თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო ბლოკი „რესპუბლიკის ალიანსი“ ლიდერობს, რომელსაც უბნების 99%-ის დათვლის შემდეგ ხმების 49.32% აქვს. ამის შესახებ Anadolu წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ოპოზიციურმა „ეროვნულმა ალიანსმა“ 35.17% მიიღო.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 99,20%. ქვეყნის მოქმედი ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49.39%-ით ლიდერობს, ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი მხარი ამომრჩეველთა 44,97%-მა დაუჭირა. იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს 50%-ს, 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
თურქეთის უზენაეს საარჩევნო საბჭოს ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეტ იენერიმ ჟურნალისტებთან საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. „ყველა მონაცემი თანმიმდევრულად შეგვყავს სისტემაში და პოლიტიკურ პარტიებსაც ვაწვდით. ამ დროისთვის უკვე დათვლილია ქვეყნის მასშტაბით შემოსული ხმების 47,8% და საზღვარგარეთიდან მიღებული მონაცემების 12,6%. როგორც ჩანს, მეორე ტურისკენ მივდივართ“, - განაცხადა მან.
არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება.