'უნდა ვაღიარო, რომ პოლიტიკაში აბსოლუტური ბეცები ვართ''

'უნდა ვაღიარო, რომ პოლიტიკაში აბსოლუტური ბეცები ვართ''

''ახალ პროექტზე ვმუშაობ, რომელსაც '' საქართველო ორ-ორ სურათად'' ჰქვია. ბევრ ქვეყანაში მაქვს ფოტოები გადაღებული, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოთი შემოვიფარგლება... 200-ზე მეტი ''ტევადი'', ყველაზე შინაარსიანი ფოტოები ავარჩიე. მათ შორის დრო და რეალობა განსხვავებულია და ტექსტების გარეშე ავკინძე, რათა დამთვალიერებელს თავისებურად აღექვა. იმის მიხედვით, თუ როგორი ვიზუალური კულტურა აქვს მას...'' - ამბობს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი. იგი ბოლო დროს ძალიან ბევრ სკანდალურ ამბავთან დააკავშირეს, რაც მისთვის შავი პიარის აგორებას ემსახურებოდა...

- ბოლო დროს ხშირად გვესმის, კულტურის განვითარებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ამისთვის კი კონკრეტული ადამიანების ხელშეწყობაა საჭიროო... სახელმწიფო უკვე ზრუნავს მათზე. კულტურის სამინისტრო აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ჩვენს ხალხს ჯერ სხვა პრობლემები აქვს და ამისთვის არ სცხელა. არ შეიძლება, კულტურის სამინისტროს უმოქმედობაზე ისაუბრო და სოფლის მეურნეობას, სოციალურ პრობლემებს არ შეეხო. ადამიანს კულტურა მაშინ სჭირდება, როდესაც სხვა ყოფითი პრობლემები მოგვარებული აქვს. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... მე არც ხელისუფლების ქებას დავიწყებ და არც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატობას, მაგაში არაფერს მიხდიან და რატომ უნდა დავიცვა, მაგრამ ჯერ ის პრობლემები უნდა მოგვარდეს, რაც გვაქვს და შემდეგ ვიფიქროთ სულიერ მოთხოვნილებებზე...

- ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები?
- პრობლემების მოგვარების გზებიც მუშავდება... როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ, გაიხედეთ, გარშემო რა ხდებაო, გგონიათ ვერ ხედავს?.. ნებისმიერი ადამიანი ხედავს რეალობას, უბრალოდ, ხელოვნებამ თავისი გზა თავად უნდა იპოვოს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ხელოვნება თავად ცდილობს გზის გაკვლევას. თუ ხელოვნება არ ემსახურება საზოგადოებრივ ინსტიტუციებს და იდეოლოგიური მანქანისთვის იყენებენ, ის ხელოვნება არ არის. საბჭოთა კავშირს ჰქონდა იდეოლოგიური პოლიტიკა და ამაში დიდ ფულსაც იხდიდა. თუმცა არსებობდა ცენზურაც, მაგალითად, მათხოვრისა და გაჭირვებულის ფოტოებს ვერ გამოფენდნენ, ყველაფერი პომპეზურად უნდა წარმოეჩინათ.

- დღევანდელი ხელოვნება არსებულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს?
- დღევანდელმა ხელოვნებამ არსებული რეალობა უნდა '' გადახარშოს'' და ესთეტიკურ ფორმებში მიაწოდოს საზოგადოებას, რაც არ ხდება, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ხელოვანი სახელმწიფომ უნდა შეინახოს. '' სახელოვნო'' ქვეყანა გავხდით, სადაც თოხი და ბარი არავის უნდა და ყველა '' ხელოვნობს''. ჟურნალისტიკაშიც ასეა, ყველას წერა-კითხვა უნდა... ერთი სპარსული იგავია, შაჰს ვეზირისთვის უბრძანებია, ყველა პოეტს თავი მოჰკვეთეთ, ვინც ლექსს დაწერს, არც ის დაინდოთო... შაჰის კარზე შეშფოთებულან, ასე ხომ პოეტებს გავანადგურებთო. შაჰს უთქვამს, ნუ გეშინიათ, ვისაც მართლა არ ასვენებს ნიჭი და ლექსის გარეშე არ შეუძლია, მხოლოდ ისინი გადარჩებიანო... ნიკო ფიროსმანი ჭიქა ღვინოზე ხატავდა, რადგან ფუნჯის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო... დიახ, კულტურის სამინისტრო მათ საგამოფენო დარბაზებით უზრუნველყოფაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ პირდაპირ ფულს ვერ მისცემს. ჩვენ ბევრნი ვართ, სახელმწიფო ყველას ვერ შეინახავს და გამოხშირვისთვის იმ შაჰს ხომ არ დავუჯეროთ?.. ამ საკითხს ფრთხილი მიდგომა სჭირდება.

- მინისტრის მოადგილედ რომ დარჩენილიყავით, შეძლებდით ამის გაკეთებას?
- ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებდი. ლევილში ქართველთ საძვალის მიხედვაც მქონდა გეგმაში, მაგრამ არ დამცალდა... მაშინ ჩემ წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი ბინძური კამპანია ააგორეს. მადლიერი ვარ ჩემი ხალხის ასეთი მხარდაჭერისთვის, თუმცა სოციალურ ქსელებში სიბინძურის ნიაღვარი იფრქვეოდა. ვინც ღიად ვერ ამბობდა, მეჩითოვი სომეხიაო, '' ნიკებს'' ამოფარებული კიოდნენ, წაეთრიე შენს სომხეთშიო (იცინის)... ისე კი, ჩემს სომხურ წარმომავლობას თავად სომხები ეჭვის ქვეშ აყენებენ, მე კი მიმაჩნია, რომ ჩემზე კარგი ქართველი ძალიან ცოტაა... მაშინ ყველაზე ცუდ დღეში ჩემი მოხუცი დედა იყო, რომელიც დღე და ღამე ტელევიზორს იყო მიჩერებული, გიჟდებოდა, რამ გააცოფა ეს ხალხიო... დედა მეცოდებოდა, თორემ მე შეგუებული ვიყავი ყველაფერს.

ერთხელ, მეგობართან ერთად ქუჩაში ვიდექი, როდესაც მანქანა ფეხებთან მოსხლეტით გაჩერდა. მანქანის სარკმლიდან ვიღაცამ თავი გადმოყო თავი და მომაძახა: გურულებთან რა პრეტენ-ზიები გაქვს, შენი დედაცო... და მანქანა დაქოქა. კიდევ კარგი, სწრაფად ვმეტყველებ და მოვასწარი მეთქვა, აქედან გამასწარი-მეთქი, იქვე ნაგვის ურნა იდგა და მინდოდა ჩამეგდო, მეტს არ იმსახურებდა... ეს მომენტი საქართველოს ისტორიაში ანეკდოტად უნდა შევიდეს - ანეკდოტების მოყოლის გამო მოღალატედ შემრაცხეს, თუმცა ეს ვერ შემაშინებს, წიგნის გამოცემასაც ვაპირებ...

- სავარაუდოდ, არც ეს ამბავი ჩაივლის უხმაუროდ...
- დიახ, მაგრამ მერე რა, ვერ განვმარტოვდები და თავზე ნაცარს ვერ წავიყრი. დავასკვენი, რომ ქართლელი ვარ, გორიდან და სურამიდან არის ჩემი ფესვები. ქართლელებს კი მხოლოდ ერთი ანეკდოტი აქვთ, რომელსაც ბარემ მოგიყვებით: ქართლელი კროსვორდს ავსებს. უცებ გაიჭედება და მეგობარს ეკითხება, ნეტავ რა უნდა იყოს, ცხოველია, უვლაშები აქვს და თაგვებს იჭერსო. იმან, - კატაიო. ეს გადაითვლის ბგერათა რაოდენობას და არა, კატაი არ ჯდება, ოთხი ასოაო... ეს ანეკდოტია და იმედია, ამის გამო ქართლელები ანათემას არ გადამცემენ.

- ''ქართველთმოძულე'' უკვე გიწოდეს...
- დიახ, '' დაგუგლავ'' თუ არა, ჩემი გვარის გაყოლებაზე ამოგიგდებს, '' ქართველთმოძულე მეჩითოვი''. ეს უკვე სასაცილოა. ისე კი, დაფიქრებულხართ ამ ახალ ტერორზე, რომელმაც ცხოვრება ვირტუალური გახადა? ინტერნეტის საშუალებით, '' გამოგონილ ადამიანებს'' ამა თუ იმ რეალურ პიროვნებაზე საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ... ამას წინათ მაილზე მომივიდა ვიღაც უცნობის წერილი, სადმე რუსთაველზე რომ გნახო, ღორივით დაგკლავო... ასეთებს კიდევ ის კაცი მირჩევნია, ქუჩაში რომ შემაგინა. არადა, სამი შვილი მყავს, ახალგაზ-რდებს ფოტოგრაფიას ვასწავლი და მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაღაც მაინც გამიკეთებია...

- როგორ ფიქრობთ, რატომ გაღიზიანდა საზოგადოება ასე, ეს ანეკდოტებსა და მინისტრის მოადგილეობას უკავშირდება?
- უფრო მინისტრის მოადგილეობას, ვიღაცებს შურდათ, რომ მათი კონკურენტი ვიყავი. ყველა ჩემს მეტოქესთან, როგორც სატელევიზიო, ისე ჩვეულებრივ შეხვედრებში, ყველა დებატი მოგებული მაქვს, თუმცა მათი ბინძური პროპაგანდა არ მთავრდებოდა. ე.წ. ევროპულმა ორ-განიზაციებმა, ლევან ჩოლოყაშვილია თუ ვინც არის, ჩემ წინააღმდეგ აქციები გამართეს. მაშინ პარიზში ვიყავი წასული გამოფენაზე და რომ დავბრუნდი, აქცია დამხვდა. ვიღაც ჟურნალისტი ქალბატონი მომვარდა, რას ფიქრობთ ოკუპაციის მუზეუმის სახელზეო. თუ ეს სახელი რუსეთ-თან წარმატებულ მოლაპარაკებაში ხელს გვიშლის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, შეველევი-მეთქი. იმავე დღეს გავრცელდა, თითქოს ოკუპაციის მუზეუმის დახურვის ინიციატივით გამოვედი და გამოცვივდნენ ვიღაცები, მანდ ჩემი დახვრეტილი მამა-პაპის ფოტოებია, მოღალატე მეჩითოვს კი მისი დახურვა უნდაო... იცით, ჩვენ საქართველოს ისტორიას ოდნავ ობიექტურადაც ვერ ვაფასებთ.

- რას გულისხმობთ, რუსეთს საქართველოს ოკუპაცია არ განუხორციელებია?
- იმას, რომ ჩვენ მითოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ. ოცი საუკუნის წინ ეს მისაღები იყო, ახლა არ შეიძლება. რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე კი არ შემიძლია ეს რამდენიმე წინადადებით გითხრათ... 1921 წელს ნამდვილად ვიყავით ოკუპირებული, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსის ჯარს წინ ქართველები მოუძღოდნენ. როდესაც მაშინდელმა მთავრობამ საფრანგეთში, ლევილს შეაფარა თავი, ქართულმა ხასიათმა იქაც არ დაფარა თავი და ერთმანეთს დაერივნენ... საერთოდ კი უნდა ვაღიარო, რომ პოლიტიკაში აბსოლუტური ბეცები ვართ. პოლიტიკოსები საერთოდ არ გვყავს და ვინც პოლიტიკოსობას იბრალებს, ჩემი ლამაზი ქვეყანა ამ 25 წლის განმავლობაში დაანგრია. ეს სამივე წინა ხელისუფლებას ეხება... ვნახოთ, ეს ხელისუფლება რას იზამს. ჯერჯერობით რაღაცებს სწავლობს და ცდილობს.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და სიტყვა ოკუპაციას, თუ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გვინდა, უმჯობესია, ეს სიტყვა საერთოდ არ გამოვიყენოთ... გვინდა თუ არა, ის ჩვენი მეზობელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს უნდა დავუწვეთ, მაგრამ ურთიერთობა უნდა მოგვარდეს.

ისე კი, ვიცი, ამის გამო შეიძლება ხელმეორედ მიწოდონ ქართველთმოძულე, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის სხვა ფორმაც არსებობდა, მაგალითად, ისეთი, როგორიც ბალტი-ისპირეთის ქვეყნებმა აირჩიეს. თუნდაც ყაზახეთმა, არაფერი არ დაუნგრევია, ისე დატოვა საბჭოთა კავშირი... ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ, იმიტომ, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსები არ გვივარგოდა. ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი. ამას ვუწოდებ სიბეცეს...

- სხვა თემებზე გკითხავთ. '' მეცხრე არხი'' დახურეს, რასაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა ბიძინა ივანიშვილის მეორე შეცდომა უწოდა...
- ეს ცუდი ამბავია, რადგან ივანიშვილმა ამით პრეზიდენტს მისცა იმის საშუალება, რომ ეყვირა, ჩემს დროს ტელევიზიები არ იხურებოდაო. ის არ თქვა, რომ მაშინ სახელისუფლებო ტელევიზიები პანტაპუნტით იხსნებოდა... მეგონა, '' მეცხრე არხთან'' დაკავშირებით უფრო ჭკვიანურად მოიქცეოდნენ, მაგალითად, მას კულტურის არხად აქცევდნენ, რაც აკლია ქართულ ტელესივრცეს და ეს აისახა კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე. მათ შეეძლოთ მაღალი გემოვნების კულტურისთვის პროპაგანდა გაეწიათ, რაც მისწრება იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის. როგორც ერთ რიგით ადამიანს, არ შემიძლია ამდენი პოლიტიკური თოქ-შოუ, დავიღალე, არ შეიძლება ამდენი პოლიტიკა. ცოდოები ვართ. '' აქუს'' კიდევ არა უშავს, ერთ კაცს მოიყვანს და ერთად ტუტუნებენ. პატარა თეატრივით არის, სადაც ერთი კაცი საკუთარ თავს ელაპარაკება. აი, ალეკო ელისაშვილთან კი მაგარი ამბებია და უფრო საინტერესოა... ყველა გადაცემაში ისმის საყვედურები, რომ ამ ხელისუფლებას დაპირებებიდან არც ერთი არ შეუსრულებია. მე ვიცოდი, რომ ყველაზე მწვავე - დასაქმების პრობლემა ასე ადვილად არ მოგვარდებოდა...

- '' ქართული ოცნების'' წინასაარჩევნო კამპანიის არ გჯეროდათ?
- ასე ვერ ვიტყვი, უბრალოდ, 100 ქარხნის აშენება არარეალურია. შეიძლება აგრომრეწველობა შექმნა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ხალხი უნდა დაბრუნდეს სოფელში და მას იქ ცხოვრება უნდა აინტერესებდეს.

- საპრეზიდენტო არჩევნებზეც გკითხავთ...
- მკითხეთ, მაგრამ ჩემს ფავოროტს არ გაგიმხელთ, არ მყავს და იმიტომ. ახლა ის უფრო მაწუხებს, რომ ალბათ მეორე ტური გაიმართება და '' ჩვენს მაღალს'' ვადა გაუგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი არის ამორალურობის განსახიერება. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ასეთი უზნეოა. ეს მხოლოდ ქართული ფენომენია, იყოს ასეთი ნიჭიერი, მაგრამ ასეთი ამორალური, სხვა ერს არ ახასიათებს.