თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა ქსელურ ინტრიგებში გაიხლართა

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა ქსელურ ინტრიგებში გაიხლართა

თბილისში, პარლამენტის შენობაში ოთხი დარბაზის აღდგენა-რემონტის პროცესი ისევ ჭიანურდება. ილია ჭავჭავაძის, პირველი რესპუბლიკის, პლენარული სხდომებისა და კინოდარბაზების მოწყობის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „გრინ პროჯექტმა“ გაიმარჯვა, თუმცა, ტენდერში მონაწილე მეორე კომპანია „იუ-ჯი-თი“ დავების განხილვის საბჭოს ტენდერის შედეგების გაუქმებას სთხოვს. სხვათა შორის, მუსირებს აზრი, რომ „იუ-ჯი-თის“ უკან მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა დგას.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ for.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „იუ-ჯი-თმა“ დავების განხილვის საბჭოს 18 აგვისტოს მიმართა, საბჭოს სხდომა 22 აგვისტოს გაიმართა და საბჭო დასაბუთებულ წერილობით გადაწყვეტილებას მომჩივანის საჩივრის მიღებიდან, არა უგვიანეს ათ სამუშაო დღეში მიიღებს.

რაც შეეხება „იუ-ჯი-თის“ მხრიდან საჩივრის მომზადების საფუძვლებს შემდეგია - კომპანიის წარმომადგენლები აპროტესტებენ, რომ ქსელური მოწყობილობების შესყიდვის მიზნით, პარლამენტის აპარატის მიერ გამოხადებულ ტენდერში, კომპანია „გრინ პროჯექტის“ შეთავაზება და რამდენიმე საკითხში, დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები ტენდერით გამოცხადებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, ზუსტად ისევე, როგორც არ შეესაბამებოდა მათი პასუხები, რის საფუძველზეც, მათი კომპანიის დისკვალიფიცირება მოხდა.

„ამიტომ, „გრინ პროჯექტი“ ჩვენს მსგავსად, დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო. მით უფრო, რომ სახელმწიფოსაგან მათი შეთავაზება 150 000 ლარით უფრო მეტი ხარჯის გაწევას მოითხოვს, ვიდრე ჩვენი“, - აღნიშნულია „იუ-ჯი-თის“ მიერ მომზადებულ სარჩელში, რომლის გაცნობაც დაწვრილებით დავების განხილვის საბჭოს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ.

კომპანია „იუ-ჯი-თის“ სატელეკომუნიკაციო, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ქარუმიძის შეფასებით, პარლამენტის აპარატის მიერ კომპანიები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი.

„აპარატის დასკვნაში მითითებული იყო, რომ რაღაც არ დავაკმაყოფილეთ, რის გამოც, ჩვენი დისკვალიფიცირება მოხდა. ვთვლით, რომ ისეთი პრინციპით უნდა მიუდგნენ „გრინ პროჯექტს“, როგორც ჩვენ მოგვიდგნენ“, - განუცხადა for.ge-ს ქარუმიძემ.

„იუ-ჯი-თი“ განსაკუთრებით იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ „გრინ პროჯექტის“ მიერ აპარატისთვის შეთავაზებული „Cisco Prime Infrastructure 1.2 ვერსიაში ბრანდმაუერების მენეჯმენტი რეალიზირებული არ არის და პარლამენტი კომპანიას საშუალებას აძლევს Cisco Prime Infrastructure 2.X ვერსია მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მას შემდეგ შეიძინოს, რაც აღნიშნული ვერსია გამოვა.

„გრინ პროჯექტის“ განმარტებით, მათ მიერ შეთავაზებული სისტემის ამჟამინდელ Cisco Prime Infrastructure 1.2 ვერსიას შესაძლებლობა აქვს მართოს: წვდომის სეგმენტის კომუტატორები, უსადენო ქსელის დაშვების წერტილები, აგრეგაციის კომუტატორები, ინტერნეტ მარშრუტიზატორები, გარე ინტერნეტ კომუტატორები, შიდა სერვისების და დემელიტარიზაციის ზონის კომუტატორები.

„Cisco Prime Infrastructure 1.2 ვერსიაში ბრანდმაუერების მენეჯმენტი რეალიზირებული არ არის. თუმცა, თადარიგი დავიჭირეთ და კონსულტაცია კომპანია „Cisco“-სთან გავიარეთ. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, საქონლის მოწოდება და იმპლემენტაციის დროისთვის (იმპლემენტაციის დრო სავარაუდოდ, 30 სექტემბერია), აგვისტოს ბოლოს, Cisco Prime Infrastructure 2.X ვერსია გამოსული იქნება, რომელსაც ბრანდმაუერების მენეჯმენტის საშუალება ექნება“, - ნათქვამია „გრინ პროჯექტის“ მიერ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ დოკუმენტში.

აღნიშნული ვერსიის აგვისტოს ბოლოს შეძენაში პრობლემას ვერ ხედავს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე შოთა გოშაძე და for.ge-სთან საუბარში იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, „იუ-ჯი-თს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

გოშაძის შეფასებით, „იუ-ჯი-თი“ აღიარებს, რომ მათ მიერ შემოთავაზებული აპარატურა და პროდუქტი ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა.

მისი თქმით, აპარატმა კომპანიას 18 პოზიცია გადაუგზავნა, საიდანაც „იუ-ჯი-თი“ უწყებას შვიდ ალტერნატივა-პოზიციას სთავაზობდა, რასაც ტენდერის პირობები არ ითვალისწინებს.

„მათ მიერ შემოთავაზებული აპარატურა „გრინ პროჯექტის“ აპარატურის ტოლფარდი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ შემოთავაზებულ აპარატურაზე უფრო ხარისხიანი აპარატურაც გააჩნიათ. მათ ის არ შემოუთავაზებიათ. „მერსედესისა“ და „ჟიგულის“ მარკის ავტომობილებს შორის ფასთა სხვადასხვაობა ხომ იქნება?! თუ გსურთ, „მერსედესი“ იყიდოთ, რა თქმა უნდა, მეტი უნდა გადაიხადოთ. ეს არის ქსელები, რომელმაც დროს უნდა გაუძლოს. ტექნიკა წინ მიდის და ერთი-ორი წლის შემდეგ, კომპიუტერული-საქსელო მოწყობილობები ძველი იქნება, რის გამოც, უმაღლესი დონის აპარატურა გვინდოდა, რომელიც ევროპის პარლამენტებშია აპრობირებული. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტს მივმართეთ და ორიენტაცია მაღალხარისხოვან აპარატურაზე ავიღეთ, რომლითაც ევროპის პარლამენტებია დაკომპლექტებული“, - განმარტავს გოშაძე.

აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც თბილისში, პარლამენტის შენობის აღდგენის პროცესს ხელმძღვანელობს, „გრინ პროჯექტის“ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ამ კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები ტენდერს შეესაბამება და დავა იმ პროგრამაზე მიდის, რომელიც აგვისტოს ბოლოს იქნება გამოშვებული.

„კომპანია გვეუბნება, რომ ეს პროგრამა აგვისტოს ბოლოს გამოვა. მათ ამის საშუალებას ვაძლევთ, რადგან „გრინ პროჯექტის“ მხრიდან სრულყოფილი ქსელები, ნოემბრის ბოლოს უნდა მივიღოთ და ამ დროისთვის, ეს პროგრამული უზრუნველყოფა მზად ექნებათ. ეს პროგრამა მაშინ სჭირდებათ, როცა სისტემის დამონტაჟება დასრულებული იქნება. თუ ნოემბრის ბოლოს, ხელშეკრულების დასრულებისთანავე, სრულყოფილად ქსელი არ იქნება, კომპანიას ყოველდღიურად 9 000 ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს და როგორ გგონიათ, კომპანია ამხელა ჯარიმაზე წავა, თუ გარანტია არ აქვს?!“, - აღნიშნავს აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე.

შოთა გოშაძე „იუ-ჯი-თის“ პრეტენზიებს არ იზიარებს და პირიქით, ეჭვს გამოთქვამს, რომ საქმე დროის გაყვანას და პროცესის ხელოვნურ გაწელვას ეხება.

„ვფიქრობ, ეს ყველაფერი განზრახ ხომ არ კეთდება და რაიმე სხვა მოტივები ხომ არ არსებობს?! იანვარში, სერვერებსა და „დამგროვებლებზე“ ტენდერი გვქონდა გამოცხადებული და „იუ-ჯი-თის“ მიერ ამ ქსელების შეძენის პროცესის გაჭიანურება მოხდა. აი, მაშინაც კონკურენტი „გრინ პროჯექტი“ იყო. გსვურდა, რომ ყველაფერი იაფად მიგვეღო, მაგრამ საბოლოო ჯამში, პირობებზე უარი გვითხრეს და მათი ასეთი ქცევის გამო, ერთი თვე და ათი დღე დავკარგეთ. ნეტა, ამ ტენდერში მონაწილეობა ათ კომპანიას მიეღო, პირობების დაკმაყოფილების საშუალებას ყველაზე დაბალფასიანს მივცემდით, მაგრამ ეს ხარისხის გაუარესების ხარჯზე არ მოხდებოდა, რადგან უწყებამ მრავალი წელი უნდა იმუშაოს და ამ ტექნიკამ დროს უნდა გაუძლოს. ფულის არაყაირათიანი დახარჯვა ოჯახში შეიძლება, სადაც ჩინური ტექნიკის გამოყენების უფლება გაქვს, მაგრამ ბიუჯეტის ფულზე პასუხისმგებელნი ვართ. საკვირველია ის, რომ „იუ-ჯი-თი“ დავობს არა იმაზე, რატომ მოგვეცით დისკვალიფიკაციო, არამედ იმათი შედეგები გააუქმეთო. ამ შენობას პიარისთვის და ვინმეს დასანახად კი არ ვაკეთებთ, არამედ ქვეყნის მომავლისთვის“, - განუცხადა for.ge-ს გოშაძემ, რომლისგან განსხვავებითაც, იანვარში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ალექსანდრე ქარუმიძე.

მისი განცხადებით, ის იანვარში გამართული ტენდერის შესახებ ვერაფერს იტყვის, რადგან ამ პროცესში ჩართული არ იყო.

რაც შეეხება შოთა გოშაძის ეჭვს, რომ პროცესის გაწელვა ხდება, ქარუმიძე აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან არანაირი მუშაობა არ მიდის, რომ პროცესი ჩაიშალოს.

„არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ეტყობა ის ადამიანი არასწორად არის ინფორმირებული, ვინც თქვენ გესაუბრათ! ბატონ შოთაზე თუ არის ლაპარაკი, ეტყობა, მას ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს. იანვრის ტენდერის თაობაზე, დეტალები არ ვიცი, მაგრამ რატომღაც, ვიღაცა პარლამენტში თავის დაშვებულ შეცდომებს „იუ-ჯი-თს“ აბრალებს“, - აცხადებს ქარუმიძე, რომელიც for.ge-ს ინფორმაციამ განსაკუთრებით გააღიზიანა, რომლის მიხედვითაც, კომპანია „იუ-ჯი-თის“ უკან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა დგას.

კერძოდ, როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, კომპანიის ხელმძღვანელი ქვეყნის პირველ პირთან ახლობლობს და ის სააკაშვილის თხოვნას თუ დირექტივებს ითვალისწინებს, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების პროცესი გაჭიანურდეს.

ქარუმიძის შეფასებით, for.ge-ს ინფორმაცია არის „აბსურდი“ და ის მოგვიწოდებს „გადამოწმებულ ინფორმაციაზე“ ვისაუბროთ.

„დამიგდეთ ყური, ჟურნალისტები თავისუფლები არიან და რაც უნდათ დაწერენ, მაგრამ თქვენ მოგიწოდებთ, რომ გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდობით ისაუბროთ, რადგან ჭორი შეიძლება ყველანაირი არსებობდეს, მაგრამ იმას რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის აბსურდული ბრალდებები. ჟურნალისტს შეუძლია კონკრეტული ადამიანის დასახელების გარეშე, რაიმე თქვას, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა, რომ ამბობთ „იქ ამბობენ“, „ასეთი ჭორი დადის“. ეს ყვითელი ჟურნალისტიკაა და მაპატიეთ, მაგრამ ეს დაბალი დონის ჟურნალისტიკაცაა. თუ ამ ინფორმაციას დაწერთ, კი, ბატონო დაწერეთ, მაგრამ შეგიძლია მითხრათ, ამას ვინ ლაპარაკობს - პარლამენტის თავმჯდომარე? დეპუტატი? აპარატის ხელმძღვანელი, თუ ვინ? პირდაპირ მითხარით! არ ვიცი, იმ კულუარებში რას ლაპარაკობენ, ვისთანაც თქვენ გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ შემიძლია სხვა ფაქტი მოგიყვანოთ. კერძოდ, ის შეცდომები და გაუაზრებელი ფაქტები, რის გამოც, პარლამენტის თბილისში გადმოსვლა თვეობით შეფერხდა. ეს გაუგებარი შეცდომები სხვა მხრიდან იყო დაშვებული და ამის შესახებ შემიძლია ვისაუბრო“, - ჟურნალისტური ეთიკის განმარტების შემდეგ, განგვიცხადა ქარუმიძემ, რომელმაც for.ge-ს შეთავაზების შემდეგ „კონკრეტული პირის მიერ ჩადენილ გაუაზრებელ ფაქტებზე“ საუბარი „ისტორული მომენტისთვის“ გადადო.

მისი მოსაზრებით, ამ საკითხებზე, მისი მხრიდან ახლა საუბარი არასწორი იქნება.

„მაგრამ, თუ ისტორიულ მომენტში დაინტერესდებით, ეს ყველაფერი შემიძლია დეტალურად მოგიყვეთ. არ შემიძლია, თქვენი ინფორმაცია, რომ თურმე, პრეზიდენტს რაღაც ინტერესები გააჩნია, რეაქციის გარეშე დავტოვო“, - დასძინა ქარუმიძემ.

თუ რა შედეგით დასრულდება „იუ-ჯი-თის“ მიერ წამოწყებული დავა, ეს ცნობილი თვის ბოლომდე, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გახდება, მაგრამ „საკუთარ სიმართლეში“ დარწმუნებული სამივე მხარეა - პარლამენტის აპარატიც, „გრინ პროჯექტიც“ და „იუ-ჯი-თიც“. თუ ვის გაუცრუვდება იმედები, ეს აგვისტოს ბოლომდე გამოაშკარავდება.