ოლიმპიური ქალაქის მოსახლეობას ცხოვრების ახალი წესები დაუდგინეს

ოლიმპიური ქალაქის მოსახლეობას ცხოვრების ახალი წესები დაუდგინეს

რუსეთის სხვა მოზარდებისაგან განსხვავებით ქ. სოჭში ბავშვები სკოლის მერხებს 26 აგვისტოს მიუსხდნენ. კრასნოდარის მხარის განათლების სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას დამატებით არდადეგებს უკავშირებს, რომელიც ოლიმპიური თამაშების გამო თებერვალსა და მარტში უნდა გამოცხადდეს.

ბოლო დღეებში, ქალაქ სოჭის მოსახლეობას ინტენსიურად აცნობენ ცხოვრების სხვა რეგლამენტირებულ წესებსაც, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით უკვე დადგენილია.

სოჭისა და მიმდებარე დასახლებების მაცხოვრებლები არ მალავენ, რომ ოლიმპიადამ მათ უამრავი პრობლემა გაუჩინა, თუმცა დადგენილი შეზღუდვების გაცნობას განსაკუთრებული პანიკა არ გამოუწვევია, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო.

ამ პერიოდისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ადგილობრივი ხელმძღვანელები ქალაქის ტრანსპორტით გადატვირთვას მიიჩნევენ. ეს საკითხი აქტიურად შუქდება რუსული მედიითაც. რუსეთის ქალაქებს შორის სოჭი ითვლება ტრანსპორტით ყველაზე გადატვირთულ ქალაქად. სოჭის მერი უშედეგოდ მოუწოდებს მოსახლეობას „შეიცვალონ მენტალობა“ და ძირითადად, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუმცა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას უცხადებენ, 2014 წლის თებერვალსა და მარტში მათ სრულიად აეკრძალებათ საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილება.

ჩინოვნიკები განსაკუთრებულ საგონებელში აფხაზური ნომრებით მოსარგებლე ტრანსპორტმა ჩააგდო.

რუსული მედიის ინფორმაციით, ოლქის მაცხოვრებლები და ის უამრავი ადამიანი, რომლებიც სამუშაოდ სოჭში ჩადიან, აფხაზური ნომრებით სარგებლობას ამჯობინებენ, რადგან ტრანსპორტის რეგისტრაცია აფხაზეთში ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე რუსეთში. ერთადერთი პრობლემა კი რაც ასეთ შემთხვევაში მანქანის პატრონს უჩნდება, ისაა, რომ კანონი მათ ორ თვეში ერთხელ რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთას ავალდებულებს.

როდესაც ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში სრულად შევა, უამრავი მანქანა სოჭში უკანონოდ აღმოჩნდება, რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტის დიდი ხნით უყურადღებოდ მიტოვების შემთხვევაში, მათი პოვნა არცთუ იოლია.

ოლიმპიური წესების თანახმად, ქალაქი 2 თვის მანძილზე ჩაიკეტება სპეციალური საშვის გარეშე მოძრავი ყველა სახის ტრანსპორტისათვის, გარდა სარკინიგზო, ექსტრემალური სიტუაციების სამსახურის, სოჭში რეგისტრირებული და სპეციალურად აკრედიტირებული ტრანსპორტისათვის.

ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებისათვის მიღებული განსაკუთრებული ზომები, სრულიად აკრძალული ზონების გამოყოფასაც გულისხმობს, თუმცა ეს ზონები სანაპირო ტერიტორიებისგან მოშორებით, ყარაჩაი-ჩერქეზეთის სასაზღვრო ტერიტორიებს მოიცავს. ოლიმპიური ობიექტების აკრძალური ზონები მიმდებრე ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მხოლოდ სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ექნებათ.

მართალია მიმდინარე წლის საკურორტო სეზონის ჩავარდნას კრასნოდარის მხარის ტუროპერატორები ერთხმად აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ტურისტების ნაკლებობას არ განიცდიან. საკურორტო სეზონის ჩავარდნის მიზეზადაც სამშენებლო ბუმი სახელდება, თუმცა მათი ინფორმაციით სოჭში ტურისტების მეტი წილი არა საზღვაო სეზონის გამო, არამედ იმის სანახავად ჩამოდის, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება ზამთრის ოლიმპიადისათვის.

რაც შეეხება ზამთრის ოლიმპიური თამაშების გულშემატკივრების კონტროლს, ამისათვის თამაშებზე დასასწრები ბილეთების შეძენასთან ერთად იგეგმება მათთვის „გულშემატკივრის პასპორტის“ გაცემა.

კრასნოდარის მხარეში მიიჩნევენ, რომ ყველა ზომები იქნება მიღებული იმისათვის, რომ არ დაუშვან ჩეჩენ პარტიზანთა ლიდერის დოკუ უმაროვის მუქარის განხორციელება, ოლიმპიადის ჩაშლასთან დაკავშირებით. უმაროვმა მოჯაჰედებს მოუწოდა რუსეთის მიერ მოკლული კავკასიელების ძვლებზე,

დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება არ დაუშვან.

განსაკუთრებული წესები სოჭში 7 იანვრიდან 21 მარტამდე იმოქმედებს.

უკვე ცნობილია, რომ 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებას ქართველი სპორტსმენები და გულშემატკივრებიც გეგმავენ.