მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი მინისტრების _ ხათუნა კალმახელიძისა და დიმიტრი შაშკინის დაკითხვაზე დაბარება პოლიტპატიმარსა და ექსპერტ ვახტანგ მაისაიას წინასაარჩევნო პიარად მიაჩნია. “ექვსი თვეა, მე და კიდევ 2 ათასამდე პატიმარი ციხეებში არსებულ სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით დავიკითხეთ და პროკურატურას კალმახელიძე და შაშკინი რაღა ახლა გაახსენდა?” _ კითხულობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ვახტანგ მაისაია, რომელიც ეჭვობს, რომ სამართლიანობა არც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღდგება და ამიტომ, სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს. “ეს ინტერვიუც წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი _ შედეგი არ მოჰყვება. უბრალოდ, თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ და მე, როგორც საჯარო პირი, შეკითხვებზე გპასუხობთო”, _ ამბობს მაისაია და იმ შემზარავ ფაქტებს, რომელთა მომსწრეც ციხეში გახდა, კიდევ ერთხელ იხსენებს:
_ ჩემთან და ჩემს მეგობრებთან დაკავშირებით პროკურატურის ქმედება არაადექვატურია, რაც უფრო ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟი მგონია. ამის თქმის საფუძველს კი, პროკურატურის წარმომადგენელთა ქმედებები მაძლევს. მაგალითად, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა სამჯერ დამკითხეს, მათ შორის, ერთხელ _ საგამოძიებო სამსახურმა. დაკითხვა ორი დღე გრძელდებოდა, ვისაუბრე კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებებიც წარვადგინე, მაგრამ როგორც იტყვიან, შეაყარე კედელს ცერცვი _ ჩვენების მიცემას რეაგირება არ მოჰყოლია. მოკლედ, მგონია, რომ პროკურატურის მხრიდან იმ ჯალათების გათეთრება ხდება, რომლებიც სამწუხაროდ, ლამის გმირის მანტიითაც შემოსეს. საუბარია ბაჩო ახალაიაზე. რას უზამენ მერაბიშვილს, ეს კიდევ სხვა საკითხია. ეს სრული პოლიტიკური უუნარობა, არაპროფესიონალიზმი და შეგნებული საბოტაჟია.
_ რაც შეეხება ხათუნა კალმახელიძის დაკითხვას?
_ ამით ძალიან სასიამოვნო პროცესი დაიწყო, რომელიც აქამდეც უნდა დაწყებულიყო, რადგან კალმახელიძეა ერთ-ერთი იდეოლოგი იმ სისტემური წამებისა, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა. მეტსაც გეტყვით, როცა ეს დახატული თოჯინა გამოდის, თვალებს “ყვლეპავს” და ამბობს, არაფერი ვიცოდიო, ჩემს საქმეს გავახსენებ: როგორ, ქალბატონო ხათუნა, თქვენ არ იცოდით ვახტანგ მაისაია, რომელიც სიკვდილის პირას მიიყვანეს და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, წამების საერთაშორისო ორგანიზაციამაც გამოხატა პოზიცია და იმ პარლამენტმაც კი დაიწყო საქმის მოკვლევა, რომელიც, როგორც ამბობენ, მკვდარზე “ვენოკი” იყო?Aამ დროს ჩირგვებში იჯექით? წერილითაც რამდენჯერმე მოგმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ ვთვლი, რომ კალმახელიძის უშუალო ხელშეწყობით მაწამებდნენ, რაც საბოლოოდ, ფიზიკურ ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. ვერ გეტყვით, ვისი დავალებით მოქმედებდა ზაზა აზარიაშვილი, რომელსაც ჩემს ფიზიკურ განადგურებას აიძულებდნენ. ზუსტად იგივე ფაქტი დაფიქსირებულია გენერალ თამაზ თამაზაშვილთან მიმართებაშიც, სადაც ჩანს კალმახელიძის მონაწილეობა და ეს საფუძველს მაძლევს, ვიფიქრო, რომ დაგეგმილი იყო მისი ლიკვიდაციაც. ჩვენ, ორივემ გაცილებით მეტი ვიცოდით ძალოვანი სტრუქტურის მუშაობაზე, იმდენად მეტი, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშეც შეიძლება დაგვეყენებინა სააკაშვილის რეჯიმის პასუხისმგებლობის საკითხი.
ავიღოთ, თუნდაც, სერგო თეთრაძის სადისტური მკვლელობა, კალმახელიძემ არ იცოდა ეს ამბავი? ეს ცინიზმი და სადიზმია! სად იყო აქამდე მთავარი პროკურატურა? თუ ეს წინასაარჩევნო პიარია, მაშინ პირდაპირ თქვან. ახლა გაახსენდათ კალმახელიძე და შაშკინი? სხვათა შორის, შაშკინის ბრძანებით ციხის ჯალათმა თამაზ მელაძემ ოთხჯერ ჩამიყვანა “კარცერში”, სადაც თვითონ შაშკინიც კი ყოფილა ჩამოსული.
_ ანუ, გამოდის, რომ შაშკინი უშუალოდ აკონტროლებდა თქვენს წამებას?
_ ყოველ შემთხვევაში, მითხრეს, რომ შაშკინიც კი ჩამოსულა “კარცერში”, რათა უშუალოდ დაეფიქსირებინა, ბრძანება კარგად შესრულდა თუ არა.
_ ვინ გითხრათ?
_ ციხის ჯალათებმა.
ციხეში ჩემი ყოფნის დროს ე.წ. მუხროვანის ბიჭებს აწამებდნენ _ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ ჩამოიყვანეს დაკითხვის შემდეგ მუხროვანის საქმეზე დაკავებული სამი ადამიანი, სამივე სისხლში ცურავდა. ეს იმიტომ მაჩვენეს ზუმბაძემ და ორჯონიკიძემ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ და ეთქვათ, ახლა შენი ჯერიაო. ერთხელ, დავითვალე, ერთი ღამის განმავლობაში ექვსი მანქანა გავიდა მორგიდან. ეს შეგნებულად გავაკეთეთ მე და ჩემმა მაშინდელმა თანამოსაკნე ზურაბ მჭედლიშვილმა. გლდანის “დ” კორპუსის 92-ე საკანი ყველაზე აუტანელი იყო, რომელიც თავის კონფიგურაციით აბსოლუტურად შეესაბამებოდა სიკვდილმისჯილთა საკანს. იქიდან პირდაპირ ჩანდა მორგის გასასვლელი... ყველაფერ ამას ჩემი თანამოსაკნე ზურაბ მჭედლიშვილი დაადასტურებს ისევე, როგორც მან გამოიჩინა ვაჟკაცობა და დაადასტურა, მაისაია დაკითხვაზე ღამ-ღამობით გაჰყავდათო. ამის თქმა მაშინ დიდი ვაჟკაცობა იყო და ამის გამო ზურა თამაზ მელაძის კაბინეტში აწამეს...
_ ამბობენ, პატიმართა წამებას კალმახელიძეც ესწრებოდა ხოლმეო...
_ ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ვადასტურებ, რომ “კარცერში” ჩემი ჩაყვანის ბრძანება უშუალოდ შაშკინმა გასცა და ამის დოკუმენტიც მაქვს, რომელიც ცნობილ უფლებადამცველ ჰანს ბორს ვაჩვენე, რომელიც სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილ დანაშაულზე მუშაობს და თვალები შუბლზე აუვიდა. ამ დოკუმენტში, თამაზ მელაძის ხელმოწერით, წერია, რომ ვახტანგ მაისაია ოთხჯერ იყო “კარცერში”. იმდენად გათავხედებულები იყვნენ, ეგონათ, დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ამის ოფიციალურად დაწერა მეორეხარისხოვნად ჩათვალეს _ დარწმუნებულები იყვნენ, ამ დოკუმენტს ვერსად გამოვიყენებდი.
სხვათა შორის, ის ჯალათები, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, დღესაც პროკურატურაში მუშაობენ. შედარება არ მინდა, მაგრამ ბერიამ, როცა შინაგან საქმეთა კომისარი გახდა, ეჟოვის კადრების წმენდა დაიწყო...
არაერთხელ მითქვამს, რომ ვალერი ზუმბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსია. ის ლაფანყურის ოპერაციის გამოძიებაშიც მონაწილეობს... ამ ადამიანს თავის დროზე ტერორიზმთან ჰქონდა უშუალო კავშირი და ეს პირდაპირ ზუმბაძისგან ვიცი _ მთავაზობდა, ტერორისტებთან მეთანამშრომლა. აქ ისლამურ ტერორიზმზეა საუბარი... მოკლედ, ცოცხალი საერთაშორისო ტერორისტები ხელისუფლების ვერტიკალში არიან მოკალათებულნი.
_ ბატონო ვახტანგ, ესე იგი, ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსვლის შემდეგ, მხოლოდ ორჯერ დაგკითხეს და მეტი არაფერი?
_ არაფერი, მეტი არაფერი... ერთი დაკითხვა ჩემი ინიციატივით მოხდა _ მოვითხოვე, ჩემი წამების ფაქტი გამოეძიებინათ. მეორედ კი, თვითონ დამიბარეს და კალმახელიძისა და შაშკინის პროკურატურაში დაბარება, მგონი, ამ დაკითხვას უნდა უკავშირდებოდეს...
_ რას აპირებთ? თქვენი წილი სამართლიანობა როგორ უნდა აღადგინოთ?
_ უნდობლობას ვუცხადებ პროკურატურასა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ამიტომ, ჩემს საქმეს საერთაშორისო დონეზე გავიტან, თუმცა ჯერ არ ვიტყვი, რა გეგმა მაქვს... საერთაშორისო საზოგადოების იმედი მაქვს. აქაურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა წყლის ნაყვაა.
_ “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ კოჰაბიტაცია 27 ოქტომბერს დამთავრდება. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ არა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ დამნაშავეები თავისუფლად დათარეშობენ და იმასაც ბედავენ, რომ საზოგადოება ისევ დამოძღვრონ. გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსია და იმ მმართველი კოალიციის წარმომადგენელია, რომელმაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ლოგიკური შედეგი დადო და მიხეილ სააკაშვილის უზნეობა აღკვეთა, თუმცა არ დასაჯა. როცა ასეთი ფაქტები გვაქვს, დასკვნა ფილოსოფოსმა ბატონმა მარგველაშვილმა გამოიტანოს.