ძმებ ბეჟუაშვილების გამდიდრების საიდუმლო - როგორ ჩაიგდეს ხელში “საქტრანსგაზი”

ძმებ ბეჟუაშვილების გამდიდრების საიდუმლო - როგორ ჩაიგდეს ხელში “საქტრანსგაზი”

სიმონ ვიზენტალის ფონდის ხელმძღვანელს ემუქრებიან. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მირიან ყარაულაშვილმა ზოგიერთი ბიზნესმენი, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერებაში ამხილა, თურმე, შეუთვალეს, სიცოცხლე ხომ არ მოგძულებიაო... მირიან ყარაულაშვილს მუქარაზე ეცინება და “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას მხოლოდ ყოფილ კი არა, მოქმედ ჩინოვნიკებსაც ამხელს... სხვათა შორის, მირიან ყარაულაშვილი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს იმ საკონკურსო კომისიის წევრი იყო, რომელმაც გელა და დავით ბეჟუაშვილების მამის კომპანია “ინტერპაკს” მომგებიანი სახელმწიფო საწარმო “საქტრანსგაზი”, პრაქტიკულად, აჩუქა. ჩვენში დარჩეს და, მოარული ინფორმაციით, გელა ბეჟუაშვილის მიმართ ახალ ხელისუფლებას პრეტენზიები არ აქვს, ანუ როგორც ამბობენ, ის კვლავ კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობს...

მირიან ყარაულაშვილი, “ვიზენტალის ფონდის” ხელმძღვანელი: _ თუკი გელა ბეჟუაშვილი კონტრდაზვერვას ისევ ხელმძღვანელობს, ძალიან ცუდია, რადგან ძმები ბეჟუაშვილები ყოველთვის სააკაშვილის პირადი მოსამსახურეები და დამფინანსებლები იყვნენ. როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილისა და გელა ბეჟუაშვილის ურთიერთობა კიევის ავადსახსენებელ ე.წ. მთარგმნელების ინსტიტუტიდან დაიწყო. შემდეგ, როცა სააკაშვილი პარლამენტარი და “მოქკავშირის” ფრაქციის თავმჯდომარე გახდა, საქართველოს ჩონოვნიკურ სივრცეში გელა ბეჟუაშვილიც გამოჩნდა: რიგით ჩონოვნიკად, თუ არ ვცდები, ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ _ თავდაცვაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, დავით თევზაძის მინისტრობისას, მინისტრის მოადგილეობასაც მიაღწია...

_ უკრაინაში საქართველოს ელჩიც ხომ იყო?

_ არა, ელჩი ქათამაძე იყო, რომელიც გელა ბეჟუაშვილი ნომერი ორია _ ქათამაძეც ამ ბანდის წევრი და, როგორც ვიცი, ბეჟუაშვილის სტუდენტობის მეგობარია...

_ ბეჟუაშვილებმა ფული როგორ იშოვეს?

_ ამ ოჯახის მიერ ფულის შოვნის, ასე ვთქვათ, ისტორია კომუნისტებიდან მოდის _ გელა და დათო ბეჟუაშვილების მამა, რობერტ ბეჟუაშვილი თეთრიწყაროს რაიონის დაბა მანგლისის კოპვაჭრობის ხელმძღვანელი იყო. თუ გავიხსენებთ, იმდროინდელ ვაჭრობაში რა ხდებოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საკურორტო დაბის ვაჭრობის ხელმძღვანელი რესპუბლიკის მასშტაბით თუ არა, რაიონის კვალობაზე ერთ-ერთი შეძლებული ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელმაც კორუმპირებული ნაშოვნი ფულით შვილებს გზა უკრაინისკენ გაუხსნა...

1998 წლის დასაწყისში იმდროინდელმა ქონების მართვის სამინისტრომ სახელმწიფო კომპანია “საქტრანსგაზის” მართვის უფლების გადაცემაზე კონკურსი გამოაცხადა. “საქტრანსგაზი”, უხეშად რომ ვთქვათ, არის მილი, რომელიც რუსეთიდან, დარიალის ხეობის გავლით, საქართველოში შემოდის და რომლის მეშვეობითაც გაზი სომხეთს მიეწოდება. ამასთან, გაზის გარკვეული რაოდენობა საქართველოში რჩება. მილის გარდა, “საქტრანსგაზი” სხვა ინფრასტრუქტურასაც ფლობს, მაგალითად, ე.წ. ამწევ-გადასაქაჩ სადგურებს, რომლებითაც წნევის დარეგულირება ხდება.

_ ესე იგი, ამ მილით დიდი ფული კეთდებოდა და კეთდება, არა?

_ რა თქმა უნდა...

მოკლედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “საქტრანსგაზის” მართვის უფლების კერძო კომპანიაზე გადაცემის საკითხი დღის წესრიგში უცებ დადგა... ჩემი ინფორმაციით, ეს იდეა სააკაშვილისა და ბეჟუაშვილისგან წამოვიდა. მაშინ საქართველოში ბეჟუაშვილს არავინ იცნობდა, არც ბიზნესი ჰქონდა, თუმცა მამამისი კომპანია “ინტერპაკს” ფლობდა, რომელიც რუსთავში იყო რეგისტრირებული და შესაფუთ მასალებს, მათ შორის, ცემენტის ქარხნისთვის ტომრებს აწარმოებდა.

_ ამ დროს რუსთავის ცემენტის ქარხანა უკვე ბეჟუაშვილების მფლობელობაში იყო?

_ არა, სახელმწიფოსი... ერთი სიტყვით, სახელმწიფო აიძულეს, რომ “საქტრანსგაზი” კონკურსზე გამოეტანათ. როგორც პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის წარმომადგენელი, საკონკურსო კომისიის წევრი ვიყავი...

_ კონკურსი აუქციონისგან რითი განსხვავდება?

_ აუქციონზე გატანილი ქონება მთლიანად მყიდველის საკუთრებაში გადადის, თან აუქციონზე გარკვეული გაუგებრობებია მოსალოდნელი _ შეიძლება, კონკურენტმა ბიჯი გაზარდოს... კონკურსი კი, ქონების გასხვისების ის ფორმაა, როცა კულუარული გარიგების წყალობით, ძალიან დიდი ქონება ხელში შეგიძლია, ერთ ლარად ან, სულაც, უფასოდ ჩაიგდო...

_ ბეეჟუაშვილებმა “საქტრანსგაზი” რამდენად იყიდეს?

_ საკონკურსო თანხა, თუ არ ვცდები, 10 ათასი ლარი იყო და ეს მაშინ, როცა “საქტრანსგაზის” ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღემატებოდა.

_ ბატონო მირიან, როგორც საკონკურსო კომისიის წევრს, არ გაგიჩნდათ შეკითხვა, ასეულმილიონად ღირებული ობიექტი ათი ათასად რატომ იყიდებოდა?

_ მხოლოდ ეს კი არა, სხვა შეკითხვაც გამიჩნდა და ამის გამო სერიოზული დაპირისპირება მომივიდა კომისიის თავმჯდომარესთან _ მაშინდელი ქონების მართვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, აწ განსვენებულ ემირ ჯუღელთან, ასევე, კომისიის თითქმის ყველა წევრსა და ბატონ მევლუდ წიკლაურთან, რომელიც იმხანად თეთრიწყაროს მაჟორიტარი იყო და პარლამენტში, თუ არ ვცდები, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

სხვათა შორის, ბეჟუაშვილს არ ვიცნობდი და დაპირისპირება იმიტომ კი არ მომიხდა, მაინცდამაინც ბეჟუაშვილმა რატომ უნდა იყიდოს-მეთქი. “საქტრანსგაზის” მართვის უფლების გადაცემის სურვილი მეორე კომპანიასაც _ “გაზის საერთაშორისო კორპორაციას” ჰქონდა, რომელიც სახელმწიფო კომპანია იყო და რომელსაც ალეკო გოცირიძე ხელმძღვანელობდა. “გაზის საერთაშორისო კორპორაცია” საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების _ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის რჩევით შეიქმნა, რადგან გაზით მხოლოდ საქართველო კი არა, მთელი რეგიონი კონსოლიდირებულად მომარაგებულიყო და ეს ბერკეტი ხელში რუსეთს არ ჩავარდნოდა...

მოკლედ, ბეჟუაშვილების მამის მიერ დაფუძნებული “ინტერპაკის” კონკურენტი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული “საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია” იყო. სხვათა შორის, კორპორაციის მაშინდელი ხელმძღვანელი ალექსანდრე გოცირიძე, როგორც ვიცი, 2004 თუ 2005 წლის მერე, “ინტერპოლის” მიერაა ძებნილი... ვიდრე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართებოდა, სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწეს შევხვდი, მათ შორის, _ სახელმწიფო მინისტრ ნიკო ლეკიშვილს და მივედით იმ აზრამდე, რომ აბსოლუტურად უცნობ კომპანიას, რომელიც გაუგებარ საქმიანობას ეწეოდა, პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი კომპანიისთვის, ანუ “გაზის საერთაშორისო კორპორაციისთვის” ვერ უნდა ეჯობნა.

_ “გაზის საერთაშორისო კორპორაცია” კონკურსის პირობებს აკმაყოფილებდა?

_ რა თქმა უნდა... კომისიის პირველსავე სხდომაზე პროტესტი გამოვთქვი და საკონკურსო მასალებში აღმოჩენილი სარედაქციო შეცდომის გამო, კონკურსის გადადება მოვითხოვე. სხვათა შორის, ამავე კონკურსზე მეორე საკითხიც გადიოდა _ მაუდკამვოლის კომბინატის ერთ-ერთი კომპანიისთვის გადაცემა. მაშინ არ ვიცოდი და მერე გაირკვა, რომ ეს კომპანია ბადრი პატარკაციშვილის იყო. ვეჭვობ, რომ ამ საკითხს რუსეთში საქართველოს მაშინდელი ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე ლობირებდა, თუმცა მაუდკამვოლს ყურადღებას არავინ აქცევდა...

კონკურსის ყველა წევრი წინააღმდეგობას მიწევდა. ცოტა მინიშნება და შეშინებაც იყო, აი, მიშამ დარეკა, მიშა რას იტყვისო... მეგონა, რომ საუბარი მიშა მაჭავარიანზე იყო, რომელიც იმხანად “მოქკავშირის” გენმდივანი გახლდათ, თუმცა მაჭავარიანი ჩემთვის ავტორიტეტი არ იყო, მით უმეტეს, რომ ეს პარტია სამი-ოთხი წლის წინ, ხმაურით მქონდა დატოვებული.

ერთი სიტყვით, საკონკურსო კომისიის სხდომა ორი კვირით გადაიდო და საქმის კურსში მხოლოდ ჩემი ხელმძღვანელობა კი არა, სახელმწიფო მინისტრიც ჩავაყენე და ვუთხარი, თუკი სახელმწიფოს პოზიციები არ იქნება გამყარებული, “ინტერპაკი” ობიექტს წაიღებს-მეთქი. საერთოდ, ვფიქრობ, რომ კომისიის ყველა წევრს რაღაც დაინტერესება ჰქონდა.

_ ფინანსური?

_ ზოგს, ალბათ, სამსახურს, ზოგს კი, წილს დაჰპირდნენ. სხვათა შორის, მევლუდ წიკლაური, როგორც ვიცი, დღესაც ბეჟუაშვილების ჰოლდინგში მუშაობს.

მეორე სხდომაზე სარედაქციო შეცდომა გასწორებული დამხვდა, თუმცა გაზის კორპორაციამ ისეთი არგუმენტები არ წარმოადგინა, რომ გაემარჯვა, ანუ ვფიქრობ, ამ ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ძალის მიერ ალეკო გოცირიძეზე ზემოქმედება მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეეძლო, ჩემთვის საშუალება მოეცა, რომ არგუმენტირებულად მებრძოლა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამასთან, მეორე სხდომაზე გაჩნდა რაღაც წერილი, რომელიც ემირ ჯუღელმა ააფრიალა. ეს წერილი კი არა, ოთხ-ხუთად გაკეცილი ფარატინა ქაღალდი იყო, რომელსაც ხელს ვინმე ჩერნომირდინი აწერდა, რომელიც ჯუღელის თქმით, რუსეთის მაშინდელი პრემიერის შვილი იყო და ორემბურგისა თუ რუსეთის რომელიღაც ოლქის გაზის კომპანიას ხელმძღვანელობდა.

_ ამ წერილში რა ეწერა?

_ რა და, _ თუკი კონკურსში “ინტერპაკი” გაიმარჯვებდა, ჩერნომირდინი პირობას დებდა, რომ “საქტრანსგაზს” რუსული გაზით შეუფერხებლად მოამარაგებდა...

_ სახელმწიფოს შეეძლო თუ არა, რომ ეს სატრანზიტო გაზსადენი თავად ემართა?

_ რა თქმა უნდა, შეეძლო და ზაზაშვილიც, რომელიც “საქტრანგაზს” მაშინ ხელმძღვანელობდა, სწორედ ამას ამბობდა, მაგრამ არავინ უჯერებდა, რადგან ყველაფერი პოლიტიკურ კულუარებში იყო გადაწყვეტილი.

_ ამ გაზსადენით ფული როგორ კეთდება?

_ ფულის გაკეთება პრობლემა არაა _ თუკი რუსეთისგან გაზს, ვთქვათ, 10 დოლარად იყიდი და თორმეტად გაყიდი, მოგება, მინიმუმ, ერთი დოლარი გრჩება.

_ მას შემდეგ, რაც “საქტრანსგაზი” ბეჟუაშვილების საკუთრება გახდა, მოსახლეობისთვის გაზი გაძვირდა?

_ რა თქმა უნდა...

ერთი სიტყვით, ზემოხსენებული წერილიც გავაპროტესტე, პარალელურად, კიდევ ერთი სარედაქციო შეცდომა აღმოვაჩინე და კონკურსი კიდევ გადავადებინე. საერთოდ, კონკურსი სამჯერ გადაიდო...

_ კონკურსის გადადებით, ბატონო მირიან, გასაგებია, რომ დროის მოგებას ცდილობდით, მაგრამ ეს “დროის მოგება” რაში გჭირდებოდათ?

_ მინდოდა, გაზის სახელმწიფო კორპორაციას კულუარებში ემუშავა და “საქტრანსგაზი” გაუგებარი კომპანიის კი არა, ისევ სახელმწიფოს ხელში დარჩენილიყო. იმ გადაწყვეტილებით, რაც საკონკურსო კომისიამ მიიღო, დასავლეთის, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ინტერესების უგულვებელყოფა მოხდა.

ამასობაში, თვენახევარი გავიდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩემთან ქვემო ქართლის იმჟამინდელი გუბერნატორი, ლევან მამალაძე მოვიდა და მთხოვა, ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “სატრანსგაზი” “ინტერპაკს”, როგორც რუსთავში რეგისტრირებულ კომპანიას გადაეცეს, რადგან გაზის მოხმარების მძლავრი პუნქტები _ “აზოტი”, რუსთავის ცემენტის ქარხანა სწორედ ქვემო ქართლშიაო. მამალაძემ ისიც მითხრა, დათო ბეჟუაშვილი კარგი ადამიანი და ბიზნესმენია, კარგი კავშირები აქვს და რეგიონისთვის პატიოსანი ინვესტორი იქნებაო. მოკლედ, ლევანმა მთხოვა, რომ პოზიცია იქნებ, ცოტა შემერბილებინა. ვთვლი, რომ ლევანი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია... საკონკურსო სხდომა მეოთხედ ჩატარდა, კიდევ რაღაც მიზეზს ვეძებდი, მაგრამ პრაქტიკულად, დამარცხებული ვიყავი. მიუხედავად ამისა, “საქტრანსგაზის” “ინტერპაკისთვის” გადაცემას ხმა მაინც არ მივეცი და დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ თავი შევიკავე.

მოკლედ, ასე გადაეცა ამხელა ინფრასტრუქტურა ბეჟუაშვილების აბსოლუტურად უცნობ კომპანიას. მას შემდეგ, რაც მართვის უფლება მიიღო, ბეჟუაშვილმა “საქტრანსგაზს” სახელი შეუცვალა და “საქგაზი” დაარქვა, მენეჯმენტში ორი-სამი ადამიანი შეცვალა და იგივე საქმიანობა გააგრძელა, რასაც “საქტრანსგაზი” მანამდე საქმიანობდა.

_ “საქტრანსგაზის” მართვის უფლების ბეჟუაშვილებისთვის გადაცემით, ქვეყანამ რა დაკარგა, ან კრიმინალის ელემენტები სადაა?

_ “საქტრანსგაზი” არ უნდა გასხვისებულიყო, რადგან მომგებიანი სახელმწიფო ორგანიზაცია იყო...

_ “ინტერპაკს” “საქტრანსგაზი” მართვის რამდენწლიანი უფლებით გადაეცა?

_ თუ არ ვცდები, 50...

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დავით ბეჟუაშვილი, ლევან მამალაძის ხელდასხმით, თეთრიწყაროს მაჟორიტარი გახდა და თავისი სამყარო გააძლიერა. მაშინ კი, როცა “მოქკავშირში” ე.წ. რეტროგრადებისა და რეფორმატორების განხეთქილება მოხდა, ბეჟუაშვილი რეფორმატორების მხარეს აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს, ბეჟუაშვილების ორგანიზაციები და, მათ შორის, ქონების მართვის სამინისტრო კონტროლის პალატამ შეამოწმა და ზემოხსენებული კონკურსის მასალები, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველი, გენპროკურატურას გადასცა. გამოძიებაც დაიწყო და გენპროკურატურამ პარლამენტსაც მიმართა, რომ დავით ბეჟუაშვილისთვის იმუნიტეტი მოეხსნა, მაგრამ ეს მოთხოვნა, ცხადია, არ დაკმაყოფილდა. ამასობაში, “ვარდების რევოლუციაც” მოხდა და ბეჟუაშვილი დაპატიმრებას გადარჩა.

_ ე.ი. საქმე დაიხურა?

_ არ მგონია, რომ დახურულიყო... სხვათა შორის, პასუხი საკონკურსო კომისიის ყველა წევრს უნდა მოეთხოვოს. მზად ვარ, მეც დავისაჯო, თუკი გამოძიება დამიმტკიცებს, რომ რამე არაკანონიერი გავაკეთე. სამწუხაროდ, ემირ ჯუღელი ამ კონკურსის ჩატარებიდან ძალიან მალე პანკრიატიტის კიბოთი გარდაიცვალა.

_ პანკრიატიტის კიბოს ხელოვნურად გამოწვევაც შეიძლება, თურმე...

_ ყოველ შემთხვევაში, ბატონი ემირი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა...

_ ისე, ბატონო მირიან, ბოლო დროს ინტენსიურად ითხოვთ, დამსაჯეთო. რაშია საქმე?

_ თუკი სააკაშვილს, ადეიშვილს, რომელზეც ძებნაც არაა გამოცხადებული, მერაბიშვილს, მამა-შვილ ახალაიებს, ბეჟუაშვილებს, ოქრუაშვილსა თუ სხვებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს _ ციხეში წამება, ქონების წართმევა, უმიზეზო დაპატიმრება და ადამიანებისთვის ღირსების აყრა _ ჩემს თავზე ვიღებ, ანუ მე ვახდენდი პატიმართა გაუპატიურების ორგანიზებას, მე ვაწარმოებდი ფარულ გადაღებებს და კეთილი ინებოს პროკურატურამ და დამაპატიმროს!

_ ბატონო მირიან, ვიდრე დაგაპატიმრებენ, მითხარით, როგორც “ოცნების”, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერს, იმედი გაგიცრუვდათ?

_ იმედი იმ ჩემმა მეგობრებმა გამიცრუეს, რომლებიც “ოცნების” წევრები არიან...

_ ვის გულისხმობთ?

_ დავასახელებ და მათთან ურთიერთობას გავწყვეტ, მაგრამ არ მინდა, როგორც ადამიანები დავკარგო, თან იმედი კიდევ მაქვს, რადგან თვითონ ამბობენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სიტუაცია გამოსწორდება და სამართლიანობაც აღდგებაო.

მინდა, ბატონ ბიძინას და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შევახსენო: წინასაარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი პუნქტი დეპუტატის პარლამენტიდან გამოწვევის კანონის მიღება იყო. არჩევნებიდან ათი თვე გავიდა, პარლამენტმა ყველაფერზე მიიღო კანონი _ ბუსუსებიანი პრეზერვატივიდან დაწყებული, მძიმე ნაცრის ექსპორტით დამთავრებული... “ოცნებამ” წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს და დეპუტატის პარლამენტიდან გამოწვევის შესახებ კანონი სასწრაფოდ მიიღოს!

ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, ე.წ. ბიომეურნეობების შესახებ მიღებული დადგენილებაა. თუ ადამიანის უფლებათა კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს არ ჩავთვლით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის გაჯანსაღების კუთხით რეალური გადაწყვეტილება არაა მიღებული...