„როდესაც იცვლებოდა გეოპოლიტიკური ეპოქა, მაშინ არაერთხელ შეცვლილა რუსეთის იმპერიის საზღვრები და რუსეთის დამოკიდებულება ვასალური ქვეყნებისადმი“

„როდესაც იცვლებოდა გეოპოლიტიკური ეპოქა, მაშინ არაერთხელ შეცვლილა რუსეთის იმპერიის საზღვრები და რუსეთის დამოკიდებულება ვასალური ქვეყნებისადმი“

„ღარიბაშვილმა ერთხელ თქვა, მონტე-კარლოს გავხდით აფხაზეთს, თუკი აფხაზები მოინდომებენო. მხოლოდ გეოპოლიტიკური სურათის ცვლილებას შეუძლია განაპირობოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება დედასამშობლოსთან. თორემ რუსები არ აპირებენ ლენინის შეცდომის დაშვებას, ისინი აპირებენ მიიღონ ყოფილი რესპუბლიკები, ოღონდ ცალ-ცალკე სუბიექტებად, ანუ აფხაზეთი ცალკე, აჭარა ცალკე, სამეგრელო ცალკე, სამცხე-ჯავახეთი ცალკე, ქვემო ქართლი ცალკე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ერთადერთი დათქმით განიხილება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა. შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული გარანტიები ჰქონდეს რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. რამდენად სანდო იქნება ეს „საჩუქარი“, ანუ ტერიტორიების დაბრუნება რუსეთის მხრიდან და მეორე დღეს ისევ ხომ არ წაგვართმევს ჩვენს ტერიტორიებს? ისტორიულად რუსეთი აბრუნებდა მიტაცებულ ტერიტორიებს?

- თქვენ ახსენეთ „საჩუქარი“, რუსეთი მის მიერვე მიტაცებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს თუ არა, ეს არის საქართველოსთვის ტიპური რამ, რომ ასეთი მითები შეითხზას. წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება უმაღლეს დონეზე, იქნებოდა ეს ლავროვი, თვითონ პუტინი, თუ, განსაკუთრებით, კარასინი, რომელსაც საქართველოს საქმეებზე მეურვეობა ევალებოდა, აცხადებდნენ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უკან არ წაიღებდნენ და ამ საკითხს არავისთან არასოდეს არ განიხილავდნენ, არც ამერიკის, არც გაეროს შუამავლობით. კარასინი ხაზს უსვამდა, რომ ახალი ხელისუფლების, ანუ „ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე, მათ არაერთხელ შეახსენეს ქართველებს, რომ ეს საკითხი არ გადაიხედებოდა. გახსოვთ, ალბათ, ბურჯანაძე ჩავიდოდა მოსკოვში, დაბრუნდებოდა საქართველოში და ამბობდა, საჭიროა ჩასვლა, მოლაპარაკება რუსებთანო, კარასინი კი ამაზე ამბობდა, არა, არ შეცდეთ, არც კი ვილაპარაკებთო. დღესაც არავინ არაფერს არ გვპირდება რუსეთიდან, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. როდესაც იცვლება გეოპოლიტიკური სურათი და გეოპოლიტიკური ეპოქა, მაშინ იცვლება საზღვრები და არაერთხელ შეცვლილა რუსეთის იმპერიის საზღვრებიც, არაერთხელ შეცვლილა რუსეთის დამოკიდებულება ვასალური ქვეყნებისადმი და ამის მაგალითები მხოლოდ მე-20 საუკუნეში რომ ავიღოთ, ეს იყო ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როდესაც რუსეთის მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარემ კერენსკიმ უთხრა თავად ავალიშვილს, ჩადი საქართველოში და ყველას უთხარი, მეგობრებს, რომ ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, საქართველომ თავის თავს მიხედოს ისე, როგორც შეუძლია ამ ვითარებაში. შემდეგ იყო დამოუკიდებლობის წლები, განპირობებული გეოპოლიტიკური ეპოქის ცვლილებით, თუმცა ბოლშევიკებმა შეძლეს იმპერიის შეკოწიწება, ვეებერთელა არმიის შექმნა და საქართველოც დაეცა აზერბაიჯანისა და სომხეთის დაცემის შემდეგ, როცა შემოვიდა წითელი არმია. ამის შემდეგ 1991 წელს მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლა და ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ ელცინის სიტყვები, რესპუბლიკებს ვეუბნები, აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც შეგიძლიათ და წადით, მიხედეთ თქვენს თავსო, ანუ მოსკოვიდან იყო თხოვნა, წადით, დაგვანებეთ თავი. ეს განხორციელდა ნაწილობრივ, თუმცა საქართველოდან წაღებულია ტერიტორიის 20%. საინტერესოა, რომ ფორმალურად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ანექსირებული არ არის, კონსტიტუცია რუსებმა არ შეცვალეს და, ყირიმისგან განსხვავებით, ეს ტერიტორიები არ შეიყვანეს თავის ტერიტორიაში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი კარგავს სამხრეთ კავკასიას, წესით, მის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა. იქნებ, რუსეთის გარკვეულ წრეებში განიხილება ამ ტერიტორიების დაბრუნება?

- რუსეთს ამ ტერიტორიების დაბრუნება არ სურს, მაგრამ იმის კვალობაზე, რაც ხდება უკრაინაში, შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ამ ომს რუსეთი ჯერჯერობით კატასტროფულად აგებს, საქართველოში ზოგიერთებს არ სურთ ამის გაგება, რომ უკვე წაგებული აქვს ეს ომი რუსეთს და მხოლოდ ომის იმიტირებას ახდენს. თუკი დასავლეთი კომპრომისზე არ წავა და უკრაინა აღდგება მთელ თავის ტერიტორიაზე, შეიცვლება გეოპოლიტიკური ვითარება, ამის შემდეგ თეორიულად საქართველოსთვისაც რაღაც შეიძლება შეიცვალოს სასიკეთოდ. ეს იმის გამო კი არ მოხდება, რომ რუსეთის ხელისუფლების და რუსი ხალხის კეთილი ნება იქნება, არამედ როგორც ეს იყო 1917 წელს, 1991 წელს, ობიექტური გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსისა და ეპოქის ძვრების გამო არაფერი გამორიცხული არ არის. თუმცა შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რა იქნება ამ დროს ჩრდილო კავკასიაში, ვინ დაიცავს საქართველოს იმ ქაოსისგან, რაც შეიძლება გაჩნდეს, რა ბედი ეწევა დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე მდგარ ჩვენს ქვეყანას, სადაც ჩვენი მოსახლეობა, ეთნიკური ქართველები სწრაფად ბერდებიან და კვდებიან. ხაზს ვუსვამ, მხოლოდ გეოპოლიტიკური სურათის ცვლილებას შეუძლია განაპირობოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება დედასამშობლოსთან.

თუკი დროებით დაკარგულ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მერე ხომ არ დაიწყება ახალი თავის ტკივილი, რამდენად შეეგუებიან დაბრუნებას ამდენწლიანი გაუცხოების შემდეგ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები?

- ზუსტად ამის თქმა მინდა, ეს შეიძლება მოხდეს და იყოს სტაბილური მხოლოდ მაშინ, თუკი თვითონ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დაიჯერებს, რომ მათთვის უკეთესია ქართველებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება. ეს თუ მკაფიოდ იქნება გამოხატული, ამ შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის ასეთი აღდგენა შეიძლება იყოს სტაბილური და უკონფლიქტო. სხვა შემთხვევაში, თუ საქართველოს რომელიმე ხელისუფლება ძალის გამოყენებას შეეცდება იმ იმედით, აგერ, რუსეთი დასუსტდა, რუსის ჯარები გავიდნენ, ვიხელთოთ დრო და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობაო, ეს ისევ სრული კატასტროფით დამთავრდება.

აქ ხომ არ დგება ეჭვიანობის მომენტი, შეგვიძლია ამას დავარქვათ გეოპოლიტიკური ეჭვიანობაც, დასავლეთს რამდენად აწყობს, საქართველომ ტერიტორიები რუსეთთან დაახლოების ხარჯზე დაიბრუნოს?

- ევროპელებთან მრავალი წლის განმავლობაში მქონია საქმიანი ურთიერთობა. ნატოშიც და სხვაგანაც ყველგან დარწმუნებულნი არიან, რომ არავითარი ტერიტორიების დაბრუნება რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ფონზე არ მოხდება. უშუალოდ რუს მოღვაწეებთან ურთიერთობის დროს ჩემთვის ცხადი გახდა, რომ, თუ საქართველოს რომელიმე მთავრობა ჩავიდოდა მოსკოვში და იტყოდა, ნატოში არ გვღებულობენ და სრულიად გაურკვეველია, ოდესმე მიგვიღებენ თუ არა, ევროკავშირში მიღებაც სრული მირაჟია, ამიტომ მიგვიღეთ რუსეთის ფედერაციაში ფედერაციის სუბიექტადო, რუსეთი ჩვენ კაბალურ წინადადებას შემოგვთავაზებდა. ჩვენ ვეტყოდით, წინათ ხომ ვიყავით საბჭოთა რესპუბლიკა ამდენი წლის განმავლობაში, 200 წელი კი ვიყავით რუსეთის შემადგენლობაში, ახლა ხომ გყავთ რესპუბლიკები - ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ჩრდილო ოსეთი, ასეთ სუბიექტად მიგვიღეთ რუსეთის ფედერაციაში, ოღონდ აღდგეს საქართველოს რესპუბლიკის სიმბოლური საზღვრები, რომელშიც ავტონომიად შედიოდა აფხაზეთი, ცხინვალის ავტონომიური ოლქი. პასუხი იქნებოდა ასეთი და უთქვამთ ეს ჩვენი პარლამენტარებისთვის რუსებს, ძალიან კარგი, ჩვენ თქვენი მიღება გაგვიხარდება, ოღონდ იმ შეცდომებს, რაც ლენინმა დაუშვა, ჩვენ აღარ დავუშვებთ, ამიერიდან ჩვენ მივიღებთ ყველას, ოღონდ ცალ-ცალკე სუბიექტებად, ანუ აფხაზეთი ცალკე, აჭარა ცალკე, კომპაქტურად სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთი ცალკე, კომპაქტურად აზერბაიჯანელებით დასახლებული ქვემო ქართლი ცალკე, ცხინვალის რეგიონი შეუერთდება ჩრდილო ოსეთს, სამეგრელო ცალკე შეუერთდება რუსეთს, მით უმეტეს, სულ სხვა ენა აქვთ მეგრელებს, პირადად მეც უკრაინულად თითქმის ყველაფერი მესმის, მეგრულად კი არ მესმის. ამდენად, რუსები გვეტყვიან, 6-7 სუბიექტის სახით რუსეთში სიამოვნებით მიგიღებთო. მახსოვს გიგა ლორთქიფანიძე და სხვებიც გაოგნებულნი ჩამოვიდნენ რუსეთიდან, ეს რომ მოისმინეს.

ალბათ, საბოლოო მიზანი იქნება საქართველო უქართველებოდ.

- ეს ისედაც ხდება ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის შედეგად. საბოლოოდ იყო ის, როგორც თავის დროზე დაწერა გამოჩენილმა რუსმა ანალიტიკოსმა, კგბ-ს წარსულის მქონე ლებედევმა, როგორც შოკოლადის ფილა ღარებით არის დაყოფილი, რომ ღარებით უნდა გატყდეს, ასე გამზადებულია საქართველოს დაყოფა. ახლა მათი გეგმაა, იმდენად მცირე უნდა იყოს რუსეთში შემავალი რესპუბლიკების ერთეულები, რომ ამ ერთეულების მოსახლეობამ და ელიტებმა არც კი იფიქრონ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე. სამცხე-ჯავახეთი როგორც სუბიექტი რომ შევა იმ დიდ ფედერაციაში, არასდროს არ იტყვის, რომ ჩვენ გვინდა, ცალკე სახელმწიფო ვიყოთ, იგივე აჭარა, სამეგრელო და სხვა. ეს გეგმა არსებობს. ამიტომ ბურჯანაძე იქნებოდა, თუ სხვები ხმას რომ ამოიღებდნენ, დაველაპარაკოთ რუსებსო და დაგვიბრუნდება ტერიტორიებიო, არ იყო დამაჯერებელი.

ყველაზე საინტერესო ის იყო, ვინც კი ჩავიდოდა რუსეთში, ყველა ამბობდა, მხოლოდ მე შემიძლია რუსებთან ლაპარაკიო, თითქოს რუსეთთან ურთიერთობის ექსკლუზიურობას იჩემებდნენ.

- ეს სპეკულაცია იყო, იცოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა და ყოველთვის დაბრალდებოდა ხელისუფლებას, რომ ვერ ჩადიან რუსეთში, ვერ ბედავენ, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არ ძალუძთ.

2008 წელს სააკაშვილის გარემოცვა დაარწმუნეს რუსეთში მყოფმა გარკვეულმა ძალებმა, რომ დაუბრუნებდნენ ცხინვალის რეგიონს, ამ პროვოკაციას წამოეგო სააკაშვილიც, ახლაც ასეთი სატყუარა ხომ არ გადმოუგდეს ამ ხელისუფლებას, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების დრო დადგა?

- სააკაშვილის პროვოკატორებს ამ ხელისუფლებამ უკვე გასცა პასუხი, სულ ბოლო რუსის ჯარისკაცი რომ გავიდეს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, მთლიანად იარაღიც რომ გაიტანონ, მაშინაც კი არ შევიჭრებით აფხაზეთსა და ცხინვალში. ღარიბაშვილმა ერთხელ თქვა, მონტე-კარლოს გავხდით აფხაზეთს, თუკი აფხაზები მოინდომებენო. აქ იგულისხმა არა ის, რომ აფხაზეთი კაზინოს ქვეყანა უნდა გახდეს, არამედ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაიზარდოს, რადგან შავი ზღვის ზურმუხტია აფხაზეთი. როცა იქაური მოსახლეობა ჩაეხუტება საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას, იქნება ნდობა, მეგობრობა, სიყვარული, რაც კომუნისტების ხელშიც არ ყოფილა, მაშინ შეიძლება დაბრუნებაზე ფიქრი. მანამდე ეს არის მავნე მითოლოგია. 1992 წლიდან ჩართული ვარ ამ საქმეში, მაშინ კავსაძესთან ვმუშაობდი და ჩავდიოდი აფხაზეთში და ცხინვალში ვიჯექი, როცა ყარყარაშვილი ბომბავდა ცხინვალს, ბუნკერში ვიჯექი თეზიევთან და კულუმბეგოვთან ერთად. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქაურ მოსახლეობაში აღიქმება, როგორც ახალი ომის დაწყების ნიშანი, რომ ჩვენ მოვალთ ომით. რამდენი წელია გასული ომიდან და ჩადით და ნახეთ, როგორ ცხოვრობენ აფხაზები, რა გაკეთდა, როგორი თარეშია ბანდების, რამდენი თავდასხმა იყო ანქვაბზე და ძლივს გადაურჩა, არც წესრიგი არ არის, არც კანონის უზენაესობა, არც ინვესტიციები.

რაც მთავარია, რუსებს, ამ უცხო ხალხს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ კავკასიელებთან, აფხაზები დღემდე ვერ უგებენ და რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს კლავენ.

- შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ახლობელი კოვიდამდე აფხაზეთში იყო ჩასული, გაერომ ჩაიყვანა, აფხაზები ძალზე მეგობრულად შეხვდნენ, ამ კაცს მანამდეც იცნობდნენ, სუფრაზე აფხაზებმა პირდაპირ თქვეს, ჩვენი ხალხი თანდათან ხვდება, რომ აფხაზეთის ომის დროს არასწორი მიმართულებით ვისროდითო. თუმცა აფხაზეთში ასე ერთეულები ფიქრობენ.

 

 

amo ღმერთო შენ დაგვიფარე ქვეყნის შინაური მოღალატეებისგან და გარე საფრთხეებს იქნებ როგორმე გვერდი ავუაროთ.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პარიკმახერთან რომ მიბრძანდეთ და ეს წვერი რომ შეიკრიჭოთ, ვერა?! მარქსს და ენგელს თუ ბაძავთ იმატ წვერი სულ დაბანილი და დავარცხნილი ჰქონდათ
1 წლის უკან