მართალია, სულ ათი თვეა, რაც “ოცნება” ხელისუფლებაშია და, გასაგებია, რომ ამ დროში “ნაციონალთა” მიერ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება არცთუ ადვილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილს “ოცნების” აგრარული პოლიტიკა არ მოსწონს, ნაწილს _ გაჭიანურებული სამართლიანობის აღდგენა. არც დაპირებული შემცირებული კომუნალური გადასახადები ჩანს... პარალელურად, “ოცნების” რაიონულ ოფისებს აქტივისტები ტოვებენ... ამასობაში, საპრეზიდენტო კამპანია “ხურდება” და... გიორგი მარგველაშვილი ელექტორატთან შესახვედრად ოთხფეხა მეგობრის, ძაღლის თანხლებით მიდის... დავით ბაქრაძე კი, ,,ნაციონალური ცოდვების” მონანიებას ცდილობს. პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ქართული “ლეიბორიზმის მამა” შალვა ნათელაშვილი კი გვემუქრება, რამდენჯერაც არ ამირჩიეთ, იმდენჯერ ქვეყანა თავზე შემოგვენგრაო... “ის, რაც გვჭირს, ჩვენი საზოგადოების დაბალი პოლიტიკური განათლების შედეგია” _ ამბობს ,,ქართულ სიტყვასთან” საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
_ ბატონო რამაზ, ამბობენ, ხალხი ისეთ მთავრობას იმსახურებს, როგორიც თვითონააო...
_ ჯერ პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას: როგორია საზოგადოება? მაგალითად, დღეს ძალიან ძნელია, მოვძებნოთ კარგი ექიმი, არადა, სამედიცინო მომსახურების საკმაოდ მაღალი კულტურა გვქონდა. მაღალი დონის პედაგოგებიც გვყავდნენ, მაგრამ ტესტური გამოცდების ჩატარების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ დღევანდელი მასწავლებლის საგამოცდო მაჩვენებელი მოწაფისას საგრძნობლად ჩამორჩება...
_ უკაცრავად და, ეს ხელისუფლების ავ-კარგიანობასთან რა კავშირშია?
_ თუკი დღეს კარგი ექიმი და მასწავლებელი ჭირს, კარგი პოლიტიკოსი საიდან უნდა გვყავდეს? ოცი წელია, ქვეყანა დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, თუმცა პოლიტიკოსებში ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის დონეა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ იმაზე კარგი ხელისუფლება გვყავს, ვიდრე _ ვიმსახურებთ.
_ როგორც ჩანს, ამ კარგ ხელისუფლებაში დიდი ძვრები მიდის _ ,,ქართულ ოცნებას” აქტივისტები ტოვებენ და მმართველი კოალიციის რაიონულ ოფისებში მათ ადგილს ,,ნაციონალები” იკავებენ...
_ გვყავს უკეთესი მთავრობა, ვიდრე _ ვიმსახურებთ, მაგრამ ეს ხელისუფლების იდეალური ვარიანტი არაა. ,,ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში, ბევრი რამ, რა თქმა უნდა, მოსაწონი არაა და გადაადგილებებიც ამის გამო ხდება, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია. საზოგადოებაში ყოველთვის არის ადამიანების დიდი ფენა, რომელიც მუდმივად ცდილობს, წამყვან პოლიტიკურ ძალასთან ახლოს იყოს. ,,ქართული ოცნება” არ ცდილობს, თავი დაიცვას ამ ნაკადისგან, ეს იმდენად დიდი ნაკადია, თუ არ მიიღებ, განაწყენებულმა ერთობლიობამ შეიძლება, საკმაოდ დიდი ძალა შეკრიბოს. სხვათა შორის, ასეთი ძალის მსხვერპლი გახდა თავის დროზე ზვიად გამსახურდია. მთავარია, ,,ოცნებას” აღმოაჩნდეს ისეთი პროფესიონალიზმი, რომ თავის პოლიტიკურ გემოვნებაზე გადმოიყვანოს მასთან მიერთებული სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები...
_ ,,ოცნებაში” გადაბარგებით “ნაციონალებს” ცოდვები უნდა მიეტევოთ?
_ განა, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს სამართალი არ მოეთხოვებათ? როცა ამუშავდება ის მანქანა, რასაც ,,სამართლიანობის აღდგენა” ეწოდება, ამ ადგილმონაცვლეობას მნიშვნელობა არ ექნება, რადგან დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.
_ და სად არის სამართლიანობის აღდგენა, ბატონო რამაზ? _ სწორედ ესაა საზოგადოების წყრომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ისე, არჩილ კბილაშვილს უთქვამს, სასამართლო სექტემბერში ბაჩო ახალაიასაც გამოუშვებსო...
_ განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით, მეც ამ პოზიციაზე ვარ, მაგრამ დასკვნის გაკეთებას არ ვჩქარობ, რადგან დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სიტუაცია შეიცვლება. ამასთან, პროფესიონალიზმის პრობლემა შეიძლება, სამართალდამცავ სტრუქტურებშიც იყოს.
_ ,,ნაციონალებსა” და ,,ოცნების” ცალკეულ ლიდერებს შორის ფარული გარიგება გამორიცხულია?
_ ეს მოსაზრება აბსურდულად მიმაჩნია. გარიგება ,,ნაციონალებისთვის” მომგებიანია, მაგრამ რას მოუტანს ეს ,,ქართულ ოცნებას”?
_ ,,ნაციონალებს” დასავლეთში ფეხი ღრმად აქვთ გამდგარი, შესაბამისად, იმასაც ამბობენ, ,,ოცნება” დასავლეთის წნეხის ქვეშააო...
_ არ მიმაჩნია, რომ ასეთი მოსაზრება სიმართლეს შეეფერება. შევხედოთ ტელეეკრანს, განა, აშშ-ის ელჩი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ,,ნაციონალებს” ემხრობა? _ ყველა რთულ სიტუაციაში “ოცნების” რეპუტაციაზე ზრუნავს. აზრი ,,ნაციონალების” უძლეველობისა და მაღალი რეიტინგის შესახებ, მსოფლიო პრესაში გამოქვყნებული სტატიებით მკვიდრდება. დაკვეთილი სტატიები საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. თუ საპარლამენტო უმცირესობა-უმრავლესობას შორის გარიგების შთაბეჭდილება შეიქმნა, ხალხი ,,ოცნებას” დაარტყამს. არ მგონია, ,,ქართულ ოცნებას” ამის ინტერესი ჰქონდეს.
_ “ოცნებას” იმის რესურსი აქვს, რომ თავისი რეპუტაცია დარტყმის ქვეშ არ დააყენოს?
_ ადგილი, შეიძლება, შეცდომას ჰქონდეს და არა _ გარიგებას. ისევ პროფესიონალიზმის დეფიციტთან გვაქვს საქმე _ ჭირს სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ, ადექვატურად შეაფასონ პროცესები, ამიტომაც იკვებება საზოგადოება ჭორებით.
_ ჭორების გავრცელებას ხელს მაღალჩინოსნებიც უწყობენ _ ასეთ რთულ სიტუაციაში ქუჩების სახელების გადარქმევით არიან დაკავებულნი...
_ ამ პროცესებით მოსახლეობა აკეთებს დასკვნას, რომ მოხელეები არაადექვატურნი არიან. ამის პასუხად უკმაყოფილო მოქალაქეებმა უნდა მოაწყონ მიტინგი საკრებულოსთან და აიძულონ, რეალური საქმით დაკავდნენ.
_ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოება მიტინგებით დაიღალა?
_ თუ დაიღალა, უარესის ღირსია. ოცი წელია, ხალხი სისულელეების გამო დგას მიტინგზე. მიტინგს კონკრეტული და რეალური მიზანი უნდა ჰქონდეს. სამი თვე ,,საკნების ქალაქის” საპროტესტო აქციაზე უამრავი ხალხი იდგა, მაგრამ უცებ დაიშალა. ეს იმიტომ ხდება, რომ მიტინგზე ხალხი მიდის ვიღაცის შეძახილით და არა _ თავისი ჭკუით.
_ ამასწინათ, პროკურატურასთან, მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის წინააღმდეგ იყო აქცია. ამ აქციაზეც ხალხი “სხვისი ჭკუით” მივიდა?
_ თავის ჭკუით მივიდა, მაგრამ მანამ უნდა იაროს, სანამ რეალურ შედეგს არ მიაღწევს! პრობლემა ერთი მიტინგით როგორ გადაწყდება? ეგვიპტეში უზარმაზარი საპროტესტო ტალღა არ ცხრება, დიდი მსხვერპლია, მაგრამ ხალხი მაინც იბრძვის. ჩვენ კი, თუ ხელი გაგვეკაწრება, შინ ვბრუნდებით და მერე, გულს ჭორაობით ვიფხანთ. ცხოვრება ისე არაა მოწყობილი, ვინმემ რამე მზამზარეული მოგვაწოდოს.
_ იმის თქმა გინდათ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა?
_ რა აზრი აქვს იმ საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც უარზეა, შეიძინოს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ და რისთვის იბრძოლოს?
_ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცესკო-ს თავმჯდომარემ პოსტი დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიღმა შეიძლება, ფარული ზრახვები ვეძებოთ?
_ ზურაბ ხარატიშვილი იმ ჯგუფს დაუკავშირდა, რომელიც ,,ნაციონალებთან” კარგად თანამშრომლობდა. ვფიქრობ, გადადგომაზე დავალება სწორედ ,,ნაცებისგან” აქვს მიღებული. არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა, შესაძლოა, ისეთი ოპოზიციური ჯგუფი გააკეთონ, რომელიც მხარს დაუჭერს ხელისუფლებას და შემდეგ, ეს მხარდამჭერი ხმები წაიღონ ისევ ,,ნაციონალების” სასარგებლოდ..
_ საპრეზიდენტო კანდიდატთა სია მრავალრიცხოვანია...
_ როგორც ყოველთვის, ახლაც მრავალფეროვანია საქართველოს პრეზიდენტობის მაძიებელთა სია, მაგრამ საარჩევნო კამპანია სხვანაირი სტანდარტებით რომ ტარდებოდეს, ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა, მაგალითად, აშშ-ში ერთი წლით ადრე იწყებენ ბრძოლას პრეზიდენტობის მაძიებელნი, რადგან საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას დიდი ფული სჭირდება, საქართველოში კი, ვინც დაწერს განცხადებას და იპოვის რამდენიმე ათას ხელმომწერს, საპრეზიდენტო კანდიდატთა სიაში ეწერება.
_ ბატონო რამაზ, საზოგადოებას გაურკვევლობაში აგდებს ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. ისე, პრემიერი გვპირდებოდა, რომ ევროპას გააოცებდა ქართული დემოკრატიით...
_ ივანიშვილიც ქართველია! პრემიერი მიხვდა, რომ ასეთი ტიპის ფრაზები ბევრ სირთულეს ქმნის საზოგადოების აზროვნებასა და მის საქმიანობაში. მას ხშირად უხდება განმარტებების გაკეთება საკუთარ განცხადებებზე, რადგან “პოლიტიკის ენაში” გამოცდილება არ აქვს _ ემოციურად რასაც გრძნობ, იმის ხმამაღლა გამოთქმას პოლიტიკა ვერ იტანს... მთელ საქართველოს რატომღაც მიაჩნია, რომ პრობლემა პერსონალურად სააკაშვილია. სამწუხაროდ, რეჟიმი სააკაშვილის წასვლით არ გაქრება. ,,ნაციონალებს” ბრძოლის უნარი შესწევთ და იბრძოლებენ, რათა მაქსიმალურად მეტი რეგიონი მოიგონ ადგილობრივ არჩევნებში, რაც მათ საშუალებას მისცემს, საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ და ამის შემდეგ არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილი ისევ მოგვევლინოს პრეზიდენტად. გარდა იმისა, რომ ,,ნაცმოძრაობის” წევრები ჯერაც თბილ სავარძლებში სხედან, არსებობს მიმდინარეობა “სააკაშვილიზმი”, რომლის ამოძირკვაც ძნელია. სწორედ ამ ,,სააკაშვილიზმის” გამოვლენა იყო ქუჩებზე სახელების გადარქმევა.Aისტორიულად, ქართველებმა ბევრი ,,იზმი” გავიარეთ, მათ შორის, _ ,,კრეტინიზმი”.
_ მაინც, რითი გავაკვირვეთ ევროპა 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ?
_ ევროპელებს, მგონი, გაუკვირდათ, რომ ნორმალური არჩევნები ჩავატარეთ. ისე, აფხაზებმა რუსეთის ზეწოლის ქვეშაც მოახერხეს და არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები გაიყვანეს. მათ ჩვენზე მცირე დრო ჰქონდათ დემოკრატიის შენების თვალსაზრისით და უმოკლეს დროში მოახერხეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
_ ბატონო რამაზ, როგორ ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები?
_ მგონია, ცუდად _ ხალხი პასიური, აბნეული და ლოგიკაზე კი არა, ისევ შემოგდებულ კანდიდატებზეა ორიენტირებული. პრობლემა ისევ საზოგადოებაშია, რომელიც სამწუხარო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან მოკლე მეხსიერება აქვს, თან უმადურია. ასე ვქმნით ქვეყანას, სადაც ჩვენთვისვე შეუძლებელია ნორმალური ცხოვრება და დროა, დავფიქრდეთ, შვილებს როგორ ქვეყანას ვუტოვებთ!