შესაძლოა ბევრ თქვენგანს ეს სახელი პირველად გესმით, მაგრამ თითქმის გარანტირებულად გპირდებით, თქვენ ამ სახელს – რომან კრიხელი – მალე ვერ დაივიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ არტსცენიდან 20 წელიწადზე მეტია გაქრა და ბევრს მისი სახელი დაავიწყდა, მაგრამ არ დავიწყებიათ მისი მშვენიერი ნამუშევრები, საოცნებო ნახატები კოლექციონერებისთვის.
ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინც შემოსავალს კრეატიულ სივრცეში შოულობდა, რუსეთში დაბადებული რომან კრიხელი იმ ნიჭიერ მხატვართა შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც ნიუ-იორკში, სოჰოში ცხოვრობდა. ეს ის დრო იყო, როდესაც, დილის 6 საათზე ყავის ყიდვისას, შეიძლება ცნობილ მხატვარს ან დიზაინერს გადაყროდი – მან ახლახან გაიღვიძა, შენ კი შინ ბრუნდები. ერთი რამ უდავოა, 80-იანების და 90-იანების სოჰო სავსე იყო მხატვრებით, დიზაინერებით, შემოქმედებითი ადამიანებით. იმ დროს კრიხელს ბედი სწყალობდა, ის პოპულარული მხატვარი იყო და სახელი იმით მოიპოვა, რომ ქმნიდა და ჰყიდდა დიდმასშტაბიან ნამუშევრებს. მას მართლაც სწყალობდა ბედი და ისეთი ცნობილი კლიენტები ჰყავდა, როგორებიც იყვნენ ლენი კრავიცი, მადონა და ხელოვნების სხვა ენთუზიასტები, ისეთები, რომლებიც აფასებდნენ ნამდვილი მხატვრების მიერ შექმნილ ნამდვილ ნაწარმოებებს. მე იმ დროს სოჰოში ვცხოვრობდი და კრიხელის სახელი ყველამ იცოდა, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ენახა პირისპირ. კრიხელის მსგავსი მხატვრები უფრო ქალაქური ლეგენდის პერსონაჟებს ჰგვანან, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც ოდესმე რეალურად გინახავს. მაგრამ შემდეგ ეს მოხდა… უოლ სტრიტი დაენარცხა სპრინგ სტრიტზე და მოკლა მაგია – მხატვრები წავიდნენ.
მალევე ამის შემდეგ, მხატვრები, რომლებიც ხატავდნენ დიდ, თავისუფალ სახელოსნოებსა და სტუდიებში, სადაც მათ შემოქმედებისა და ოცნების თავისუფლება ჰქონდათ, იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ ღმერთმა უწყის სად და რის საკეთებლად… ამ საბედისწერო ცვლილებამ ბევრი მხატვარი სოჰოდან აიძულა პატარა ბინებში დასახლებულიყო, რამაც საბოლოოდ მათი ნაშრომები მარგინალურად აქცია, ხოლო მათი ოცნებები დააკნინა. ისეთი უკიდურესად მგრძნობიარე და მარტოსული არსებები, როგორიც იყო კრიხელი, საერთოდ გაქრნენ.
მაგრამ თითქმის 20 წელი გავიდა და კრეატიული ტექნიკური სამყაროსა და სახელოვნებო სივრცის სინთეზმა დავიწყებული მხატვრებისათვის ვითარება შეცვალა. ეს ახალი, მდიდარი, ტექნოლოგიური ბიჭები და გოგოები დაუბრუნდნენ არქივებს და Google-ს, ხელახლა აღმოაჩინეს და ახალი სული შთაბერეს ისეთი მხატვრების კარიერას, როგორიცაა კრიხელი, არადა, ისინი შეიძლება სამუდამოდ დაგვეკარგა. მაგრამ კარგი საძიებო სისტემის და პატრონი/მხატვარი წმინდა პარადიგმის აღორძინების წყალობით, კრიხელი და მისი მსგავსი მხატვრები დღეს უკვე მზად არიან დასაბრუნებლად.
თავისი დაბრუნებისთვის კრიხელმა გადაწყვიტა შეექმნა ის, რასაც თვითონ თავის მონა ლიზას უწოდებს. ნახატს მან „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი“ დაარქვა. კარჩაკეტილი მხატვარი არ დაგვთანხმდა ინტერვიუზე და არც თავისი იდუმალი მშვენიერი ობიექტის საიდუმლოს გაამჟღავნა, მხოლოდ თქვა (თავისი მძაფრი რუსული აქცენტით), რომ ამ ნახატში ჩემი სული და გული ჩავდე და იმედი მაქვს, ძალიან მალე შევძლებ მისი სილამაზე მთელ მსოფლიოს გავუზიაროო.
მიუხედავად იმისა, რომ ალბათ არ ვარ მსოფლიო კლასის საგამოძიებო ჟურნალისტი, როგორც აღმოჩნდა, ვიცნობ რამდენიმე ადამიანს და ერთი რამ დავადგინე – 21-ე საუკუნის ამ მონა ლიზას შეძენაზე ომი უკვე დაწყებულია. ტექნოლოგიურ და სახელოვნებო წრეებში დადის ხმები, რომ ფეისბუქის გამომგონებელს მარკ ცუკერბერგს და ჩად ჰარლის, იუთუბის დამფუძნებელს, ძალიან უნდათ შეიძინონ პორტრეტი, რომელიც მალე დასრულდება. თუმცა მათ მოუწევთ კონკურირება მილიარდერებთან და ხელოვნების მოყვარულებთან რუსეთიდან, რომან აბრამოვიჩთან და ბიძინა ივანიშვილთან (ორივე ფლობს ყველაზე ძვირადღირებულ ნახატებს მსოფლიოში). გარეგნულად თითქოს რუსებს მცირედი უპირატესობა აქვთ ამ ბრძოლაში, რადგან სასწორზე მათი ეროვნული ღირსება დევს. ისიც აღსანიშნავია, რომ კრიხელის ნამუშევრები გამოფენილია როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში. თუმცა მხატვარი პრეფერენციებს არ ამჟღავნებს და უფრო იმაზეა კონცენტრირებული, რომ შედევრი შექმნას.
დღევანდელ ფულიან არტბაზარზე პორტრეტმა ადვილად შეიძლება მოუტანოს მხატვარს მილიონზე მეტი, რაც, რა თქმა უნდა, არაფერია იმ მილიონებთან შედარებით, რომელსაც მისი მომავალი მფლობელი აიღებს, თუ, ან როდესაც, გადაწყვეტს პორტრეტის გაყიდვას ღია ბაზარზე.
არა აქვს მნიშვნელობა ვინ დაეპატრონება ნახატს ცივი ომის ამ დრამაში, ვაჭრობა, როგორც ჩანს, ოფიციალურად დაიწყო და ყველა ელის „მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის“ ან, სულ ცოტა, მსოფლიოს ყველაზე დიდი საფულის ნახვას. ჩემი მოკრძალებული აზრით კი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შემდეგია – არტსამყარო მზადაა თავის კალთაში დაიბრუნოს თავისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი განძი – რომან კრიხელი.
foreignpress.ge