უკმაყოფილო ფერმერები თბილისში ჩამოსვლასა და „საქართველოს ბანკის“ ფილიალებში ფუნის შეგდებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ავრცელებს, რომელიც უახლოეს ხანში თბილისში მასშტაბურ აქციებს პროგნოზირებს.
მისი თქმით, გაწბილებული ფერმერები გაღარიბებაში სწორედ „საქართველოს ბანკს“ ადანაშაულებენ. ამ აქციებში კი მათ თანადგომას უფლებადამცველები გამოუცხადებენ.
For.ge ერთ-ერთ ასეთ ფერმერს თემურ კობახიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, დაუშვებელი იყო, რომ შეღავათიან აგროკრედიტებთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება მიენიჭათ ბანკებს. ამიტომ პირადად მან ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერა და სთხოვა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბანკების ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამა თუ იმ პროექტის გადაწყვეტა.
თემურ კობახიძის აზრით, თუკი ახალი ხელისუფლება ფერმერების წინადადებას არ დააკმაყოფლებს, მაშინ დადასტურდება, რომ აღნიშნული პროექტი სოციალურად ორიენტირებული არ ყოფილა.
ევროპის მაგალითის გარდა, თემურ კობახიძეს ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრციდან სომხეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც სახელმწიფო დონეზეა დაკანონებული, რომ 3 %-ზე მეტი აგროკრედიტი არ უნდა გაიცეს. საქართველოში კი გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტი, მართალია, 10 ათას ლარზე მეტს გულისხმობს, მაგრამ ეს საკმაოდ კარგი წამოწყება რეალურად არ მუშაობს, რადგან დამწყებ ფერმერებს ბანკი არ ეხმარება.
ამიტომ კობახიძე მიიჩნევს, რომ საფერმერო მეურნეობების მაქსიმალური დატვირთვით თავად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული.
„სოფლის მეურნეობის კუთხით გაიცა ეს კრედიტი, მაგრამ დამწყებ და საშუალო რესურსების ფერმერებზე ეს კრედიტი არ გაცემულა. ძირითადად, კრედიტები გაიცა მეღვინეებზე, რომელთაც კაპიტალიც ისედაც აქვთ და, ასევე, გააჩნიათ ლიკვიდური ქონება, რომელიც შეუძლიათ, გირავნობაში ჩადონ. ამის გასაპროტესტებლად აქციის გამართვას სექტემბრისთვის ვგეგმავთ. არ გვინდა, აქცია მხოლოდ აქციისთვის დარჩეს, ამიტომ აქციაზე კონკრეტულ წინადადებას შევთავაზებთ მთავრობას. აგრარულ სექტორში ასეთი პრობლემა არსად არ არის, არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში. მთლიანობაში, სომხეთის ეკონომიკა მაქსიმალურად მართვადია, მაგრამ ფერმერებს იმდენად ხელს უწყობენ, რომ მათთან მესაქონლეობა განვითარებულია, თევზს დიდი რაოდენობით აწარმოებენ, ხიზილალა კი ექსპორტზე გააქვთ. ამ დროს ჩვენ ამხელა რესურსები გვაქვს და კრედიტის აღების შანსი არ აქვს ჩვეულებრივ მეწარმეს“, - აცხადებს თემურ კობახიძე.
მისივე თქმით, სარეკლამო ბაზარმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ იუწყებოდა, ბევრი ფერმერი შეცდომაში შეიყვანა. მათ ძალიან მარტივად დაიჯერეს, რომ იაფიან კრედიტს მიიღებდნენ, თუმცა რეალურად, ბანკი კრედიტს არ იძლეოდა. გასცემდა მხოლოდ წლიურ 30 % -იან კრედიტს. ამის მიუხედავად, ამ კაბალურ პირობებს ზოგიერთი ფერმერი მაინც დათანხმდა, რადგან მოქმედ ფერმერებს უკვე დანახარჯები გაწეული ჰქონდათ და უკან ვერ დაიხევდნენ. ასე რომ, ისინი წამოეგნენ ბანკის შეთავაზებას.
„პირადად მეც დავიჯერე და ჩემი ფერმისთვის მობილიზებული ჩემი ბოლო რესურსი გამოვიყენე. თუმცა მივედი ბანკში და ყველა ბანკმა მითხრა, რომ შენ „სტარტაპი“, დამწყები ხარ და არ დაგაფინანსებო. ხოლო, თუ რომელიმე ბანკი დამთანხმდა დაფინანსებას, მან მომთხოვა, ასი ათასიან პროექტში ნახევარმილიონიანი ლიკვიდური ქონება გირავნობაში ჩამედო. ჩემთვის ეს პრობლემა იყო. ასეთი პრობლემა აქვს უამრავ ფერმერს. ისინი დააკაბალეს. მე მაქვს პროექტი ბიოფერმასთან დაკავშირებით, რომელიც ოთხი მიმართულებით ვითარდება - რძისა და ყველის წარმოება, როგორც მსხვილფეხა საქონლის, ისე თხების. ასევე, თევზის რეწვა, საამისოდ ჰექტარნახევარი ტბორი მაქვს“, - აცხადებს ქართველი ფერმერი და განმარტავს, რომ უკვე საგრანტო პროექტებზე მუშაობს, რადგან ბანკიდან სესხი ვერ გამოიტანა.
აქვე ფერმერი აცხადებს, რომ ამ სქემას ძირითადად „საქართველოს ბანკი“ ახორციელებს და იგი ყველაზე დიდი მოთამაშეა. მეტიც, ბანკი დაინტერესებულია, ძვირიანი პაკეტი გაასაღოს. ამიტომ შეღავათიან პროექტში ეს ხალხი ვერ მოხვდა და მომავალშიც, თუ რაღაც არ შეიცვლება, ეს ადამიანები გაკოტრდებიან.
მომხდარის მიუხედავად, თემურ კობახიძე უშუალოდ რომელიმე პირის ბრალეულობას გამორიცხავს. არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადანაშაულებს, უბრალოდ, ამ ყველაფრის მიზეზად სახელმწიფო პოლიტიკას ასახელებს.
„სახელმწიფოსგან ფერმერები მიტოვებულები ვართ. გვაჯერებენ, თითქოს, კარგად არის ყველაფერი. ამიტომ აუცილებელია აგრარული ბანკის შექმნა, რომლის დამფუძნებელიც შეიძლება, სახელმწიფო იყოს. შეიქმნას ფონდი, რომელიც მარტივად გასცემს სესხებს. მით უმეტეს, სოციალურად ორიენტირებული იმდენი საინტერესო პროექტია, მე რომ ვინმე მეკითხებოდეს, ბევრ მიზნობრივ გრანტს გავცემდი“, - აცხადებს ფერმერი.