ბოლო დროს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე სკანდალური წყვილის ზედიზედ გადაღებული ფოტოები გამოჩნდა - 2010 წლის 19 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში საზეიმო წვეულებაზე, 2011 წლის 5 იანვარს ესპანეთში საახალწლო მიღებაზე შამპანურის ჭიქებით ხელში...
ჯერ კიდევ მათ დაქორწინებამდე კარგა ხნით ადრე მონარქიზმის იდეით გატაცებულ ადამიანებს მოსვენებას უკარგავდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საქართველოს ტახტის მომავალი მემკვიდრე. კონსტიტუციური მონარქიის მოსურნენი ზემოთნახსენებ ბაგრატოვანთა გარდა, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები ქეთევან ბაგრატიონის შთამომავალსაც განიხილავდნენ. საოცარი იყო, რომ ქეთევანის ვაჟს - ლელიოსაც ბოლო დროს გაუცხოველდა ქართული ფესვების სიყვარული და საქართველოსაც ხშირად სტუმრობდა. თუმცა ბაგრატიონთა გვარის სპეციალისტები მის კანდიდატურას იმ მთავარი მიზეზის გამო გამორიცხავდნენ, რომ ლელიო გვარად ორსინი იყო, კათოლიკე ორსინები კი საქართველოს ტახტზე არასდროს ყოფილან. ამ შემთხვევაში, ლელიოს ვერც დედის - ქეთევან ბაგრატიონის მუხრანის შტოდან წარმომავლობამ უშველა და ვერც მოხდენილმა გარეგნობამ.
ბაგრატიონების ერთმანეთთან დაკავშირებამ სისხლით მონათესავე ადამიანების დაქორწინების მოწინააღმდეგეებს შორისაც კითხვები დაბადა. თუმცა, იმის გამო, რომ ეს შტოები უკვე 500 წლის წინ დაშორდა ერთმანეთს, მათი კავშირი მისაღები აღმოჩნდა. ამას დედის მხრიდან დავით მუხრან-ბაგრატიონის ესპანური წარმომავლობაც დაემატა და ნათესაური კავშირი გამოირიცხა. დავითის კანდიდატურის სასარგებლოდ მეტყველებდა ისიც, რომ მისი ბაბუა - ირაკლი ბაგრატიონი საბჭოთა რეჟიმისგან დევნილმა ქართულმა ემიგრაციამ საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ის გახლდათ ბაგრატიონთა სახლის პირველი მეთაური, ეს მოვალეობები მოგვიანებით მის ვაჟს - გიორგი-ხორხეს გადაეცა, რის შემდეგაც ახლანდელი ნეფის - დავითის ჯერიც დადგა.
ამის მიუხედავად, ბაგრატიონ-გრუზინსკები თავის უპირატესობას მაინც აღიარებენ მუხრან-ბაგრატიონებთან შედარებით. მეტიც - გავრცელებული ინფორმაციით, ორთვიანი თანაცხოვრების შემდეგ ანასა და დავითის განშორების ერთ-ერთ მიზეზი სწორედ ნუგზარ ბაგრატიონის ფაქტორია. კერძოდ, ანა ბაგრატიონის მამა - ნუგზარ ბაგრატიონი სიძეს უმტკიცებდა, რომ თავად იყო ნამდვილი ბაგრატიონი. კულუარული ინფორმაციით, ნუგზარ ბაგრატიონი უცხადებდა დავითს, რომ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გარეშე ის ვერასდროს გაუჩენდა საქართველოს ტახტის მემკვიდრეს. ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან ბაგრატიონები და მათი ახლობლები თანაბრად ერიდებიან ამ თემაზე საუბარს.
ბაგრატიონების პომპეზური დაქორწინება რომ საზოგადოებრივ ინტერესს გამოიწვევდა, ეს თავად ამ წყვილსაც არ უნდა გაკვირვებოდა. ყველაფერი ხომ საჯაროდ და ერთი შეხედვით, ხალხის დასანახად გაკეთდა. ალბათ, ასეთივე ინტერესს იწვევდა ბაგრატიონთა ქორწინებები სხვადასხვა საუკუნეებში, როცა ისინი სხვა სამეფო დინასტიების წარმომადგენლებზე ქორწინდებოდნენ. სხვადასხვა დროს ბაგრატიონებს ქორწინებრივი კავშირები ჰქონდათ შირვანშაჰებთან (დღევანდელი აზერბაიჯანი), ბიზანტიის დუკებისა და კომნენოსების დინასტიებთან, ტრაპიზონის იმპერიის (ეს სახელმწიფო 1204 წელს შეიქმნა თამარ მეფის აქტიური მონაწილეობით) კომნენოსთა დინასტიასთან და ა.შ. რაც შეეხება დევნილობას, ბაგრატიონთა სამეფო სახლს დევნილობაში ნათესაური კავშირები ჰქონდა ესპანეთის ბურბონებთან, ჰოჰენცოლერნებთან, რომანოვების რუსულ საიმპერატორო სახლთან.
ერეკლე მეფის პირდაპირი შთამომავალი დავით თარხან-მოურავი კი მიიჩნევს, რომ მონარქიამ თავისი ისტორია ამოწურა და მან გრძელვადიან პერსპექტივაში არცერთ ქვეყანაში არ გამართლა. შესაძლოა, გარკვეულ პერიოდში მმართველობის ამ ფორმამ სტაბილურობა მოიტანოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს გრძელვადიანობას. მსოფლიოში ყოველ მერვე-მეცხრე თაობაში აუცილებლად იბადებოდა მეფე, რომელიც დამანგრეველი იყო. მომდევნო რვა თაობა კი მის მიერ დანგრეულს აშენებდა. თარხან-მოურავის აზრით, მონარქია მაქსიმალურად პერსონირებული სისტემაა და მეფეს ვერ გადააყენებ.
საინტერესოა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში სამეფო შეუღლების სხვა წესები მოქმედებს. რუსული კანონმდებლობით, დაუშვებელია, რომ მეფისწულმა თავისი ვასალის ქალიშვილი შეირთოს, რადგან უფლისწული დაბადებიდან სამეფო სისხლის უნდა იყოს. საქართველოს დაშლის შემდეგ კი, დანაწევრებულ საქართველოს მეფეებს, სხვა სახელმწიფოს სამეფო დინასტიის ასულების ნაცვლად, უკვე თავადის ასულები მოჰყავდათ ცოლად. ასე რომ, ბაგრატიონ-გრუზინსკისა და ბაგრატიონ-მუხრანელის ქორწინება გასაკვირი არ უნდა იყოს.
ერთი კია, პატრიარქის ინიციატივამ სამეფო გვარის ღირსეული მემკვიდრის აღზრდის შესახებ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ხსნის გზა დაანახა.
ბაგრატიონთა სახლის ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბაგრატიონთა სახლის რეალური მეთაური ნუგზარ ბაგრატიონია. რაც შეეხება მისი ასულის, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილიშვილის, ანასა და დავითის შერიგება-არშერიგებას, ეს მათი კერძო, პირადი საქმეა.
„ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ინგლისის დედოფალ ელისაბედის ქალიშვილი თავის მეუღლეს შეურიგდა და აღდგა ოჯახი. ამ შემთხვევაში, ვინ ჩაითვლება ოჯახის ანუ სამეფო გვარის მეთაურად? რასაკვირველია, ისევ ელისაბედი. ასევეა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შემთხვევაშიც. მისი შტო, მუხრან-ბატონების შტოსთან შედარებით, ძირითადია, რასაც ისტორია და ისტორიული დოკუმენტებიც ადასტურებს. დანარჩენი უკვე ღმერთისა და ხალხის გადასაწყვეტია. კონსტიტუციური მონარქიის საკითხს ხალხი წყვეტს როგორც საქართველოში, ისევე, ინგლისში, ნორვეგიასა თუ სხვაგან“, - აცხადებს იოსებ ბიჭიკაშვილი პრესაჯი.ტვ-სთან საუბარში.
ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე სხვაგან არაა საძიებელი, რადგან ნუგზარ ბაგრატიონი თავისი სახით აერთიანებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. ამის მაგალითად 1790 წლის ივერთა ხალხის ტრაქტატი მოჰყავს, სადაც პირდაპირ წერია, რომ იმერეთის მეფე სოლომონი, სამეგრელოს მფლობელი თავადი გრიგოლ დადიანი და გურიის მფლობელი თავადი ვახტანგ გურიელი აღიარებდნენ ერეკლე მეორის პირველობას. ამ ტრაქტატის დენონსაცია კი არავის მოუხდენია. მათ შორის, არც რუსეთის იმპერიას.
„ანა, დავითთან შეფარდებით, უპირატესია. ანა არის ერეკლე მეორის შთამომავალი, ხოლო დავითი მუხრან-ბატონების შთამომავალია, რაც ევროპული კლასიფიკაციის მიხედვით, ჰერცოგს უტოლდებოდა. ისინი მას შემდეგ მოდიან, რაც მუხრანის სათავადო ჩამოყალიბდა, რომლის დამაარსებელი იყო ბაგრატ ბატონიშვილი- ქართლის მეფე კონსტანტინე მეორის მესამე ვაჟი“.
საქმე ისაა, რომ 2006 წელს ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლებმა ე.წ. ბაგრატიონთა დინასტიის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, სადაც თბილისში მცხოვრებმა ბაგრატონებმა და ზოგიერთმა უცხოელმა ბაგრატიონმა ნუგზარ ბაგრატიონი ბაგრატიონთა სახლის მეთაურად აღიარეს. რაც ისტორიკოსის აზრით, ისტორიულ სიმართლეს, საბუთებსა და დოკუმენტებს ეფუძნებოდა.
„ნებისმიერი მემკვიდრის დასახელება ბატონი ნუგზარის გადასაწყვეტია. ეს შეიძლება მისი ქალიშვილი ან შვილიშვილი, თუნდაც ნებისმიერი ნათესავი იყოს. ამ უფლებას სახლის მეთაურს ვერავინ წაართმევს, ეს ყველა სახელმწიფოში ისტორიულად მიღებული ფორმაა. შესაძლოა, სამეფო დინასტია ამჟამად მმართველი არ იყოს, მაგრამ მისი სტატუსი დროსა და სივრცეში არ იცვლება. ნუგზარ ბაგრატიონის შემდეგ სამეფო სახლის მეთაურია ანა. აქ საუბარია კონსტიტუციურ მონარქიაზე და არა აბსოლუტურ მონარქიაზე“, - აღნიშნავს ისტორიკოსი.