სკოლები პროფესიული სასწავლებლების საბაზისო საფეხურიც იქნება. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი მე-10, მე-11, მე-12 კლასელებს არჩევითი საგნების სიად 40 საგანს სთავზობს. ექსპერტები თვლიან, რომ ამ საგნებს ფუნდამენტურ მეცნიერებებთან საერთო არაფერი ექნება. მათი შესწავლით ახალგაზრდები ამა თუ იმ ხელობას დაეუფლებიან.
“წინა წლებთან შედარებით ძალიან გაფართოვდა არჩევითი საგნების ნუსხა - ამჟამად წარმოდგენილია 40-მდე საგანი, ხოლო მოსწავლეთა დაინტერესების შემთხვევაში, ის შეიძლება კიდევ გაიზარდოს”, - აცხადებენ შეფასების ეროვნულ ცენტრში. თავად საგნების სია კი ჯერ არ კონკრეტდება.
“განათლების ლიგის” პრეზიდენტი მანანა ნიკოლაიშვილი არჩევითი საგნების სიაში იმ საგნებს ვარაუდობს, რომლებიც 8 საატესტატო გამოცდის ჩაუბარებლობის გამო უატესტატოდ დარჩენილ სკოლადამთავრებულს პროფსასწავლებელში შესვლას გაუადვილებს. შესაბმისად, გამოდის, რომ 40 არჩევითი საგნებიდან უმეტესობა სახელობო იქნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ცნობით, რომ პირველ ეტაპზე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი მოამზადებს ელექტრონულ რესურსებს და გზამკვლევებს პედაგოგებისათვის. არჩევითი საგნების კურსის ჩასატარებლად სკოლების პედაგოგები ასევე გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლების ლიგის” პრეზიდენტ, მანანა ნიკოლაიშვილის თვალსაზრისით, არჩევითი საგნების ნუსხის ასეთი სიუხვეს განათლებისა მეცნიერების სამინსტროს მხრიდან ერთიანი საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიღებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც, სკოლა უნდა იყოს არა მარტო ფუნდამენტურ მეცნირებებში მოსწავლის მომზადების ადგილი, არამედ სახელობო პროფესიებშიც.
“განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფსასწავლებლებისკენ (ანუ პროფესიული განათლებისკენ) აიღო გეზი. თავისთავად, საატესტატო გამოცდების შემოღება ნიშნავდა იმას, რომ სკოლადამთავრებულის უმეტესობა ვერ ჩააბარებს.
უფრო ცუდი შედეგები იქნება მომავალ წელსაც, რადგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმაზე მეტად გაიზრდება, რაც წელს არის.
შესაბამისად, სკოლადამთავრებულები იძულებული გახდებიან წავიდნენ პროფესიულ სასწავლებლებში. ასეთ შემთხვევაში მათ სჭირდებათ საგნები, რომლებიც ახლოა ხელობასთან. რა თქმა უნდა, ამ არჩევით 40 საგანში იქნება ასეთი სახელობო საგნები”, -აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.
“განათლების ლიგის” პრეზიდენტი თვლის, რომ ამ არჩევითებში სახელობო-პროფესიულები უნდა შედიოდეს. წინააღდეგ შემთხვევაში, 40 არჩევითი საგნის შემოღებაში ლოგიკას ვერ ხედავს.
რომელ არჩევით საგნებზეა საუბარი, არც განათლების სამინისტრო აკონკრეტებს.. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში აცხადებენ, რომ პრეზენტაცია და ერთ კვირაში მოხდება. საგნების დაზუსტებაც სწორედ ამ დროისთვის მოესწრება.
“მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან, როგორც ჩანს, 8 საატესტატო გამოცდის სირთულისა და უატესტატოდ დარჩენის გათავისებას წლები სჭირდება. ისე გააზარმაცა ამ ხელისუფლებამ ბავშვები, რომ ვარიანტი არ არსებობს, მათ ხელი მოკიდონ წიგნებს და სწავლა დაიწყონ. სად წავა ეს ხალხი? - სად წავა და 9 კლასის ბაზაზე მესამე საფეხურზე სწავლას აღარ გააგრძელებენ. საშუალო საფეხურის დამთავრება საჭირო აღარ გახდება და პროფსასწავლებელს დასჯერდებიან”, - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.