„ჩვენი პრინციპი მარტივია: არც ერთი ნაცი არც ერთ ორგანოში - ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“

„ჩვენი პრინციპი მარტივია: არც ერთი ნაცი არც ერთ ორგანოში - ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“

საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ერთ-ერთი პუნქტი ეხება სასამართლო რეფორმას, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას. საბჭოს წევრთა ასარჩევად საჭიროა 90 პარლამენტის წევრის ხმა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, მათი არჩევის უზრუნველყოფა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა დაადგინა 12 პუნქტი, როგორც პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად და მმართველ გუნდს ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს მისი სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შესრულება, ოპოზიცია ცდილობს ჩაშალოს დათქმული პუნქტების შესრულება, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ოპოზიციის პოლიტიკური დღის წერგია. მცდელობის მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ოთხ კანდიდატს ხელახლა ეყარა კენჭი.

მეორე ტურში კენჭი უყარეს რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს, რომლებმაც წინა კენჭისყრის დროს სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს. ვერც ერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც მესამე ტური გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრების დაწყებამდე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით ფორმალური კენჭისყრა ჩატარებულიყო და ოთხ კანდიდატზე კონსულტაციები გამართულიყო. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრინციპი მარტივია - „არც ერთი ნაცი არც ერთ ორგანოში“.

„ბულინგზე ითქვა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ ხმები გამოდიოდა კონკრეტული ოთახებიდან და არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო ის ხმები, რომელიც გამოდიოდა. როდესაც საუბარია 3/2-ზე, 4/1-ზე და ა.შ. ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე შეიძლება ამას კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ. ჩვენი პრინციპი მარტივია - არც ერთი ნაცი არც ერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი. რატომ წავიდნენ კოლეგების წინააღმდეგ ფრაქციის ახლა უკვე ყოფილი წევრები, ნაწილმა ეს ნაბიჯი მათთან კომუნიკაციის დეფიციტით, ნაწილმა კი 12 რეკომენდაციის შესრულების სურვილით ახსნა.

იმ 5 ოპოზიციონერ დეპუტატთან, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში დაეხმარნენ, ყველანაირი ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიციამ უკვე ყოფილ წევრებს ღალატში დასდო ბრალი და კარისკენ მიუთითა. „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატის გვარი, რომლისთვისაც მხარი უნდა დაეჭირათ, თუმცა ფრაქციის წევრები მხოლოდ ოთხზე საუბრობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ რაღაც მეტის გულისთვის თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებულ მესიჯში იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი, მუხაშავრია, ეს ოთხი ჩამოთვალეს. მათ გამორჩათ, დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში იყო მეხუთე გვარი ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ, არ არის დიდი პირობის შემსრულებელი „ქართული ოცნება“ და ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს.

დაინტერესებული პირები ნახავთ, რომ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში უნდა გადავიდნენ, ერთ-ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, სწორედაც მოქმედებდა ის ფორმულა 4/1-ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი, მთლად გაგებული და ამიტომ იყო, რომ სწორედ ოპოზიციურ ჯგუფებში იყო ის ფრაზა, რომ აქ იყო გარიგება და ეს გარიგება, საბოლოო ჯამში, დაგვბრალდა ჩვენ“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების მხარდამჭერი ოპოზიციონერი დეპუტატების საქციელს გამართლება არ აქვს. ბოკუჩავა ამბობს, რომ არ სწამს პოლიტიკაში შემთხვევითობის.

„ბუნებრივია, ბუნდოვანი და არადამაჯერებელი იქნება ნებისმიერი განცხადება, რაც შეიძლება ამ ადამიანებმა თქვან, რადგან არ არსებობს არგუმენტი, რომელიც გუშინდელ ქმედებას გაამართლებს, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მათ სასამართლო კლანი გააძლიერეს. დეტალებში შესვლას განზრახ არ ვაპირებ. ნატო ჩხეიძე რატომ აპელირებს ნიშნიანიძეზე, სრულიად გაუგებარია, რადგან ვისაც მხარი დაუჭირა და გახდა იუსტიციის საბჭოს წევრი, მათ შორის ეს გვარი საერთოდ არ ფიგურირებს. შესაბამისად, ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის მხარდაჭერას. ეს არის საფუძველს მოკლებული არგუმენტი, რა დეტალებშიც არ უნდა შევიდეთ, მათ საქციელს გამართლება ვერ ექნება. არანაირ წინასწარ შეთანხმებას, გარიგებას ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ, ყველა კომპონენტში ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის შესრულებას. რაც არის მათი მთავარი ამოცანა და თუ მოხდა ისე, რომ რომელიღაცა დეპუტატი ოპოზიციიდან რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება, მხარს დაუჭერს, მასზე ხორციელდება არნახული ზეწოლა და ბულინგი.

ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში არ არის ევრორეკომენდაციების შესრულება. ვოლსკის თქმით, მათი ინტერესია, არ იქნეს არჩეული კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„ეს ყველაფერი ლუსტრაციას ნიშნავდა, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობის“ „მებრძოლ კოალიციას“. მათი მიზანია, რეკომენდაციები არ შესრულდეს და არ დაკომპლექტდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს იმდენად ნათელი გახდა, რომ არ ვიცი, გუშინდელი სკანდალიდან როგორ შეიძლება გამოვიდნენ. თქვეს, რომ იყო გარიგება, ფული გადაიხადეს და ა.შ. სრულიად უნამუსო და უტიფარი განცხადებები გააკეთეს.

არ შეიძლება, ასეთი გარიგება შემდგარიყო. ასეთი გარიგება არ ყოფილა, ეს არ არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც აღზევებული იყო და დაკავებული გარიგებებით და ხალხის დაშინებით, ინტრიგებით. მათ სხვა რესურსი არ ჰქონდათ. თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ასე უკეთესია, რომ რეკომენდაცია შესრულდეს, რატომ შეიძლება იმ იდეას უპირისპირდებოდეს, რაც აქვთ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს?!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი თვლის, რომ საფრთხე კიდევ ერთხელ შეექმნა ევრორეკომენდაციების შესრულებას. „ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი თანამშრომლობა. სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების ძალაუფლება განმტკიცდა, ამით ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებმა წააგეს. ამით რისკი კიდევ ერთხელ შეუქმნეს 12 პუნქტის შესრულებას. ვინც ამ ყველაფერში, ძალაუფლების შენარჩუნებაში მაშველ რგოლად მოევლინა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 17 თვით ადრე თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა, არაერთისთვის დაგვიანებული, რადგან მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პარტია, მისი პოლიტიკოსები არიან საზოგადოების მეტასტაზები, რომლებიც მოსაკვეთნი არიან პოლიტიკური ცხოვრებიდან.

„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად გასცდა უკვე პოლიტიკური ცხოვრების წითელ ხაზებს, რომ შეუძლებელია მათთან ე.წ. კოაბიტაცია, ე.წ. თანამშრომლობა. ისინი რეალურად არიან ანტიდასავლური ძალა, მე-5 კოლონა, რომელიც ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს. აქ საქართველოს სახელმწიფოზეა საუბარი და არა მმართველ „ქართულ ოცნებაზე“. ასე რომ, სავსებით ლოგიკურია ის გამონათქვამები, რაც კობახიძემ გააკეთა იმის საპასუხოდ, რაც გუშინ ვნახეთ და რასაც მომავალში ვიხილავთ. სამწუხაროდ, კიდევ ერთი წელი ეს ადამიანები უნდა იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და ტოქსიკურად იქცეოდნენ“, - აცხადებს აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი ლობისტები აბსოლუტურად იდენტური მესიჯ-ბოქსით ლაპარაკობენ, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მოუნიჭებლობა და უვიზო რეჟიმის გაუქმება, ეს მეტყველებს, რომ უნისონში მუშაობენ.

„ისევე როგორც „ნაცმოძრაობა“, მათი უცხოელი ლობისტებიც არიან საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ. რაც ძალიან სამწუხაროა ცალკეული ევროპარლამენტარები საქართველოში აღვივებენ ანტიდასავლურ განწყობებს. რაც შეეხება მომავალში როგორ იქნება ნაცების მონაწილოება სხვადასხვა სტრუქტურაში, ბუნებრივია, კანონი და მათ შორის შრომის კოდექსი არ დაირღვევა. განსხვავებით ნაცრეჟიმის ეპოქისა, პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით ხალხს არ ითხოვენ სამახურებიდან.

ვფიქრობ, რომ არჩევით ორგანოებში არ უნდა მოხვდნენ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები, რასაც, როგორც 2024 წლის საპარლამენტო, ასევე შემდგომში ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი გასცემს პასუხს.

როდესაც ოპოზიცია არის ჯანსაღი და კონსტრუქციული სამოქალაქო საზოგადოება, იქ დემოკრატია გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე აი, ამ დესტურქციული, ბოროტი ძალის პირობებში. ასე რომ, ვფიქრობ, საზოგადოება ამ ყველაფერზე სათანადო დასკვნას აკეთებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს მომდევნო არჩევნებზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება არის ეროვნული ხელისუფლების სტრატეგიულ კონტრშეტევაში გადასვლა, რასაც ქვეყანა ელოდებოდა.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დეპუტატების 5 ნაწილში იფეთქა ეროვნულმა, პატრიოტულმა, სახელმწიფოებრივმა შეგრძნებამ და მათ თავის ხმები მიამატეს უმრავლესობის იმ ხმებს, რომელიც რეალურად აკლდათ იმისთვის, რომ 12 პუნქტიანი დათქმებიდან ერთ-ერთი პუნქტი შესრულებულიყო და მათ ეს გააკეთეს. ყველაფერი პატრიოტული, ქართული, სახელმწიფოებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ სექტაში გაღიზიანებას და მიუღებლობას რომ იწვევს, ეს ხომ არახალია ჩვენთვის.

წარმომიდგენია რა რთულ მდგომარეობაში არიან ისინი იმ ძალების წინაშე, რომლებმაც დავალება და ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს იმაში, რომ ჩაეგდოთ 12-პუნქტიანი დათქმებიდან ერთ-ერთი პუნქტი, მაგრამ მათ რიგებშიც კი აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ თავის ქართულ ფესვებთან ძარღვი ბოლომდე არ აქვთ გაწყვეტილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

მიშა სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს, ოცნების და ნაცების შეთანხმებული ქმედება არ იყო, კოაბიტაციის ქოლგის ქვეშ. მომავალი არჩევნების კვოტების გადანაწილების ფარგლებში.
პოლიტიკური შინაარსის სპექტაკლებით კი, ვერავის გააკვირვებთ საქართველოში. ათას სპექტაკლზე ვართ გადამხტარი.
1 წლის უკან
რომანი წარმოუდგენელი რამ ხდება დასავლეთის გამოცემებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება, მიდის, მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, პირდაპირი "ჩაშვება". ავტორები - ქუთელია, ნოდია, თევზაძე და ა.შ.. თითქმის ყველგან ერთი და იგივე რესპოდენტები გვხვდება, რომელნიც შეთანხმებულად იბრძვიან, რომ ქვეყანამ არ მიიღოს საძიებელი სტატუსი. საზარელი სურათია.
1 წლის უკან