პრეზიდენტი ობლომოვი

პრეზიდენტი ობლომოვი

1859 წელს გამოქვეყნებული ივან გონჩაროვის ცნობილი რომანის „ობლომოვის“ მთავარი გმირი, მსოფლიო ლიტერატურაში, ალბათ, ყველაზე მერყევი ადამიანია. ჩვენ ვეცნობით ახალგაზრდა რუს თავადს, რომელიც შუადღემდე ლოგინში წევს. ორი თავის განმავლობაში ის საწოლიდან დგება და უმალ სავარძელში ინაცვლებს. ცხოვრების დიდ ნაწილს ის ლოგინში ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე აქვს.

მის მამულში უწესრიგობაა; სახლის გამოცვლას აპირებს; მეგობრები ცდილობენ როგორმე ქალაქში გაიყვანონ, ან უცხოეთში მოგზაურობაზე დაითანხმონ; მან საცოლეც უნდა მოძებნოს. ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით უამრავი იდეა აქვს – ოცნებობს სახლზე, რომელსაც ააშენებს მამულში, ქორწინებაზე, მეგობრებთან მოგზაურობაზე – მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, უნდა ადგეს საწოლიდან, დაიბანოს, წესიერი ტანსაცმელი ჩაიცვას, რასაც ყოველთვის რაღაც ხელს უშლის. ობლომოვი არსად არ გადადის საცხოვრებლად, მაგრამ მუდმივად ამ პროცესს გეგმავს, მსახურს უხსნის, რომ სხვა სახლში გადასასვლელად ემზადება, ფიქრობს იმაზე, თუ რას გააკეთებს, როდესაც სახლს შეიცვლის, მაგრამ ამის შემდეგ ან ცხვირსახოცს კარგავს, ან ფიქრის მდინარებას და ყველაფერი თავიდან იწყება. ის წლობით ცდილობს თავის მამულში საქმეების მოწესრიგებას, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს. ჰპირდება მეგობრებს, რომ მათ კამპანიას შეუერთდება, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებს ამისთვის თავის მობმას. წიგნი, რომელსაც ის კითხულობს, თვეობით ერთსა და იმავე გვერდზეა გადაშლილი. შუადღემდე, ხალათში შემოსილი საწოლში ნებივრობს. და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს – მას ათასი რამ უშლის ხელს, მსახურების არაკომპეტენტურობა, სტუმრები.

ერთ საღამოს, მისი მეგობარი შტოლცი გაბრზებული ეუბნება, რომ ბოლოს და ბოლოს დროა დიდი ხნის დაგეგმილ მოგზაურობაში წავიდნენ. „ხვალვე უნდა წავიდეთ“, „ან ახლა, ან არასოდეს!“ – შტოლცის სიტყვები მუქარასავით გაისმა. ამ სიტყვების ფონზე წავიდა ობლომოვი დასაძინებლად… ორ კვირაში შტოლცი ინგლისში გაემგზავრა და ობლომოვისგან დაპირება მიიღო, რომ ის პირდაპირ პარიზში ჩავიდოდა. მას პასპორტიც გამზადებული ჰქონდა, პალტოც კი შეუკვეთა მკერავს, ქუდიც იყიდა… მაგრამ არსად წასულა არც ერთ და არც სამ თვეში… უკვე აგვისტოა, შტოლცი დიდი ხანია რაც პარიზშია, წერილს წერილზე წერს მეგობარს, მაგრამ ობლომოვი არ პასუხობს.

პოლიტიკაში, რომელსაც ბოლო დროს ობამას ადმინისტრაცია ეგვიპტესთან დაკავშირებით აწარმოებს, არის რაღაც ობლომოვისეული. ის აწყობს უზარმაზარ გეგმებს, ლაპარაკობს ეგვიპტის მომავალზე, განიხილავს რეჟიმის ქმედებებსა და „მუსლიმი ძმების“ საპასუხო რეაქციებს; იცის, რას იმსახურებს ეგვიპტელი ხალხი და რისი იმედი აქვს ამერიკელ ხალხს. მას აუცილებლად მიაჩნია, რომ საზოგადოება თითქმის ყოველდღე უნდა ჩააყენოს საქმის კურსში იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობს ის მიმდინარე მოვლენებზე. ზოგჯერ ამას დღეში რამდენჯერმე აკეთებს – იქნებ ვინმეს დაავიწყდა სადილზე ის, თუ რას განიცდის ის განსაკუთრებულად და რას – მხოლოდ გმობს. მაგრამ, ამ სიტყვებს თითქმის არანაირი ქმედება არ მოსდევს. შეჩერებულია რამდენიმე F-16-ის მიწოდება, რომელიც ეგვიპტელებს მაინც არ დასჭირდებათ; გაუქმებულია სამხედრო სწავლებები; და კიდევ, ადმინისტრაცია გვარწმუნებს, რომ ის უამრავ დროს ხარჯავს სატელეფონო საუბრებში ქაიროსთან. 

რამდენიმე დღის წინ, ადმინისტრაციამ ნამდვილი „ობლომოვშჩინა“ მოაწყო, როდესაც სამი საათის განმავლობაში ორჯერ გააკეთა ოფიციალური კომენტარი ეგვიპტეში შექმნილ ვითარებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯენ პსაკის ბრიფინგი გადაიქცა მისი და Associated Press-ის ჟურნალისტ მეტ ლის რეპლიკების გაცვლის სერიად. ლის ძალიან აინტერესებდა, მიაჩნია თუ არა ადმინისტრაციას, რომ მისი პოლიტიკა ეფექტურია ან ელის თუ არა ზოგადად რაიმე შედეგს. ლიმ რამდენჯერმე იკითხა, უნდა ყოფილიყო თუ არა სწავლებების გაუქმება ეგვიპტელი სამხედროებისათვის იმის ნიშანი, რომ მათ მიმართ უკმაყოფილება არსებობს, ან არსებობდა თუ არა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ეს შეცვლიდა მათ ქცევას. პსაკი, ყველა ჯერზე გაურბოდა პასუხს, და აცხადებდა, რომ ადმინისტრაცია ვერ „გადაწყვეტს ეგვიპტელების ნაცვლად იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან მათ“, თუმცა ადმინისტრაციამ „მიიღო გარკვეული ზომები იმისათვის, რომ უბიძგოს მათ პროდუქტიული ნაბიჯისკენ“.

პსაკი ამტკიცებდა, რომ სისხლისღვრა „ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე აისახა“, რომ ადმინისტრაცია „განაგრძობს ანალიზის პროცესს და გადახედავს დახმარების ყველა შესაძლო ფორმას“ და რომ ის „ახალ კონსტრუქციულ იდეებს წარმოადგენს“. მან განაცხადა ასევე, რომ „მთავარი – საბოლოო შედეგია“. რაზეც ლიმ იკითხა, დარწმუნებულია თუ არა ადმინისტრაცია, რომ „მისი პოლიტიკა დასახული მიზნების ადეკვატურია“. პსაკიმ კვლავ გაიმეორა, თუ რა მიზნებს ისახავს ადმინისტრაცია და დასძინა, რომ „ესმის – შედეგამდე ხანგრძლივი გზაა“ და რომ „ჩვენ ვერ განვჭვრეტთ მომავალს… ჩვენ ყოველდღე ვაფასებთ სიტუაციას, იმას, თუ რა ზომებია აუცილებელი“. იმავდროულად, რა თქმა უნდა, „ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ეგვიპტელ ხალხს შეუძლია. ჩვენ მათ მაგივრად ამას ვერ გავაკეთებთ“. რამდენიმე წუთში ეს საუბარი თავიდან გამეორდა, თანაც პსაკიმ ხაზი გაუსვა გარკვეულ სხვაობას „აუცილებელი ზომების“ განხილვას (რომელიც შეიძლება „ყოველდღე“ ტარდებოდეს) და „სიტუაციის“ შეფასებას (რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში კეთდება) შორის.

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ პსაკისთან ურთიერთობა ლის რაღაც ბოროტ სიამოვნებას ანიჭებდა. მისი ერთ-ერთი კითხვა ყველაზე მეტად ჰგავდა ქინძისთავს, რომლითაც მოუსვენარ პეპელას დაფაზე აკრავენ.

მეტ ლი: კარგი. ახლა ბოლო შეკითხვა, პირობას გაძლევთ ეს ბოლოა… როგორ ფიქრობთ, ადმინისტრაციას მართლაც მიაჩნია, რომ ის ზომები, რომელსაც თქვენ ეგვიპტესა და სირიაში ატარებთ…

ქ-ნი პსაკი: ჰმ-ჰმ

მეტ ლი: … შეეფერება პრეზიდენტს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო?

ქ-ნი პსაკი: დიახ, მეტ.

მეტ ლი: მართლა? მაშინ კარგი“…

პსაკი ამ პოსტზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მაგრამ თითქმის მთელი ეს დრო ჟურნალისტების მხრიდან წნეხში გაატარა. მას მუდმივად უწევს ეგვიპტესთან დაკავშირებულ მსგავს შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ობამას მიერ მონიშნული „წითელი ხაზის“ გადაკვეთას სირიაში მოჰყვა მორიგი დაპირებების ტალღა „სწრაფი ანალიზის“, „შეფასების“ და „ხელახალი შეფასების“ შესახებ. იმავე ბრიფინგის დროს ლიმ პსაკი კედელთან მიაყენა, როდესაც ჰკითხა, მიაჩნია თუ არა მას ისრაელის მხრიდან ახალი დასახლებების მშენებლობა დასავლეთ სანაპიროზე „უკანონოდ“.

ასეთ ვითარებაში ნაწილობრივ პირადად პსაკია დამნაშავე, რომელიც, განსხვავებით მისი წინამორბედის, ვიქტორია ნულანდისგან, პროფესიით არა დიპლომატი, არამედ პოლიტიკური ბიუროკრატია. თუმცა პრობლემის საფუძველს, რა თქმა უნდა, მთელი დღევანდელი ადმინისტრაცია წარმოადგენს. პსაკის პასუხები არაფრის მთქმელია იმიტომ, რომ სათქმელიც არაფერია. ობამას ადმინისტრაციას არ აქვს ეგვიპტესთან დაკავშირებული სტრატეგია. მას არ აქვს არც საკუთარი ხედვა და არც ძირითადი მიზანი. ამის გარეშე კი, ბუნებრივია ვერ ახერხებს კონცენტრირებას ქაიროს ინტერესებისა და ღირებულებების მორევში. მან არ იცის რა აკეთოს, ან რა თქვას, მაგრამ იმავდროულად ესმის, რომ რაღაცის კეთება და რაღაცის თქმა, მაინც აუცილებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ დაუსრულებელ „ხელახალ შეფასებებს“, წინააღმდეგობრივ განცხადებებს, სოფისტიკას. ადმინისტრაცია „ვარიანტებს განიხილავს“, გვიზიარებს საკუთარ განცდებს, გვიყვება ყველას იმის შესახებ, თუ რა რთული სიტუაციაა, რამდენი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, როგორ გააზრებულ პოლიტიკას აწარმოებს პრეზიდენტი და რა რთულ გადაწყვეტილებებს იღებს ის. შეფასებები, შეფასებების გადახედვა, გადაფასებული შეფასებების გადაფასება… „ჩვენ განვაგრძობთ ეგვიპტესთან ჩვენი ურთიერთობების ხელახლა შეფასებას“, ამბობს პსაკი. „მე უკვე ვახსენე მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც ჩვენ უნდა გავიაზროთ, მათ შორის, პარტნიორობის ხარისხი, ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესები და რეგიონული სტაბილურობა. და ჩვენ განვაგრძობთ ხელახალი შეფასების პროცესს“.

„ან ახლა ან არასოდეს!“ „ყოფნა-არყოფნა!“ – ობლომოვი სავარძლიდან წამოდგა, მაგრამ ფეხსაცმელში უმალ ფეხი ვერ ჩაყო და ისევ დაჯდა“.

foreignpress.ge