''ქართულ ოცნებაში'' დიდი პოლიტიკური თუხთუხია, მაგრამ კოალიციის წევრები ცდილობენ, საშინაო ამბები სააშკარაოზე არ გამოიტანონ. თუმცა, კოალიციიდან მაინც ჟონავს ინფორმაცია და ''ქრონიკა'' სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ.
კობა დავითაშვილის მიერ კოალიციის დატოვებამ პოლიტიკური ტემპერატურა ბიძინა ივანიშვილის გუნდში კიდევ უფრო ასწია. არც მანამდე იყო მთლად დალაგებული სიტუაცია, მაგრამ ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა მავანთათვის, რომ კოალიციის დატოვებაზე ალაპარაკებულიყვნენ. ცხადია, უპირველესად ''მწვანეთა პარტიის'' თავმჯდომარეზე, გია გაჩეჩილაძეზე მოგახსენებთ. მართალია, ის არ წასულა ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან, მაგრამ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა - არც პარლამენტის სხდომებს დაესწრება და არც კომიტეტებისას. ამის მიზეზი ის არის, რომ ''მწვანეთა პარტია'' არ მოხვდა იმ პარტიების სიაში, ვინც საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს. ''მწვანათა პარტიას'' კი დაფინანსებაზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა, რის შედეგადაც, ცხადია, ვერც ამომრჩევლის ხმათა ის მინიმალური პროცენტი მიიღო, რის საფუძველზეც სხვა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება. გია გაჩეჩილაძის წყენა სრულიად საფუძვლიანია. მისმა პარტიამ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში იმიტომ არ მიიღო მონაწილეობა, რომ ''ქართულ ოცნებას'' გამოუცხადა სოლიდარობა. ''მწვანეთა პარტიას'' მცირე, მაგრამ თავისი ელექტორატი ჰყავს საქართველოში. საერთო ოპოზიციური ხმების თუნდაც ეს მცირე ნაწილი რომ არ წაერთმია ''მწვანეთა პარტიას'' ''ქართული ოცნებისთვის'', სწორედ ამიტომ არ მიიღო მან არჩევნებში მონაწილეობა. და რა გამოდის? ვინც ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ ხელი მოუმართა, ვინც გვერდში დაუდგა, ხმების მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობა დაუთმო, ის დაფინანსების გარეშე დარჩა. სამაგიეროდ, დაფინანსება მიიღო ბევრმა ისეთმა პარტიამ, რომლებიც 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში მხოლოდ იმიტომ მონაწილეობდნენ, რომ ''ნაციონალების'' დაკვეთას ასრულებდნენ და ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - ''ქართული ოცნებისთვის'' ხმები წაერთმიათ. დაფინანსების გარეშე დარჩა ივანიშვილის ერთი თანამებრძოლის, გია ჟორჟოლიანის ''სოციალ-დემოკრატიული'' პარტიაც. მართალია, მას საპარლამენტო მუშაობისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია, მაგრამ ისიც ძალზე ნაწყენია, რომ მისი პარტია სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩა. გია გაჩეჩილაძემ და გია ჟორჟოლიანმაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მიიღეს სადეპუტატო მანდატები, მაგრამ ორივე თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის და მათ მეტი ეკუთვნოდათ კოალიციიდან. კაცმა რომ თქვას, სადღაც მართლებიც არიან. გაჩეჩილაძე და ჟორჟოლიანი გამოცდილი პოლიტიკოსები მაინც არიან და ''ქართული ოცნების'' ბალასტს ნამდვილად არ განეკუთვნებიან. რა დასამალია და ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო გუნდში მრავლად არიან დეპუტატები, რომლებიც არც საკანონმდებლო მუშაობაში უქნიან ღმერთს და არც ორატორებად ვარგანან. მოკლედ, ვერ გამოიყენებ კაცი ვერაფერში. ეგ კიდევ არაფერი. ზოგიერთებმა ნორმალურად წერა-კითხვაც კი არ იციან. ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მას შემდეგ მიაკითხა, რაც დეპუტატი გახდა, - ახლა ნამდვილად დამჭირდება მართლწერის წესების ცოდნაო და სწავლას დაეწაფა. წერას ვინ ჩივის, თანაც გამართულად, საუბედუროდ, არჩევნებამდე დამარცვლით კითხულობდა და ამის მომსწრე თავად გახლავართ. კი, ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყე ''თხა და გიგოს'' და ''რწყილი და ჭიანჭველას'' სწავლაო, ეგ არავის უთქვამს.
მოკლედ, ''ქართულ ოცნებაში'' განაწყენებულ დეპუტატთა რიცხვი მატულობს. თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, პირველები, ვინც კოალიციას დატოვებენ, სავარაუდოდ, გია გაჩეჩილაძე და გია ჟორჟოლიანი იქნებიან. ჯერჯერობით, ორივენი ივანიშვილის ხათრით რჩებიან კოალიციაში. დიდი ხანია გაქცევაზე უჭირავს თვალი გედევან ფოფხაძეს. ეგ ჯერ კოალიციიდან არ გარბის, მაგრამ ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'', ანუ ივანიშვილის პარტიის დატოვებაზე ნამდვილად ფიქრობს. კულუარული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძესთან მოლაპარაკებას ''რესპუბლიკელები'' აწარმოებენ მისი გადაბირების მიზნით. ''რესპუბლიკელები'' უკვე ემზადებიან პოსტივანიშვილისეული პერიოდისთვის და ერთადერთი მიზანი აქვთ - შეინარჩუნონ ის სახელისუფლებო ბერკეტები, რაც ივანიშვილმა (და არა ქართველმა ხალხმა) უბოძა მათ. ''რესპუბლიკური პარტიის'' ლიდერები ფარულ მოლაპარაკებას ამავე მიზნით აწარმოებენ მაჟორიტარ დეპუტატებთან. ამის შესახებ ივანიშვილმაც იცის, მაგრამ ჯერ ამაზე არანაირი რეაქცია არ აქვს. ცხადია, ამ ეტაპზე არც ერთი მაჟორიტარი არ აპირებს ''რესპუბლიკურ პარტიაში'' გადასვლას, მაგრამ ეს ჯერ არც ერთ მხარეს არ სჭირდება. ყველაფერი იმ პერიოდისთვის კეთდება, როცა ივანიშვილი პოლიტიკას დატოვებს. თუ ''რესპუბლიკელები'' შეძლებენ და პარლამენტში უმრავლესობას შექმნიან, მაშინ აღმასრულებელ ხელისუფლებასაც დააკომპლექტებენ. თუმცა, ეს მხოლოდ მათი ოცნებაა და რეალური საფუძველი არ გააჩნია. სამაგიეროდ, ძალზე რეალური და საფუძვლიანია, ასევე ''რესპუბლიკელთა'' მიერ დაწყებული მოლაპარაკება ''თავისუფალ დემოკრატებთან''. გეგმა იგივეა - გაერთიანება პოსტივანიშვილისეული ეპოქისთვის და საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ირაკლი ალასანიას გუნდი ჩართულია ამ მოლაპარაკებებში, თუმცა, ჯერჯერობით, მისი შედეგები უცნობია. ერთი ფაქტია, ჯერ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა, მაგრამ ყველა ან თავის გადასარჩენად იბრძვის ან უკვე მოპოვებული ძალაუფლების გასამყარებლად. თუმცა, ''რესპუბლიკელები'' და ''თავისუფალი დემოკრატები'' რომც გაერთიანდნენ, პარლამენტში უმრავლესობას მაინც ვერ შექმნიან. სხვა საქმეა, თუ მათ მაჟორიტარ დეპუტატთა დიდი ნაწილის გადაბირება მოახერხეს - მაშინ შესაძლებე ლი იქნება ახალ უმრავლესობაზე ფიქრი. ლიბერალურ იდეებზე დამყნობილი პარტიების გარდა, თადარიგს ეროვნული იდეოლოგიის პარტიები და ამ იდეოლოგიის მიმდევარი მაჟორიტარებიც იჭერენ. მართალია, მათ ჯერ არ დაუწყიათ ერთმანეთთან კონსულტაციები, მაგრამ, სავარაუდოდ, მალე დაიწყებენ. წყაროს ინფორმაციით, ეს ძალები საერთო ლიდერად გუბაზ სანიკიძეს მოიაზრებენ და თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, ''ეროვნული ფორუმის'' გარშემო, შესაძლოა, სოლიდური პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ. ამ პოლიტიკურ ძალებს დიდად არ ეპიტნავებათ ''ნაციონალებთან'' კოჰაბიტაცია და მათი გაერთიანების მთავარი მოტივი, ამ ხელოვნური და მახინჯი პოლიტიკური მოვლენის დასრულება და ქვეყანაში მთავარი პრობლემის - სამართლიანობის აღდგენის რეალური დაწყებაა. თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესის მყისიერად დაწყების მოთხოვნით გამოვიდნენ, უეჭველია, მათ ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან'' ბევრი დეპუტატი შეუერთდება. უცხო არავისთვისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების ერთი ნაწილი კოჰაბიტაციის მოწინააღმდეგე, ''ნაციონალებისთვის'' მისაგებელის დაუყოვნებლივ მიგების მომხრეა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ხათრით, ჯერჯერობით, ჩუმად არიან. როცა ''ივანიშვილის ბარიერი'' მოეხსნებათ, მათ ვეღარაფერი დააკავებთ ამ პარტიაში. თუმცა, პარლამენტში თავმოყრილი ლიბერალებისგან განსხვავებით, ეს პოლიტიკოსები მხოლოდ მაშინ დაიწყებენ კონსულტაციებს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს. მოკლედ, პოლიტკორექტულობას იცავენ, რაც უცხო ხილია ქართულ პოლიტიკაში. თუ ეს პროგნოზები გამართლდა, მაშინ საქართველოს პარლამენტი მართლა პოლიტიკური ბრძოლის ველად გადაიქცევა. ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ პოლუსებზე მყოფი ძალები, ცხადია, უმრავლეს შემთხვევაში, საერთო ენას ვერ გამონახავენ და პარლამენტში დიდი გამიშვი-გამატარე იქნება კანონპროექტების განხილვა-მიღებაზე. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ''ნაციონალური მოძრაობა'' და მისი 43 დეპუტატი. თუ ''ბიძინა ივანიშვილის ლიბერალებმა'' უმრავლესობა ვერ შექმნეს პარლამენტში და ალბათ, ასეც იქნება, მაშინ მათ ''ნაციონალი'' დეპუტატების გადაბირებაც მოუწევთ. ერთი იდეოლოგიური კურსის მომხრე პოლიტიკოსები საერთო ენას, ალბათ, გამონახავენ. საფუძველს ნამდვილად არ არის მოკლებული ხმები იმის შესახებ, რომ ''რესპუბლიკელებსა'' და ''ნაცმოძრაობის'' რიგ დეპუტატებს შორის უკვე დაწყებულია მოლაპარაკება ახალი კოალიციის შექმნის თაობაზე. ცხადია, ამ კოალიციის ჩამოყალიბების პერიოდად ივანიშვილის პოლიტიკიდან განდგომის ხანა იგულისხმება. მოკლედ, არ არის გამორიცხული, რაც თბილისის საკრებულოში ვნახეთ, ის ფილმი კიდევ ერთხელ ვიხილოთ ''ფართო ეკრანზე'' და სხვათა მონაწილეობით - ''ნაციონალები'' რესპუბლიკელებთან გადავიდნენ და მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მშობლიური პარტიის ლანძღვა-გინება გულმოდგინედ დაიწყონ. სავარაუდოდ, ''ნაციონალთა'' ამ დაჯგუფებას დავით ბაქრაძე ჩაუდგება სათავეში. ''ნაციონალთა'' ამ გუნდს ''შედარებით სუფთა გუნდს'' უწოდებენ, ანუ მისი წევრები მძიმე დანაშაულში (წამება, მამაკაცების გაუპატიურება, სხვისი ქონების წართმევა, ელიტარული კორუფცია) ეჭვმიტანილნი არ არიანო. თუმცა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარ დეპუტატებს შემოსწყრა და მათი ფეოდალური მიდრეკილებები დაგმო, ამ დეპუტატთა ერთი ნაწილი პრემიერის ამ განცხადებით ძალზე უკმაყოფილო დარჩა. ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა დაუფინანსა მთელი საარჩევნო კამპანია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვერც ერთი ვერ გახდებოდა დეპუტატი, ''ქართული ოცნების'' სახელით რომ არ ეყარათ კენჭი. მოკლედ, ივანიშვილს უნდა უმადლოდნენ, დღეს რომ პარლამენტში სხედან და დღეში თითო მახათი არ ჰყოფნით. თუმცა, მათ შორისაც აღმოჩნდნენ უმადურები. რამდენიმე მაჟორიტარ დეპუტატს ვერ წარმოუდგენია, საიდანაც არჩეულნი არიან, იმ რაიონების აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში არ ჩაერიონ, მათთან შეთანხმების გარეშე ინიშნებოდნენ გამგებლები, მისი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიციისა და სუს-ის უფროსი, ფინანსური პოლიციის უფროსი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა პირველი პირები. ვერ წარმოუდგენიათ, რომ რაიონში რაც მსხვილი და საშუალო ბიზნესია, იქიდან წილები არ შემოსდიოდეთ და მათი წარმომადგენლები არ აკონტროლებდნენ რაიონის მასშტაბით მთელ ბიზნესს. მოკლედ, ზოგიერთებს ''ნაცმოძრაობის'' დროინდელი მაჟორიტარობის ამპლუა სურთ მოირგონ. ცხადია, იციან, ბიძინა ივანიშვილი ამას არ დაუშვებს. ივანიშვილის განცხადებამ მათი ვარაუდი გაამყარა. ახლა ფიქრობენ, რომ რაიონებზე კონტროლი როგორმე კოალიციის გარეშე განახორციელონ. რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ ''ქართული ოცნება'' დატოვონ და ცალკე, მაჟორიტართა ფრაქცია შექმნან. ამის მსურველები იმაზე მეტნი ყოფილან, ვიდრე ერთი ფრაქციის შექმნას სჭირდება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცის, ამას ''ქრონიკიდან'' შეიტყობს. ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია იმ მაჟორიტართა ვინაობა, ვინც ''ქართული ოცნების'' დატოვებას ეშურება, მაგრამ მათ გვარ-სახელებს უახლოეს მომავალში გავარკვევთ და გაცნობებთ. თუმცა, მანამდე უმჯობესია, თავად ივანიშვილმა დროულად გაარკვიოს ამ უმადური დეპუტატების ვინაობა, მის ზურგსუკან ინტრიგებს რომ ხლართავენ და მის პოლიტიკურ გეგმებს სერიოზულ დარტყმას აყენებენ. მერე ძალიან გვიანი იქნება - ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლოა, სატელევიზიო ბრიფინგით გაიგოს საკუთარი საპარლამენტო კოალიციის რეალური დაშლის შესახებ.
''ნაცმოძრაობის'' ლიდერები კი ბრიფინგს ბრიფინგზე მართავენ და ხელისუფლებას ბრალს სდებენ ეკონომიკის სტაგნაციაში. მათ ბრალდებებს ნოდარ ხადური არგუმენტირებულად კი პასუხობს, მაგრამ ერთი ფაქტია - ქვეყანაში ინვესტიციებმა იკლო, ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, არ დაწყებულა არც ერთი მსხვილი ბიზნესპროექტი. ინვესტორთა ცვენა არც ''ნაციონალთა'' დროს იყო, მაგრამ, შიგადაშიგ, ჩინელი ბიზნესმენები და არაბი შეიხები მაინც შემოირბენდნენ ხოლმე საქართველოში, დღეს არც ესენი ჩანან. ''ქართული ოცნებიდან'' კარგად ინფორმირებულმა წყარომ მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეგნებულად აფერხებს მსხვილი ბიზნესპროექტების დაწყებას, რადგან სახელმწიფოს ხარჯზე ისედაც გაქსუებულმა ''ნაციონალური კომპანიებმა'' კიდევ მილიონობით ლარი არ ხვეტონ ხალხის ჯიბეებიდან. რეალობა ასეთია. დღეს კონკურსი რომ გამოაცხადო რომელიმე მსხვილ პროექტზე, მასში უეჭველად მიიღებენ მონაწილეობას ''ნაცმოძრაობის'' ფავორიტი ბიზნესმენები, ანდა თავად ''ნაცმოძრაობის'' პოლიტიკური ლიდერების კომპანიები, რომლებიც სხვის სახელს იქნებიან ამოფარებულნი. ''ნაცებს'' უამრავი ასეთი კომპანია აქვთ დარეგისტრირებული უცხოეთის მოქალაქეების სახელზე და ასევე ფორმალურად, მათ ეს უცხოელები მართავენ. ''ნაციონალთა'' კომპანიებმა ამ კონკურსებში მონაწილეობა რომ მიიღონ, მიუხედავად საკონკურსო პირობებისა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებიან მათი კონკურენტი კომპანიები, მათ გამარჯვების სხვაზე მეტი შანსი ექნებათ. მიზეზი მარტივია. ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის საკვანძო თანამდებობაზე დღესაც მრავლად არიან ან ყოფილი ''ნაციონალები'', ანდა მათი ფარული მხარდამჭერები. ამდენად, დიდი შანსია, რომ ისინი არათუ საკონკურსო კომისიაში მოხვდნენ, მთელი კომისიის შემადგენლობაც კი მათით დაკომპლექტდეს და ''ნაციონალთა'' სასურველ კომპანიებს გაამარჯვებინონ. კანონით ''ნაციონალურ კომპანიებს'' კონკურსებში მონაწილეობას ვერ აუკრძალავ. ამდენად, ყველა სფეროში ისედაც მონოპოლისტებად ქცეული ამ კომპანიების მადის დაოკებისა და ბაზარზე ახალი კომპანიების შემოშვების ერთადერთი გზა, ეტყობა, ის არის, რომელიც ივანიშვილმა აირჩია. ბიძინა ივანიშვილს ბევრ რამეზე ეკამათებიან, მაგრამ, როცა საქმე ბიზნესზე მიდგება, ყველა ჩუმდება. მას რომ ბიზნესზე ეპაექრო, სულ მცირე, 8 მილიარდი დოლარი უნდა გქონდეს. მართალია, ეს ყველაფერი ხელოვნურია, ეს ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევაა, მაგრამ აბსოლუტურად თავისუფალი ბაზარი სახელმწიფოს რეგულაციების გარეშე არსად არ არის, მით უფრო, განვითარებად ქვეყნებში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქმე ხელოვნურად მონოპოლისტად ქცეული ოლიგარქიული ბიზნესის მოთოკვას ეხება. ივანიშვილის შიშს რომ რეალური საფუძველი აქვს, ამას სხვადასხვა სამინისტროებში გამართული ტენდერების შედეგებიც მოწმობს - ყველა მსხვილი ტენდერი ''ნაციონალთა'' ფავორიტმა კომპანიებმა მოიგეს. სადაც ტენდერების მოგება შეძლეს, იქ არც კონკურსში გამარჯვება გაუჭირდებათ. წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მსხვილი ბიზნესპროექტების განხორციელებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყებს. ამ დროისთვის, მისი გეგმით, დაიწყება სახელმწიფო სტრუქტურების მაღალ თანამდებობებზე შერჩენილი ''ნაციონალური'' კადრების წმენდა, მათ ადგილას მოიყვანს კვალიფიციურ და სანდო ადამიანებს, რომელთაც არანაირი ბიზნესინტერესი არ ექნებათ და არც ერთი პოლიტიკური ჯგუფისა და პარტიის ვალში არ იქნებიან. როგორც ჩანს, ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორად მიაჩნია, რადგან ქვეყანაში ბიზნესაქტივობის დაწყებას მისი საპრეზიდენტო პოსტიდან წასვლის შემდეგ აპირებს. სააკაშვილი რომ საფრთხე და დიდი ხათაბალაა ქვეყნისთვის, ეს ახალი ამბავი არ არის და ვერც ივანიშვილს გაამტყუნებ ამ სიფრთხილისთვის. იმავე წყაროს ცნობით, ივანიშვილსა და სხვა მინისტრებს უკვე დასრულებული აქვთ მოლაპარაკებები სხვადასხვა პროფილის რამდენიმე მსხვილ უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც სოლიდური ინვესტიციების განხორციელებას აპირებენ საქართველოში. მათ შორის არიან უკრაინული, რუსული, ბალტიისპირული, გერმანული და ფრანგული კომპანიები.
''ნაცდეპუტატმა'' ირმა ნადირაშვილმა, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, - თუ ბანკების ვალებში გადავარდნილი იპოთეკარების დახმარება გინდა, ამ ვალების 6 თვით გადავადებას და ამის შესახებ კანონის მიღებას კი ნუ სთხოვ პარლამენტს, ადექი და ხალხს ეს ვალები შენი `ქართუ ბანკიდან~ გაუსტუმრეო. კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მართლა განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ იპოთეკართა ვალები თავად გაისტუმროს. ''ნაციონალებმა'' შეიტყვეს ამის შესახებ და მათი ჭკუით, ეს საპიაროდ გამოიყენეს. ვინიცობაა, ივანიშვილმა მართლაც გადაუხადა ხალხს კრედიტები, ვითომ სათქმელად ექნებათ, რომ ეს მათ ააგდეს ივანიშვილი ნამუსზე და იმიტომაც მოიქცა ასე. ცხადია, ივანიშვილის მორიგი მასშტაბური ქველმოქმედება მათ ღირსებას ოდნავ ვერ შემატებს. არც ხალხი დაიჯერებს მათ ბოდვას და დაგეგმილ ქულებს ვერ ჩაიწერენ. პირიქით, ''ნაციონალებსა'' და მის ლიდერებს, თუ ივანიშვილი მართლა მოხსნის ხალხს ამ მძიმე ტვირთს, უფრო დააპატარავებს. თუმცა, ეტყობა, ჯერ ამდენს ვერ ხვდებიან. ეს ინფორმაცია კი საკმაოდ საფუძვლიანია. იმ კატეგორიის იპოთეკართა ვალის საერთო ოდენობა, უკანასკნელი საცხოვრებელი რომ ეკარგებათ და ქუჩაში რჩებიან, დაახლოებით 150 მილიონი ლარია, ანუ 90 მილიონი დოლარი. წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მართლა სერიოზულად ფიქრობს, იპოთეკართა ეს ვალი გადაუხადოს ბანკებსა და მევახშეებს და ''იპოთეკართა თემა'' საერთოდ დახუროს. ცხადია, ბანკებსა და კერძო მევახშეებს იპოთეკით დატვირთული და გასაყიდად გამზადებული ქონება კიდევ დარჩებათ, მაგრამ ეს ქონება იმ კატეგორიის ხალხისაა, ვისაც სახლს, მიწას, ბიზნესობიექტს კი უყიდიან, მაგრამ მათთვის ეს უკანასკნელი ქონება არ არის, სხვაც აქვთ და სულ მცირე, მათი ოჯახები ქუჩაში არ დარჩებიან. შესაძლოა, ვინმეს ებევროს 150 მილიონი და თქვას, ივანიშვილი ამხელა ფულის გადამხდელი არ არისო, მაგრამ მათ საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთ, უახლეს არგუმენტს მოვიყვან და ივანიშვილის 20წლიან საქველმოქმედო საქმიანობას თავს დავანებებ. 2012 წლის არჩევნების წინ, ნათია მოგელაძის მეცადინეობით, სრულიად უკანონოდ, ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიები 80 მილიონი ლარით დააჯარიმეს. ხელისუფლების შეცვლისთანავე, ივანიშვილმა სასამართლოს გზით დაიბრუნა ეს თანხა და კახეთში, სტიქიით დაზარალებულთა სახელმწიფო ფონდში გადარიცხა. მეტიც, ამ 80 მილიონს 7 მილიონიც დაუმატა და სულ 87 მილიონი შეაწია კახელ გლეხებს. ამის შემდეგ, ვფიქრობ, ბევრს არ გაუკვირდება, თუ ბიძინა ივანიშვილი უმწეო იპოთეკარებს 150 მილიონ ლარს (90 მილიონ დოლარს) გაუსტუმრებს და ათასობით ოჯახს გადაარჩენს ქუჩაში გამოყრას.
მედიით არ წყდება ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მას სააკაშვილისა და ''ნაცმოძრაობისგან'' საფრთხე მოელის. ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილის ლიკვიდაციას შეეცადონ. არ ვიცი, პრემიერმა ამ ხალხის რჩევას უგდო ყური, თუ ეს ინფორმაცია სახელმწიფო სპეცსამსახურებმაც დაუდასტურეს, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა პირადი დაცვა გააძლიერა. მის დაცვას დაემატა რამდენიმე თანამშრომელი და კიდევ უფრო გაიზარდა პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხარისხი. შესაძლოა, ვინმეს ეს ზედმეტადაც მოეჩვენოს და თქვას, სააკაშვილი და ''ნაციონალები'' რაღა საფრთხეს წარმოადგენენ, შს სამინისტროს სპეცსამსახურები, სამხედრო დაზვერვა და ჯარი მაგათ აღარ ემორჩილება და სხვაგვარად, რა საფრთხე უნდა შეუქმნან პრემიერსო? კი, ეს ბერკეტები სააკაშვილსა და მის გუნდს ხელთ აღარ აქვთ, მაგრამ მათ აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ქართველი ხალხისგან მოპარული მილიარდები, დიდი ფულით კი ყველა სიბინძურის ასრულებაა შესაძლებელი, რაც ადამიანს თავში მოუვა. ბინძური იდეები კი პრეზიდენტსა და მისი გარემოცვის წევრებს რომ სისტემატურად აწუხებთ და არც მათი რეალიზება უჭირთ, ამის დასტურად უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ახლა ამაზე თავს არ შეგაწყენთ. ეს ყველაფერი საქვეყნოდაა ცნობილი.
დაბოლოს, ისევ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ მოგახსენებთ. წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილის ამ შესაძლო ნაბიჯს, დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. ამის შესახებ პატრიარქსა და პრემიერს არაერთხელ უსაუბრიათ. პატრიარქს უთქვამს: შენ შანსი გაქვს, ქვეყანა ფეხზე დააყენო, სწორი გზით წაიყვანო, ხალხს ჩაკლული ეროვნული ღირსება აღუდგინო და ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებო. იმასაც შეჰპირებია, ამ საღვთო და საერო საქმეში, მე და მთელი ქართული ეკლესია გვერდით დაგიდგებით და რითიც შეგვეძლება, ხან ღიად და ხან - ფარულად დაგეხმარებითო. ბიძინა ივანიშვილისთვის ილია მეორე დიდი ავტორიტეტია, მის სიტყვას მუდამ ანგარიშს უწევს და ცხადია, ხელაღებით ვერც ამ შემთხვევაში წავა მისი ნების წინააღმდეგ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლაში, ქართულმა ეკლესიამ სოლიდური წილი დაიდო, წინასაარჩევნოდ, მრავალი სასულიერო პირი ლამის ღიად, პირდაპირ მოუწოდებდა მრევლს, რომ ხმა ბიძინა ივანიშვილის კოალიციისთვის მიეცათ, ხოლო სააკაშვილსა და სხვა ''ნაცლიდერებს'' ანტიქრისტეს მოციქულებს უწოდებდნენ. ცხადია, უმრავლეს შემთხვევაში, მღვდლები ამას უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირების კურთხევის გარეშე ვერ გაბედავდნენ. რაღა დასამალია და, კათალიკოს-პატრიარქი, საკვირაო ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, მინიშნებებით აკეთებდა იგივეს - ვისაც უნდოდა, სტრიქონებს შუა კითხულობდა იმავეს. მოკლედ, ივანიშვილზე ქართული ეკლესია დიდ იმედებს ამყარებდა. თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მას ჯერ პატრიარქის დარწმუნება მოუწევს იმაში, რომ პოლიტიკის მიღმა იმაზე მეტ და სასარგებლო საქმეებს გააკეთებს ქვეყნისთვის, ვიდრე პოლიტიკაში ყოფნით აპირებდა და რაც მთავარია, მისი პოლიტიკიდან განრიდება დიდ საფრთხედ არ ექცევა ქვეყანას - ''ნაცმოძრაობას'' ხელისუფლებაში მეორედ მოსვლის შანსი არ გაუჩნდება. ამ თემაზე მორიგ კონსულტაციას ბიძინა ივანიშვილი და ილია მეორე მოგვიანებით გამართავენ, როდესაც გერმანიაში სამკურნალოს წასული პატრიარქი დაბრუნდება.