მრევლი ახალციხის ტერმინალში მინარეთის დალუქვას ითხოვს

მრევლი ახალციხის ტერმინალში მინარეთის დალუქვას ითხოვს

ახალციხეში მიმდინარე აქციის მონაწილეები საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებს საპატრიარქოს განცხადება გააცნეს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მინარეთის ჭელაში დასაწყობებას არ დაუშვებენ. ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გოდერძი კუბლაშვილის თქმით, მინარეთი არ უნდა დაბრუნდეს სოფელ ჭელაში, ის უნდა დასაწყობდეს ახალციხის საფინანსო სამსახურის ტერმინალში.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კოპაძემ მართლმადიდებელ მრევლს მობილიზებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, მინარეთი დასაწყობდეს ახალციხეში და არ წავიდეს ჭელაში. თუ ამას არ გადაწყვეტენ, გზაზე დავწვებით და გადაგვიარონ“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ.

სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საპატრიარქოში საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ და ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჭელაში არსებულ მეჩეთზე მოხსნილი მინარეთი დასაწყობდება და დაილუქება.

საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით. თუმცა ამასთანავე, ითვალისწინებს მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც.

„მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ. არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის.

ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობების მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიაგდაზე შფოთი და დაპირისპირება. ამასთან, მივმართავთ მრევლს, თავი შეიკავონ გამოსვლებისგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე ჭუაძის განცხადებით, პატრიარქთან შეთანხმებით შეიქმნება მართლმადიდებელი და მუსლიმი მაღალი სასულიერო პირებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რათა რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და მეტი ურთიერთკომუნიკაცია იყოს.

„ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი სისხლი და ხორცი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გაურკვევლობას იწვევს კომუნიკაციის არქონა და გარკვეული პირების ინტერესი, რომ მოხდეს დაპირისპირება. ჩვენ არ დავუშვებთ ამას, რომ მოხდეს დაპირისპირება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, ამიტომ შევეცდებთ, რომ ჩვენ ვისაუბროთ მაქსიმალურად, გავცეთ ერთმანეთის შეკითხვებს პასუხი, მოვაგვაროთ ეს საკითხები და შემდგომ ჩვენს მრევლს განვუმარტოთ, თუ რა, რატომ და როგორ ხდება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

სრულიად საქართველოს მუფტმა ჯემალ პაქსაძემ კი აღნიშნა, რომ პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება. როგორც პაქსაძემ აღნიშნა, მინარეთის მშენებლობაზე ოფიციალური ნებართვა არ არსებობდა, რადგან ამას ამ ეტაპზე კანონი არ არეგულირებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მინარეთი მფლობელს დაუბრუნდება და დასაწყობდება, მისი მშენებლობის საკითხი კი მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან, იურისტებთან და სახელმწიფოსთან შეთანხმებით გადაწყდება“, - განაცხადა ჯემალ პაქსაძემ.

სასულიერო აკადემიის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე მინარეთის გარეშემო განვითარებულ მოვლენებს,ზედმეტად პოლიტიზირებულად მიიჩნევს. მისივე თქმით, მისი უწმინდესობა შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ალი ჰამეინის სპეციალურ წარმომადგენელს, შეხდვერაზე რელიგიათა შორის ურთიერთობის საკითხებზე იყო მსჯელობა.

„ჩვენი ქვეყანა არის ერთად-ერთი გამონაკლისი, სადაც აჟიოტაჟს ტეხენ იმაზე, რომ რატომ მიდიხართ უკანონობის აღკვეთის წინააღმდეგ. რომელი ქვეყანა დაუშვებს იმისა, რომ კანონომდებლობის დაცვით არ მოხდეს მეჩეთის თუ ქრისტიანული სალოცავის მშენებლობა? მოვლენები ადასტურებს, რომ ეს არის ზედეტად პოლიტიზირებული პროცესი. ეს შედის იმ ძალების ინტერესში, ვისაც წინასაარჩევნოდ აწყობს მართვადი ქაოსი საქართველოში. ვისაც უნდა, რომ საქართველო წარმოაჩინოს, როგორც არატოლერანტული არადემოკრატიულ ქვეყნად, სწორედ აი ამ ძალებს აწყობთ ეს ქაოსი.

ამ პროცესებში უკანმიმდევარი არ უნდა იყოს სახელმწიფო. აუცილებელია, რომ წინმსწრებად პრევენციას მიმართავდეს სახელმწიფო, ეს მარტო საპტრიარქოს საქმე არაა. ამ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს უფრო მკაფიო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სერგო ვარდოსანიძე.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ჭელაში განვითარებული მოვლენები უცხოეთში საქართველოს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნითაა პროვოცირებული. მისივე თქმით. აღნიშნული პრობლემის მიზეზების შესწავლა და აღმოფხვრა უშიშროების საბჭოს ფუნქციაა, თუმცა ის ამას არ აკეთებს.

„ფაქტია, წითელას ეპიდემიის შემდეგ რელიგიური შუღლის ეპიდემიის მოწმენი ვართ. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის შიდა სტაბილურობას. არსებობს ოფიციალური დაწესებულებები, რომლებიც ამაზე უნდა რეაგირებდნენ და მკაფიონი იყვნენ შეხედულებებში ამ პრობლემის მიზეზებსა და მათი აღმოფხვრის გზების შესახებ. ასეთად მესახება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც დღეს მოქმედებს, როგორც ეროვნული საშიშროების საბჭო“, - ამბობს ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, რელიგიური ნიშნით დაპირისპირებულ მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ ეროვნება აერთიანებთ და ვიღაცის დაგეგმილ პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ. როგორც ცისკარიშვილი ამბობს, პროვოკაციის მიზანი საზღვარგარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციაცაა. 

„ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. პრეზიდენტი სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებას ხედავს წესების დაცვის გარეშე შემოტანილი კონსტრუქცის დემონტაჟში, მაგრამ როცა მისივე დავალებით ლაფანყურში მაჰმადიანებს ხოცავდნენ, ამაზე არაფერს ამბობს. ასე რომ, არც თუ ძნელი გამოსათვლელია, ვისი პროვოკაცია შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, საერთაშორისო საზოგადოების თვალში არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით. არ გამოვრიცხავ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყოს, რაც, რა თქმა უნდა, არ მჟღავნდება საჯარო განცხადებებში“, - განაცადა სოსო ცისკარიშვილმა.