ესენი ერთად საშინელი სანახავია: შავი ჭირი, მტრის ურდოები, ხანძარი, მიწისძვრები, ქარიშხლები და ქარბორბალები, ნაირგვარი ცხოველების, ფრინველების, თევზების შემოსევები, ავარიები ელექტროსადგურებზე, აფეთქებები ახლომდებარე სამხედრო ბაზებზე, წყალსადენის მოწამვლა, დივერსიები, ნაგვის ეპიდემიები და ასეთი რამეები. ყოველ ამათგანს საუკუნის შესაბამისად აკლდება ან ემატება ძალა. შეგიძლია ყველა ეს უბედურება, პანდორას უჯრა თუ რაღაც ჯანდაბაა, საერთოდ გამორთო და მშვიდობიან ცხოვრებას მიაწვე, მაგრამ მაშინ ნამდვილი ცხოვრება, ანუ ნამდვილი თამაში, აღარ გამოვა. თანაც, ამას კი გამორთავ, მაგრამ შენს ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს რაღას უზამ?
(აკა მორჩილაძე, „ვეშაპი მადათოვზე“)
ნამდვილი ცხოვრებაც ამას ქვია: არჩევა-გადარჩევები, დანიშვნა-მოხსნები, გახსნა-დახურვები, გადასვლა-გადმოსვლები, შეკრება-დაშლები, დაშლა-არმოშლები... ეს რომ გამორთო, ცხოვრება მოსაწყენი გახდება. ცხოვრება ის არის, ხვალინდელი დღის იმედი რომ აღარ გაქვს, მაგრამ ხვალინდელი დღე მაინც რომ თენდება და ისევ რომ არ გაქვს ხვალინდელი დღის იმედი. თევზების შემოსევა იქით იყოს, იქით იყოს ავარიები ელექტროსადგურებზე, ნაგვის ეპიდემიები კი კარგა გვარიანად გაგრძელდა და რა ვუყოთ იმას, ნაგავში ცხოვრება სულაც რომ არ არის ნამდვილი ცხოვრება? ქარიშხლებს კიდევ აიტანდა კაცი, ამ ქარიშხლებს ნაგავი რომ არ მოქონდეს.
მოდის კანონმდებლებს კიდევ მოუყრუებ ყურს, დაიკიდებ და გულზე მოგეშვება, მაგრამ ნაგვის კანონმდებლებს რა უნდა უყო? ერთია - ნაგავს უნდა გააყოლო, მაგრამ ამისათვის ჯერ ცოცხს უნდა დაუბრუნდეს თავისი ჭეშმარიტი დანიშნულება.
მაგრამ, აქანდაზიც რომ არსად ჩანს?..
გასულ კვირაში კი, ბევრი ნაგავი იყო - მეცხრე არხს შესეული ყრანტალა ყვავ-ყორნებით დაწყებული და ხელმოწერების შეგროვებით დაკავებული ხვლიკით დამთავრებული. ეს რომ ევროპული ქვეყანა იყოს, რამდენიმე ბუნკერი დაიდგმებოდა და დახარისხდებოდა - ორგანული ნარჩენები, არაორგანული ნარჩენები, მაკულატურა და სხვა, მაგრამ მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელობაზე მეოცნებე. მთლად რამდენიმე ბუნკერი არ გამოდის, ბუნკერი ერთია, თუმცა ვცდილობ, ამ ერთ ბუნკერში ყველას თავისი კუთხე მივუჩინო.
ერთი კუთხე ექსკლუზიურად ეკუთვნის ამას: „მინდა, განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მინიმუმ ორჯერ აღემატება. კერძოდ კი, ივლისის თვის მონაცემებით 345 ახალგაზრდა შემოგვიერთდა. ასე რომ, პრეზიდენტო, არჩევნებთან დაკავშირებით ახალგაზრდების სრული მობილიზაციაა“, - აღნიშნა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ აბესაძემ. ამასთან, მან ვერ დააკონკრეტა, თუ რამდენმა ახალგაზრდამ დატოვა ორგანიზაცია. როგორც მისთვის არის ცნობილი, მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციიდან ორმა ადამიანმა დატოვა რიგები. იგი აცხადებს, რომ პარტიაში მხარდამჭერების მისვლა-მოსვლის აღწერა ძალიან ძნელია.
არ მომწონს ეს „არჩევნებთან დაკავშირებით ახალგაზრდების სრული მობილიზაცია“ და რა ვქნა? არც ის მომწონს, მისვლა-მოსვლის აღწერა რომ ეძნელება, სხვანაირად კი - ეზარება და იქნებ თვლაც არ იცის, თუმცა ეგ არაფერი... „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მინიმუმ ორჯერ აღემატება“ - აი ეს კი, ნამდვილად ამაზრზენია.
შარშან ამ დროს სად იყვნენ, ჰა? ან, ახლა სად იქნებოდნენ, ის რომ არ მომხდარიყო, რაც მოხდა? ანაც, ახლა რომ არიან იქ, სადაც არიან, რას აკეთებენ?
კი, იცვლება რაღაც-რაღაცეები, მაგრამ იქ არაფერი შეცვლილა, საიდანაც ვერაფერს წაშლი და ა, ბატონო: „თბილისის დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვარ 21 წლის პაციენტს მკურნალობენ. როგორც თბილისის რეფერალური კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, 21 წლის გოგონა დამწვრობის ცენტრში მიიყვანეს, რომელსაც გარუჯვისთვის ლეღვის ფოთლების ნახარში ჰქონდა სხეულზე გადავლებული. გოგონას სხეულის 35% აქვს დამწვარი. გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა“.
ამ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა. რამდენი ისეთი ქათამი დადის, კვერცხად რომ დარჩა და რამდენი ისეთ კვერცხი დაგორავს, რომ ჯობდა საერთოდ არ გამოჩეკილიყო? იმდენი ჭკუა მაინც უნდა გქონდეს, რომ გაჩუმდე. ორჯერ მეტნი ვართო ანუ, გაივსო აქაურობა მედროვეებითო, ეგ რა საამაყოა? დააყე, რა! აი, მაგალითად, ისევ ლეღვის ნახარშს რომ მივუბრუნდე, შარშან ამ დროს დამწვრობის რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო. დარწმუნებული ვარ, წელსაც არ იქნებოდა ნაკლები, თუმცა, როგორც ექიმი ამბობს, მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იმიტომ, რომ დანარჩენებს შერცხვათ და არ გაახმაურეს. აბა, რა საამაყოა, ყველამ რომ გაიგოს, დებილი რომ ხარ?
ანაც ეს: „ეს რეზიდენცია, რომელიც არის ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, თავის დროზე იყო ცეკას მდივნის რეზიდენცია, მერე ასლან აბაშიძის, მერე საქართველოს პრეზიდენტის. რეზიდენცია, სადაც მე საკმაოდ იშვითად ვჩერდებოდი და ბოლო ერთი წელი პრაქტიკულად არც ვყოფილვარ, გადავცეთ დასასვენებელ სახლად ომში დაღუპულების ოჯახის წევრებს, ისევე, როგორც ჩვენი შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს. პატარა შეცვლა დაჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ აქ დადიოდნენ ჩვენი სამხედროები თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, დადიოდნენ სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაჭრილები რეაბილიტაციისთვის და იმ სამხედროების ოჯახის წევრები, ვინც თავი შესწირა სამშობლოს“.
ერთი ომიდან ოცი წელი გავიდა, მეორე ომიდან - ხუთი წელი, რეზიდენცია არსებობდა, მაგრამ იშვიათად იყენებდნენ და ახლა ეს, რა ქვია... მიშა, ამბობს, დაჭრილებს რეაბილიტაცია ჭირდებათ და აჰათ, მომიძღვნიაო. „პატარა შეცვლა“ კი, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, იქნება ის, რომ გასვლის წინ გაძარცვავს და გააპარტახებს. ტყუილად კი არ უწოდეს „მაოხრებელი მკვდარი“! რასაც აკეთებს, ყველაფერს ქვეყნის საზიანოდ აკეთებს, ამას კი გაფუჭება ქვია. კაგებეს სკოლაა - თუ მიდიხარ, ნაღმი უნდა ჩადო და ვინც აფეთქდება, იმან იკითხოს, თორემ შენ უკვე შორს იქნები.
ჰოდა, გასულ კვირაში ცესკოს თავმჯდომარეობა ენჯეოშნიკებს რომ შეთავაზა, ესეც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ.
ენჯეოშნიკებმა განიხილეს (სულ 7 ათასი ენჯეოა რეგისტრირებული, განხილვაში კი მხოლოდ 11 მონაწილეობდა) და წარადგინეს ვინმე თამარ ჟვანია, რომელზეც სააკაშვილმა თქვა, საერთოდ არ ვიცნობო, მაგრამ ეგ იმასაც ამბობდა, დათა ახალაიას არ ვიცნობ, სოსო თოფურიძე კი ერთადერთხელ ვნახე და მაშინაც შერონ სტოუნის მძღოლი მეგონაო.
ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია, იცნობს თუ არა სააკაშვილი ჟვანიას, მაგრამ ჩვენ (საზოგადოებას მინუს სამოქალაქო საზოგადოება) რომ არ ვიცნობთ ფაქტია და ხომ უნდა გავიცნოთ-ბოლო-ბოლო?
„თამარ ჟვანია დემოკრატიის მმართველობის და არჩევნების სფეროში „რესურსების განვითარების პროგრამის სრულად აკრედიტებული ფასილიტატორია, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ტრეინინგებში, პროექტებსა და კვლევებში“, - სხარტად და გასაგებად აღნიშნა ნინო ლომჯარიამ და, სიმართლე გითხრათ, ასეთი ყოვლისმომცველი და ამომწურავი დახასიათება ჯერ არ მომისმენია. განა მართლა დიდებული არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით და ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე (თან, არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა გამორიცხული) შენი ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარედ „რესურსების განვითარების პროგრამის სრულად აკრედიტებული ფასილიტატორი“ რომ ინიშნება?!
არადა, სააკაშვილმა, ცესკოს თავმჯდომარეობა კოჟორიძეს, ლომჯარიას და გიგაურს შევთავაზეო... ამხელა კაცია და „რესურსების განვითარების პროგრამის სრულად აკრედიტებული ფასილიტატორის“ შესახებ არაფერი სმენია. სამაგიეროდ, მიაჩნია, რომ „ლომჯარია და გიგაური არიან გულანთებული, ნორმალური ადამიანები“ და ამბობს: „ამიტომ შევთავაზე მათ. ძალიან მესიმპათიურება ეს ხალხი“.
ანუ, სამს შესთავაზა, მაგრამ ამ სამიდან მხოლოდ ნინო და ეკა ესიმპათიურება. კახა? კახას რა? რა და - ხალხის სიყვარული.
ძაან მაგარი კი ის იყო, რომ ჟვანიას კანდიდატურას ბურჯანაძე მიესალმა. ასე რომ, ხმებს ჟვანია დაითვლის, სააკაშვილს კი შეცვლის ბურჯანაძე.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად მმართველი კოალიციაც გამოავლენს საკუთარ ნებას, მხარი დაუჭიროს ჩვენს მიერ დასახელებულ კანდიდატს არჩევანის გაკეთების დროს“ , - აღნიშნა სააკაშვილის ორი შთაგონების წყაროდან ერთ-ერთმა, ნინო ლომჯარიამ.
ჰო, ჰო... სწორედ მაგიტომ მოხდა პირველი ოქტომბერი, „ქართულ ოცნება“ სააკაშვილის მსგავსად რომ ავლენდეს საკუთარ ნებას. სწორედ მაგიტომ! და, ავლენს კიდეც.
„მთავრობის კანცელარიიდან სამთავრობო უწყებებმა, მთაწმინდის პარკში გადაადგილების გამო, გაფრთხილება მიიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კანცელარიის პრესსამსახურში განუცხადეს, კანცელარიაში შესული განცხადების შემდეგ, უფროსმა მაია ცქიტიშვილმა წერილი ყველა უწყებას გაუგზავნა და მთაწმინდის პარკში გადაადგილებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მისცა. კანცელარიის პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ, თუ რომელ უწყებებზე ჰქონდა მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას პრეტენზიები. მათი თქმით, წერილში საუბარი ზოგადად სამთავრობო მანქანების კოლონებზე იყო. “ყველა უწყებამ მიიღო გაფრთხილება და იმედი გვაქვს, მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, მთაწმინდის პარკსაც აღარ აქვს პრეტენზიები“, - აცხადებენ მთავრობის კანცელარიაში“.
როგორც მიხვდით, ეს ნიუსი ჩემი საძმადნაფიცოს ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა გაავრცელა. მადლობა მას. რომ არა იგი, მაშ როგორ დადასტურდებოდა ჩვენი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მთავრობა ესე აღსავსეა გოიმებით? მართალია, მთაწმინდის პარკის დირექტორს აღარ აქვს პრეტენზიები, მაგრამ მთაწმინდა ჯერ პანთეონია და მხოლოდ ამის შემდეგ - პარკი. პანთეონში კი, წუხან - „ბედნიერი ერი“ დღეს ბევრად უფრო ბედნიერია, ვინემ ოდესმე. ჰო, მართლა... საიდან შეიტყო მთავრობის კანცელარიამ, რომ მაღალნი გვამნი მთაწმინდის პარკში ავტომობილებით დაშლიგინებდნენ? თურმე, დირექტორს მიუწერია: „სხვადასხვა სამთავრობო უწყებების პირველი პირები, სისტემატურად, ნებისმიერ დროს ითხოვენ გადაადგილებას პარკის ტერიტორიაზე, რესტორნის მიმართულებით, ამის გამო პარკის ვიზიტორებს სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ, რის გამოც ღიად გამოთქვამენ უკმაყოფილებას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების პირველი პირები სისტემატურად დაბრძანდებიან რესტორანში, ჭამენ მწვადს, აყოლებენ შამპანურს და ყველა, ვინც ასე არ და ვერ იქცევა, მათთვის არის ბავშვობაში რადიატორთან მჯდომი ვალოდია ჯინჭარაძე, ანუ ვიღაც ამომრჩეველი.
ვაჰ, ნაცებო, თქვენ კი მოგხვდათ არმაგედონის ზანგის, არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის რომ მოგვიწია!
„საით მიიწევთ, უგუნურნო, საით?“ - კაპიტან ბლადს თავისი საყვარელი ჰორაციუსის სიტყვები გაახსენდა...
საერთოდ არ გამახსენდებოდა არმაზ ახვლედიანი, ამ ოქრო-სიტყვებით თვითონ რომ არ შეეხსენებინა საკუთარი თავი. „როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, ბევრს უკვირდა მისი აქცენტები. გავიდა დრო და უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ეს იყო სწორი აქცენტები. ახლაც, პრემიერ-მინისტრის აქცენტი არის ერთადერთი სწორი. როდესაც ის ამბობს, რომ უმთავრესია შევეხიდოთ, შევეშველოთ ჩვენს საზოგადოებას განვითარებაში. საზოგადოება უმთავრესია და იქიდან გამომდინარეა ჩვენი პოლიტიკური პროცესი. ასე სახელმწიფოებრივად აღიქვამს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების მნიშვნელობას პრემიერ-მინისტრი, ამიტომ მის აზრს მთლიანად ვეთანხმები“.
მინდა გითხრათ, რომ როდესაც „ბატონი ბიძინა“ პოლიტიკაში მოვიდა, უამრავი ადამიანი დახვდა, რომლებიც არასოდეს ერიდებოდნენ ნაც-ბანდის დედის გინებას და მამის კრიტიკას, თუმცა მათ შორის არ იყო არმაზ ახვლედიანი. სადღაც, ქალაქის ცენტრში, რომელიღაც პარკის ერთ-ერთი ბუჩქის ძირას მოწყობილი ქონდა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა“, რომლის კურსდამთავრებულთა სიას ამ დღეებში სიამოვნებით გადავხედავ და მის შინაარსს თქვენც გაგაცნობთ, მანამდე კი, არმაზიანი ნიუსის დასასრულს გაახლებთ: „კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ეთანხმება ასევე პრემიერის მოსაზრებას, რომ ქართულ საზოგადოებას დაბალი პოლიტიკური კულტურა აქვს. მისივე თქმით, სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურა საქართველოში არ არის სათანადო და ამისთვის საჭიროა მეტი განათლება და ტრადიციის ჩამოყალიბება. „ამას კი მკურნალობის დაწყება ქვემოდან, საზოგადოებიდან სჭირდება. ამდენად, პრემიერის აქცენტი არის ზუსტი და დროული“, - დასძინა არმაზ ახვლედიანმა“.
ჰოოო... ივანიშვილს ეს არ უნდა ეთქვა. იმედს ვიტოვებ, რომ ბოდიშსაც მოიხდის - ცხელ გულზე ვთქვიო. მართალი გითხრათ, მომწონს ხოლმე, მერე რომ გადათქვამს, მაგრამ რაღაც ხშირად ხდება ეს გადათქმა-გადმოთქმები, ამას კი ვერ მოვუწონებ. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ გადათქვამს თუ არა ივანიშვილი, ასევე გადათქვამს არმაზ ახვლედიანიც - ცხელ გულზე დავეთანხმეო და გაიგე ახლა, სად ასვენია საქართველოს ცხელი გული, მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის კაბინეტში!
მოკლედ, გასულ კვირაში ბევრი ნაგავი იყო, ყველაზე დიდი სიმყრალე კი მეცხრე არხის გარშემო დაიყარა.
ტელევიზია ივანიშვილის არის და როცა უნდა დახურავს და როცა უნდა გახსნის. არავის საქმე არ არის ეს, მით უმეტეს, ივანიშვილმა ძალიან ზუსტად ახსნა - „თვეში მილიონს ვხარჯავდი და ამ ფულს სხვა საქმეს მოვახმარ“. მეცხრე არხის ერთმა თანამშრომელმა მითხრა, ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ ვიცი, ამ ფულს რამე კეთილი საქმისთვის დახარჯავსო. ბევრი ამბობს იგივეს. ჟურნალისტები გულდაწყვეტილები არიან, თუმცა ყველაფერი კარგად ესმით, მთავარი ხომ გაგებაა?!
მჯერა, არავინ დარჩება უმუშევარი და ამიტომ ამ ამბის მედლის მეორე მხარე უფრო მაინტერესებს, რომელიც გვამცნობს, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. მხოლოდ ზოგი ჭირია მარგებელი, არასამთავრობო სექტორი კი ის ჭირია, რომელიც ვერასოდეს იქნება მარგებელი. ეს არის სენი, მაგრამ მედიცინაში ჩახედული ადამიანებისგან ვიცი, რომ ზოგი დაავადება, მიმდინარეობის დროს, თვითონ გამოიმუშავებს რაღაც-რაღაცეებს, რაც შემდეგ თავად ებრძვის ამ დაავადებას.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედია-ექსპერტებმა და, უბრალოდ, ექსპერტებმა გამოიმუშავეს „ვყიდულობთ მეცხრე არხს და ვქმნით სააქციო საზოგადოებას“.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ენჯეოშნიკებს ალალად ვეტყოდი: „ღმერთმა ხელი მოგიმართოთ“.
ტელევიზია უნდა იყოს მომგებიანი - ეს სიტყვები გვესმის და იწერება ამ დღეების განმავლობაში. მომავალი აქციონერები მსჯელობენ, როგორ შეკვეცენ ხარჯებს, როგორ მოიზიდავენ რეკლამებს, როგორ ჩადებენ მოგებას განვითარებაში და ა.შ. თავიდან 3 ათასზე მეტნი იყვნენ, ამ წუთისთვის 400-მდეა დარჩენილი („მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა, იო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი“), დანარჩენებისთვის ქილა ერბო ადრეულ სტადიაზევე გატყდა, რადგან გული გატყდა - იქ ისეთმა გვარებმა და გვამებმა მოიყარეს თავი...
მსჯელობენ მოგებაზე, თუმცა იციან, რომ სარეკლამო ბაზარი... ეეეჰ, რა პაწაწკინტელაა! სამაგიეროდ, არიან ფონდები, არიან დონორები, არიან გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები, ტრანსსექსუალები და ნაციონალები. ისინი არიან და იქნება გრანტები. იქნება გრანტები და იქნება მოგება, ოღონდ ვინ მოიგებს - ასო-მთავრულები თუ საზოგადოება?
მოიგებს საზოგადოება! საზოგადოებამ ხომ მხოლოდ მაშინ მოიგო, როდესაც ნაცთა ჭეშმარიტი სახე აღმოაჩინა, ოდეს ცოცხები იხილა ტელევიზორში?!
აბა ჰე - ერთი კარგი ტელევიზია თქვენზე იყოს და სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს.
დალოცვილებო, ხომ არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ხომ გყავდათ იქ ორი წარმომადგენელი - ნინო დანელია და შორენა შავერდაშვილი? მაშ, რაღა საჭიროა ეს: „დღეს ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ტელევიზია იყიდება, თუკი მყიდველი გამყიდველთან შეთანხმდება. საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად შეუძლია შეიძინოს ტელევიზია, რომელიც შეღავათიან პირობებში იყიდება“.
მე ის მიხარია, რომ მაგათ ბოლს ნელ-ნელა ძალა ეკარგება, რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ პლანი არის ცუდი - აფუჭებს კბილებს, აშრობს ტვინს... მოკლედ, ბომჟობაა.
გულდასაწყვეტი ის არის, რომ ივანიშვილი პირადად უნდა მისულიყო ტელევიზიაში და პირადად უნდა აეხსნა ჟურნალისტებისთვის ყველაფერი. მაშინ აღარ დაჭირდებოდა ვიღაც-ვიღაცეების მიერ ყურში ჩაწვეთებული ტყუილების გამეორება, თითქოს მეცხრე არხზე მუშაობდნენ არაპროფესიონალები, გამოუცდელი დამწყებები და საბოლოოდ დამთავრებულები.
„რაც შეეხება გამოცდილებას, ამაში ნამდვილად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რადგან არჩევნების წინა პერიოდში იქ სხვა გუნდი იყო, აბსოლუტურად სხვა გამოცდილებით და ეს იყო სხვა გუნდი საქართველოს რეალობაში. არჩევნების შემდეგ ბევრი ადამიანი წავიდა არხიდან. შემდეგ დროინდელ გუნდში დიდი ნაწილი გამოუცდელი იყო, რაღაც ნაწილი - გამოცდილი. პრემიერს ამაშიც შემიძლია დავეთანხმო, რომ იქ მომუშავეები იღებდნენ ხელფასს და მეორეც, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რა პროექტი იყო „მე-9 არხი“ და „ინფო-9“. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძირითადი გუნდი წავიდა ტელევიზიიდან“ - ეს სიტყვები ერთი ცნობილი მედია-ექსპერტის, ქართული ჟურნალისტიკის დედის ბაგეთაგან წარმოდინდა.
ძირითადი გუნდი წავიდაო... ამ „ძირითადმა გუნდმა“ იყო, 500-ლარიანი ინტერნეტი 10 ათას ლარად რომ ჩართო, 100-ლარიან სკამებში 2 ათასი ლარი რომ გადაიხადა, უვარგის პროგრამებში მილიონი რომ გადააგდო და ჟურნალისტები შეყარა შენობაში, სადაც ჟანგბადი ჭირს და გასულ კვირაში დადებული დასკვნის მიხედვით, ადამიანი ყოველ ერთ საათში გარეთ უნდა გავიდეს და ჰაერი ჩაისუნთქოს, თუ უნდა, რომ რამე უკურნებელით არ დაავადდეს.
ეს „ძირითადი გუნდი“ იყო, მეცხრე არხის რეკლამირებისთვის თვეში 30 ათას ლარს რომ უხდიდა ჟურნალს, რომელსაც თვეში მხოლოდ 30 მკითხველი ყავს და აქედან ერთი გამომცემელია, მეორე - მთავარი რედაქტორი, მესამე - რედაქტორი, მეოთხე - კორექტორი და მეხუთე - სტილისტი.
თუ კიდევ გააგრძელებენ ეგეთ რაღაცეებს და საღოლ მაგათ!
უფრო სწორად - ერთი, მაგათიც!!!
ბოლოსთვის კი, ეს ამბავი შემოვინახე - „კასპის გამგებელი ოლეგ იაძე შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს“.
რას ქვია „შესაძლოა“?! თუ „პატარა ბიძინა“ ხარ, პატარა ბიძინა იყავი, რადგან ბიძინა აუცილებლად გადადგება და, ისა... კასპის ტელევიზიაში რა ხდება? იმასაც ხურავენ? რას ამბობს „ქართული ოცნების“ კასპის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნი, „პატარა არმაზი“? ხომ სრულად და თავიდან ბოლომდე ეთანხმება „პატარა ბიძინას“ მოსაზრებას, რომ კასპში არ არის სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურა, და რომ კასპში მკურნალობის დაწყება ქვემოდან, საზოგადოებიდან უნდა მოხდეს?
თქვე მართლა პატარებო... თქვენთვისაც მოიცლის არმაგედონის ზანგი, ქვემოდანაც და ზემოდანაც, ყველა რაკურსით.
პ.ს. (პოსტ სკრიპტუმ) ერთადერთი შეღავათი ის არის, რომ მთლიანი დროების თამაშიც შეგიძლია და ცალკეული ნაკუწებისაც, ოღონდ, თუ ერთი ნაკუწი აირჩიე, თუ უბედურებები, ტომები და ამქრები გამორთე, პრარაბი გამოდიხარ და არა ქალაქის მაშენებელი. თანაც, ისე არ არის, რომ ბედის ანაბარა იყო მიტოვებული.
(აკა მორჩილაძე, „ვეშაპი მადათოვზე“)