შესაძლოა თუ არა რუსების შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა იყოს?

შესაძლოა თუ არა რუსების შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა იყოს?

რამდენად რეალურია ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან რკინიგზის აღდგენის გეგმაზე საუბარი დაიწყოს? აფხაზეთში ფიქრობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება ფაქტის წინაშე დააყენებს და ეს რეალობასთან უკვე ახლოს არის. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. „რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არ მგონია, სწორი იყოს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აფხაზეთის რკინიგზის პერსპექტივის შესახებ დასმულ შეკითხვას, 14 მაისს. ფაქტი ასევე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო და თქვა, რომ თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღსდგება, რკინიგზის აღდგენაც ამ შემთხვევაში მოხდება.

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების უარყოფისა, რუსეთში და აფხაზეთში მაინც არსებობს მოლოდინი, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მაინც მოხდება.

„რუსეთისთვის „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ მიმართულება“, - ასე უწოდა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას, 12 მაისს, ინტერვიუში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, სერგეი კატირინმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა კი სავიზო რეჟიმის მოხსნისა და პირდაპირი ფრენების განახლების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც არ გამორიცხა.

აფხაზურმა ტელეგრამარხმა „АБХАЗИЯ-ЦЕНТР“-მა 18 მაისს დაწერა, რომ მალე აფხაზეთში რკინიგზის სატრანზიტო მონაკვეთი გაიხსნება, რაც იქნება „დიდი გეოპოლიტიკური პროექტი ახლო აღმოსავლეთში გასასვლელად“ და საქონელბრუნვის მასშტაბები მილიონიან ნიშნულზე ავა.

17 მაისს ცნობილი გახდა, რომ ირანში რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის რუსეთი მილიარდ სამასი მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს, რომელშიც მოსკოვის წილი 85%-ია. რაშტ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მარშრუტისა, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, სპარსეთის ყურეში ირანის პორტებზე წვდომა მიიღოს ახლო აღმოსავლეთთან და ინდოეთთან ვაჭრობისთვის. რაშტ-ასტარის რკინიგზის მონაკვეთის ექსპლუატაცია 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, პროექტის განხორციელების შემდეგ რუსეთიდან ირანამდე მატარებელი 10 დღეში ჩავა. თუმცა რუსეთიდან წამოსული მატარებელი ირანში ისე ვერ მოხვდება, თუ საქართველოს ტერიტორიას სრულად არ გაივლის. კერძოდ, რუსეთიდან წამოსულ ტვირთს ოკუპირებული აფხაზეთიც და საქართველოს არაოკუპირებული ნაწილიც გასავლელი ექნება.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი, როგორც პუტინის რუსეთის ანგარებითი გეგმის ნაწილი, 18 მაისს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც ახსენა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და შესაბამისად, თემის აქტუალიზება სწორად არ მიაჩნია.

„რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არმგონია, სწორი იყოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თემის კომენტირებისას 19 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად „არაფერი არ ხდება“.

„არაფერი არ ხდება. ნუ ავრცელებთ ტყუილებს. არ ხდება არაფერი წყნარად იყავით“, – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტს.

კორესპონდენტის დამატებით კითხვაზე, რკინიგზის აღდგენის საკითხი ოდესმე განიხილება თუ არა, პრემიერმა შემდეგი განაცხადა:

„თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს მოხდება აუცილებლად, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ბევრი რამე განვიხილოთ“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ინიციატივა და ვითომ „მეგობრობის ხელის“ გამოწოდება, მხოლოდ მათ ინტერესებს ემსახურება, მით უმეტეს ევროკავშრის კანდიდატის სტატუსისი მიღების წინ, საქართველოს მსგავს თემებზე საუბარი ზიანის მეტს არაფერს მოუტანს.

„წარმოუდგენელია, რომ რკინიგზის გახსნის თემაზე საუბარი ცალმხრივი იყოს და ეს გადაწყვეტილება რუსეთმა საქართველოს ხელისუფლების გარეშე მიიღოს. აქ საუბარია იმაზე, რომ თუკი ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლის საკითხი ცალმხრივად რუსების მხრიდან იყო მიღებული, ამ შემთხვევაში ასე არ იქნება. ნუ ფრენების აღდგენაზე საქართველოს უარის თქმა თუ არ უნდოდა, შეეძლო. ვიზების გაუქმების შემთხვევაში მათი კონტექსტი მესმის. რკინიგზის აღდგენა რომ მოხდეს, აქ ლიანდაგებია პირველ რიგში გასაყვანი. სულ ცოტა ოჩამჩირე - ზუგდიდის მიმართულებით არ არის რკინიგზა და ლიანდაგები არ არსებობს. არც ხიდია კარგ მდგომარეობაში. რკინიგზის აღდგენას მრავალწლიანი მუშაობა უნდა, რომელიც არ დაიმალება. ამას ყველა ძალიან ადვილად და მალე შეამჩნევს. ამ მხრივ არავითარი მოძრაობა არ შეინიშნება. ამიტომ რკინიგზა ოჩამჩირის მერე აღარ აქვთ. შესაბამისად, სამუშაო პროცესია ჩასატარებლი. კი ბატონო, თუ რუსებს მოუნდათ, აფხაზეთის ტერიტორია, რომელსაც თავად აკონტროლებენ, მუშაობას დაიწყებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. ამიტომ ეს არი ლაპარაკი იმისთვის, რათა საქართველოს ხელისუფლება დააშანტაჟონ და საქართველოს დისკრედიტაცია ევროკავშირის თვალში განაგრძონ. რუსეთი მთლიანად, დემაგოგიურად, პროპაგანდისტურად, ყველანაირად ცდილობს აჩვენოს, რომ საქართველო მისი უკანა ეზოა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, რაც უფორ რეალური ხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ან ევროატლანტიკურ ალიანსში მიღების შანსები, რუსეთი მით უფრო, აქტიურდება და საქართველოს ხელით კიდევ უფრო მაგრად ებღაუჭება.

„ევროპელი ჩინოვნიკი ჩვენსავით არ დაჯდება და არ დაიწყებს იმის გარჩევას, სადამდეა ლიანდაგები მოყვანილი და სადამდე არა. ან რა დრო სჭირდება რეალურად რკინიგზის აღდგენას. რუსებისთვის ეს არის პროპაგანდის მშვენიერი ტრუკი. ინფორმაციიდან ერთი მართალია, ორი ტყუილი, მერე რა, ვიღაცაზე ეს ხომ იყიდება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმიდან ნოვოსიბირსკის მიმართულებით გემს უკვე უცურავია, ესეც მოსინჯეს. მართალია თუ არა, ეს ხომ უკვე გაღჟერდა. რკინიგზა ფურცელზეც კი არ მოქმედებს, მაგრამ ევროპელებს აწვეთებენ რუსები, რომ ესეც რეალობასთან ახლოსაა. რუსეთი თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღეს, ეს პირველ რიგში, სჭირდება მას, რათა საქართველოზე აფხაზეთის გავლით, ტვირთები შეიტანოს. ეს დერეფანი სასიცოცხლოდ მას სჭირდება და არა ჩვენ. ჩვენ პირიქით, ძალიან დაგვაზიანებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ რუსეთს რკინიგზის აღდგენა კავკასიონის რეგიონზე სრული კონტროლის აღდგენისთვის სჭირდება. ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის უკან სუფთა პოლიტიკური ინტერესი დგას, რადგან რუსეთს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მიღების შემთხვევაში ქვეყანაზე გავლენის დაკარგვის პანიკური შიში აქვს.

„რკინიგზის მთავარი მომხმარებელი სომხეთია. ისიც რუსეთს ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება და სომხეთის ხელისუფლების აქტიურობა ამაზე მიუთითებს. ამიტომ რუსების ინტერესი ასევე ის არის, რომ სომხეთისთვის, ყარაბაღის ომში მათი ღალატის ფონზე, ძვლის გადაგდება უნდოდეს. აჩვენოს, რომ მათთვისაც რაღაცას აკეთებენ. მეორე მიზანი იმის დაფიქსირებაა, რომ კავკასიაში რუსეთი მთავარია და სატრანსპორტო კვანძებს ის განკარგავს. საქართველოს ინტერესი რა არის, საქმე ეგაა. რატომ უნდა დათანმხდეს ჩვენი ხელისუფლება ამაზე.

ეს თემა ვერ გაიყიდება ისე, როგორც უვიზო მიმოსვლის საკითხი. ვერ იტყვიან, რომ საქართველოში ტურისტები ჩამოვლენ და სტრატეგიული ტვირთი გადაადგილდებაო. ზიანის მეტს საქართველოს რკინიგზის აღდეგნა არაფერს მოუტანს. ამაზე მსჯელობა ორი სამი წლის წინ რომ ყოფილიყო, კიდევ არავინ მიაქცევდა ყურადღებას ასე, მაგრამ დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ დამატებით პრობლემა გახდება. რუსეთი ამას აკეთებს იმიტომ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციაში პრობლემები შეუქმნას, აჩვენოს დასავლეთს, რომ ვითომ საქართველოსთან ურთიერთობებს აღრმავებს“,-ამბობს ბენდიანიშვილი.