"ეს მაღაროები განეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულს - ანალოგიური მაღაროები მსოფლიოში ჯერ დაფიქსირებული არ არის. ეგვიპტის მაღაროებს ათასი წლით უსწრებს წინ ბოლნისის მაღაროები - აქ არის კაცობრიობის განვითარების პირველი ნაშთები, ნაპოვნია ათი ათასობით სამუშაო იარაღი. ის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო ცნობილი, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ საჭიროდ არ ჩათვალა მისი გახსნა და კიდევ კარგი რომ ასე მოხდა... 2004 წლიდან უკვე დაიწყო არქეოლოგიური და გეოლოგიური კვლევა. ამჟამად მიმდინარეობს ოქროს მოპოვება რუსულ-ქართული რაღაც ნაჯვარი კომპანიის მიერ, რომელიც ფაქტობრივად გაურკვეველი წარმომავლობისაა და არასასიკეთო საქმეს აკეთებს, რადგან გადაწყვეტილი აქვს, დაინგრეს ეს საბადოები და მოიპოვონ ოქრო, იქიდან გამომუშავებული ოქრო იმდენს არაფერს წარმოადგენს, რამდენადაც ძეგლის ღირებულება მსოფლიო ცივილიზაციისა და საქართველოსთვის", - აცხადებს მეცნიერებათა აკადემიის მთიანეთის განვითარების ფორმირებათა შემსწავლელი ცენტრის კომისიის წევრი, დოქტორი მირონ ფირცხელანი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ გააყალბა დოკუმენტაცია საყდრისის მაღაროების შესახებ?
"ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ძეგლი და მას იცავს არა მარტო საქართველოს კანონმდებლობა, არამედ იუნესკო თუ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციები, მუზეუმთაშორისი გაერთიანებები, რომელთა კანონმდებლობის დარღვევა საქართველოს არაფერში წაადგება. ამ წიაღისეულს იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი, ვინც დამუშავების ლიცენზიას აირებს, ვალდებულია განსაკუთრებით გაუფრთხილდეს კულტურის ძეგლებს და თუ ასეთი რამ აღმოჩნდა, აცნობოს და მიიღოს შესაბამისი განმარტება სახელმწიფო ორგანოებისგან. ნაცვლად ამისა გვაქვს ასეთი ფაქტი - ოქროს მომპოვებელი კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ძეგლი იქნას დანგრეული, მათ ოფიციალური მიმართვა შეიტანეს მთავრობაში, რომელიც საბაბი გახდა ამ ძეგლისთვის "უძრავი ძეგლის" სტატუსის გაუქმების", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირონ ფირცხელანი.
"კომისიაში, რომელიც კულტურის სამინისტროში შეიქმნა, ძირითადად თავმოყრილნი იყვნენ "ერ-ემ-ენ-ჯი გოლდის" პარტნიორი და მათ მიერ დაკომპლექტებული კომისიის წევრები. სამწუხაროდ, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომით შეადგინეს დოკუმენტი, რის საფუძველზეც დასკვნა იქნა მიღებული. კერძოდ, თავიდან ამტკიცებდნენ, რომ ეს არ არის ოქროს საბადო, არამედ მცირედი სპილენძის მოპოვებაა და ღირებულს არაფერს წარმოადგენს, ხოლო დასკვნით ნაწილში ამტკიცებდნენ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საბადოა, რომ მისგან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თუმცა აქაც კითხვის ნიშნები ჩნდება, რადგან იქიდან საქართველოში ძალიან მცირე გადასახადი შემოდის - ძირითადად ეს იმ რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადის და უშველებელ მოგებას ნახულობენ. ამდენად, კულტურის მინისტრმა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა იმან, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ამ ძეგლისთვის "უძრავი ძეგლის" სტატუსის მოხსნის შესახებ 5 დღეში მიიღო", - დასძენს მირონ ფირცხელანი.
"კულტურის მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მირების შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის, არქეოლოგიის ცენტრის, ხელოვნებათმცოდნეების თუ პოლიტიკური და არაპოლიტიკური საზოგადოებების მიერ, ვინც საღად აზროვნებს, რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა, მათ შორის ადგილზე - საყდრისში. გერმანელმა და ინგლისელმა მეცნიერებმა ჩვენს თვალწინ ჩაატარეს ყველა ის პროცესი, რითაც ჩვენი წინაპრები 4 ათასი წლის წინ ოქროს ადნობდნენ. გაახურეს 800 გრადუსამდე კლდე და წყლის ჭავლის გამოყენებით შედარებით იოლად დაანგრიეს მაშინდელი იარაღებით ანუ ქვის უროებით, შემდეგ დანაყეს, დაფქვეს და ბოლოს წყლის მეშვეობით გამოაცალკევეს ოქროს ნაწილაკები - ასე გაბათილდა იმ კომისიის დასკვნა, რომელიც ამტკიცებდა, რომ იქ ოქრო არ არის!" - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ამ პროცესს ესწრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები?" - პასუხობს:
"ესწრებოდა კომისიის ძირითადი შემადგენლობა და კულტურის მინისტრის მოადგილე მიზანდარი. იქაც უხეში ფორმებით ცდილობდნენ და საერთოდ უხეში ფორმა აქვთ აღებული, როგორმე პიროვნებები დააშინონ. მათ შორის ისინი, ვინც იქ მუშაობენ. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როდესაც გერმანელი პროფესორი პრეზენტაციას ატარებდა და ახსნა რეალობა - მას აბრალებდნენ, რომ ტყუილ მტკიცებულებებს აკეთებდა. ორიოდე დღის წინ გვქონდა შეხვედრა უშუალოდ მინისტრთან და მოადგილეებთან. არქეოლოგები, გეოლოგები - ისინი, რომლებმაც შეისწავლეს ქანები და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს სამინისტროს, ადასტურებენ, რომ იმ კომისიის დასკვნა ახლოს არ დგას ამ ზუსტ მონაცემებთან. ფაქტია, რომ კომისიამ შეადგინა ყალბი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ ეს არის არა ის მაღაროები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულის ცივილიზაციის შედევრს წარმოადგენს, არამედ უბრალო რაღაცას, სადაც ოქრო მოიპოვება და უნდა დამუშავდეს".
"მეორე საკითხი, რასაც აყენებენ არის ის, რომ ძეგლი მოძრავი უნდა გახდეს - ანუ დაიშალოს კლდე, ქანები და სადღაც გადავიდეს. რა დარჩება იქიდან? ეს მთლად მიუღებელია, მსოფლიოში ანალოგი არ მომხდარა. თუკი ამას დავანგრევთ, ეს იქნება ცივილიზაციის ერთ-ერთი დიდი წყაროს მოსპობა. ეს არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ მსოფლიო საზოგადოების საკუთრებაა და ვინმეს კერძო ინტერესში არ უნდა შედიოდეს. ისე დაჟინებით ითხოვს რუსული კომპანია ამის დანგრევას, არის მოსაზრება, რომ ეს კეთდება არა მხოლოდ ოქროს მოპოვების სურვილით, არამედ სურთ წაიშალოს კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების პირველი ნაშთები საქართველოში, რასაც მერე ვეღარავინ დაამტკიცებს. ჩვენ მივმართეთ ღია წერილით პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. იმედი გვაქვს მთავრობა და პარლამენტი მიიღებს ნორმალურ გადაწყვეტილებას. თუ არადა, მოსახლეობა, საზოგადოება გამოვა ქუჩაში. კი არავის ვაშინებთ - უბრალოდ, სხვა გზას არ გვიტოვებენ. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. ამის დათმობა არაფრით შეიძლება", - დაასკვნის მირონ ფირცხელანი.