"სააკაშვილზე ხმამაღლა ვთქვი - ამ მხდალს აქ რა უნდა-მეთქი, კურდღელიც ვეძახე - ამ დროს პიაცაზე ხუთასი ადამიანი მაინც იყო და ყველა ტაშს მიკრავდა..."

"27 აგვისტოს ჩამოვედით ბათუმში მე და ჩემი საცოლე, გვახლდა რამდენიმე მეგობარი. ბათუმში რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა არ ვიცოდი, თან მე რამდენიმე ხნით ადრე მივედი მოედანზე. ეს იყო დაახლოებით საღამოს 10 საათი და სააკაშვილი მოვიდა 11-ის ნახევარზე. მე ვიყავი მეგობრებთან ერთად და არანაირად არ ვაპირებდი ვინმესთან თუნდაც შელაპარაკებას. მე არც ის ვიცოდი, ვინ მოვიდა მოედანზე, როცა დაცვა გამოემართა პირდაპირ ჩემკენ და მოითხოვა ტერიტორია დამეტოვებინა", - აცხადებს პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ჩანაწერები წაართვა სააკაშვილის დაცვამ მელორ ვაჩნაძეს ბათუმში?

"ვკითხე, ვინ ხართ და რატომ უნდა დავტოვო-მეთქი? მითხრეს, რომ სააკაშვილის დაცვა იყო და პრეზიდენტი იმყოფებოდა პიაცას მოედანზე. დატოვე აქაურობაო - კიდევ გამიმეორეს - ამაზე უარი ვთქვი, სასაცილოდ არ მეყო ეს სიტყვები - მაგას ბევრი რამე უნდა და მე ამას არ გავაკეთებ-მეთქი. ამას მოჰყვა დაცვის მხრიდან საშინელი აგრესია და მეც ანალოგიურად გავუძალიანდი, სააკაშვილზე ხმამაღლა ვთქვი - ამ მხდალს აქ რა უნდა-მეთქი, კურდღელიც ვეძახე - ამ დროს პიაცაზე ხუთასი ადამიანი მაინც იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ტაშს მიკრავდა. სააკაშვილი გვერდით იდგა, რომ ვუყურებდი, გათეთრდა, ძაან შეეშინდა. უცებ თავისმა ხუშტურებმა მოუარა, იფიქრა, მე აქ დემაგოგიისთვის მოვედი, მელორ ვაჩნაძე ამაში ხელს შემიშლისო და ამიტომ მონდომა ჩემი გაძევება. რატომღაც, რომ გავსულიყავი... იმ ქვეყანაში, სადაც მოქალაქე ვარ ყველგან მაქვს უფლება ვიყო იმის მიუხედავად, მოვწონვარ თუ არა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მელორ ვაჩნაძე.

"თავად რომ ეთქვა გადი აქედანო, თავს ნამდვილად ვერ შევიკავებდი და მაშინ არ ვიცი რა იქნებოდა. აქტიურობდნენ მხოლოდ მაგისი ხელქვეითები. ნაძირალა ანდრო ბარნოვი აქტიურობდა ძალიან, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მერე, სადღაც 10 წუთის შემდეგ გავიგონე ლანძღვა პრეზიდენტის მხრიდან და ამის გადაღება დავიწყეთ "აიპადით" და "აიფონით". ამან საოცარი აგრესია გამოიწვია მათში და ეს აპარატურა ჩამოგვართვეს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ისევ სააკაშვილის დაცვას აქვს და არც კი ფიქრობს დაბრუნებას. ჩემს თანმხლებ გოგონას გამოგლიჯეს ყველაფერი ხელიდან და ეს ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, თუმცა რა გასაკვირია, სააკაშვილი ხომ ნაძირალა და ყაჩაღია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მაქვს სამედიცინო დასკვნა, სადაც წერია, რა დაზიანებები მაქვს - ესაა სისხლჩაქცევები თავსა და თვალზე და სისხლნაჟღენთები. დაცვა საკმაოდ ბევრი იყო და რაც შემეძლო ვიგერიებდი. უნდოდათ მეტად გამოვეწვიე, მაგრამ არ ავყევი. ამ დროს მოვიდა პოლიცია და მოითხოვა დავმორჩილებოდი. მეც უპრობლემოდ დავმორჩილდი. გავყევი პოლიციას, სასამართლო გაიმართა, პოლიციის დაუმორჩილებლობა არ დადასტურდა და მომეხსნა. ასევე არ დადასტურდა ჩემს მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მაგრამ მოსამართლემ მაინც დამაჯარიმა 100 ლარით წვრილმანი ხულიგნობის მუხლით - ყველაზე მსუბუქი სასჯელი გამოიყენეს და დარბაზიდანვე გამათავისუფლეს, მაგრამ ამას ვაპროტესტებ. ის კადრები, რაც პიაცაზეა გადაღებული ჩემს მიერ, ადასტურებს ჩემს სიმართლეს და ვითხოვ შს სამინისტროსგან, რომ ნივთმტკიცებად ჩაითვალოს: აქედან გაირკვევა მე მივედი უკანონოდ მათთან, თუ ისინი მოვიდნენ და ჩემი იქიდან მოშორება გადაწყვიტეს", - ამბობს მელორ ვაჩნაძე და შეკითხვას - "სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ფული გადაგიხადა ამ პროვოკაციის მოწყობისთვის, სასტუმროც მათ უქირავეს და ჯარიმის ფულიც მისცესო..." - პასუხობს:

"რა შეიძლება ვთქვა არაადეკვატურ ადამიანზე? დაკომპლექსებული ადამიანია. რაც უნდათ, ის იფიქრონ, მე ვერ დავუშლი ფიქრს. მათ ბინძურ ტვინებში რაც იხარშება, რასაც თვითონ აკეთებენ, დარწმუნებულები არიან, რომ სხვაც ასე აკეთებს. ჩემს დაფინანსებას რაც შეეხება, ეს არის სრული სიცრუე და ამას დაადასტურებს სწორედ ის კადრები, რაც ჩემს აპარატურაშია. ასევე იქ დაყენებული კამერებიც დაადასტურებს ამას და ამოიღოს შს სამინისტრომ ეს ყველაფერი და და ნახოს, ვინ იწყებს პროვოკაციას".

"მე ვაგებინებ ამ ხალხს იმაზე პასუხს, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდა ჩემს მიმართ, დანარჩენზე ხალხმა უნდა მოსთხოვის პასუხი იმაზე, რაც ამათ გაუკეთეს ამ ახალმა თუ ძველმა ხელისუფლებამ - ახალ ხელისუფლებას კიდევ ვახსენებ, რომ დანაპირები უნდა შესრულდეს. მე ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ რეალობა შეიცვლება და აი მაშინ თუ იგივე დარჩა ყველაფერი, მაშინ უკვე ამ ახალ ხელისუფლებასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, იგივე ჩემგანაც...", დასძენს მელორ ვაჩნაძე.