"ჩვენ არ გვჭირდება არავითარი თანამშრომლობა "ნაციონალებთან" - როგორ შეიძლება ჩვენ მათთან რამე სახის მოლაპარაკებები ვაწარმოოთ და ასე დავამარცხოთ ნინო ბურჯანაძე? მართალია, ბურჯანაძეს ჰყავს თავისი ელექტორატი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მარგველაშვილს პრობლემას ვერ შეუქმნის - რომელ თანამშრომლობაზეა საუბარი, როცა გამუდმებით ვლაპარაკობთ, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია მთავრდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. არ ვიცი, შეიძლება ამ გარიგებების შესახებ ინფორმაციას თავად ბურჯანაძის მომხრეების ავრცელებენ", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რით ემუქრება მანანა კობახიძე სააკაშვილს და კოტე კუბლაშვილს?
"ჩემი პირადი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს გლდანის ციხეში, მე ვფიქრობ, როცა ის აღარ იქნება პრეზიდენტი, პროცედურის განხორციელება უფრო გაადვილდება და ის სამართლებრივი გზით ყველაფერზე პასუხს აგებს. მე ნამდვილად არ მინდა მისი გაცილება უცხოეთში სადმე ლექციების საკითხავად. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ კაცში არ არის პრობლემა, სააკაშვილის თანამებრძოლებიც დამნაშავეები არიან და შესაბამისად, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მათი გასამართლება. ეს კაცი პირველი პირია, მაინც პრეზიდენტია, კონტაქტები აქვს, ურთიერთობა აქვს უცხოეთთან და შეუძლია უფრო ბევრი გვავნოს, ვიდრე ჩვეულებრივმა პარტიულმა ლიდერმა. როდესაც სააკაშვილი წავა, "ნაციონალურ" ნარჩენებთან ბრძოლა უფრო გაიოლდება - ამ ბრძოლაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ვიღაცებს ქვებით გამოვეკიდოთ და ჩავქოლოთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.
"ისინი კანონის მიხედვით აგებენ პასუხს. სხვათა შორის, ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული პროცესები გვაჩვენებს, დღეს სასამართლოს მართავს თუ არა კიდევ ვიღაც უხილავი პიროვნება. თუ მოსამართლეები ისევ საეჭვო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ცხადია, დადგება მათი და ასევე კოტე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კუბლაშვილი ხელშეუხებელია, ძალიან ცდება - ვიმეორებ, თუ სასამართლო ძველებურად განაგრძობს საქმიანობას, ამას ვერც პარლამენტი შეეგუება და ვერც მოსახლეობა. ვნახოთ, როგორც გადაწყვეტენ ამ საქმეებს. თუმცა ცხადია, ამ მხრივ პროკურატურასაც მართებს სერიოზული მუშაობა - თუ სასამართლომდე საქმე გამართული არ მივიდა, მოსამართლეებს ბევრს ვერაფერს მოსთხოვ, ამ შემთხვევაში პროკურატურასაც უნდა მოეთხოვის პასუხი. კეთილი ინებოს და ორივე შტომ ნორმალურად იმუშაოს, ეს თამაში არ არის, ხალხის ბედით მანიპულირება დაუშვებელია, თუ ვინმე დამნაშავეა, პროკურატურამ კეთილი ინებოს და დაუმტკიცოს", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"რაც შეხება იმას, რომ "ნაციონალი დეპუტატები რეგიონებში ბიძინა ივანიშვილი ნდობით აღჭურვილ პირებად ასაღებენ თავს - ეს "ნაციონალების" დამახასიათებელი თვისებაა. საჭიროა ჩვენი კოორდინატორები გააქტიურდნენ და ხალხს გააგებინონ რეალობა - სად არის "ქართული ოცნება" და სად არიან "ნაციონალები". თვითმარქვიები ყოველთვის იყვნენ და ალბათ, მომავალშიც იქნებიან. იგივე პაატა ლეჟავას ვანის რაიონში ყველა იცნობს და ყველამ იცის, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური "ნაციონალი" და ადეიშვილის კადრი, მისი მეგობარი. როგორც ვიცი, იყო მისი ჯგუფელი და მარჯვენა ხელი - ეს ინფორმაცია ვანში იციან და არ მგონია, ვინმე მოტყუვდეს. ლეჟავამ რაც უნდა იძახოს, ბიძინა ივანიშვილის კაცი ვარო, არავინ არ უნდა დაიჯეროს", - დასძენს მანანა კობახიძე და შეკითხვას - "დავით საგანელიძეს ყველა ადანაშაულებს, რომ ძალიან მონდომებით ასაქმებს "ახლების" აქტივისტებსა და "ნაციონალებს". კი ბატონო, შეიძლება არსებობდეს "ქართულ ოცნებაში" აგენტურა, რომელიც საბოტაჟს აწყობს, მაგრამ არ შეიძლება ყველა რეგიონში ერთი და იგივე პრობლემა იყოს - ეს პრობლემა არის დავით საგანელიძე", - პასუხობს:
"სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როცა ჩვენი შტაბები დაკომპლექტდა "ნაციონალებით" და ამიტომაც წავაგეთ ზოგიერთ რაიონში. არ დაგიმალავთ, საჩხერის შტაბშიც კი იყვნენ შემოგზავნილები - ახლა გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ უნდა მოხდეს გაწმენდა. ვიმეორებ, სამწუხაროდ არ ვარ ჩართული მარგველაშვილის საარჩევნო შტაბების დაკომპლექტებაში - ეს პასუხისმგებლობა მთლიანად აქვს აღებული დავით საგანელიძეს და მოგებაზე მთლიანად ის არის პასუხისმგებელი, თუმცა კადრების მხრივ ის არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, ის ხელმძღვანელობს კოალიციურ შტაბს, სადაც არიან სხვა პარტიების ლიდერებიც. ცხადია, პრობლემები არის და მე მზად ვარ, რა ფაქტებსაც თქვენ დებთ, რა საკითხებზეც თქვენ წერთ, აუცილებლად მივიტანო პოლიტსაბჭოზე, რათა ყველაფერი ვთქვა - ეს ჩემი ვალდებულებაა. სერიოზული ბრძოლაა მოსაგები, "ნაციონალები" თავიანთი წყაროების მეშვეობით კიდევ მუშაობენ, თუმცა გამოვრიცხავ, რამე შანსი ჰქონდეს დავით ბაქრაძეს - ვინც უნდა შემოგვიგზავნოს "ნაციონალურმა მოძრაობამ, რა აგენტურული ქსელიც უნდა აამოქმედოს, მათი დრო დამთავრებულია".