„საინტერესოა რა ოპერატიულად გებულობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინ ჩამოდის, როდის ჩამოდის და სად ჩერდება საქართველოში?!“

„საინტერესოა რა ოპერატიულად გებულობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინ ჩამოდის, როდის ჩამოდის და სად ჩერდება საქართველოში?!“

ქორწილი ვერ შედგა, სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 17-ვე პირი თავისუფალია. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ შეკრებილები სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ და სასტუმროს მენეჯმენტისგან მოითხოვდნენ რუსეთის მოქალაქეებს სასწრაფოდ დაეტოვებინათ ტერიტორია.

სასტუმროს პარალელურად, მოვლენების ეპიცენტრი იყო რუსთაველის გამზარი, სადაც ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და პირობების შესასრულებლად 1 საათი მისცა. კერძოდ, 1 საათში უნდა ეთქვა უარი ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ოპოზიციის მიერ დათქმული ულტიმატუმის გასვლის შემდეგ, უბრალოდ, დაიშალნენ. ასე დასრულდა ოპოზიციის რეპეტიცია სახელწოდებით - „სახელმწიფო გადატრიალება“.

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტს უცხადებს და აქვე მოქალაქეებსაც მოუწოდებს, გაიზიარონ მისი პოზიცია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა „აირზენა“ არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. გარდა ამისა, პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელონ საზღვარზე, რომ არ შემოვიდნენ სანქცირებული პირები.

„ხელისუფლებას, მთავრობას თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, პირველ რიგში, საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა, რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები.

ხელისუფლებას მოვუწოდებ, საჩქაროდ შემოიტანონ (ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები), ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, თუ რომელი პირები არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს მინიმუმი დაცვაა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, უფრო მეტად დაცული იყოს, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ეს ევალება ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა და აღნიშნა, რომ ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე დაშვებული არ იქნება.

„ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ქართველს უფრო მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, ვიდრე ქალბატონ ზურაბიშვილს. მას საქართველოში, როგორც ადრე იტყოდნენ, არც ერთი შრომადღე არა აქვს გამომუშავებული. მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს, ვერც გრძნობს ხოლმე თუ როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე ყველაფრისთვის, აფერუმ, რომ ასე უდგახართ გვერდში ქართულ ავიაკომპანიას. იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ“, - წერს თამაზ გაიაშვილი.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს, საქართველოში შემოსვლა შეუძლია“, - ასე უპასუხა პრეზიდენტს თბილისის მერმა კახი კალაძემ, რომლის განცხადებით, ამ საკითხზე ცალკეული პირები სპეკულირებენ, რაც ორმაგი სტანდარტია.

„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული „ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ესენი არიან ფარისევლები, საერთოდ არანაირი დემოკრატია, ქვეყნის არავითარი სიყვარული, უბრალოდ, ძალიან დიდი დაშორებაა ამ ადამიანებსა და ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებს შორის.

ესენი გახლავთ ადამიანები, ვინც ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ, ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, საქართველოში ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. ასევე, გვახსოვს ოფიციალური წერილები ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. დღეს ვისმენთ მათ განცხადებებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, სპეკულირებენ. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც საქმით, ასევე განცხადებებით აკეთებდა რუსულ საქმეს, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს რუსიფიკაციას აპროტესტებს და მათი გეგმაა, რომ აქციები არ შეწყდეს, ვიდრე რუსულ რეჟიმს საბოლოოდ არ გაისტუმრებენ. როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რუსეთის ყველა მოქალაქემ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი მათ საქართველოში ტაშ-ფანდურით არ ელოდება.

„სალომე ზურაბიშვილი ისევ „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია. გაგახსენებთ, რომ ადრე 20 ივნისის აქციის კონტრაქციაც დააანონსა. ჩვენ საქართველოს რუსიფიკაციას ვაპროტესტებთ, რადგან ევროპა გვინდა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა: „ბ“, „გ“ თუ „ჭ“. რუსეთის ყველა მოქალაქემ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი მათ საქართველოში ტაშ-ფანდურით არ ელოდება. ვისაც რუსეთი და ტაშ-ფანდური უნდა, იტაშფანდურონ თავიანთ რუსეთში და ვალერი კვარაცხელიას გაჰყვნენ შემდეგი რეისით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა აღმოაჩინა, რომ საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც ტრიუკი ჩაატარა - გამოაგორეს პრეზიდენტი და მოაყოლეს ტყუილი, იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ახლა დაღლა და უიმედობა არ უნდა იყოს, რადგან გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.

„ქართულ ტრადიციებზე უყვარს ხოლმე ღარიბაშვილს, „რუსულ პარტიას“ საუბარი - ჩვენ ტრადიციები, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და ოჯახის სიწმინდე მნიშვნელოვანიაო. ამასობაში მთელი დღე იცავენ პუტინს, ლავროვს, იმ ხალხს, ვინც ოკუპაციას ახორციელებს, ვინც მოგვიკლა ანწუხელიძე, ოთხოზორია, უამრავი გმირი ვაჟკაცი, ვინც ჩვენი მშობლები დახოცა, ბავშვები აწამა - ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ. ესენი პოლიციელის ფორმაში გადაცმული ზონდერები არიან. არ მინდა ვთქვა, რომ ესენი პოლიციელები არიან, ესენი „ხარება - ზონდერ ბრიგადაა“. წესიერი პოლიციელი ლავროვის სანქცირებული შვილის დაცვას არ იკადრებს. მძიმე ისტორიული პერიოდია, როდესაც რუსულ პარტიას ამ ქვეყნის რუსულ გუბერნიად უნდა გადაქცევა, მოქალაქეების 90% კი ურყევად ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძის თქმთ, ის, რაც ბოლო ორი დღეა საქართველოში ხდება, არის ოპოზიციის მორიგი რეპეტიცია, რომელსაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მხარს არ უჭერს. ეს პოლიტშარლატანები მოქმედებენ დავალებით, ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.

„ეს არის უკვე აშკარად მართული იმ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელიც ლობირებს და აწარმოებს ომს დღევანდელ მსოფლიოში და მეტიც, მინდათ გითხრათ, რომ სალომე ზურაბიშვილს დავალებული აქვს ყოველი ხერხით საქართველოში სიტუაციის არევა და ამის მტკიცებულებად მოგიყვანთ ერთ ფაქტს - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციით არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ნახეთ, რა ხდება - 7-8 მარტს, ის აშშ-დან თავისუფლების ქანდაკების ფონზე მოუწოდებდა მომიტინგეებს, რომ ცოცხლად დაეწვათ პოლიციელები. ზურაბიშვილი დღევანდელ დღეს ასრულებს უაღრესად დესტრუქციულ ძალას ქართულ პოლიტიკაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ დღეს რუსეთს აწყობს კავკასიის აფეთქება, მით უმეტეს, საქართველოსი და რუსეთს ბევრი ინსტრუმენტი აქვს საქართველოს ასაფეთქებლად. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, საინტერესოა რა ოპერატიულად გებულობენ საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინ ჩამოდის, როდის ჩამოდის და სად ჩერდება?! შესაბამისად, იგი თვლის, რომ აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნა - ქვეყანაში მოქმედებს მეხუთე კოლონა.

„მე-5 კოლონა რუსეთის ინტერესზე მუშაობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩაიშალოს კანდიდატის სტატუსი და მეტი რაღა უნდა ქნან? რუსეთის პასპორტიანი მოქალაქეები ჰყავთ პარტიაში, ბიოგრაფიებზე აღარ ვლაპარაკობ და სხვა რა უნდა მოხდეს, როდემდე უნდა გავიკვირვოთ მათი რუსეთთან სიახლოვე, მათი ინტერესი? ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო ამოვარდეს იმ ქვეყნების რიგიდან, სადაც ყოფნა უსაფრთხოა. „გავრილოვის ღამეც იგივე იყო, მერე პოზნერი ჩამოვიდა და ისიც იგივე იყო. ანუ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ამოვარდეს იმ ქვეყნების რიგიდან, რომელში ყოფნაც უსაფრთხოა. შესაბამისად, მოაკლდეს ტრანზიტი, მოაკლდეს ტურისტი და ა.შ. ავტობუსში მყოფი ადამიანების შეურაცხყოფა ხომ უკვე იმის ნაბიჯია, რომ აი, ჩვენთან ყოფნა სახიფათოა. ძალადობაა წასული წინა პლანზე და თუ ჩვენთან ყოფნა სახიფათოა, ეს მესიჯი მარტო რუსისთვის კი არ იქნება, არამედ ყველასთვის, ვინც უცხოეთიდან მოდის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ცუგო- ვის უღიმის ეს ქალი პოლიციელების ზურგსუკან? გასაგებია, რომ პატრონებს, მაგრამ ეს პატრონები რუსეთშიც არიან და ამერიკაშიც. რუსებმა, ჰონორარების თემით თითქოს გარიცხეს ხოშტარია თავის აგენტურიდან და ამერიკელებს გონიათ, რომ აწი მხოლოდ მათი აგენტია იგი, არაფერიც, რუსები ასე ადვილად თავიანთ აგენტს არ თმობენ (ცოცხალს ყოველ შემთხვევაში) უბრალოდ ალიბი შეუქმნეს...
1 წლის უკან
amo თავხედი
1 წლის უკან