ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი და მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც მან საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერა მოიპოვა, სამართლიანობის აღდგენა გახლდათ. პრემიერმა თავის გამოსვლებში, სხვადასხვა დროს, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის შესახებ ხელისუფლების დაპირება გარკვეულწილად შესრულებულია. მართალია, საზოგადოებაში შიშის სინდრომი მოიხსნა, შეწყდა ტერორი, მოსმენები და ა.შ. მაგრამ არსებობს რამდენიმე მიმართულება, სადაც საზოგადოება ჯერ კიდევ სამართლიანობის მოლოდინშია, მათ შორის, წართმეული თუ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი ჯერ კიდევ ღიად არის დარჩენილი და ამ მიმართულებით, თითქმის, არაფერი გამოსწორებულა.
ამ კუთხით, ზოგადად, რა პროცესებიც მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ყურადღებას არ შევაჩერებთ და მკითხველს მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაგალითზე მოვუთხრობთ, მაგრამ სხვა ბიზნესმენების ისტორიებსაც რომ გადავხედოთ, ალბათ, საერთოს ბევრს ვიპოვით.
საუბარია „კავკასუს ონლაინის“ ქონებაზე - კომპანიის წილი თავის დროზე ყოფილ მფლობელს, მამია სანადირაძეს დაათმობინეს და იმ პერიოდში არსებული კულუარული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის კარის ბიზნესმენებად წოდებულ შარანგიებთან დაახლოებულ პირებს გადაუფორმეს. ცნობილია, რომ დღეს ჰოლდინგის ოფიციალური მფლობელები ლევან ყარამანიშვილი და ხვიჩა მაქაცარია არიან.
„ალბათ, უკვე ყველამ იცის, რომ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების მიერ ჩემს მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშული, ჩემი ქონების თაღლითობით, მუქარითა და ძალადობით მითვისება. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში კოაბიტაციის თუ სხვა მიზეზების გამო, საქმე ძალზე ნელი ტემპით მიდის. თუმცა, მჯერა, რომ დამნაშავეები პასუხს აუცილებლად აგებენ“, - აცხადებს მამია სანადირაძე.
სანდო წყაროზე დაყრდნობით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო ერთი თვეა, კომპანია „კავკაკუს ონლაინის“ აქტივების სხვა კომპანიის ბალანსზე გადატანა მიმდინარეობს. ამ ფაქტს „კავკაკუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი, მამია სანადირაძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ მსგავსი სქემით „კავკაკუს ონლაინის“ აქტივების მითვისების შესახებ ინფორმაციას თავადაც ფლობს.
„რაკი ძიების პროცესი ნელა მიმდინარეობს, როგორც ჩანს, დამნაშავეებმა დრო იხელთეს და ჩემი ქონების ძარცვა, კომპანიიდან აქტივების გატანა გადაფორმება-გადმოფორმება, უძრავი ქონების გაყიდვა ხდება, ალბათ, იმ იმედით, რომ როდესაც კომპანიის დაბრუნება მოუწევთ, კავკასუსის აქტივები უკვე დიდი ხნის გატანილი, გადაფორმებული და გაყიდული ექნებათ“, - აცხადებს მამია სანადირაძე.
მისივე განცხადებით, ეს მეთოდი მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან უკვე მოხდა „კავკასუსის“ შემადგენლობაში არსებული მედიასაშუალებების, მათ შორის presa.ge-ს და ITV-ge-ს სხვა კომპანიებისთვის გადაფორმება და ახლა, როგორც ჩანს, ყოფილი „რკინიგზის ტელეკომის“ ჰოლდინგიდან გაყვანას ცდილობენ სხვადასხვა მანიპულაციებით.
For.ge-ს წყაროს ცნობით, ძვირადღირებული აპარატურა, რომელიც თბილისის ქსელს საერთაშორისო ქსელთან აერთებს, „რკინიგზის ტელეკომის“ ბალანსზე გადააქვთ. სპეციალისტების განმარტებით, ეს არის ძირითადი დამაკავშირებელი სადგური, რომელიც ფოთში შემომავალ საერთაშორისო კაბელს აერთებს თბილისთან. ამ აქტივის სხვა კომპანიის ბალანსზე გადატანა კი ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, „კავკასუსი“ რჩება მხოლოდ თბილისის ქსელის ამარა, რადგან მისი ქონების უმნიშვნელოვანესი სეგმენტი სხვა კომპანიის მფლობელობაში აღმოჩნდება.
ჩვენი წყაროს ცნობით, სამი წლის წინ აპარატურის შესაძენად სესხი კომპანია „კავკასუს ონლაინის“ სახელით აიღეს და სამი წლის განმავლობაშიც ქონება სწორედ „კავკასუსის“ ბალანსზე იმყოფებოდა.
ეს ნიშნავს, რომ თუკი დღევანდელ მეპატრონეებს, თავის დროზე, ძველი მესაკუთრისათვის წართმეული ქონების უკან დაბრუნება მოუწევთ, ახალ მფლობელს, ფაქტობრივად, მხოლოდ კომპანიის სახელი რჩება, ხოლო კომპანიის ფულით შეძენილი აქტივების მფლობელი „რკინიგზის ტელეკომი“ იქნება - კომპანია, რომლის ბალანსზეც კავკასუსის აქტივების გადაფორმება მიმდინარეობს.
სპეციალისტების განმარტებით, ამ სეგმენტის გარეშე თბილისში ინტერნეტი არ იმუშავებს, საუბარია რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების აპარატურაზე. გარდა ამისა, ფოთი-თბილისის დამაკავშირებელი ორი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც, საიდანაც ერთი „რკინიგზის ტელეკომს“ მეორე კი „დელტაკომს“ ეკუთვნოდა, ჩვენი წყაროს ცნობით, უკვე „რკინიგზის ტელეკომის“ ბალანსზეა გადასული.
გამოდის, რომც დაიბრუნოს კიდეც ყოფილმა მფლობელმა კომპანია, თუ „რკინიგზის ტელეკომმა“ არ მისცა ნებართვა, „კავკასუსი“ მომხმარებლის ინტერნეტით მომსახურებას ვეღარ შეძლებს.
საუბარია ევროპულ ინტერნეტზე, რომელიც შავი ზღვის მეშვეობით ბულგარეთიდან საქართველოს გავლით კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს უზრუნველყოფს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ანალოგიური პროექტის ხელახლა განხორციელებას რამდენიმე წელი და უამრავი თანხა დასჭირდება. მანამდე კი მომხმარებლებს ან „კავკასუსთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა ან დამატებითი თანხების გადახდა მოუწევთ იმისათვის, რომ მაღალსიხშირიანი ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ. საუბარია არა მხოლოდ თბილისის, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანისა და ავღანეთის მომხმარებელზე.
მამია სანადირაძე თვლის, რომ ეს ყველაფერი საქართველოში დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომითაა გამოწვეული და ეჭვი აქვს, „სააკაშვილის ეპოქის მძარცველები“ ახალგამომცხვარი ჩინოვნიკების მოქრთამვას, წილებში ჩასმას და ამით, სასჯელისთვის თავის არიდებას ხომ არ ცდილობენ. თუმცა, მამია სანადირაძე „დამნაშავეთა ორგანიზებულ ბანდებს“ ურჩევს, კიდევ უფრო ნუ დაიმძიმებენ დანაშაულს, რადგან იმედი აქვს, რომ კანონის წინაშე ყველა აუცილებლად აგებს პასუხს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ „რკინიგზის ტელეკომს“ საერთაშორისო ტრაფიკის განხორციელების უფლება აქვს, რაც ნიშნავს, რომ „კავკასუსისთვის“ კლიენტების წართმევა მისთვის დიდი პრობლემა არ იქნება.
ლოჯისტიკის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბესარიონ სანადირაძე აცხადებს, რომ მსგავს ინფორმაციას თავადაც ფლობს, თუმცა ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, აქტივების გადაფორმება მიმდინარეობდეს, მაშინ, როდესაც საქმე ძიებაშია და პროკურატურა სწავლობს.
„თუ კავკასუსის მნიშვნელოვანი აქტივების და სხვა კომპანიის ბალანსზე გადატანა მოხდება, ეს ნიშნავს, რომ კომპანიას ძარცვავენ. არ ვიცი დაბრუნებას აპირებენ თუ არა, მაგრამ ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ თუ დააბრუნებენ, მხოლოდ „გამოშიგნულ“ კომპანიას, „ცარიელ ჩონჩხს“,- აცხადებს ბესარიონ სანადირაძე.
თუ გამოძიება კომპეტენტურად და ობიექტურად ჩატარდება, ალბათ, ბევრ საინტერესო ფაქტს აეხდება ფარდა, მაგალითად, მამია სანადირაძე ამბობს, რომ ის ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „კავკასუსის“ თანხებით თავის დროზე სხვადასხვა ბიზნესები ფინანსდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ბიზნესშიც სავარაუდოდ, „კავკასუსის“ ფული ჩაიდო, თუმცა უმჯობესია, ამ ყველაფერზე თავად გამოძიებამ ისაუბროს.
გამოძიებისას კი, ალბათ, ყურადღება იმასაც უნდა დაეთმოს, როგორ გაიყიდა 14 მილიონ დოლარად გაყიდული „რკინიგზის ტელეკომი“ ხელახლა, პირდაპირი მიყიდვის წესით 3 მილიონად.
2009 წელს შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 100% წილის მფლობელი ჰოლანდიური „ლინქს ტელეკომი“ გახდა, რომელმაც დახურულ აუქციონზე ობიექტი 13 344 800 აშშ დოლარად შეიძინა. ხელშეკრულება მხარეებს შორის 2010 წლის პირველ კვარტალში უნდა გაფორმებულიყო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, მოულოდნელად გაირკვა, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომის“ 100% წილის მფლობლი კომპანია „ნოვასტარ კომერს ლიმითედი“(NOVASTAR COMMERCE LTD) გახდა.
აუქციონში „ლინქს ტელეკომთან“ ერთად „ახალი ქსელებიც“ მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე „რკინიგზის ტელეკომის“ შეძენის მსურველთა შორის „კავკასუს ონლაინიც“ იყო. თუმცა, „გაერთიანებულ ტელეკომთან“ დაპირისპირების და ჯე-ლინკის ქსელის მასობრივი ჩაჭრის შემდეგ კომპანიისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის გამო „კავკასუს ონლაინის“ ინვესტორმა აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ლინქს ტელეკომი“ რომელთანაც გარიგება ჩაიშალა, ჰოლანდიური კომპანიაა და ის რუსეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ბელორუსის, კავკასიის, უკრაინის, უნგრეთის, პოლონეთის, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე საქმიანობს. „ლინქს ტელეკომი“ რუსეთის ბაზარზე მოქმედ კომპანიებს - Связъ всд-ს და линкс телекоммъюникэишнс снг -ს აერთიანებს.
რა უპირატესობა გააჩნია „ნოვასტარ კომერს ლიმითედს“ ეს ყველაზე უკეთ, ალბათ, ქვეყნის პრეზიდენტს მოეხსენება. მკითხველისთვის მარტივად რომ ავხსნათ, როგორც კულუარებში ამბობენ, „რკინიგზის ტელეკომი“ ლევან ყარამანიშვილმა და ხვიჩა მაქაცარიამ შეიძინეს და სამი წლის წინ „კავკასუსში“ აქტივის სახით შეიტანეს. დღეს კი საკუთარ აქტივთან ერთად „კავკასუსის“ ქონების მითვისებაც გადაწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს მასშტაბით „კავკასუს ონლაინი“ 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კომპანიის კუთვნილებაშია ვარნა-ფოთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული და ქართველი მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი ოპტიკური ინტერნეტის პირდაპირ ევროპიდან მოწოდებას უზრუნველყოფს.