„ბიძინა ივანიშვილს რჩება კითხვები, მაგრამ, ამავე დროს, პატივს სცემს საზოგადოების ენთუზიაზმს“

„ბიძინა ივანიშვილს რჩება კითხვები, მაგრამ, ამავე დროს, პატივს სცემს საზოგადოების ენთუზიაზმს“

სააქციო საზოგადოების მხრიდან „მე-9 არხის“ შეძენასთან დაკავშირებით პრემიერის მხრიდან პრინციპული თანხმობა მას შემდეგ იქნება, რაც საზოგადოების წარმომადგენლები კონკრეტულად ჩამოყალიბდებიან. სააქციო საზოგადოების წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილთან სკაიპ-კონფერენცია გამართეს, სადაც „მე-9 არხთან“ დაკავშირებით ისაუბრეს. „მე-9 არხის“ ყოფილი წამყვანი ვასლი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ საქართველოში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ სააქციო საზოგადოებას შეეძინა ტელევიზია.

for.ge-სთან საუბრისას ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სააქციო საზოგადოების მიერ შეძენილი ტელევიზია არ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტიპის და ის მთლიანად თვითდაფინანსებაზე იქნება.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, მისი მხრიდან იყო შეკითხვები თუ როგორ უნდა მოხდეს ტელევიზიის კონტროლი მას შემდეგ, რაც მას აზოგადოება შეიძენს. როგორია მისი პოზიცია?

ვასილ მაღლაფერიძე: პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს, რომ საქართველოში არსებობდეს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით დაფინანსებული და მათ მიერვე მართული ტელევიზია. მისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, პრინციპულია, რომ ტელევიზია იყოს თვითდაფინანსებული, არადოტაციური და აქციონერების მიერ ზედმიწევნით გაკონტროლებული. გავაცანით ჩვენი მოსაზრება, რომ სწორედ სააქციო საზოგადოებაში ვხედავთ კორპორაციული მართვის სიცოცხლისუნარიან მექანიზმებს.
დღეისათვის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ასეთია - მას რჩება კითხვები, მაგრამ, ამავე დროს, პატივს სცემს საზოგადოების ენთუზიაზმს და არ გამორიცხავს, რომ გულწრფელმა, მოტივირებულმა ადამიანებმა მართლაც შეძლონ ამ პროექტის განხორციელება. ბატონი ბიძინა მზად არის, ყველანაირად ხელი შეუწყოს ზემოხსენებულ პრინციპებზე დაფუძნებული ტელევიზიის შექმნას და თავადაც გახდეს ერთ-ერთი რიგითი აქციონერი. შედეგი იყო დადებითი.

თვითონ პრემიერის მხრიდან თუ არის მზაობა, რომ ტელევიზია, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებაა, გადასცეს საზოგადოებას?

- მისი პოზიციაა ასეთია - კარგია, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთო ამ საკითხში. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, მხარს დაგიჭერთო. ლაპარაკია ახალი არხის ჩამოყალიბებაზე, თვისობრივად ახალი არხი იქნება, რომელიც იქნება სააქციო საზოგადოების, ეს იქნება ახალი არხი თავისი შინაარსით.

იმ შემთხვევაში, თუ სააქციო საზოგადოების ხელში გადავა ეს არხი. როგორი იქნება ტელევიზიის ფორმატი, როგორ ვაპირებთ ტელევიზიის დაფინანსებას, თუ არის დაწვრილებით ჩამოყალიბებული წინანდადება, რა თანხებით უნდა იარსებობს არხმა?

- რასაკვირველია, გვაქვს გეგმა, ეს ვუთხარით ჩვენ პრემიერსაც, ეს არის მოფიქრებული. ახალმა არხმა საკუთარი შემოსავლებით უნდა იარსებოს. ეს არის ჩვენი პრონციპული მიდგომა ამ საკითხისადმი.

არსებობს ვარაუდი იმისა, რომ სააქციო საზოგადოების მიერ შეძენილი ტელევიზია, ეს იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტიპის...

- არა. საზოგადოებრივი მაუწყეველი ფინანსდება სულ სხვა პრინციპით და ეს ტელევიზია დაფინანსდება სულ სხვა პრინციპით, ანუ მთლიანად თვითდაფინანსებაზე იქნება. საზოგადებრივმა მაუწყებელმა უნდა განახორციელოს საზოგადოებისათვის აუცილებელი პროექტები, რომელიც შეიძლება არ იყოს მომგებიანი, მაგრამ ამ ტელევიზიის არსი იქნება ის, რომ კომერციულად მომგებიანი პროექტები განახორციელოს, სხვანაირად გამორიცხულია. ეს არ იქნება საზოგადოებრივი ტელევიზია.

მოქალაქეები შეიძენენ ამ ტელევიზიას, მაგრამ შემდეგ ეს არხი დაფინანსებული იქნება არა მოქალაქეების მიერ, არამედ საკუთარი შრომით, ისევე როგორც საინფორმაციო სააგენტოები, ისევე როგორც ნებისმიერი ბიზნესპროექტი მთელს მსოფლიოში.

პარალელურად, ლუბა ელიაშვილი ამბობს, რომ არიან ადამიანები რომლებსაც აქვთ სურვილი შეიძინონ ეს არხი, ამ საკითხზე თუ გქონდათ პრემიერთან საუბარი, არსებობენ თუ არა დაინტერესებული პირები რომლებსაც სურთ არხის შეძენა...

- პრემიერთან ამ საკითხზე არ იყო საუბარი. ეს თემა არ შედის ჩვენი ინტერესის სფეროში. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ საზოგადოება იქნება აქტიური, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწევთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილი საზოგადოებრივი აქტიურობის მიმართ. პირადად, ყველაზე მეტად მხიბლავს სწორედ საზოგადოების აქტიურობა და არა მხოლოდ ის, ტელევიზია იქნება თუ არა. თუ საზოგადოება იქნება აქტიური, ტელევიზიაც იქნება და ბევრი რამე ძალიან კარგად იქნება.