უახლოს მომავალში რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გაამარტივებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, გამარტივებული სავიზო რეჟიმით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებიან, ან ხელთ აქვთ ნათესავების მიწვევა.
ამასთან, აბაშიძის ინფორმაციით, იგეგმება შეხვედრა სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს შორის, რათა სავიზო შეზღუდვები, რაც შეიძლება, სწრაფად მოიხსნას.
ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავდა. იმ პერიოდში რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აცხადებდა, რომ მოსკოვი უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგი არ იყო და აქ სიტუაცია თანაბარი უნდა ყოფილიყო.
თუმცა უფრო ადრე, მარტის თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი კატეგორიულად აცხადებდა, რომ რუსეთი არ გააუქმებდა სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მეტიც, დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, მოსკოვს არ შეეძლო ამ ნაბიჯის გადადგმა. უბრალოდ, რუსი დიპლომატი არ გამორიცხავდა, რომ შესაძლებელი იყო, სავიზო რეჟიმი შემსუბუქებულიყო საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის.
რას ნიშნავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება და სამომავლოდ ურთიერთობის დათბობას ხომ არ უნდა ველოდოთ ორ ქვეყანას შორის?! ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
პოლიტოლოგი სისო ცინცაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ ღრმა უფსკრული გათხარა საქართველოსა და რუსეთს შორის, ამიტომ ამ უფსკრულის ამოვსება კავალერისტული შეტევით არ გამოდის. თუმცა, რასაკვირველია, უკვე მიღწევაა, რომ რუსეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს. თავდაპირველად ეს შეღავათი იმ ადამიანებზე ვრცელდებოდა, ვისაც რუსეთში ნათესავები ჰყავდა. ახლა კი რუსეთში საქმიანი ვიზიტით წასვლის მსურველებსაც შეეხება.
პოლიტოლოგის თქმით, საინტერესოა, რას მოიცავს ფართო ცნება_ საქმიანი ვიზიტი. მაგალითად, ბიზნესინტერესი საქმიანი ვიზიტია, მაგრამ, თუ ადამიანს სურს, დაათვალიეროს გამოფენა და ერმიტაჟის სანახავად ჩავიდეს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რუსული კულტურის გაცნობა ჩაეთვლება თუ არა საქმიან ვიზიტად? ან კიდევ, ადამიანს სურს რუსეთის რუმიანცევის ბიბლიოთეკაში მუშაობა, ეს არის თუ არა საქმიანი ვიზიტი?!
„საქმიანი ვიზიტი ისეთი ფართო ცნებაა, რომ აქ ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის მხრიდან კეთილგანწყობასა და პოლიტიკურ ნებაზე. თუ ზემოდან იქნება ბრძანება, რუსეთის საკონსულო საქმიან ვიზიტად ჩაუთვლის ადამიანს მოსკოვში საქმროს ყოლასაც კი და მასთან ჩასვლის სურვილსაც ქორწინების მიზნით. ის ჩათვლის, რომ ოჯახის შექმნაზე დიდი საქმე არაფერია და ვიზას მისცემს. ხოლო, თუ ზევიდან მკაცრი გაფრთხილება იქნება, მაშინ იტყვის, ეს არ არის საქმიანი ვიზიტი. ამის მიუხედავად, პროგრესი, რასაკვირველია, იგრძნობა, მაგრამ ძალზე არადამაკმაყოფილებელი ტემპებით. თუ ამ ტემპით ვიარეთ რუსეთთან, ამის დრო საქართველოს არ აქვს. ჩვენი ქვეყანა ცაიტნოტშია. პროცესი, მაქსიმუმ, 2-3 წელიწადში უნდა განვითარდეს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება ვიზების სრულიად გაუქმებას, პოლიტოლოგის თქმით, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა. მეტიც, არ შეიძლება, ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდეს და ამ დროს ჩვენ პრეტენზია გვქონდეს, ვიზებს რატომ არ გვიუქმებთო?! ასეთ შემთხვევაში, რუსეთი გვეტყვის, მე არ გამიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა, ეს ურთიერთობა საქართველომ გაწყვიტა, ამიტომ აღადგინოს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ვიზების აბსოლუტურ გამარტივებაზე.
სოსო ცინცაძის თქმით, დაუშვებელია, რუსებს ვეძახოთ ოკუპანტები, გათახსირებულები და, ამავე დროს, რუსეთში უვიზოდ შესვლა მოვითხოვოთ. მისივე თქმით, რუსეთმა იაპონიის სამჯერ მეტი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, ვიდრე საქართველოსი. თუმცა არ შეიძლება, იაპონელებზე მაგრები გამოვიდეთ ქართველები და ტერმინ ოკუპაციაზე ჩავიციკლოთ. „ხომ უნდა ვიფიქროთ, რის სანაცვლოდ ვაკეთებთ ამას?“ - კითხვა უჩნდება პოლიტოლოგს.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთმა დაინახა საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიტიური მიდგომები. ამიტომ კარასინის განცხადების მიუხედავად, რუსეთმა თავად შეუწყო ხელი საქართველო-რუსეთს შორის ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას და ქართული საქონელი შევიდა რუსულ ბაზარზე. ამ პროდუქციის შესვლას კი, ბუნებრივია, უნდა მოჰყვეს იმ ადამიანების ჩაყვანაც, რომლებიც აღნიშნულ პროდუქციას უწევენ კურირებას.
გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობის ერთ-ერთ ფაქტორად ექსპერტი სოჭის ოლიმპიადის მოახლოებას ასახელებს, რაც მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. შესაძლოა, აქ საქართველოს მონაწილეობაზეც იყოს საუბარი და ქართულ გუნდებს, ბუნებრივია, მათი გულშემატკივრებიც გაჰყვებიან.
„ეს პოლიტიკური მომენტია და პუტინმაც თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს მიმართ საპასუხო ქმედებები განახორციელოს. მე ვთვლი, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება სერიოზული ნაბიჯია ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში.
ურთიერთობის აღდგენა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ და მალე შეიძლება, მივაღწიოთ გარღვევას, თუნდაც იმავე ბიზნეს-ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეს უკვე ხანგრძლივი პერიოდის საქმეა. მაგრამ თვითონ გეოპოლიტიკური სიტუაცია ისე მოულოდნელად და რადიკალურად იცვლება, რომ შეიძლება, არსებითად შეიცვალოს მდგომარეობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართაც კი“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.
ექსპერტ ელენე ხოშტარიას აზრით, ვიზებზე გართულების დაწესება რუსეთისგან შექმნილი ხელოვნური პრობლემაა, რომლის ნაწილობრივ გაუქმებაზე ხაზგასმა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არასერიოზიულია. მით უფრო, რომ ლაპარაკი არ არის ვიზების სრულ გაუქმებაზე. ელენე ხოშტარიას სამწუხარო ფაქტად მიაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ყველა ნეგატიურ მოვლენაზე თვალი დახუჭოს და რუსეთს პასუხისმგებლობა არ დააკისროს, ხოლო ყველა უმნიშვნელო საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიტიურობა წარმოაჩინოს და გაამუქოს. სინამდვილეში, ექსპერტის მოსაზრებით, არანაირი პროგრესი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არ არის ამ მიზერული გადაწყვეტილებით, რომელიც ჯერ არ დამდგარა.
„არსებითად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელყოფას. ურთიერთობის დათბობა საქართველოსა და რუსეთს შორის იმ რუსეთის პირობებში, რასაც ჩვენ ვუყურებთ 200 წლის განმავლობაში, უბრალოდ, ლოგიკიდან ამოვარდნილი შესაძლებლობაა. ეს გამორიცხულია, რადგან რუსეთს ერთადერთი ინტერესი აქვს. ეს არ არის პუტინის ინტერესი ან სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ინტერესი, ეს არის რუსული სახელმწიფოს ინტერესი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რათა საქართველო ჰყავდეს კონტროლქვეშ და მონურ მდგომარეობაში. ამიტომ, სანამ რუსეთი არ შეიცვლება და არ შეიცვლება მისი ფუნდამენტური მიდგომა, სერიოზული საუბარი რაიმე დათმობაზე არასწორია.
ახალი მთავრობის პირობებში ჩვენ ვნახეთ ოკუპაციის კანონის ცვლილების მცდელობა, თუმცა რუსეთი მაინც აგრძელებს მავთულხლართების პოლიტიკას, პირდაპირ მუქარას, რაც ჩვენ მოვისმინეთ მედვედევის განცხადებაში“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
მისივე თქმით, სხვა საქმე იქნებოდა, რუსეთს სერიოზული ნაბიჯი რომ გადაედგა და ეჩვენებინა, რომ იგი აპირებს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას. ეს შეიძლება ყოფილიყო საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება ამ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის მომავალთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში საუბრის დაწყება და ა.შ. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან წაღებას, ამ ეტაპზე ელენე ხოშტარიას ეს არარეალისტურად მიაჩნია.