დავით ზურაბიშვილი -

დავით ზურაბიშვილი - "რიგგარეშე არჩევნების საკითხი მწვავედ დადგება"

საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის ორი პრეტენდენტია - ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე. თუ არჩევნებში მეორე ადგილზე "ნაცმოძრაობა" გავა, მათ ექნებათ იმის თქმის საშუალება, რომ მეორე ძალას წარმოადგენენ ქვეყანაში. თუ ბურჯანაძე გავა, ამ შემთხვევაში ის იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა და უფრო მწვავედ დადგება რიგგარეშე არჩევნების საკითხი, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურა­ბიშვილი, რომელსაც სულ ახლახან დაატოვებინეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ბატონ დავითთან ინტერვიუ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შეფასებით დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ამ სოფელში მეჩეთზე მიდგმული მინარეთი დაანგრიეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დააკავეს რამდენიმე ადგილობრივი მუსლიმანი, რომელთა გათავისუფლების მოთხოვნითაც ახალციხეში, სამცხე-­ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია გაიმართა. მოგვიანებით, ისინი გაათავისუფლეს. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დემონტაჟი საბაჟოზე არასწორად შემოტანილი იმ ტვირთების გამო მოხდა, რომელიც მინარეთის აშენებისას გამოიყენეს.

- ბატონო დავით, როგორ შეაფასებთ მომხდარს?
- როგორც ვიცი, მინარეთის მშენებლობისას გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობდა, თუმცა ეს მომხდარს არ ამართლებს. რაოდენ უკანონოც უნდა ყოფილიყო მშენებლობა, საჭირო იყო დიდი სიფრთხილის გამოჩენა. როდესაც საქმე რელიგიურ კულტსა და გრძნობებს ეხება, ამ დროს ძალიან ფრთხილი მოქმედებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ცდილობდნენ, რომ კანონიც აღსრულდეს, მაგრამ ეს არ უნდა მოხ­დეს ადამიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ხარჯზე. მომხდარმა სააკაშვილის ხელისუფლების დროს აჭარაში, ფერიის მთაზე ეკლესიის დემონტაჟი გამახსენა. იმხანადაც ხელისუფლება აპელირებდა იმაზე, რომ ეკლესია უკანონოდ იყო აშენებული. შესაძლოა, მართლაც ასე იყო, მაგრამ ეს იყო პრობლემის გადაწყვეტის არასწორი ფორმა. შესაბამისად, სრულიად გასაგები იყო მოსახლეობის აღშფოთება მაშინაც, ისევე როგორც ახლა. ასეთ ვითა­რებაში ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, რაც კანონსაც დაიცავს და ადამიანის რელიგიურ გრძნობებსაც. ჯობდა ასეთი გამოსავალი მოეძებნათ, თუნდაც მოგვიანებით, და არ მივსულიყავით ამგვარ კონფლიქტურ ვითარებამდე.

- როგორ ფიქრობთ, მომხდარი დაუფიქრებლობის და არაპროფესიონალიზმის ბრალია, თუ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებას?
- არ მგონია, ასე იყოს. როგორც უკვე გითხარით, ეს დაუფიქრებლობით და სხვისი აზრის, რელიგიური გრძნობების გაუთვალისწინებლობის გამო მოხდა. მე აქ ჩინოსანთა მხრიდან ზედაპირული მიდგომის პრობლემას უფრო ვხედავ, რაც დროულად არის მისახედი. სიტუაცია დროულად უნდა განიმუხტოს. არა მგონია, რაიმე შეთქმულებასა და საგანგებოდ ვიღაცის წინააღმდეგ მიმართულ პროცესთან გვქონდეს საქმე.

- ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, რასაც ბუნებრივად ახლავს ხოლმე გარკვეული დაძაბულობა, საინტერესოა, როგორ აფასებთ ამ პროცესს და რას იტყვით თქვენი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შანსებზე?
- ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არავინ არავის უშლის ხელს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებს, ამას ობიექტურად ვერ განვსჯი, რადგან ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენ. გვყავს ჩვენი კანდიდატი და ბუნებრივია ვფიქრობთ, რომ სწორედ ის გაიმარჯვებს, სხვას თავისი კანდიდატის იმედი აქვს. თუმცა ცხადია, პოლიტი­კურ ძალთა გადანაწილებას თუ შევხედავთ, გიორგი მარგველაშვილს გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი აქვს.

- რეგიონებში რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ნაწილი ბურჯანაძის ბანაკში გადაბარგდა, ამაზე რას იტყვით?
- ეს ხმები გადაჭარბებულია. იყო რამდენიმე შემთხვევა, ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა. არ მგონია, მასობრივ გადინებასთან გვქონდეს საქმე.