სადაზღვევო სექტორს მაშველი რგოლი ესაჭიროება

სადაზღვევო სექტორს მაშველი რგოლი ესაჭიროება

კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გარკვეული ვადით ფინანსური მორატორიუმი ცხადდება. მთლიანად სექტორში ძალიან რთული ვითარებაა. კლინიკების აშენებისა და შემდეგ მათი მართვის ვალდებულებამ მზღვეველები ლამის წელში გაწყვიტა. ახლა სირთულეების დაძლევა საკმაოდ ძნელი იქნება. საკითხი ამჯერად ასე დგას - გადარჩება თუ არა სადაზღვევო სექტორი?

ჯანდაცვის სამინისტროში შეკრებილმა მზღვეველებმა და სამინისტრო წარმომადგენლებმა ყველა ის პრობლემური საკითხი განიხილეს, რაც კერძო სადაზღვევო კომპანიებში არსებობს. პრობლემები კი იმდენია, რომ მხოლოდ მისი ჩამოთვლაც კი შიშის მომგვრელია. არ არსებობს ქვეყნაში სადაზღვევო კომპანია, რომელსაც ფინანსური პრობლემები არ აქვს, რთული მდგომარეობაა ჰოსპიტალურ სექტორში, რამდენიმე ორგანიზაცია გაკოტრების პირასაა, ექიმები კი უხელფასოდ მუშაობენ.

ამიტომაც, იმისათვის, რომ სადაზღვეო კომპანიებისთვის საჯარიმო სანქციები არ ამოქმედდეს (რომელიც სექტემბრიდან იგეგმებოდა), გამოცხადდეს გარკვეული ვადით მორატორიუმი, არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, მორატორიუმი არ შეეხება სახელფასო დავალიანებებს.

მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, განსაკუთრებული პრობლემები არსებობს სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“, „ალფაში“ და კლინიკების ქსელის მფლობელ კომპანია „ადითში“. „არქიმედეს“ 12 მილიონამდე დავალიანება აქვს, თუმცა როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საგანგაშო არაფერია და ყველაფერი გამოსწორებადია.

შეხვედრაზე სადაზღვევო კომპანია „ალფას“ საკითხი ცალკე განიხილეს, რომლის მენეჯმენტს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისას და მთავრობის ე.წ. 165-ე დადგენილებიდან გამოსვლა სურს. ამ დადგენილების მიხედვით, დაზვეულები არიან პენსიონერები, ექვს წლამდე ასაკის ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. აქედან გამომდინარე, „ალფას“ საერთოდ სურს სახელმწიფო პროგრამის დატოვება.

სერგეენკოს თქმით, თუ რომელიმე სადაზღვეო კომპანია უარს იტყვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის პროექტში მონაწილეობაზე, მაშინ სახელმწიფო იზრუნებს თითოეულ მოქალაქეზე და დაზღვეულზეც.

შეხვედრას სადაზღვეო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, „არქიმედე გლობალ ჯორჯიას“ ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა დაჯარიმება და ფინანსური სანქციები საქმეს ვერ უშველის. ამიტომაც აღნიშნული სადაზღვეო კომპანიის ახალმა მმართველმა ე.წ. ქამრის შემოჭერის მეთოდით სწორად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, მოაგავაროს არსებული ფინანსური პრობლემები, რაც ინვესტორებთან ერთად უნდა განახორციელოს.

„ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ საქმე ლიკვიდაციისკენ წავიდეს, პირიქით, ვცდილობთ, ეკონომია გავაკეთოთ, მოვუჭიროთ ხარჯებს, სწორად გადავიხადოთ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დროებით მმართველს 2-თვიანი ვადა აქვს, მეორე დღესვე, როცა სიტუაცია გამოსწორდება, კომპანიიდან გამოვალთ“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

მისი თქმით, საგანგაშო ვითარება არსად არ არის: „თუ ვინმეს შეცდომა ან გადახვევა ჰქონდა, შესაბამისი წერილობითი მითითები და გამოსასწორებელი ვადა უკვე მივეცით“, - დასძინა ნიკოლაძემ.

რაც შეეხება კლინიკებს, აქაც სერიოზული პრობლემებია. ბოლო პერიოდში მიდის მსჯელობა, რომ მათი ნაწილი მუნიციპალურ საკუთრებაში გადავიდეს. ჯანდაცვის მინისტრი უკმაყოფილოა იმით, რომ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობამ საჭიროდ არ ჩათვალა სამინისტროსთან გაევლო კონსულტაციები ახალი მფლობელისა თუ გასხვისების შესახებ. მისი აზრით, კერძო კლინიკებმაც თავისი აქტივობები ჯანდაცვის სისტემასთან კოორდინაციაში უნდა მოიყვანოს, ამიტომ იაშვილის ხელმძღვანელობამ სამინისტრო „საქმის კურსში უნდა ჩააყენოს“.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, სულ 9 კლინიკაა, რომლის ინვესტორებმაც აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს და მათი სახელმწიფოსთვის გადმობარების პროცესი მიმდინარეობს. ეს არის ონკოლოგიის ცენტრი თბილისში და რეგიონში „ადითის“ ქსელური კლინიკები. სხვა საავდმყოფოების გადმობარების პროცესი ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა სპეციალისტები ამ სიის გაფართოებას არ გამორიცხავენ.