ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან სამშვიდობო ოპერაციების დარგში, ედმონდ მულეტთან შეხვედრა გამართეს. განხილვის მთავარი თემა გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების სტატუსი და ამ ოპერაციებში ქართველი სამხედროების ჩართვა იყო.
„გაეროს წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმული იყო დაინტერესება, რომ ქართული ქვედანაყოფები, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩაერთონ გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი მისიის ხელმძღვანელობა გაეროში უკვე დეტალურად განიხილავს მისიის დეტალებს“, - განაცხადა გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, ქართული მხარე შესაძლებლობას განიხილავს დამკვირვებლის სტატუსითა და ასეულით გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, აუცილებელია ქართველი სამხედროების შესაბამისი გადამზადება და აღჭურვა. ამ მიზნით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს კონსულტაციები დაიწყოს გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტთან.
ქართულ ქვედანაყოფებს გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა, 2005-2007 წლებში ქართული ბატალიონი აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ერაყში გაეროს მხარდამჭერ მისიაში იყო ჩართული. 550 ქართველი სამხედრო ბაღდადში გაეროს შტაბ-ბინას იცავდა. სამშვიდობო მისიაში ქართული სამშვიდობოების მონაწილეობაზე გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ქართველი სამხედროების მონაწილეობა გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში დასტურია იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო მიილტვის ცივილიზებული სამყაროსკენ, რომ გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი და შესაბამისად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც უკავშირდება ქვეყნის უასაფრთხოებას.
„რაც შეეხება უშუალოდ მონაწილეობას, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. ჩვენ ამ მისიისთვის მზად ვართ, მაგრამ მთავარია, რომ საზოგადოება არ უნდა დავაშინოთ და არ უნდა ეგონოს ჩვენს საზოგადოებას, რომ ავღანეთის მსგავსი ტიპის ოპერაციაში შეიძლება ჩავერთოთ. აქ საუბარია მზადყოფნაზე.
თუ ჩვენი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილებას გაეროს მიერ წარმოებულ ოპრეციებში, ეს იქნება ძალიან კარგი, პირველ რიგში, გამოცდილების თავლსაზრისით. აქ არაა საუბარი რაიმე ტიპის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე. საუბარია იმ ტიპის მისიაზე, როგორც არის საქართველოში ევროკავშირის მისია. აქ საუბარია ზოგად პრინციპზე და მიდგომაზე, რომ ჩვენ გამოვთაქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მოვიღოთ გაეროს ფორმატში სამშვიდობო ოპერაციებში“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
უსაფრთოხების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ნებისმიერ მისიაში საქართველოს მონაწილეობა მისაღებია, ვინაიდან, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით ქართველი ჯარისკაცები იღებენ შესაბამის გამოცდილებას. ამასთან, მისივე თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ქვეყანა პარტნირობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიც არის გაერო, ევროკავშირი თუ ნატო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველო მზადყოფნას გამოთქვას მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მისებში, იქნება ეს გაეროს, ევროკავშირის თუ ნატო-ს მანდატით. შესაბმაისად, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველო პარტნიორობს დასავლეთის ქვეყნებთან. როდესაც საუბარია გაეროს ეგიდით სამშვიდობო მისებში მონაწილეობაზე, აქ არ იქნება საუბარი ისეთ მასშტაბებზე, როგორითაც ჩვენ ვართ წარმოდგენილი ავღანეთში.
ის, რომ თავდაცვის უწყება განიხილავს როგორც მალის მისიაში შესაძლო მონაწილეობას, ასევე გაეროს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებას, ეს იქნება პოზიტიური ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური დივიდენდების კუთხით, ასევე სამხედრო გამოცდილების თვალსაზრისით“, - მიიჩნევს თეონა აქუბარდია.
სამხედრო ექსპერტის აკია ბარბაქაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში ჩაერთვებიან ქართველი სამხედროები გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში, მის ავკარგიანობაზე საუბარი რთულია.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მისიაზეა საუბარი და რა რაოდენობის სამხედროები იქნებიან. თავისთავად, ცუდი არაა, როდესაც საერთაშორისო მისებში შეგაქვს შენი წვლილი. საერთო ჯამში, ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მდგომარეობას, დასაქმდებიან მაინც.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი ფარდობითია. გასაგებია, გაეროს მისია, მაგრამ რა მოაქვს ჩვენთვის, რა მსხვერპლს ვიღებთ ამისათვის? უნდა ვიცოდეთ რომელ ქვეყანაში და რა რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი და რა ამოცანებზეა პასუხისმგებელი ქართული მხარე. აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, გვაქვს თუ არა ამის შესაძლებლობა“, - აცხადებს აკია ბარბაქაძე.