საქართველოზე გაბრაზებული სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებით იმუქრება

საქართველოზე გაბრაზებული სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებით იმუქრება

მოსამართლეების შემდეგ, სანქციების რისკის ქვეშ შესაძლოა, საქართველოს აეროპორტების კომპანიები აღმოჩნდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერმა შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით და ამბობს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ - მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

აღშფოთებული ამერიკა რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ ეტაპზე, რთული სათქმელია, თუმცა მორიგი სანქციები უკვე დაანონსდა. როგორც წესი, აშშ-ის წინასწარი განცხადებები და რეალობაში ამის განხორციელება დიდ პერიოდს არ მოიცავს. ექსპერტი ავიაციის საკითხებში იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია შეზღუდვა დააწესოს რუსული ავიაკომპანიის შემოშვებაზე, ვინაიდან ისინი სანქციების ქვეშ არიან, ან თუკი ამ შეზღუდვებს არ დააწესებს, პირიქით, ქართული ავიაკომპანიები და საქართველოს აეროპორტები მოხვდებიან სანქციების ქვეშ. ამასთან, როგორც იასე ზაუტაშვილმა აღნიშნა, შეზღუდვა დაუწესდებათ იმ ავიაკომპანიებსაც, ვინც რუსეთის ფედერაციაში იფრენს და ისინი სხვა მიმართულებებზე რეისებს ვეღარ შეასრულებენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ირღვევა ფრენების უსაფრთხოების სტანდარტი, ვუშვებთ რა რუსეთში ნაწარმოებ თვითმფრინავს ქვეყანაში, ჩვენს უსაფრთხოების ნორმებს ასე ვარღვევთ, რომ სანქცირებულ ქვეყნის ცას ვკვეთთ და სანქცირებული ქვეყნის ავიაკომპანიებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში შემოვიდნენ, მკაცრი მითითება მიეცემათ, რომ შეწყვიტონ ამ აეროპორტებმა საერთაშორისო ავიაკომპანიებთან ურთიერთობა. ამაში მოხვდება „აირზენაც“ და ყველა დანარჩენიც.

ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებულ ავიაკომპანიებზე, რომელიც მათ შორის „ჯორჯიან ეარვეისიცაა“. შესაბამისად, ეს შეუზღუდავს, მაგალითისთვის, „ჯორჯიან ეარვეისს“ იფრინოს თბილისი - პარიზი, ან თბილისი - ვენის რეისზე. მაგრამ იფრენს უფაში, სოჭში, ჩელიაბინსკში. მარტივად რომ გითხრათ, იმ ავიაკომპანიებზე იქნება შეზღუდვა, ვინც იფრენს მოსკოვისა და ზოგადად, რუსეთის ფედერაციის მარშრუტებზე. რაც შეეხება აეროპორტებს, მათ მისცემენ მითითებას, რომ უფრო ფრთხილად მოეკიდონ იმ ქვეყნის ავიაკომპანიების მიღებასა და მომსახურებას, რომლებიც იმყოფებიან სანქციების ქვეშ, თუ გააგრძელებენ მიღებას, მაშინ ჩვენი აეროპორტები მოხვდებიან სანქციების ქვეშ“, - განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ სტრუქტურა არ ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებით საქართველო რომელიმე სანქციას არღვევს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ამ შეფასებების უკან რამე მოტივაცია არსებობს, მაშინ ამაზე უნდა ისაუბრონ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მაშინ, როდესაც არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა.

„საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით, საქართველო სრულად კეთილსინდისიერია. მნიშვნელოვანია, ფაქტებს დავაკვირდეთ. რუსეთთან პირდაპირი ფრენების შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან არანაირ აღდგენაზე საუბარი არ არის. საქართველოს თავად არასოდეს შეუწყვეტია რუსეთთან პირდაპირი ფრენები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს მათთან ომი გვქონდა, არც მაშინდელი ხელისუფლება და არც შემდგომი ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირ ფრენებს არანაირ ბარიერს არ უქმნიდა. 2019 წელს რუსეთმა ფრენები თავად დაკეტა და აქ საქართველოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ იმ პოლიტიკის ფარგლებში დარჩა, რასაც მანამდე ატარებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებაზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ რაიმე კონკრეტული სტრუქტურა არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ან რომელიმე სანქციას ვარღვევთ ან გვერდს ვუვლით ამ სანქციებს. შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. თუ ამ შეფასებების უკან რაიმე მოტივაცია არსებობს, მაშინ ამ მოტივაციაზე უნდა ისაუბრონ“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, საქართველომ არა თუ ახლა, არამედ წელიწადზე მეტია განაცხადა, თუ რა არის საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით.

„ჩვენ, ერთი მხრივ, გვერდს არ ვუვლით საერთაშორისო სანქციებს. ამ კუთხით საქართველო სრულიად კეთილსინდისიერია. მეორე, ჩვენ ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხიც ეთანხმება და შარშან ქართული ოპოზიციაც დაეთანხმა. ცის ჩაკეტვა, ვიზაზე წესების გამკაცრება და ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს სანქციას, ხოლო სანქცია ნიშნავს ესკალაციას. ეს წარმოქმნის ისეთ ვითარებას, როდესაც რთულია პროგნოზირება იმისა, რა იქნება შემდეგი. მაშინ, როდესაც არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციაში თვლიან, რომ აშშ-ს განცხადება კიდევ ერთი გაფრთხილებაა. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, საქართველოს აეროპორტების სანქცირება, რაც გამორიცხული არ არის, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემთხვევითი ფაქტი არ არის და ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება ეს ერთი საკითხია. იგივეა საქართველოში ლავროვის შვილის ჩამოსვლა.

„თავი არხეინად იგრძნეს და ჩათვალეს, რომ საქართველო მთლიანად მათი გავლენის ქვეშ არის მოქცეული. იგივეა ბორანის გახსნა ნოვოროსიისკში და ასე შემდეგ. ეს არის საკითხების მთელი კომპლექსი, რომელიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში. საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთისაკენ მიექანება. ეს მთავრობა ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს - ერთ-ერთი ასეთი ჩვენი აეროპორტების ბლოკირება შეიძლება იყოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, „ქართული ოცნების“ ხელით და რუსეთის ინტერესებით, მორიგ ჯერზე დგება დარტყმის ქვეშ, რადგან საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ემიჯნება ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკას, არამედ უპირისპირდება მას.

„აშშ, ევროკავშირი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოები ატარებენ ერთიან პოლიტიკას აგრესორი, გენოციდის მომწყობი რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. საქართველოს ხელისუფლება სასათბურე პირობებს უქმნის სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეებს და სანქცირებულ რუსულ ბიზნესებს. ამით საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ემიჯნება დანარჩენი მსოფლიოს გაერთიანებულ, სწორ პოლიტიკას, არამედ უკვე უპირისპირდება მას. თვეების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო საფრთხე საქართველო გამხდარიყო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის თვალსაზრისით. ეს ვნახეთ ჩვენ და დაადასტურა კიდეც ეს ხელისუფლებამ. ამ უგუნური ნაბიჯით ხელისუფლება დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყნის უსაფრთხოებას. მე აღარ ვარ მხოლოდ იმ აზრზე, რომ ეს არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, არამედ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საბოტაჟი, სახელმწიფოებრიობაზე მიმდინარეობს დარტყმა და ეს არის საგანგაშო ვითარება - კურსის ცვლილება, რომელიც ძალიან დიდ რისკებს უქმნის საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მაშ ასე, საქართველოზე გაბრაზებულმა სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთი გაფრთხილება და წითელი ბარათიც მისცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის ლეგიტიმური და პასუხი სახელწმიფო დეპარტამენტის დემარშზე, რომ შეიძლება სანქციები დაწესდეს. როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, სახელმწიფო დეპარტამნეტი უკვე მეორეჯერ აკეთებს მსგავსი შინაარსის განცხადებას და არაა შემთხვევითი, როდესაც ერთი და იგივე თემაზე ორჯერ აკეთებს განცხადებას, ეს უკვე არის ორჯერ ყვითელი ბარათის ჩვენება.

„ფეხბურთის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ - აი, მე შენ ორჯერ გაგაფრთხილე და თუ შენ არ გადადგამ ისეთ ნაბიჯებს, როგორსაც მე ველოდები, მაშინ შეიძლება ამას მოჰყვეს სანქციები. ეს არის მათი ასეთი პოლიტიკა, მათი ასეთი მიდგომა. წინასწარ სანქციებზე არ კეთდება განცხადება, მაგრამ შემდეგ მოწმენდილ ცაზე დაეცემა. როგორც მოსამართლეების შემთხვევაში მოხდა, მანამდე იყო გაფრთხილება, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემებია და ა.შ. საქმე იმაშია, რომ აშშ-ს და მის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქ ოპერირებენ, ისევე როგორც ევროპაში, აქვთ სრული წვდომა იმ ინფორმაციაზე, რაც უკავშირდება საქართველოში ტვირთების შემოსვლას, ტრანზიტს და ა.შ. თუ, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს დაუჯერებთ, ისინი სრულად არიან ინტეგრირებული ამ სისტემაში, რომელიც ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და ავიაბორტი არ შემოვიდოდა საქართველოში, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები, რთული ამოსაცნობი არ არის. ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ამას უდევს პოლიტიკური სარჩული, რომ შეამზადონ ნიადაგი რაღაცა გადაწყვეტილების მიღებისთვის.

„აი, ჩვენ ორჯერ გავაფრთხილეთ საქართველო, მან არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები და ახლა იძულებული გავხდით სანქციები შემოგვეღო, მაგრამ აქ როგორც გითხარით დგება მეორე საკითხი - რატომ არ კეთდება იგივე განცხადებები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც აქვთ პირდაპირი რეისები რუსეთთან? ჩემი აზრით, აქ არის ძაღლის თავი დამარხული და ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერავინ ვერ მიიღო. თუკი მათთვის შეიძლება რუსეთის ავიარეისების მიღება, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ერთადერთი ახსნა ამას შეიძლება ჰქონდეს ის, რომ საქართველო არის განსაკუთრებული სტატუსში, რომ ის არის აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე, ის არის ევროკავშირის კანდიდატობის ასპირანტი ქვეყანა და მას უფრო მეტი მოეთხოვება ამ კუთხით.

ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ალბათ, მაინც უნდა დაველოდოთ მეტ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედია ჩვენი საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით იმუშავებს და მოჰფენენ ნათელს რატომ არის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩვენზე ასე გაბრაზებული. საელჩომ ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ ინფორმაცია გამოიტანოს და გვითხრას, რეალურად რა ხდება. ამ განცხადების შემდეგ ჩვდენს ელჩს აქვს უფლება მივიდეს სახელმწიფო დეპარტამენტში და გაარკვიოს რა ხდება, რატომ არის ასეთი შფოთი და ასეთი გაბრაზება. ამაშია მისი ფუნქცია, სხვა რაშია? თუ საჭიროა ახსნა-განმარტების მიცემა, მისცეს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ საქართველომ თავი უნდა აარიდოს რაღაცა გარკვეულ მოქმედებას არა იმის შიშით, რომ შეიძლება დაისაჯოს და მოქმედებდეს არა ამ მოტივით, არამედ იმიტომ, რომ მისი მოქმედება იყოს სამართლიანი, სწორი და გამართლებული.

„თუკი საბოლოოდ გაირკვა, რომ საქართველოს აეროპორტებს, საავიაციო სამსახურებს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას დაწესებული სანქციები არ დაურღვევია, არა მგონია, რომ რაიმე სანქციები ამოქმედდს ჩვენს წინააღმდეგ. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკულ მხარეს გააჩნია რაღაცა ინფორმაცია იმაზე, რომ სადღაც რაღაცის დარღვევა ხდება. როცა დარღვევა ხდება, მაშინ დამნაშავეს პასუხი უნდა მოეთხოვოს. ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა. არ არსებობს პრობლემის გაჩენის საფუძველი, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

trampi აჰააა ....... ეს დღც დადგაააა......ძალიანაც კარგიიიიი..........................უფრო ნათლად გამოჩნდა ვინ ვინააა
სანქციებიო......მადლობის მაგიერიააა???
აბა ე.წ. სამშვიდობო მისიებში ჩვენი ბიჭები რომ დაიღუპნენ, ის რა და როგორ იყო??
რისთვის დაიღუპნენ??
სანქციებისთვიიის??? თუ ის ნიჩურტა იყო??
ოოოოო......ჩათლახები....... თავიდანვე კოჭებში გემჩნეოდათ , თუ ვინც იყავით
და იმიტომაც გაგინებთ 24 საათი დედის პრ.........ს
მოკლედ დააჯდა თქვენ იმპერიას სიკვდილის ბუზი, დააჯდა და აზრზეც არა ხართ....
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 68 წლის ვარ და მაინც მაქვს იმედი მოვესწრები, ჯერ ევროკავშირის დაშლას ! ხოლო შემდეგ იქნებ ღმერთმა გადმოხედოს დედამიწას და უახლოეს მომავალში ვიზეიმოთ კალიფორნიის სუვერენული სახელმწიფოს, ტეხასის სუვერენული სახელმწიფოს, ფლორიდის სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეები!!!
1 წლის უკან
Georgia ვერ ეღირსებით ვერცერთ თქვენს სურვილებს,ისე დიდხან სიცოცხლეს გისურვებთ!
1 წლის უკან