ბელორუსი რუსეთისგან ნავთობის სუფსიდირებისთვის 4,1 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამ ფონზე გამორიცხული არ არის კრემლმა აიძულოს ლუკაშენკო სოხუმისა და ცხინვალის „აღიარება“. ექსპერტების თქმით, ლუკაშენკო თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ამით ევროპის კარებს სამუდამოდ გამოიხურავს.
„რუსეთი მზადაა, ბელორუსს ნავთობის მარაგის სუბსიდირებისთვის 4 მილიარდ 124 მილიონი დოლარი გამოუყოს“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუს კოლეგასთან, ბელორუსის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მაისნიკოვიჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა.
ამასთან, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ბელორუსი გაზთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას შეასრულებს. „თუ გარკვეულ საკითხებს გავთვლით, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ“, - აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსსა და რუსეთს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ პირველი პირები ერთმანეთის შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც კი არ ერიდებოდნენ.
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სიძუნწეში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისთვის ფულის მიცემა დაენანათ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის „ძმური“ ურთიერთობები აღდგა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბელორუსის პრეზიდენტი პუტინმა სწორედ გარკვეული თანხის გამოყოფის პირობით „მოხიბლა“.
რაც შეეხება თბილისი-მინსკის ურთიერთობას, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე საქართველო დიპლომატის დონეზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ბელორუსში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჩხეიძე დაესწრო. ამასთან, ინაუგურაციაზე არ იყვნენ წარმოდგენილნი არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ცერემონიას მხოლოდ 32 ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრნენ, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველო იყო.
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 19 დეკემბერს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ბელორუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.
„ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არ დასწრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის“, –
ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ბელორუსის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიწვევის შეფასებისას აღნიშნა.
„ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე არ არის მიწვეული, ამაში რუსეთის გავლენა შეინიშნება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობა გართულდა. ამის პარალელურად კი 2010 წლის ბოლოს რუსეთს, ბელორუსსა და ყაზახეთს შორის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესახებ მოლაპარკებები აქტიურად დაიწყო. რაც იმას მიანიშნებს, რომ მოსკოვის მხრიდან მინსკზე ზეწოლა კვლავ გრძლდება“, - აღნიშნა ჩიტაძემ.
მისივე შეფასებით, მაშინ, როდესაც დემოკრატიულმა სამყარომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები ცნობილი მოვლენების გამო დაგმო, ერთის მხრივ კარგიც არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ინაუგურაციას არ დაესწრება.
„ბელორუსს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და ამის შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა რუსული პათოსის გათვალისწინებული მაინც იქნება. ამიტომ, მაშინ, როდესაც დემოკრატიულმა სამყარომ ბელორუსის საპარეზიდენტო არჩევნები დაგმო, პრეზიდენტ სააკაშვილის ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე არ დასწრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - თქვა ჩიტაძემ.
„ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს, ამით ევროპასთან კერებს სამუდამოდ გამოკეტავს“, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ექსპერტმა სოსო ცინცაძემ ბელორუსსა და რუსეთს შორის ბოლო დროს ურთიერთობების დათბობის შეფასებისას განუცხადა.
„გამორიცხული არ არის, რუსეთმა აიძულოს ლუკაშენკო, რომ მან სოხუმი და ცხინვალი აღიაროს. ამის პირველი მერცხალი უკვე იყო, როდესაც სამი დღის წინ ცხინვალში ბელორუსის პარტიული დელეგაცია იმყოფებოდა. მითუმეტეს გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებაში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის. ასევე ბოლო დროს საუბარი დაიწყო ბელორუსსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაზე“, - აღნიშნა ცინცაძემ.
ექსპერტის შეფასებით, ლუკაშენკო თავის საქციელით, კერძოდ კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებული რეპრესიებით თავი ხაფანგში მოიყოლა და რუსეთის გარდა არავინ აღარ დარჩა.
„ლუკაშენკომ თუ ცხინვალი და სოხუმი აღიარა, ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ის ბელორუსის სათავეში იქნება ქვეყნისთვის ევროპისკენ მიმავალ კარს სამუდამოდ გადაკეტავს“, - ამბობს სოსო ცინცაძემ.