თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ, ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო პროცესს სამივე განსასჯელი ესწრება. ბიზნესმენი 2012 წლის 23 ნოემბერს საკუთარ ავტომანქნაში იქნა მოკლული. ავთანდილ ადუაშვილის ახლობლები მკვლელობაში დამნაშავედ სოსო პავლიაშვილს მიიჩნევენ. საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი ადასტურებს, რომ მომღერალი სოსო პავლიაშვილი, როგორც პერსონა, აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს.
სასამართლო პროცესზე მყოფი სამივე ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულოები არიან. სასამართლოს და ნაფიც მსაჯულებს ბრალდებულებმა გელა უბილავამ და კობა ყურუამაც მიმართეს. გელა უბილავა დაინტერსედა, თუკი პროკურატურას ჰქონდა მყარი მტკიცებულებები, რატომ სთავაზობდნენ მას საპროცესო შეთანხმებას?
კობა ყურუამ კი განაცხადა, რომ მას დაკავების დროს ნარკოტიკი ჩაუდეს. ამასთან, პროცესზე ყურუამ გაიხსენა, თუ რას აკეთებდა იმ პერიოდში, რაც ციხიდან გამოვიდა. მისი თქმით, ის მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული, ყვავილების ბიზნესი ჰქონდა და 1500 დოლარს სამ დღეში გამოიმუშავებდა. აღსანიშნავია, რომ ყურუა მკვლელობისთვის ერთხელ უკვე არის ნასამართლევი.
პროკურორი ნინო აღლემაშვილის თქმით, ვახტანგ ჩხაპელიას შეკვეთით 50 000 დოლარის სანაცვლოდ, გელა უბილავას ორგანიზებით, კობა ყურუამ და ვლადიმერ ქარჩავამ მოკლეს ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი და მოკლული საკუთარ მანქანაში ზაზიაშვილის ქუჩაზე დატოვეს. პროკურორის თქმით, ყურუამ ადუაშვილს ორი ჭრილობა დანით მიაყენა, ხოლო ქარჩავამ - 7 ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, მათ შორის ერთი საკონტროლო გასროლით.
„ბრალდების მხარეს საკმარისი მკიცებულებები აქვს იმისათვის, რომ ბრალდებულების გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. საქმეში არ არსებობს მკვლელობის იარაღი. ბრალდების მხარეს აქვს უტყუარი მტკიცებულებები, როგორც მოწმეთა ჩვენების, ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის, ქუჩაში ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული კადრების და სატელეფონო კავშირების ამსახველი დოკუმენტების სახით“, - აცხადებს ნინო აღლემაშვილი.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულის, ვახტანგ ჩხაპელიას ადვოკატის, ლევან ჯავახაძის თქმით, მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ბრალდებულების დანაშაულს ვერ ადასტურებს და დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე შეეცდება დაარწმუნოს მსაჯულები, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდებულების დანაშაულს არ ადასტურებს.
ლევან ჯავახაძის ინფორმაციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სოსო პავლიაშვილის ამ საქმესთან კავშირი არ დასტურდება.
ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვით დაიწყო და პირველი მოწმე, რომლიც სასამართლომ დაკითხა ავთო ადუაშვილის დედა, ლარისა ეფრემიძე იყო. მან დაკითხვის დროს რამდენჯერ მიმართა ვახტანგ ჩხაპელიას და გაიხსენა, რომ როდესაც მისი შვილი გარდაცვლილი მიასვენეს სახლში, ვახტანგ ჩხაპელია, როგორც ჭირისუფალი ისე იმყოფებოდა მათთან.
ლარისა ეფრემიძემ ასევე იკითხა, სად იყო ჩხაპელიას ცოლი, სოსო პავლიაშვილის და. როგორც ეფრემიძემ განაცხადა, როდესაც ვახტანგ ჩხაპელია დაიჭირეს, მეორე დღეს მისმა ცოლმა საქართველო დატოვა.
„პავლიაშვილებს არ ჭირდები შენ. შენ მიგატოვეს და წავიდნენ“, - მიმართა ეფრემიძემ ვახო ჩხაპელიას.
მოკლულის დედამ ასვე გაიხსენა სოსო პავლიაშვილისა და ადუაშვილის ურთიერთობა. როგორც ეფრემიძე აცხადებს, მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. რაც შეეხება ადუაშვილისა და სოსო პავლიაშვილის ფინანსურ ურთიერთობას, ამის შესახებ ეფრემიძეს განცხადება არ გაუკეთებია.
„თუ ავთოს არ ეკუთვნოდა ფინანსები, რასაც უგზავნიდა, მაშინ და ჰყოლია სოციალურად დაუცველი და იმას რატომ არ უგზავნიდა? ძუნწები იყვნენ. მას თავისი დისთვისაც კი ენანებოდა“.
მოკლული ბიზნესმენის დედამ, ლარისა ეფრემიძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია მისი შვილის მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა დაუკვეთა და ფულიც მან გადაიხადა. სოსო პავლიაშვილმა გააუბედურა ვახო ჩხაპელია და ეს გააკეთებინა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სოსომ მოაკვლევინა ჩემი შვილი. სოსომ ორი საქმე გააკეთა - ჩხაპელიაც მოიშორა და ავთოც. პავლიაშვილზე მას შემდეგ დაეჭვდა, რაც მან საკუთარი და და მშობლები საქართველოდან წაიყვანა“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ლარისა ეფრემიძემ.
მაშინ, როდესაც სასამართლოს მოკლულის დედა ჩვენებას აძლევდა, პავლიაშვილის დის ქმარს გულის შეტევა დაემართა. პროცესზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. სასამართლო პროცესი დროებით შეწყდა. მოგვიანებით პროცესი განახლდა.
სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, მოკლულის ძმამ აღნიშნა, რომ ერევანში დაგეგმილ შეხვედრაზე ავთანდილ ადუაშვილს საერთო ბიზნესიდან წილი უნდა გამოეტანა. მევლუდ ადუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა შეუკვეთა და ამაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც პავლიაშვილმა ოჯახის წევრები წაიყვანა. გარდა ამისა, საეჭვოდ მიაჩნია ისიც, რომ პავლიაშვილმა მკვლელობის შემდეგ არ დარეკა და არც კავშირზე გამოვიდა.
„მაკა პავლიაშვილი უცებ რომ გააქრეს, ის მაეჭვებს. მაკამ ყველაფერი იცის. პირი რომ დააღოს ყველაფერს იტყვის და იმიტომ წაიყვანა. მივაღწევ იმას, რომ დასთან ერთად სოსოს ჩამოვიყვან დაკითხვაზე. თუ სოსო პავლიაშვილი ამ საქმესთან კავშირში არ არის, მაშინ მიჩივლოს. რატომ არ დარეკა სოსომ? ხელი დავადე და რატომ არ რეკავს, მიჩივლოს თუ ცილს ვწამებ“, - განაცხადა მევლუდ ადუაშვილმა.
ავთანდილ ადუაშვილის დედის და ძმის შემდეგ სასამართლომ მოკლულის მეგობარი დავით ნიჟარაძე დაკითხა. ისევე როგორც ადუაშვილის ოჯახის წევრები, ნიჟარაძეც ხელს სოსო პავლიაშვილს ადებს და ფიქრობს, რომ ადუაშვილის მკვლელობა სოსო პავლიაშვილის შეკვეთით განხორციელდა. როგორც ის ამბობს, მას მტრები არ ჰყავდა და ის არავისთან იყო ფინანსურ ურთიერთობაში, გარდა სოსო პავლიაშვილისა.
აღსანიშნავია, რომ მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განახადა მოწმე ლელა შურღაიამ, რომელიც მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, გელა უბილავას მეუღლეა.
საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სოსო პავლიაშვილი, როგორც პერსონა, აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს.
„საქმის მტკიცებულებებით ჩნდება პავლიაშვილი, როგორც პერსონა საქმეში, თუმცა არა როგორც ბრალდებული, იმიტომ, რომ მტკიცებულებები პირდაპირ მასზე არ არის. არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რის გამოც არსებობს კავშირი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად არ შემიძლია გითხრათ - როგორი. მტკიცებულებების გამოკვლევა უკეთ აჩვენებს, რატომ გასდევს ლაიტმოტივად საქმეს სოსო პავლიაშვილის პიროვნება. მკვლელობის მოტივზე ეფრემიძის ჩვენება ჩვენ გვეუბნება მნიშვნელოვან ინფორმაციას. ახლა ამაზე არ მინდა ვისაუბრო“, - აცხადებს ნინო აღლემაშვილი.