ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მინარეთს, რომელიც თბილისში ექსპერტიზისთვის გადაიტანეს, დღეს ისევ ჭელაში დააბრუნებენ. საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ბათუმის მეჩეთში შეკრებილებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გუშინ, გვიან საღამოს აცნობა. როგორც ხულოს მუფთმა ასლან აბაშიძემ განუცხადა, მინარეთი სანამ სოფელ ჭელაში არ იქნება გადატანილი, მანამდე ბათუმში მყოფი ჭელის მოსახლეობა სოფელში არ დაბრუნდება.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის, ჯემალ პაქსაძის თქმით კი, მინარეთს ჭელის მეჩეთთან დღეს მიიტანენ, თუმცა, მისი დამონტაჟება მას შემდეგ მოხდება, რაც ტექნიკური და იურიდიული პროცედურები მოგვარდება. მისი ინფორმაციით, იურიდიული საკითხების მოგვარებაში სამუფთოს იურისტებიც ჩაერთნენ.
ჯემალ პაქსაძის განცხადებით, მინარეთის საკითხის მოგვარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს, რისთვისაც მუფთი ბიძინა ივანიშვილს მადლობა უხდის.
ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გუშინ ჭელიდან, წალკიდან და ხულოდან ჩასულმა მუსლიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებდნენ და მინარეთის დაბრუნებას ითხოვდნენ.
სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებად აფასებს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით სარფის საბაჟოზე მინარეთის კონსტრუქციის განბაჟების დროს, საბაჟოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა დარეკა, რომელმაც საზღვარზე კონსტრუქციის დაუბრკოლებლად გატარება მოითხოვა. ექსპრეტი ამ ეტაპზე ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ხელისუფლების დისკრედიტაციასა და დასუსტებას ცდილობენ.
მამუკა არეშიძის განცხადებით მინარეთში შექმნილი რელიგიური დაპირისპირების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი დგას.
„ამ საქმეში ჩართულია წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ნაწილი, რომელიც ვითარებას ხელოვნურად ამწვავებენ. სამთა წყაროს, გურიის, ადიგენის მოვლენები ამ აზრისკენ გვიბიძგებს. ადიგენის რაიონში იგივე სურათი განმეორდა. მთელი ეს პროცესი იმაზე იყო ორიენტირებული, რომ მომხდარიყო ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირება.
„მინარეთში მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის ხელოვნურად არის შექმნილი დაპირისპირების ფონი. როგორც ჩანს, ამ დაპირისპირების ავტორი ცდილობს, მინიმალურად იყოს ჩათრეული ამ ტიპის დაპირისპირებაში ეროვნული უმცირესობა და ამას თავისებური ახსნა აქვს. თუმცა, ამ აზრის გარდა არსებობს ზოგადი ინფორმაციაც, რომელიც გაგვაჩნია და ამის მიხედვით ჩემთვის გასაგებია, რომ ამ საქმეში ჩართულია „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ნაწილი, რომელიც ხელოვნურად ამწვავებს ვითარებას.
საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები სამთაწყაროში, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ და „თავისუფლების ინსტიტუტთან“ დაახლოებული ადამიანები გამოჩნდნენ. ჩვენ მუსულმანებმა გვითხრეს, რომ ისინი შეცდომაში შეიყანეს. ისინი ჩამოვიდნენ აქ და შეხვდნენ. ადიგენშიც იგივე ამბავი იყო“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
როგორც არეშიძემ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იყო საბაჟოზე, რომ გაეტარებინათ ეს ტვირთი, წარმოდგენილი იყო თურქულ ენაზე და იგივე იყო ნათარგმნი ქართულადაც - რომ ეს იყო სამშენებლო კონსტრუქცია.
„ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით არ შეგვიძლია ამის გახმოვანება, თუ რამ აიძულა მებაჟე გამოეტარებინა ეს ტვირთი. იქ არ იყო კორუფციული გარიგება, იქ იყო ყოფილი მაღალჩინოსნის ზარი. ჯერჯერობით, თავს ვიკავებ ამ მაღალჩინოსნის დასახელებისგან, რადგან ეს ინფორმაცია ერთი წყაროდან მაქვს, წყაროს დასახელება კი არ შემიძლია“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, დაპირისპირების შექმნის მიზნით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და ხელისუფლებაში არსებული „მეხუთე კოლონის“ ორგანიზებით რაიონში რელიგიურ თემაზე დაძაბულობა მიზანმიმართულად შეიქმნა. როგორც არეშიძე ამბობს, ასეთი ფორმით გარკვეული პოლიტიკური ძალები ხელისუფლების დისკრედიტაციას და დასუსტებას ცდილობენ.
„შეგნებულად და მიზანმიმართულად იძაბება ვითარება ქართველ ქრისტიანებსა და მუსლიმნებს შორის“. როგორც არეშიძე ამბობს, სპეციალურად შერჩეულია სოფლები, სადაც ერთად ცხოვრობენ ქართველი მუსლიმნები და ქართველი ქრისტიანები.
„რატომ არ ხდება იგივე ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ სოფლებში, ან სხვაგან? იქ არ მოხდება ეს დაპირისპირება. შერჩეულია გურიის სოფელი ზოტი, აგერ სამთაწყარო, ზუსტად ამ ნიშნით არის ეს სოფლები შერჩეული, სადაც შეიძლება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება.
ამას თვითონ ადგილოიბრივი მოსახლეობაც უნდა ხვდებოდეს, რომ ხელოვნურად აკეთებენ ამას. როგორც უკვე გითხარით, მე მქონდა სამთაწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრა. ჩამოსულები იყვნენ, მათ თქვეს, ვგრძნობთ, რომ ხელოვნურად კეთდება ეს ყველაფერიო. დაასახელეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ჩადიოდნენ და მოსახლეობას აგულიანებდნენ. მათ მიერ დასახელებული იყო რამოდენიმე კაცი.
სამთაწყაროს მკვიდრი მუსლიმნებისა და ქართველების 48 კაციანი ხელმოწერილი განცხადებაც დევს საპატრიარქოში იმათ შესახებ, ვინ აგულიანებდა ერთსაც და მეორე მხარესაც. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ერთი მათგანი არის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილი წევრი. ეს დოკუმენტი არსებობს და შეგიძლიათ მოიძიოთ. მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრები, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულნი, თანამშრომლობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
პირადპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ აქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე. ხელისუფლებამ მერე რაც გააკეთა, სპეცრაზმის ჩაყვანით და მგონია, რომ აქაც მეხუთე კოლონამ იმუშავა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ხელისუფლებამ წინასწარ უნდა განსაზღვროს რა შეიძლება მოხდეს და პრევენციაზე უნდა იზრუნოს. პრევენცია რომ მოახდინოს, ამიტომ პროფესიონალები უნდა ჰყავდეს გვერდზე. პროფესიონალები კი არ ჰყავს, ვინც ამ საქმეში არის გარკვეული, რასაც ჰქვია თეოლოგია და რეგიონალური პოლიტიკის მცოდნე. აქედან გამომდინარე კი, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.