„ქართული ფილმის“ უძრავი ქონების დირექტორი მერაბ თავაძის ბრალდებებს პასუხობს

„ქართული ფილმის“ უძრავი ქონების დირექტორი მერაბ თავაძის ბრალდებებს პასუხობს

„ქართულ ფილმში“ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გასულ კვირას For.ge-ზე დაბეჭდილ სტატიას (http://www.for.ge/view.php?for -id=25987&cat=3) გამოხმაურება მოჰყვა იმ პირებისგან, რომელთაც ბრალს სდებდა „ქართული ფილმის“ ყოფილი დირექტორი - მერაბ თავაძე.

ჩვენთან საუბარში მერაბ თავაძე აღნიშნავდა, რომ მისი ოფისი გატეხეს და მიმოფანტეს ყველაფერი, რაშიც იგი „ქართული ფილმის“ ახლანდელ დირექტორს, გელა-ენდრიუ სულის, იმავე სულიკაშვილსა და მურმან ჯავახიშვილს ადანაშაულებდა. იგი ეჭვობდა, რომ მისი ოფისის გატეხვა „ქართული ფილმის“ გასხვისებასთან დაკავშირებულ მამხილებელ დოკუმენტაციას უკავშირდებოდა, რითაც ცალკეული ადამიანები იყვნენ დაინტერესებულნი. კერძოდ, საუბარი იყო მრავალმილიონიან ქონებაზე, რომელიც დარღვევებით მოხვდა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ხელში.

შპს „ქართული ფილმის“ უძრავი ქონების დირექტორი მურმან ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მერაბ თავაძის ბრალდება უსაფუძვლოა და მას ნებისმიერ დროს შეუძლია, წაიღოს ის ყუთები, სადაც მის მიერ დაკარგულად და მიმოფანტულად წარმოჩენილი დოკუმენტაცია ინახება. მეტიც, მურმან ჯავახიშვილის თქმით, აღნიშნული ოთახის დაცლა კანონიერად მოხდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თანდასწრებით და არავის ძალით არ დაუკავებია ის ოთახი.

პირიქით, მურმან ჯავახიშვილის ინფორმაციით, მერაბ თავაძეს, როგორც ყოფილ დირექტორს, თავის დროზეც არ ჰქონდა უფლება, მიესაკუთრებინა ეს ოთახი, რომელიც თავისი დაპროექტებით აბსოლუტურად განსხვავდება ყველა დანარჩენი ოთახისგან. ნახევრად ოვალური ოთახი, ფასადს გარეთ გასული შუშებით თავიდანვე დაპროექტდა, როგორც შეხვედრების, მოლაპარაკებების, სტუმრების მიღების ოთახი. ამდენად, თათბირებისა და პრეზენტაციებისთვის გამოიყენებოდა და არასდროს გაქირავებულა.

მურმან ჯავახიშვილი ადასტურებს, რომ თავდაპირველად, მერაბ თავაძის დირექტორად დანიშვნისას პროცესი კარგად დაიწყო, იგი შეხვედრებს აწყობდა სხვადასხვა პირებთან და გარე ტერიტორიის მოწყობაზეც ზრუნავდა. თუმცა უკვე მოგვიანებით ჩატარებულ თათბირებზე მერაბ თავაძის მხრიდან გამოიყენებოდა სიტყვები -„ჩემი გუნდი“, „ვინ არის ჩემთან ერთად“; უფრო მეტიც, ერთ-ერთ თათბირზე მათ ტექსტიც შეადგინეს და ცალკეული ადამიანების ძიებისთვის გადაცემის თაობაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ბევრმა მოაწერა ხელი ამ ტექსტს, ბევრი კი დღემდე ნანობს ამ ხელმოწების გამო. ასე რომ, მურმან ჯავახიშვილი ირწმუნება, რომ თანამშრომლები გუნდის წევრებად დაყვეს, რაც მანამდე არასდროს ყოფილა.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, მერაბ თავაძის პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მის პოსტზე გელა ენდრიუ-სული (ანუ სულიკაშვილი) დაინიშნა, რომელსაც დამთავრებული აქვს ფიზიკა-მათემატიკის სკოლა საქართველოში, თუმცა კარგა ხანი, იგი ამერიკაში მოღვაწეობდა და შეხება ჰქონდა ამერიკის კინოწარმოებასთან.

„საბოლოოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მერაბ თავაძის გუნდი ვიღაცისთვის შურისსაძიებლად მოვიდა. მანამდე ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მერაბ თავაძემ მითხრა, დირექტორი ვიქნები თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მინდა, საქმე ბოლომდე მივიყვანო და აგვისტოში ასფალტის საფარი დავაგოთო. ამაში ხელი არ შემიშალოო. შევპირდი, რომ ამ ოთახში სამი თვის განმავლობაში შეხვედრების საშუალებას მივცემდით. მაგრამ მოხდა ისე, რომ ოთახზე, რომელზეც მხოლოდ სამი თვით შევთანხმდით, ხელშეკრულების დოკუმენტში სრულიად გაურკვეველი, სამწლიანი ვადა ჩაწერეს. დავურეკე ბატონ მერაბს, რათა გაგვერკვია, რა ხდებოდა. მიპასუხა, არ მცალიაო. მოგვიანებით მისი გუნდის ქალბატონმა მითხრა, რომ მერაბ თავაძე მზად იყო შესახვედრად. მივედი იმ ოთახში, რათა გამერკვია, რატომ არ ტოვებდნენ ასეთი მნიშვნელოვანი ოთახის გასაღებს. ბოლოს და ბოლოს, ხანძარი რომ გაჩენილიყო, ხომ უნდა შეგვემტვრია ოთახი?! სწორედ ამ დროს ჩამკეტეს იმ ოთახში და, სანამ არ ვთქვი, ძალიან ცუდად ვარ და კარი გამიღეთ-თქო, ორი საათი კარს არ მიღებდნენ“, - იხსენებს მურმან ჯავახიშვილი „ქართულ ფილმში“ დაპირისპირების დეტალებს For.ge-სთან საუბარში.

მისთვის გაუგებარია, რისთვის სჭირდება ამ ხალხს ეს ოთახი აწ უკვე გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის. როგორ მოხდა, რომ „ქართული ფილმის“ გათავისუფლებულ თანამშრომლებს თავიანთი ყოფილი ოთახებიდან შეჰქონდათ კარადები, კომპიუტერები, ტელეფონები ამ ოთახში, სადაც მოაწყეს სამზარეულო და ეს ოთახი ბუნაგს დაამსგავსეს. ამდენად, „ქართული ფილმი“ პარალიზებული იყო.

მურმან ჯავახიშვილს ისიც აინტერესებს, როგორ შეიძლება, 21-ე საუკუნეში რაიმე საბუთის მოპარვა ან დამალვა, რაშიც მათ ბრალს სდებს მერაბ თავაძე?! მით უმეტეს, არცერთ საბუთს არ ადევს გრიფი „საიდუმლო“ და მათი დედნები თუ ასლები არსებობს.

მერაბ თავაძის ასეთი კომენტარების შემდეგ მურმან ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს სკანდალის აგორების დიდი სურვილი ჰქონდათ. უფრო მეტიც, იგი იხსენებს ქართული კინოს განვითარების დირექტორის მაია არეშიძის ნათქვამს, თითქოს, მას საბანკო ანგარიშები მოპარეს. სინამდვილეში, ჩვენი რესპონდენტის თქმით, წარმოუდგენელია საბანკო ანგარიშების მოპარვა და ყველაფერი კანონიერად განხორციელდა.

ამასთან, „ქართული ფილმის“ უძრავი ქონების დირექტორი ირწმუნება, რომ პირადად იგი არავის გუნდში არ მოიაზრება და ეს მხოლოდ „ერთუჯრედიანი მოტივია“. მისთვის მთავარია სამსახური და არა გუნდში, ან რომელიმე კლანში თამაში. მეტიც, მას არ სურს ისეთ გუნდში ყოფნა, სადაც მხოლოდ ცალკეული თანამშრომლებისთვის, გუნდური პრინციპით, მისაღები იქნება მისი პერსონა, ხოლო სხვა თანამშრომლები მას მტრად აღიქვამენ.

„რა მინდა ასეთ გუნდში? მე ყველა ჩემი თანამშრომლისთვის უნდა ვარსებობდე. უკვე 50 წელს გადაცილებული ვარ და ვთვლი, მარტო ორ ფეხზე დგომა არ ნიშნავს ადამიანობას. ადამიანობის სტატუსი ცოტა უფრო მაღლიდან იწყება და ერთხელ დაკარგული ღირსება ვერასდროს აღდგება. ბავშვობაში ერთ-ერთ რომანში წავიკითხე, მგლების ხროვა საკვების საშოვნელად ცივ ზამთარში მიდის. ერთ-ერთი ახალგაზრდა მგელი ჩამორჩება თავის ხროვას, მგლების წინამძღოლს და ეტყვის, უნდა დაგტოვოთ, რადგან შიმშილს ვეღარ ვუძლებო. საჭმლის გამო ადამიანებთან მივა და ძაღლის მსგავსად, მათ ნადირობისას ეხმარება. წლების შემდეგ ნახავს, რომ მისი პატრონის მიერ დაჭრილი მგლების ბელადი გდია თოვლში. რა თქმა უნდა, იცნობს თავის ბელადს და ვეღარ მიეკარება, შორიახლოს დადგება. თუმცა ბელადმა თავად შეამჩნია იგი და ბოლო ამოსუნთქვისას უთხრა ამ ახალგაზრდა მგელს, შიმშილი მიდის და მოდის, მაგრამ, თუ ერთხელ ღირსება დაკარგე, ახლა რაღა აზრი აქვს მანდ დგომას, მოდი და წამათრიეო. მე ასე გავიზარდე, ამიტომ თავაძე იქნება თუ სულიკაშვილი, არავის კლანში არ შევალ“, -აღნიშნა მურმან ჯავახიშვილმა.

ის გზაც გაიხსენა, კინოს სიყვარულით 17 წლის ასაკში როგორ დაიწყო მუშაობა „ქართულ ფილმში“ უბრალო მოხელედ, სადაც ისეთ გამოჩენილ სახეებს ხედავდა, როგორებიც იყვნენ იპოლიტე ხვიჩია, სერგო ზარაქიაძე, ლეილა აბაშიძე, თენგიზ არჩვაძე, კახი კავსაძე. ამისთვის ინსტიტუტში შეგნებულად ჩააბარა საღამოს ცვლაში, შემდეგ მეორადი ფაკულტეტი დაამთავრა დოკუმენტური ფილმების სარეჟისორო-საოპერატორო განხრით, მოგვიანებით კი ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიებს დაეუფლა. რეზო ჩხეიძის დროს კი უკვე მთავარ ინჟინრად დანიშნეს.

რაც შეეხება მერაბ თავაძის ბრალდებას, რომ ეს დოკუმენტები სწორედ საგადასახადო ორგანოებიდან შემოწმების წინ გაუჩინარდა, მურმან ჯავახიშვილი აცხადებს, რომ, თუ „ქართულ ფილმში“ დარღვევები არსებობს, ამას საგადასახადო შეისწავლის და არა - მერაბ თავაძე.

„ვუთხარი, ბატონო მერაბ, დაბრუნდით ორგანიზაციაში და მართეთ, როგორც შეგეფერებათ და ამ ბუნაგობანას, რასაც ამ ოთახში აკეთებთ, მოეშვით, ეს თქვენ არ შეგფერით-მეთქი. ამაზე არაფერი მიპასუხა“, - აღნიშნა მურმან ჯავახიშვილმა.