„ხაბეიშვილს, ხოშტარიას და მელიას შიში აქვთ, რომ შეიძლება, ქვებით ჩაქოლონ მსგავსი განცხადების გამო, მაგრამ ფადი ასლი, უსამშობლო აგენტი, თავისუფალია ამ შიშისგან“

„ხაბეიშვილს, ხოშტარიას და მელიას შიში აქვთ, რომ შეიძლება, ქვებით ჩაქოლონ მსგავსი განცხადების გამო, მაგრამ ფადი ასლი, უსამშობლო აგენტი, თავისუფალია ამ შიშისგან“

ლიბანელი ბიზნესმენი ფადი ასლი ერთ-ერთია, რომელიც გამოირჩევა რადიკალური და დეზინფორმაციული გამონათქვამებით. ამჯერად საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ახალ ნარატივს ავითარებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივა შეიძლება იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე.

„თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“, - წერს ფადი ასლი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის გლობალური გეგმის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელსაც ტესტავს ფადი ასლი და რომელსაც გარკვევით უპასუხეს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს. თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ფადი ასლის განცხადება არის მონური და აგენტის აზროვნება. მისი თქმით, ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და, ცხადია, არ უკვირს უსამშობლო ადამიანისგან ასეთი განცხადებები.

„ადამიანს, რომელსაც საკუთარი სამშობლო უყვარს, მსგავს განცხადებას არ გააკეთებს. ეს არის მონური აზროვნება, ეს არის აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და, ცხადია, არ მიკვირს ასეთი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი. ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველო მიგვაჩნია სამშობლოდ, ქვეყანა, სადაც დავიბადეთ, სადაც გავიზარდეთ, სადაც ვისწავლეთ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი თითოეული ქალაქი, კუთხე, სოფელი, რაიონი. როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანმა, ვისაც სამშობლო უყვარს, უარი თქვას ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე? ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ყველაზე მთავარი მამოძრავებელი არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ფადი ასლი თავისით არაფერს წერს, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ფსევდოლიბერალების პროპაგანდისტი. შესაბამისად, ახმოვანებს ხოლმე იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“.

„უკიდურესად შემაშფოთებელი სატესტო გზავნილია. ის პირდაპირ სასწორზე აყენებს ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას და მეორე მხარეს - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობას. როდესაც ასეთი ნარატივის შემოპარებას ცდილობს „ნაცმოძრაობა“, ეს არის კატასტროფული მოვლენა. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ ჩვენთვის არის უმაღლესი ეროვნული ამოცანა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას შეაპაროს ასეთი ნარატივი“, - აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, სასწორზე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსი და, მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„ეს არის, უბრალოდ, დანაშაულებრივი განცხადებები. ინფორმაცია გამომიგზავნეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასზე მეტმა ფსევდოლიბერალმა „ნაციონალმა“ მოიწონა ფადი ასლის ეს განცხადება, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ აქტიურმა სახეებმა, როგორებიც არიან დავით დარჩიაშვილი, შავგულიძე-ბასილაია თუ რაღაც ასეთი აქტიური „ნაციონალი“, და ერთ-ერთი არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ცოლი, რომელიც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რაც არის, უბრალოდ, უბედურება. მათ გამოავლინეს საკუთარი სახე. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მზად არიან, დათმონ აფხაზეთი და სამაჩაბლო კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. ეს არის, უბრალოდ, კატასტროფა და საზოგადოებამ ძალიან მძიმედ უნდა შეაფასოს ეს განცხადება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

ფადი ასლის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომლის თქმით, მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრობა და ნატო-ში გაწევრიანება. ხაბეიშვილის განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ იმიტომ სურთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტერიტორიული მთლიანობა.

„ჯერ, მოდით, ერთი ვთქვათ, რუსეთის გუბერნიად გვაყალიბებენ, სულ რომ ჩაბარდე რუსეთს და პუტინს, ისინი არაფერ ტერიტორიას არ დაგიბრუნებენ, ეს არის ტყუილი. არასდროს დაიჯეროთ, მსგავსი არაფერი მოხდება, ისედაც რუსული ხელისუფლებაა, რუსული მარიონეტული რეჟიმია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მაინც ოკუპირებულია, მავთულხლართებს მაინც აბამენ, ჩვენს მოქალაქეებს მაინც იტაცებენ. ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხება ევროკავშირსა და ნატო-ს, იმიტომ გვინდა ევროკავშირში, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, ვის რა მოსაზრება აქვს, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრობა და ნატო-ში გაწევრიანება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანალიტიკოს „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის შეფასებით, სხვა უამრავ პროვოკაციასთან ერთად, აგენტოკრატების ადგილობრივმა ლაქიებმა უკვე დაიწყეს სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნების გეგმის რუსულ პროექტად შერაცხვა. როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, როგორც ჩანს, საქართველო იმაზე უფრო ახლოს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენასთან, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. წინააღმდეგ შემთხვევაში სატანის ეს ჭინკები ასე არ გააქტიურდებოდნენ.

რაც შეეხება თავად ფადი ასლის და არის თუ არა ის სპეცსამსახურების აგენტი - კითხვაზე, ქართველიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ძნელია ადამიანს პირდაპირ მიაწებოს სარჩული, არის თუ არა ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი, თუმცა, ყველა თავისი ეპიზოდით, განცხადებით და ქცევით ფადი ასლი ტოვებს კონკრეტული ქვეყნის, კონკრეტული სპეცსამსახურის აგენტის შთაბეჭდილებას.

„დღეს, უკვე შემიძლია თამამად ვივარაუდო, რომ ეს ქვეყანა არის აშშ-ში შესაბამისი სპეცსამსახურის სახით. ფადი ასლი ამ ჯერზე გამოყენებული იქნა ზუსტად იმ მისიისთვის, რისთვისაც ის უკვე წლებია მოღვაწეობს საქართველოში. მას გააჟღერებინეს ის სტიგმა, ის ბრენდი, რომლის შემოგდება დიდი ხანი მზადდებოდა საქართველოს საზოგადოებაში.

ამ შემოგდებამდე მიდიოდა მიზანმიმართული და ძირითადად ჩვენი ახალგაზრდების იდიოლოგიური დატრენინგება, შეგუება იმ აზრთან, რომ რაღაცა მითიური სოხუმი, რაღაცა მითიური ცხინვალი, რომელიც ამ ბავშვებს არც უნახიათ და მათთვის არის სუფთა რუსულ ნარატივში შეფუთული რაღაცა უცხო მედიკამენტი, რომელიც უბრალოდ არ უნდა მიიღო, თურმე ხელს უშლის საქართველოს გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში. თითქოს ეს რეგიონები აბსოლუტურ რუსულ პროექტს და რუსულ ტერიტორიას წარმოადგენენ, რომელიც საქართველოსთვის არის ბალასტი და რაც შეიძლება მალე უნდა მოიშოროს, რათა ე.წ. ცივილიზებული დასავლური სამყაროს წევრი გახდეს. ეს არის ორმაგი მზაკვრობა, რადგან საქართველოს დასავლელი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, ექსპერტების აზრით, არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანება უახლოესი ათწლეულების პერსპექტივაში არ შედის. ამიტომ, ორმაგად ატყუებენ ამ ახალგზარდებს, როდესაც აგუებენ იმ აზრს, რომ სოხუმი და ცხინვალი არც საქართველოა და მით უმეტეს ხელის შემშელია რაღაცა პროგრესის გზაზე მიმავალი საქართველოსთვის“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის განცხადებით, მეორე სიცრუეა, როდესაც ავითარებენ ვერსიას, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გარეშე მიიღებენ ნატოში და ევროკავშირში.

„ეს არის დიდი მზაკვრობა და სიცრუე. მაგრამ, ეს ბოლო სიცრუე, რაც ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან არის დაკავშირებული, მაინც ვერ გაბედეს და ვერ გაახმოვანებინეს ე.წ. ქართული წარმომავლობის აგენტოკრატიის ლაქიებს, პირობითად: ხაბეიშვილებს, ხოშტარიებს თუ მელიებს. ამითვის მათ ჰყავთ ეს გადამთიელი, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე წამსვლელი ფადი ასლი, რომელმაც გაახმოვანა სწორედ ის, რასაც ფიქრობს ხაბეიშვილი, ხოშტარია და მელია. უბრალოდ, მათ გამბედაობა არ ყოფნით, შიში აქვთ, რომ მართლაც შეიძლება სადმე სადარბაზოსთან ქვებით ჩაქოლონ მსგავსი განცხადების გამო. მაგრამ ფადი ასლი უნამუსო, უსამშობლო აგენტი, როგორც ჩანს, თავისუფალია ამ შიშისგან.

სამწუხაროდ, საქართველოში კანონი რომ კანონობდეს, ალბათ, მსგავსი განცხადებების, მსგავსი პროპაგანდის დასჯად რაღაცა მუხლს შემოიღებდნენ სისხლის სამართლის კოდექსში, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც უარყოფს საქართველოსადმი აფხაზეთისა თუ ცხინვალის რეგიონის მიკუთვნილობას, უნდა იყოს დასჯადი! წინააღმდეგ შემთხვევაში რისთვის გვაქვს ოკუპაციის შესახებ მიღებული კანონი, მხოლოდ იმისთვის, რომ საზღვარზე არ შემოვუშვათ ცხინვალში და სოხუმში ნამყოფი უცხოელები?! ის უცხოელები, რომლებიც თბილისში ზიან და ცხინვალისა და სოხუმის საქართველოს კუთვნილებას ეჭვქვეშ აყენებენ, არ უნდა ისჯებოდნენ, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. იმედია ხელისუფლება აი, ამ თითქოსდა „უწყინარ“ განცხადებას სამართლებრივად მიუდგება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, გახდე საქართველოს მოქალაქე, ავტომატურად არ ნიშნავს ქართულ სულში ჩაწვდომას. მისი თქმით, არაერთმა უცხოელმა ეს საქართველოს მოქალაქეობის გარეშეც შეძლო და მიღების შემდეგ კი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს და მუშაობს საქართველოს საკეთილდღეოდ.

„ისინი საამაყო მაგალითებს აძლევენ საზოგადოებას. მათგან განსხვავებით, ეთნიკურად ლიბანელი ფადი ოსკარ ასლი არის ჩვენი საზოგადოების პარაზიტი. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია კანონით. ამ თაღლითობაში, ცილისწამებაში გაწაფულ და ნაცსექტის ერთ-ერთ მდარე ხარისხის სპიკერს ყურადღება ექცევა იმის გამო, რომ არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ფილიალის თავმჯდომარე. ICC-ის უწინარესი მიზანია საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ფადი ასლის უმთავრესი მიზანი კი, საქართველოს იმიჯის მაქსიმალური დაზიანებაა შინ და გარეთ. ცალკეულ გულუბრყვილო, ჩვენი ქვეყნის არმცოდნე უცხოელებში ეს გამოსდის. აქ კი მხოლოდ მარგინალი ნაცსექტანტების გულს იგებს, ფართო საზოგადოებაში აქვს სამარცხვინოს, გაიძვერას ობიექტური იმიჯი. ის, რაც ჩვენს დროებით დაკარგულ რეგიონებზე დაწერა, არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი. თავისი ნებით კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირა იმ ნეხვში, რომლიდანაც ვერასდროს ამოვა ეს გარეწარი არსება“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ფადი ასლი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და ამბობს, რომ ეს განცხადება გაკეთებული არის დავალებით და მას, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელს საქართველოში დავალებას აძლევენ სპეცსამსახურები.

„როდესაც მითითებული აქვს - „გინდათ ასე შესვლა ევროკავშირში, რუსეთის დაბრუნებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთან ერთად?“ - ამით მოხდა დატესტვა, როგორ შეხვდება ამას საქართველოს მოსახლეობა. ეს არის მთავარი, თორემ დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ფადი ასლისთანა ტიპები შემთხვევით განცხადებებს არ აკეთებენ და მით უმეტეს დავალების გარეშე.

ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის ამ საკითხის მიმართ მგრძნობიარე. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საკითი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ, ვერავითარი ფადი ასლები და ვერავითარი მათი პატრონები საქართველოს მოსახლეობას ვერ შეაწყვეტინებენ დაიცვან სწორი პოზიცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

 

ლევკოთეა ფადი ასლს მოეძებნებიან პასუხის გამცემები და კალაძემ სჯობს ქალაქის პრობლემებს დაუთმოს მეტი დრო.
დედა რომ აღარ ჰყავს წერეთლის გამზირს და უწყლოდ დატოვეს მოსახლეობა. მარაზმში გადავიდა უკვე პროცესი.
1 წლის უკან