სირიაში არსებულმა უკიდურესმა დაძაბულობამ, პირველ რიგში, რასაკვირველია მსოფლიო ბირჟებზე ჰპოვა გამოხმაურება. უკვე მერამდენე დღეა მკვეთრად ძვირდება ნავთობი და ძვირფასი ლითონები. აქედან, ნავთობპროდუქტებზე ფასის მატება, შესაძლოა, მტკივნეული აღმოჩნდეს ქართველი მომხმარებლებისთვისაც. ავტომფლობელები საწვავის გაძვირების მოლოდინში არიან.
იმის გამო, რომ აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, შესაძლოა, სირიაზე ავიადარტყმა მიიტანონ, ნავთობმა ერთბაშად დაიწყო გაძვირება და ბოლო 27-თვიან მაქსიმუმს მიუკაკუნა. ამჟამად 1 ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 116 დოლარის ფარგლებშია და კიდევ უფრო მაღლა მიცოცავს. „სოსიეტე ჟენერალის“ პროგნოზით კი თუ სირიის ომი მოწოდების პრობლემას შექმნის, ნავთობი, შესაძლოა, 150 დოლარამდეც გაძვირდეს და 2008 წლის რეკორდიც (147 დოლარი-ბარელზე) კი დაამხოს.
ბოლო დღეებში მკვეთრად იმატებს „პლატცის“ ფასიც, რომელზეც უშუალოდ არის მიბმული საქართველოს საცალო ქსელში არსებცლი ფასები. 1 ტონა ბენზისნის ფასმა 1070 დოლარს უწია, ხოლო დიზელი 961 დოლარს გადაცდა.
მსოფლიო ბაზრებზე საწვავის გაძვირება რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, კერძოდ, სირიის გარშემო შემქნილი ვითარების გამო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, აგვისტოში მსოფლიოში ნავთობის ფასი სხვადასხვაგვარად იცვლებოდა. თუ თვის პირველ კვირაში ნავთობის ფასები მცირდებოდა, მეორე კვირიდან გაძვირება დაიწყო და ბოლო დღეების განმავლობაში ფასი მკვეთრად გაიზარდა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასის ზრდას ხელი შეუწყო ჩინეთში (ნავთობის მეორე მომხმარებელი ქვეყანა მსოფლიოში) ნავთობზე მოთხოვნის ზრდამ. კერძოდ, ივნისში მოთხოვნა გაიზარდა 9.82 მლნ ბარელამდე 1 დღე-ღამეში, რომელიც 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,6%-ით მეტია. ეს განპირობებულია ჩინეთის ეკონომიკის ზრდით. კერძოდ, საქმიანი აქტიურობის მნიშვნელოვანი მატებით მრეწველობაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დამაიმედებელი ძვრები არის მთლიანად მსოფლიოს ეკონომიკაში. კერძოდ, ჩინეთის ანალოგიურად აშშ-შიც ბოლო თვეების მაქსიმუმ მაჩვენებელზეა საქმიანი აქტიურობის ზრდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, ხოლო ევროკავშირში ის მოსალოდნელზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.
ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს ბოლო დღეებში დაემატა სირიის გარშემო შექმნილი საგანგაშო ვითარება. კერძოდ, დღე-დღეზე ელოდებიან საომარი მოქმედებების დაწყებას აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან, რამაც ნავთობის ფასის მატებას ახალი ბიძგი მისცა. ჯერ კიდევ არ განელებულა ეგვიპტის კრიზისი. სუეცის არხზე პრობლემების გაჩენის შიშით, რა თქმა უნდა, ფასი მაღლა იწევს“, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.
იგი თვლის, რომ ჯერჯერობით, საქართველოს საცალო ქსელში საწვავი არ გაძვირდება, რადგან ვითარება სულ 4-5 დღეა რაც შეიცვალა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა პოზიციას იზიარებს „ლუკოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძეც. მისი თქმით, კომპანია ფასის კორექტირებას არ გეგმავს, ტენდენცია თუ შენარჩუნდა, ადგილობრივ ბაზარზეც ჰპოვებს ასახვას.
„ჯერ მხოლოდ სამი-ოთხი დღეა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი გაძვირდა. ეს არ არის ის პერიოდი, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს საფასო ცვლილებისკენ უბიძგებს. ტენდენცია თუ გაგრძელდება, ვიქნებით ადეკვატური და შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - აცხადებს მიშველაძე და დასძენს, რომ ქართველი იმპორტიორები აკვირდებიან მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე მიმდინარე პროცესებს და საწვავის გაძვირებას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეცდებიან.