ქართული ევროტური - ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს!

ქართული ევროტური - ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს!

22 აგვისტოს “დინამომ” მორიგი ევროტური უდიდესი სირცხვილით დაასრულა. თბილისში ლონდონის “ტოტენჰემი” გვესტუმრა და ევროპის ლიგის პლეი ოფში ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი “ცალი  ფეხით” 5:0 გაგვინადგურა.

“ტოტენჰემმა 22” აგვისტოს "დინამო-არენაზე" მასტერ-კლასი ჩაგვიტარა და მტკივნეული ფორმით შეგვახსენა, რომ ქართული ფეხბურთი ძალიან შორს არის თანამედროვე მსოფლიო დონისგან. ინგლისის პრემიერლიგის გუნდი ჩვენთან უცხოპლანეტელთა ნაკრებად გამოჩნდა.

აგია პიკასოს შვილიშვილი?!

ადრე ასეთებთან წაგების შესაფუთად, ხშირად ვხმარობდით ფრაზას, "ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ". ამჯერად ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. კლასში უზარმაზარმა სხვაობამ თბილისელები დათრგუნა. ლონდონელები თავს არ იკლავდნენ და მხოლოდ მაშინ მწარდებოდნენ, როდესაც “დინამო” “კბენას” ცდილობდა. ხუთი გოლი ასე ღადავით გაგვიტანეს და მასპინძლებს მიანიშნეს, ვისთან ჰქონდათ საქმე.

ამაზე მეტად სხვა რამ იყო დასანანი: როდესაც “დინამო” უყურებ, განსაკუთრებით, ლეგიონერებს, ვერაფრით მიხვდები, რაში იხარჯება მილიონები, როდესაც ისინი გუნდს ვერც ეხმარებიან? თბილისის “დინამოში” ირიცხებიან მაკედონიელი დარკო გლიშიჩი, სლოვაკი პეტერ გრაიციარი, ესპანელები უსტარიცი და ჩისკო, რუმინელი დორინ გოგა და კოტ დიუარელი პატრიკ ვუო.

აქამდე, ლეგიონერებიდან გამორჩეული უდავოდ ჩისკო იყო, მაგრამ წლევანდელ სეზონში ისიც ცუდად გამოიყურება; გლიშიჩი ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება; გრაიციარი ურიგო მოთამაშე არ არის, მაგრამ ტრავმირებულია; უსტარიცი დაცვის ცენტრში საიმედოობით ვერ გამოირჩევა და “ტოტენჰემთან” არც უთამაშია. გაუგებარია, რა დანიშნულება ჰქონდა რუმინელი დორინ გოგას მოწვევას, როდესაც ის შეცვლაზე თამაშობს, თანაც, მეტად უფერულად; კოტ დიუარელი თავდამსხმელი ვუო კი გოლების გატანეზე მეტად, მხოლოდ ბრძოლას ახერხებს. ძირითადში ვერც ის ხვდება.

რატომ არ ეძებს დინამო ტალანტებს?

თბილისელ კონკურენტებს მხოლოდ ჩისკო თუ სჯობს. თუმცა, “ტოტენჰემთან” გამორჩეულები ქართველი ახალგაზრდები იყვნენ – გიორგი პაპავა  და ელგუჯა გრიგალაშვილი.

შეცვლაზე შესული პაპავა ბრძოლებში გამობრძმედილ მოთამაშეს უფრო ჰგავდა, ვიდრე 19 წლის ბიჭს; გრიგალაშვილს კი არ აინტერესებს, “ტოტენჰემთან” თამაშობს თუ ლანჩხუთის “გურიასთან”, ეს პერსპექტიული მოთამაშე ყველა მეტოქესთან შეუპოვარი და უშიშარია.

საწყენია ისიც, რომ თბილისის “დინამო” მეორეხარისხოვანი ევროპელ-აფრიკელების ჩამოყვანით უფრო ინტერესდება, ვიდრე ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების დაწინაურებით.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩეხმა დუშან უჰრინმა რამდენჯერმე გარკვევით ბრძანა, რომ ახალი მოთამაშეები გუნდში სპორტულ დირექტორს, გიორგი (ბუბა) ტყავაძის ჩამოჰყავს, მე არაფერ შუაში ვარო და მიანიშნა, გუნდი რომ ვერ გაძლიერდა, მე ნუ მაბრალებთო.

ტყავაძის მიმართ პრეტენზიები გულშემატკივრებსაც აქვთ. ისინი თვლიან, რომ სწორედ “დინამოს” სპორტილი დირექტორია ამ გაუგებარი ტრანსფერების ავან-ჩავანი, ხოლო ყველაფერში დამნაშავე, მისი არასწორი საკადრო პოლიტიკა. გუნდის მეპატრონე რომან ფილია ხომ ლეგიონერებში ფულს არ იშურებს. მაგალითად, ამტკიცებენ, რომ ჩისკო 25 ათას ევროს იღებს.

ამ ლეგიონერების ჩამოყვანით კი “დინამოს” ახალგაზრდა თაობა იჩაგრება. 14 აგვისტოს, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლატვიას გასვლაზე 4-0 რომ დაამარცხა, იმ გუნდში მხოლოდ ერთი დინამოელი, პაპავა იყო. თუმცა, გამოძახებული მოთამაშეებიდან ხუთი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, პარუნაშვილი, ჯიღაური და ჩაფიძე თბილისელებმა სხვა გუნდებში გაანათხოვრეს.

ეს მომავალზე ზრუნვას არ ჰგავს. ხოლო დღევანდელმა კვერცხმა როგორც “გაამართლა”, “ტოტენჰემთან” შეხვედრამ ყველას აჩვენა. “დინამოს” ფულებთან ჩვენ რა ხელი გვაქვს, მაგრამ საწყენი ის იყო, რომ თავის მოედანზე "დინამომ" ევროტურნირებზე ყველაზე დიდი ანგარიშით საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემთან” წააგო (დღემდე ყველაზე მტკივნეული მარცხი 2004 წელს, პორტუგალიურ "სპორტინგისგან" ვიწვნიეთ – 0:4).

დილას საპირისპირო მოძრაობა

იგივეს ვერ ვიტყვით გორის “დილაზე”, რომელიც ვენაში ავსტრიულ “რაპიდთან” 1:0 დამარცხდა და შემდეგ წრეში გასვლის თეორიულ და საკმაოდ კარგ პრაქტიკულ შანსს ინარჩუნებს.

გორელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი ცდილობს, ნიჭიერი და გამოცდილ ქართველებს დაეყრდნოს და არა უცხოელებს.

მან წლეულს გუნდში მიიწვია საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი  ნაკრებების ყოფილი და ამჟამინდელი მოთამაშეები.

“დილასი” ზაფხულში ჩაირიცხნენ 19-წლამდელი საფეხბურთო გუნდში ნათამაშები მეკარე დავით ლეგაშვილი (20 წლის), მცველი გიორგი გაგნიძე და ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, ახალგაზრდული ნაკრების წევრები მამუკა კობახიძე და კონსტანტინე გაბაშვილი, ეროვნულის ასევე ყოფილი და მოქმედი წევრები, ირაკლი მაისურაძე ოთარ ხიზანეიშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, დავით ბოლქვაძე და რატი ალექსიძე.

ამას გარდა, დევდარიანი აქტიურად იყენებს ნიჭიერ ახალგაზრდებს გიორგი ილურიძეს, მიხეილ გორელიშვილს, ლაშა გვალიას, გიორგი დიასამიძეს.

რომელი უფრო ამართლებს, ევროთასებზე ესეც კარგად გამოჩნდა.

მანამდე გორში

ევროპის ლიგის პლეი-ოფის ამ ორ შეხვედრას არასასიამოვნო ფონი უძღვოდა. ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურში გორში “დილა” “დინამოს” დაუპირისპირდა. მატჩამდე გორელთა მთავარმა მწვრთნელმა თბილისელებს შეხვედრა გადადება სთხოვა, პლეი-ოფის მნიშვნელოვან თამაშებამდე, ქართულ გუნდებმა მთელი ენერგია ერთმანეთს არ შევალიოთო. მაგრამ უარით გაისტუმრეს.

შეხვედრა სკანდალით დასრულდა. რაც მიუხედავად იმისა, რომ "დილა"-"დინამო" ტურის ცენტრალური თამაში იყო, მისი პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცემოდა და ნახევარი საქართველო მაინც უყურებდა, მსაჯებმა მატჩი უსუსრად განსაჯეს და რაც გააკეთეს, ეს ქართული ფეხბურთის სირცხვილი გახლდათ.

მთავარმა არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ “დინამოს” კარში ორი პენალტი არ დანიშნა: 26-ე წუთზე, როდესაც “დილა” 1:0-ს იგებდა, საჯარიმოში ფლანგიდან შეჭრილი თემურ ღონღაძე დარკო გლიშიჩმა ხელით წააქცია. მეორე ტაიმში კი თბილისელთა მცველმა საჯარიმოში გრიგოლ დოლიძეს “იპონი” ჩაუტარა. მსაჯმა პენალტი არც ამ ეპიზოდი დანიშნა.

სადავო იყო წუთზე "დინამოს" მიერ გატანილი გოლიც, როდესაც ჯაბა დვალმა "დილას" კარი თამაშგარე მდგომარეობიდან აიღო, მატჩი კი 1-1 დასრულდა. ფაქტი კი ისაა, რომ "დილა" მოწინააღმდეგეს სჯობდა, ხოლო მსაჯის შეცდომების გამო, გორელებმა 3 ქულა  დაკარგეს.

ასეთი მსაჯობითა და თამაშებით ევროპაში შორს ვერ გავფრინდებით. ეს დრომ და მწარე წაგებებმა ბევრჯერ გავჩვენა, მაგრამ ჭკუას რომ ვერ ვსწავლობთ?

დევდარიანი ქართული ფეხბურთის გათიშულობაზე

ახლახანს “დილას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რაც ჩვენს მედიას გამოეპარა.

"თორნიკე გვანცელაძემ ჩვენს კარში აშკარა თამაშგარედან გოლი გაატარა და აშკარა პენალტი არ დანიშნა. ამის მერე კიდევ ითავხედა და ჩემი ბარათი წაიღო, უნდა დამაჯარიმოს და დისკვალიფიკაცია მომცეს. მაგრამ ჯარიმა და დისკვალიფიკაცია იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც ჩვენი ფეხბურთის ბედი. ნეტა, როდისმე გვეშველება? ერთი ვიგინდარას სასტვენმა რატომ უნდა ჩაყაროს წყალში ამდენი ხალხის შრომა, იმედი და რწმენა? დავიჯერო, ეს მარტო შეცდომა იყო და მეტი არაფერი? ნეტა, ეგრე იყოს.

თუ შეცდომა იყო, ღმერთმა შეუნდოს, მაგრამ მაგ ჩემი ცოდვით სავსეს რაღა ორივე ეპიზოდში ჩვენს საწინააღმდეგოდ შეეშალა? ვაღიარებ, მეც შემეშალა, როდესაც პატივცემული თორნიკეს შინაურობა “მოვიკითხე” და მზად ვარ, რაც მეკუთვნის, ის სასჯელი მივიღო, ჯარიმა იქნება ეს თუ დისკვალიფიკაცია. მაგრამ პატივცემული თორნიკე ქართული გუნდების “სამართლიან” რბევას გააგრძელებს. წინ თორნიკე!

ახლა მეორე: რამდენიმე დღის წინ დამირეკა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა სარაგოსა მულეტიმ და მენეჯერმა თაზო ბოკერიამ და მითხრეს: ავსტრიიდან 24 აგვისტოს ჩამოდიხართ, ევროპის ლიგაზე განმეორებითი თამაში 29-ში გაქვთ და არ ვიქნებით მართლები, 25-ში რომ გეთამაშოთ, გორის “დილას” წარმატება ჩვენი წარმატებაა, მაგრად გგულშემატკივრობთ და საქართველოს პრესტიჟს ყველა უნდა მოვუფრთხილდეთო.

არადა, მულეტი ესპანელია და არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა. ან რა ვაჟკაცობაა, ნათამაშებ-ნამგზავრებ-დახოცილ გუნდთან ქულების მოგროვება – რა თქმა უნდა, ეს ღირსეული ხალხისთვის. როგორც ყოველთვის, ქუთაისელებსაც ღირსება და კაცობა არ ეშლებათ.

ამ დროს, ქართული კლუბების ბოსებისგან (და არა ფედერაციისგან, ალალად, მათაც უნდოდათ ჩვენი დახმარება) პასუხად სასტიკი უარი მივიღეთ, არანაირი თამაშის გადადება!

მთავარია სამი ქულა გამოვძიძგნონ, მერე რა, რომ ქართული გუნდია, მერე რა, რომ ქართული ფეხბურთის პრესტიჟია, მერე რა, რომ სამ დღეში ისევ თამაშია. მთავარია, თუნდაც დავარდნილი დავკორტნოთ, გამოვძიძგნოთ, მოვასწროთ, მანამ ჩამოდგება და სამი ქულა მივისაკუთროთ, მივისაკუთროთ ყველაფრის ფასად.... და ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს".

მერამდენედ უნდა დააკავონ?

ამ სამარცხვიონო საფეხბურთო ამბებს “გვირვინი” ვენაში ქართველმა ფანებმა დაადგეს: გორის "დილასა" და ვენის "რაპიდის" შეხვედრის შემდეგ ავსტრიის კრიმინალურმა პოლიციამ ოთხი ქართველი დააკავა.

არსებობდა ინფორმაცია, რომ ქართული გუნდის მხარდამჭერთა შორის, კრიმინალში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ. ოთხი დაკავებულიდან ერთი ვენაში არალეგალურად იმყოფებოდა და საემიგრაციო სამსახურს დეპორტაციისთვის გადასცეს. მეორეს ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა,  ხოლო დანარჩენი ორი გაათავისუფლეს.

მაგრამ ისინი გორის "დილას" ავსტრიაში არ გაჰყოლიან და გუნდთან კავშირი არ გააჩნიათ. ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ოპერაციები საქართველოს ძველი ხელისუფლების ხელდასხმით დაიწყო და ევროპაში დღემდე ინერციით აგრძელებენ.

დასტურად 2012 წლის არჩევნებამდე საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი მოჰყავთ და ამტკიცებენ: მაშინ ერთ-ერთი ბერძნული არხთან მიცემულ ინტერვიუში ჯერაც მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, ყველა არალეგალი ქართველი გამოყარეთო.

ეს გორის “დილას” ფანებთან დაკავშირებული პირველი სკანდალური ფაქტი არ გახლავთ. ბევრს დაავიწყდა, რომ 2012 წლის ივლისში “დილამ” "ორჰუსთან" რომ გვასახელა (2:1, 3:1) და ევროპის ლიგიდან ჩამოიცილა, დანიაში თავი საქართველოს ორი მოქალაქემაც “გამოიჩინა”. ისინი გორელებს გუნდის გულშემატკივრებად წაყვნენ და სუპერმარკეტში მაისურებისა და ქამრის ქურდობისთვის დააკავეს. დეპორტაციის შემდეგ დანიაში დაკავებულ ქართველებს ამ ქვეყანაში შესვლა ორი წლით აეკრძალათ.

სირცხვილი ამით არ მოიწურებოდა: დელეგაციის კიდევ ერთი წევრი ჩეხეთში გადაფრინდა და ევროპაში დარჩა. მაშინ ამტკიცებდნენ, რომ გუნდს დანიაში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გორის საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები გაყვნენ. მაგრამ ჩინოვნიკების უსაქციელობა ძველმა ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო.

და ეს რას ცვლის? ფეხბურთშიც თუ ცხოვრებისეულ ამბებშიც, საქართველო მთელს მსოფლიოსთან “იჭრება” და ყველგან თავი გვეჭრება. ნუთუ, ესაა ჩვენი ქვეყნის სახე?