„ბოდიში და არაფრის თავი ახლა რუსეთს არ აქვს. სამაჩაბლოში სულ სამი ცალი ტანკი დგას. რეალურად „ქართული ოცნებაა“ დაინტერესებული ესკალაციით, „ქართულ ოცნებას“ უნდა რუსეთთან ომი. ოღონდ რა კუთხით იცით? რომ ეს გაათამაშოს ქვეყნის საგარეო ვექტორის საბოლოო ცვლილებისთვის. მე არ გამოვრიცხავ ასეთ სცენარს, რომ რუსეთთან ერთად დაიგეგმოს პროვოკაცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია და როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათ შორის იმ ადამიანების ინტერესშია, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს.
„გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია... ეს ხუმრობით, სერიოზულად კი, ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი, ეს ძალიან კარგად ჩანს. მგონი, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ნათელია, საქართველოში მეორე ფრონტი უნდა მას, ვინც ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსებისთვის, მოხალისეების გაგზავნას თვითმფრინავით და ბევრ სხვა ქმედებას ახორციელებდა, ასევე ვინც მეგობრობს იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, სწორედ ეს ადამიანები არიან დაინტერესებულები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, დანარჩენი არასერიოზული განცხადებებია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კამათი დასავლეთთან რომელიც მმართველმა გუნდმა დაიწყო, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით კარგია და დიდი ეჭვი აქვს, რომ დიდხანს გაგრძელდება. მისი თქმით, მოვლენების შეფასებას დროს სჭირდება და საწყისი წერტილიც სხვა უნდა იყოს. კერძოდ, 90-იანი წლების აფხაზეთის ომი, სადაც რუსეთმა მასკირებული ანექსია გააკეთა, როდესაც მასკირება მოახდინა აფხაზებით, მაგრამ რეალურად მოქმედებდა თვითონ.
„დაგვამხო თავზე სოხუმი - აფხაზეთი. სინანულის და მხარდაჭერის დეპეშაც კი არ მიგვიღია იმ ქვეყნებისგან, რომლის ლიდერები შევარდნაძეს პირადად ეფიცებოდნენ პატივისცემას და მხარდაჭერას. ასეთი დამოკიდებულება უკვე იყო ნიშანი იმ განწყობის არსებობისა, რასაც ახლა საყვედურობს ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთს, რომ დასავლეთი ამართლებს ქართულ ანდაზას - „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“.
მაგრამ, ეს ჭეშმარიტება აღიქვეს შევარდნაძემ და ალიევმა, რომლებმაც გააკეთეს პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელმაც მერე ამერიკამდე მიაღწია თურქეთის წყალობით და მას მერე, რაც გამოიკვეთა ეს გზა, დასავლეთმა დიდი ყურადღების ცენტრში მოაქცია საქართველო. მახსოვს ბუშმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ ის ადგილი გვიზიდავს, სადაც ნავთობის ბუმიაო. ასე რომ, დასვლეთი ხელმძღვანელობს თავისი ახლო მდებარე პოლიტიკური ინტერესით. შორს გათვლილ სქემებს იშვიათად ნახავთ დასავლეთში“, - აცხადებს საყვარელიძე.
პოლიტოლოგის განცხადებით, ანალოგიური მოვლენა იყო 2008 წელი, როდესაც რუსეთთან ომში მყოფს საქართველოს წყალი გამოუგზავნეს და ასე შემოიფარგლა მთელი ამერიკული და ევროპული მხარდაჭერა.
„ახლა უკვე ნანობენ იმას, რომ საკმარისად არ შეაფასეს სიტუაცია. ასეთი სინანული არ შველის დაღუპული ვაჟკაცების სიცოცხლეს და დაკარგულ ტერიტორიებს! ნანობენ, რომ უნდა მიგვეცა წევრობა საქართველოსთვისო და ამ დროს 12 პირობა დაგვიყენეს და ხომ ფაქტია, რომ კანდიდატობის სტატუსის არმოცემამ და 12 პირობის დაყენებამ აქ მთელი ქარიშხალი წარმოქმნა ოპოზიციის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში. ფაქტობრივად, მათ ნავთი დაასხეს დაპირისპირებას იმის მაგივრად დეპოლარიზაციაზე ეზრუნათ.
სამწუხაროდ, ბევრი ასეთი დასანანებელი ნაბიჯების მოწმეები ვართ და მათ შორის გავიხსენოთ გასაბჭოების პერიოდი. იქაც დასავლეთმა დაუთმო ნაწილობრივ რუსეთზე ორიენტირებულ ქართულ ხელისუფლებას და მეორე მხრივ თავად რუსეთს ეს სივრცე. ყოველ მეორე წუთას შეიძლება პედალირება და ხაზგასმა იმისა, რომ ახლა საქართველო ასრულებს ტრანზიტის ფუნქციას და საქართველოზე განხორციელებული ნებისმიერი სანქციები და დარტყმა ფაქტობრივად რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს. აი, ეს უნდა გაცნობიერდეს და ჩამოყალიბდეს.
არა იმიტომ, რომ შეიძლება ამერიკას აქვს გაცნობიერებული რაღაცა, არამედ იმისთვის, რომ ეს ვერსია, რომ ასეთი ნაბიჯებით რუსეთს უწყობს ამერიკა ხელს, საჯარო გახდეს და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე შერცხვეს ამ სანქციების ინიცირება აშშ-ს. ამ მხრივ ჭკუის სასწავლებლად გამოდგება 90-იანი წლები და დაგვეხმარება მომავალი ნაბიჯების გადადგმაში. რაც უფრო მეტად შეავიწროებენ საქართველოს, ამით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ჩაიშლება ტრანზიტი, რაც რუსეთს სჭირდება ჩინეთთან და ევროპასთან საჭიდაოდ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.