ადიგენში, მეჩეთის მინარეთის დემონტაჟმა ვითარება უკიდურესად დაძაბა. ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს მიიღო. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაცია ხელოვნურად იძაბება, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.
„მუსლიმთა კაავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე სამართალდამცველებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა კანონის ფარგლებში აღდგეს მეჩეთის მინარეთი. საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულებას დაპირსპირება მოჰყვა ადგილობრივ მუსლიმებსა და პოლიციას შორის. სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რამდენიმე პირი დააკავეს. მათ პოლიციისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. პოლიციამ ისინი მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟის დროს დააკავა. „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, დემონტაჟს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სამართალდამცავების თანდასწრებით ახორციელებს.
როგორც ცნობილია, სოფელ ჭელაში მინარეთი თვენახევრის წინ აშენდა. ადიგენის გამგებლის სიმონ არუნაშვილის განცხადებით, მინარეთი საბაჟოზე წესების დარღვევით შემოვიდა, რის გამოც მოხდა მისი დემონტაჟი.
„საბაჟო სამსახურმა განახორციელა არსებული მინარეთის დემონტაჟი, რადგან საბაჟოზე მინარეთი კანონის დარღვევით არის შემოსული და მინიჭებული აქვს სხვა კოდი. მოხდა დემონტაჟი და წაიღეს ექსპერტიზაზე, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა“, - აცხადებს სიმონ არუნაშვილი.
მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრს მიმართავს და ითხოვს, გაეცეს პასუხი კითხვას, რამდენად წარმოადგენდა აუცილებლობას მინარეთის ამგვარი ფორმით დემონტაჟი.
„დემონტაჟს ახორციელებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლები, რომლებიც მეჩეთის ტერიტორიაზე მუსლიმ მრევლს შესვლის საშულებას უზღუდავს. შეკრებილია საკმაო რაოდენობის ხალხი. მოვუწოდებ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სამლოცველოსთან არსებული მინარეთის დემონტაჟისგან“, - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.
ხულოს მუფტის, ასლან აბაშიძის თქმით, 500-მდე ადამიანი გზაშია და სოფელ დანისპარაულის პერიფერიებში ჩერდებიან.
„ვჩერდებით იმიტომ, რომ როგორმე სახელმწიფომ გამოიჩინოს კეთილი ნება და ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს. ხალხი არის აღელვებული და შეურაცხყოფილი, სპეცრაზმმა ჩაკეტა საზოგადოება, მოჭრეს მინარეთი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, სასტიკად სცემეს.
მეც მრევლთან ერთად ვართ, შეიძლება გავჩერდეთ, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია სახელმწიფოში და არ დაიწყოს არეულობა რელიგიის ნიადაგზე. ჩვენ რადგანაც გვინდა სტაბილურობის შენარჩუნება, იქედან გამომდინარე, დავიცდით დანისპარაულში, ხელისუფლებამ ეს საკითხი დადებითად რომ გადაჭრას“, - აცხადებს ასლან აბაშიძე.
სოფელ ჭელაში მომხდარ ამბავზე განცხადება გაავრცელა, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპმა, მალხაზ სონღულაშვილმა.
„ამ ბარბაროსობის გასამართლებელ საბუთად ის მოიყვანეს, მეჩეთზე მინარეთის მიშენების ნებართვა არ არსებობდაო. ჯერ ერთი, არ არსებობდა იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს საკულტო ნაგებობების შესახებ შესაბამისი კანონი. მეორეც, ნუთუ ეს ისეთი ძნელი მისახვედრია მათთვის, ვინც დღეს მინარეთი მოშალა, რომ მინარეთი მეჩეთის არქიტექტურის ერთ-ერთი ატრიბუტია? მინდა თავი დავაჯერო, რომ ის, რაც დღეს მოხდა, სიბრიყვის, გაუნათლებლობისა და უმეცრების შედეგად მოხდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ვინმეს უნდა, საქართველოში ქრისტიანები და მუსლიმები წაკიდონ ერთმანეთს. არადა, როგორც ამბობენ, ფაქტი ჯიუტია. ჩვენ აშკარად ვხედავთ, როგორ იკრებს ჩვენში ძალას ისლამოფობია. დამიჯერეთ, ეს ცეცხლთან თამაშია. მოდით, გონს მოვეგოთ, ვიდრე გვიან არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, გასული წლის ნოემბრიდან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შემთხვევები გახშირდა, თუმცა, სახელმწიფომ ამ პროცესში მასზე დაკისრებული ფუნქციები არ შეასრულა.
„სახელმწიფო არ გამოვიდა საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებების დამცველად და არ აღკვეთა ძალადობა. მეტიც, სხვადასხვა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებმა გააკეთეს წინდაუხედავი განცხადებები, რითაც ხელი შეუწყვეს მეტად სახიფათო კლიმატის ჩამოყალიბებას. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო არ უშვებდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას ან დაპირისპირებას, ადგილი არ ჰქონია არც ერთ რაიმე სახის მნიშვნელოვან ინციდენტს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს უკიდურესი სიფრთხილე, არ დაუშვას საქართველოს მოქალაქეთა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია და დაიცვას მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჟამინდელი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების მთელი კასკადის გაგრძელება პირდაპირ ემუქრება ქვეყნის შიდა სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს, რაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს აძლევს ხელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რეიტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განცხადებით ცდილობს, ტემპერატურა აწიოს, რაც მათი სტილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი დაინტერესებულები არიან იმით, რომ ქვეყანაში იყოს პრობლემები.
„დავინტერესდი ამ საკითხით და აღმოჩნდა, რომ თურქულ დოკუმენტში წერია, რომ არის მინარეთი, მაგრამ ქართულ დოკუმენტში არ წერია, რომ ეს არის მინარეთი, წერია, რომ არის ჩვეულებრივი სამშენებლო კონსტრუქციები. რატომ დამალა ეს ამ ხალხმა? რატომ შეცვალეს კოდები? მაშინ, როცა მინდა დავეხმარო ამ ხალხს, აღმოჩდება, რომ კანონდარღვევასთან არის დაკავშირებული.
კანონის გვერდის ავლით ააშენეს მინარეთი. ეს მოხდა 2 თვის წინ. ადგილობრივმა მმართველობამ გონივრული ვადა დაუწესა და მოსთხოვა მათ უკანონოდ აშენებული ამ შენობის დემონტაჟი.
რადგან თვითონ არ მოახდინეს ამ უკანონობის გამოსწორება, თვითონ დაიწყეს დემონტაჟი. ნაცვლად იმისა, აღიარონ, რომ კანონი დაარღვიეს, ახლა პროტესტს გამოთქვამენ და რაღაც რელიგურ დაპირისპირებაზე საუბრობენ. სააკაშვილმა ბათუმში რატომ დაანგრია ეკლესია? რა იყო საფუძველი? - არ ჰქონდათ მშენებლობის ნებართვა. მაშინ ნაციონალები მართლები იყვნენ და დღეს ადიგენის თვითმართველო ორგანოები მართლები არ არიან? საიდან მოდის ეს ორმაგი სტანდარტები. მე მინდა მათი დაცვა და ამის საშუალებას არ მაძლევენ, სულ ვაწყდები მათი მხრიდან კანონის დარღვევას, რაც სასიმაოვნო არაა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, საქართველოში არასდროს მომხდარა რელიგიური დაპირისპირება და ნებისმიერი რელიგიური საფუძვლის მქონე კონფლიქტი არ ასახავს საერთო მდგომარეობას ქვეყანაში და არის ცალკეული, სხვადასხვა მიზეზით მოტივირებული ადამიანების ან მცირე ჯგუფების მოწყობილი პროვოკაცია.
„მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გაიხსენოს პრემიერ-მინისტრის განცხადება აღმსარებლობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შესახებ! მოვუწოდებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, გაითავისონ კათოლიკოს-პატრიარქის შეგონება მოყვასის სიყვარულზე, მიუხედავად იმისა, რომელ სალოცავში დადის ის. აგრეთვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ პოლიტიკურად ურთულეს პერიოდში ვიმყოფებით და არჩევნებამდე მოსალოდნელია არაერთი ხელოვნურად შექმნილი პრობლემა თუ პროვოკაცია.
ყველამ ვიცით, რის ფასად მიიღწევა ვალდებულებად აღებული კოაბიტაცია და ყველამ ვიცით, რამდენად დესტრუქციულია ძალიან ბევრი, ჯერ კიდევ სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი ჩინოვნიკი. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა სინანული გამოვხატო სააკაშვილის მორიგ გამოხტომაზე, მეჩეთის და დავით აღმაშენებლის სახელის გამოყენებაზე, თავისი, საფუძველს და მიზანს მოკლებული პიარისთვის. მისი უსირცხვილო განცხადებები თანაგრძნობადაც კი არ ღირს.
რა შეიძლება უთხრა მას – ვისი ფასიც კაპიკია და მილიარდებით აფასებს თავის პერსონას?! რა შეიძლება ითქვას რეჟიმის ლიდერზე, რომლის გასამართლებას ითხოვს ხალხი და არა ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსი?! არანაირ პოლიტიკურ და პიროვნულ ფასეულობას ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის ვინმე სააკაშვილი არ წარმოადგენს პერსონას, რომ მას რამე ფასი დაედოს ან ვინმესგან იდევნებოდეს.
იგი არის ქვეყნის პოლიტიკური წარსულის ნაწილი, თანამედროვე საქართველოს სირცხვილი და მას არ აქვს ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალში. მე პირადად გაგებით ვეკიდები მის პანიკას მოსალოდნელი ბრალდებებისადმი და ყველას მოგიწოდებთ დაველოდოთ კანონის და სამართლიანობის ჩარჩოში მოქცეული მოვლენების განვითარებას“, - აცხადებს კახა კალაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის თქმით, მას არ გაუკვირდება, რომ სოფელ ჭელას ინციდენტში სააკაშვილის ხელიც ერიოს.
„უსიამოვნო ამბავია, გაირკვევა, დასასჯელი დაისჯება, მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს თემა ძალიან უნდა გავაპოლიტიკუროთ, მით უმეტეს, იქ საგადასახადო პრობლემებიც იყო. რაც მოხდა არ იყო ლამაზი, ცუდი ამბავია, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებამ, რომელმაც დაასწრო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ყველაფერს, მიმახვედრა, ვინ არის პროვოკატორი. საქართველოში პროვოკატორს ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. არ გამიკვირდება, ამაში მისი ხელიც ერიოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საკრებულო, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ნაციონალებით არის დაკომპლექტებული, რომელთა ხელმძღვანელიც მიხეილ სააკაშვილია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი არ გამორიცხავს, რომ რელიგიური კონფლიქტის მიღმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლი იგულისხმებოდეს. მისივე თქმით, შესაძლოა, წინასწარ განზრახული პროვოკაცია მართლაც ყოფილიყო, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ქართველ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირებამ სისტემური ხასიათი მიიღო.
„თუმცა არ მგონია, პრეზიდენტი იყოს ის ადამიანი, რომელმაც ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს. შესაძლებელია, რელიგიური კონფლიქტის მიღმა მისი როლიც იგულისხმებოდეს, როგორც ძალაუფლების დაბრუნების მოსურნე ადამიანის“, - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი ხელისუფლების დროს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებები არ ხდებოდა, გაუგებარია, თუკი ელიას მთის ისტორიას გავიხსენებთ.
„პრეზიდენტის გამონათქვამები, რაც დრო გადის, მით უფრო შორსაა რეალობისგან. რელიგიური ფაქტორის გაძლიერება პოლიტიკაში სწორედ მის მმართველობასთან იყო დაკავშირებული. რელიგიურ კონფლიქტებს, რომელიც ხშირად გარე თუ შიდა ძალებისგან არის ხელშეწყობილი, ხელისუფლების მხრიდან სწრაფი და კარგად მოფიქრებული რეაგირება სჭირდება, თუმცა ეს ძალისმიერ მეთოდებს არ გულისხმობს. პრობლემა სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი და სწორი სტრატეგია ჩამოყალიბებული“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
„კავშირი 21-ე საუკუნის“ თავმჯდომარე პაატა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ნებისმიერი მშენებლობა იქნება ეს საეკლესიო, თუ საერო ნაგებობა, საჭიროებს შესაბამის საარქიტექტორო ნებართვას და ხელისუფლება უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ნორმების დაცვა. მისივე თქმით, ყველა ადამიანი, იქნება ეს სასულიერი პირი თუ რიგითი მრევლი, უნდა დაემორჩილოს კანონმდებლობას და თავი შეიკავოს დაპირისპირებისგან.
„მე ვთვლი, რომ ეს არის მთელი ჯაჭვი იმ მოვლენებისა რაც დაიწყო არჩევნების შემდეგ. სამწუხაროდ, გარკვეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ისეთ ფაქტებს, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლდა მაპროვოცირებელი მომენტები.
წინწყაროში ეს იყო ჯვრების აჭრა, სამთაწყაროში ეს იყო მოტყუებით მოსახლეობაზე ხელის მოწერის თხოვნა, რამაც გამოიწვია დაპირისპირება. მე ვთვლი, რომ გარკვეულ პირებს აწყობთ ასეთი დაძაბულობის კერების შექმნა. ფაქტია, რომ ყველაფერი ეს ხელისუფლების იმიჯს ურტყამს. თუ ვინმეს მოწყობილია ეს ფაქტი, რისი ნიშნებიც არსებობს და მე პირადად მაქვს ეჭვი, რომ ეს არის წინასწარ დაგეგმილი ქმედება, რასაკვირველია, ამის ავტორი არის ახალი ხელისუფლების მოწინააღმდეგე“, - აცხადებს პაატა გაჩეჩილაძე.