დიმა ობოლაძე: „მეც კი ვუშვებ შეცდომებს!“

დიმა ობოლაძე: „მეც კი ვუშვებ შეცდომებს!“

ქართული სპორტის თაყვანისმცემლები მაღალი დონის სპორტული კომენტატორებით განებივრებულები იყვნენ. მარტო ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის გახსენება გვეყოფა. მათი მომდევნო თაობაც ამ საქმეს ჩინებულად უძღვებოდა. შეიძლება მავანმა და მავანმა ბატონი ნუგზარ ჯუღელი გაგვახსენოს, მაგრამ ფაქტია რომ ამ კოლორიტულ პიროვნებას პროფესიონალიზმს ვერ დაუწუნებდი.
დღევანდელ წერილში საუბარი ამჟამინდელ სპორტულ წამყვანებზე მექნება.რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა ქართულ ფორუმებს ვესტუმრე და ამჟამინდელი ქართველი სპორტული კომენტატორების რეიტინგიც ვიხილე. ამ ჩამონათვალის ობიექტურობაზე საუბარი ძნელია, რადგან ნებისმიერ ადამიანს ამ საკითხის მიმართ საკუთარი აზრი გააჩნია.
ქართველი ფორუმელების მტკიცებით, ქვეყნის საუკეთესო სპორტული წამყვანი ბიძინა ბარათაშვილია.(სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ბატონი ბიძინა ამ საქმიანობას ჩამოშორდა). მეორე ადგილზე ვახო გეგელია აღმოჩნდა, მესამეზე დიმა ობოლაძე, მეოთხეზე სანდრო ცნობილაძე და მეხუთეზე ლევან სალუქვაძე. ჩემი აზრით საკმაოდ ობიექტური სურათი დაიხატა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გემოვნებაზე არ დავობენ.

კიდევ ერთი. აღმოვაჩინე რომ ამჟამინდელი სპორტული კომენტატორებიდან ხალხს ყველაზე მეტად დიმა ობოლაძე უყვარს, რომელმაც სხვა კოლეგებს ამ ნომინაციაში დიდი უპირატესობით გაუსწრო. რომ არსებობდეს ე.წ. „სახალხო სპორტული კომენტატორის“ წოდება, მას აუცილებლად ბატონი დიმიტრი მოიპოვებდა.
წინა კვირა ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. ამ მიზეზით დღეს მკითხველის გახალისება მსურს და მათ სამსჯავროზე ჩვენი სპორტული კომენტატორების მიერ წარმოთქმული „მარგალიტები“ გამოვიტანე.

დიმიტრი ობოლაძე

„ისეთი დაძაბული თამაშია, რომ მეც კი ვუშვებ შეცდომებს!“

„პინტო, ეტყობა, ცოტა ვერაა გაწონასწორებული ფსიქიკურად - სკამიდან წითელი მიიღო და მოედანზე რომ ყოფილიყო რას იზამდა!“

„როცა მესი არ თამაშობს, „ბარსელონას“ რაღაც აკლია და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს რაღაც სწორედ მესია.“

„კოლოჩინი კუთხურს აწოდებს. აი, მიდის ალამთან, მივიდა თითქმის, უი, არა - საჯარიმოში ჩასულა.“

„ბერძნები ყველანაირად ცდილობენ პირველი ტაიმის დამთავრებას.“

„ასეთი შეცდომა დაუშვებელია პრემიერლიგის ფეხბურთელისთვის და საერთოდ იმ ფეხბურთელისთვის, ვინც პრემიერლიგაში თამაშობს.“

„სამწუხაროდ, რობენს ჩვენ დღეს ვერ ვიხილავთ - მას წინა კიდურების ტრავმა აქვს.“

„ჩელსის“ კარში ბურთი ალბათ, უბედური შემთხვევის შედეგად გავიდა.

„კარი რომ ცოტა გვერდზე ყოფილიყო, შესანიშნავი იქნებოდა.“

„ბარსელონა“ დღეს ჩვეულ თამაშს ვერ თამაშობს, ისღა დარჩენიათ მესიზე გააკეთონ აქცენტი. მესი ბურთს მიიღებს, ორ კაცს გაცდება, მესამე წააქცევს და ჯარიმა დაიდება. ესეც შანსი.“

„გრძელდება შეტევა. არა, ორი ფეხბურთელი გდია ახლა ბალახზე.“

„თანამედროვე ფეხბურთი ისე დაიხვეწა, ფაქტიურად გოლი თუ არ გაიტანე ვერ მოიგებ.“

„შეხვედრა თანაბრად, „არსენალის” უპირატესობით მიმდინარეობს.“

„ტიაგო სილვას აქვს ტრავმა და დღეს ის არ ითამაშებს. არც ტიაგო მოტა და აი, როგორც ხედავთ დღეს ისინი თამაშობენ."

„უკაცრავად, ანგარიში გაიხსნა ძვირფასო მაყურებლებო.“

დავით მინაშვილი

„ფერდინანდმა ან ძალიან კარგად ითამაშა, ან ძალიან ცუდად. გამეორებაზე გამოჩნდება, თავისთავად ცხადია.“

„სიტუაცია ითხოვდა ძანეტი ბურთს გამოსთხოვებოდა.“

„როგორც ხშირად ხდება, გამარჯვებული ყოველთვის ერთი გუნდი გამოდის ხოლმე.“

„ასეთი მანძილიდან ბურთის აცილება რეკომენდირებული არ არის.“

„როგორც მოგეხსენებათ, დელ ბოსკეს 2012 წელს ვადა გასდის.“

„კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ არაერთ გოლს გაიტანს.“

„ამ ორი გუნდიდან, ერთ-ერთს აუცილებლად იხილავთ ფინალში ამ სტადიონზე"

„ასეთი საწყალი სახით რობენი არ მახსოვს.“

„მესი უკნიდან მოქმედებს.“

„ტრეზეგეს თავზე ორთქლი ასდის. არა, ბოლი... უკაცრავად - ოხშივარი.“

„ჩელსიმ“ მიატოვა ფეხბურთის თამაში.“

„რატომ აცვია ალვეშს დამიაოს ფორმა? ახლა ვეძებ ნათესავები ხომ არ არიან.“

„ცოტა ფეხბურთზეც უნდა ილაპარაკო ალბათ ხშირ შემთხვევაში."

„შორეულ 80-იანებში რომელიც გულშემატკივარს კარგად ახსოვს.“

„პსვ“ 1913 წელს, 34 აგვისტოს დაარსდა.“

„აწოდებს სეთურიძე... არ აძლევენ ამის საშუალების გაკეთებას.“

თამაშს ესწრებიან: მარგველაშვილი, კახა კალაძე და ენერგეტიკოსი მინისტრი.“

„ზემოთ, ცოტა მარცხნივ, პირველი არხის ლოგოსთან ზის ფაბიო კაპელო.“

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით კანავაროს პოტენციის შესახებ.“

„ნეიმარი ძაან მჩატეა.“

„გაჯია იცით ურუგვაელი ფეხბურთელი?“

სანდრო ცნობილაძე

„ლივერპულელთა სამწუხაროდ კუიტი ცალფეხათა კატეგორიას განეკუთვნება.“

„როცა „ევერტონი“ გოლს არ უშვებს, იგი პრაქტიკულად არ აგებს.

„ლივერპულის“ შეძენა გადაწყვეტილი აქვს მავან შეიხს, რომელსაც გრძელი სახელი და გვარი აქვს და სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს. არცაა სავალდებულო ყველას პირზე ეკეროს მისი სახელი.“

„მარსელო ბიელსას თამაშის ცქერის საკუთარი მანერა აქვს.“

„თეთრი ფორმით მოსკოვის დინამოელები და მუქი ლურჯით ფორმით მათი თბილისელი თანაგუნდელები".

ტატო ბაციკაძე

„ტიტო ვილანოვა ერთადერთი მწვრთნელია, ვინც გვარდიოლას ასისტენტობისას 5-ჯერ გააძევეს სათადარიგოთა სკამიდან. ასეთი შედეგი ჯერ არავის ჰქონია. ნუ 5-ჯერ, ამას ვამბობ მინიმუმ, თორემ ისე ზეპირად ნაღდად არ მახსოვს, რამდენჯერ გააგდეს, შეიძლება მეტჯერაც კი გააგდეს."

ვახტანგ გეგელია

„რამხელა გამორბენს აკეთებს ბლანკო, გზაში არ დაიღალოს, კაცო.“

„კარაგუნისი მე საერთოდ მკვდარი მეგონა და თურმე საბერძნეთში თამაშობს. კაპიტანი ყოფილა ნაკრების.“

„ფაბიო კანავარო არაბეთში ორი კაპიკის საშოვნელად წავიდა.“

„ლანსი“ – „რენი“ და ანგარიშიც შესაბამისია – 0:0.“

დავით ხვადაგიანი

„გაშვებული გოლის შემდეგ „ლივერპული“ დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, რომელსაც მანამდეც ფლობდა მეტ-ნაკლები უპირატესობით.“

„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს „ბარსელონას“ ტერიტორიული უპირატესობა.“

„აფერუმ შენს ვაჟკაცობას, კიუიტო.“

და ბოლოს ნამდვილი მარგალიტი, ფრაზა ლეგენდა „ენ-ტე-ვე“-ს კომენტატორისგან:

„Месси ударил в стиле Игоря Семшова...“