...1992 წლის 14 აგვისტოს, თენგიზ კიტოვანმა, რომელიც იმხანად საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, რკინიგზის დაცვის საბაბით, აფხაზეთში სამხედრო შენაერთები შეიყვანა... ამბობენ, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მაშინდელმა მოადგილემ, გენერალმა სუფიან ბეპაევმა კიტოვანს, რომელიც პოლიტიკაში ჩართვამდე თავს მხატვრობით ირთობდა, ჩამოსაწერად გამზადებული ტანკები და იარაღი გადასცა.... ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი _ რუსები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კიტოვანი დაუყოვნებლივ დაიძვრებოდა აფხაზეთისკენ. არძინბა კი, გვემუქრებოდა, გაიძულებთ, პირველებმა თქვენ გაისროლოთ... ჰოდა, გაისროლა კიტოვანმა. პროვოკაცია მოწინააღმდეგეს, როგორც წესი, არასწორი ნაბიჯისკენ უბიძგებს, რასაც პროვოკატორის ბრალმდებლის პოზაში დადგომა მოჰყვება ხოლმე... ასე მოხდა 1992 წელსაც... ასე მოხდა 2008-შიც... 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა ომი აფხაზეთში. რეალურად, ეს რუსეთ-საქართველოს ომი იყო... ,,ქართული სიტყვა” აფხაზეთის ომის ვეტერანს, იუსტიციის მრჩეველს, აფხაზეთის პროკურორის ყოფილ მოადგილეს, აფხაზეთის სამხედრო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, რუსუდან ქორჩილავას ესაუბრა.
_ ქალბატონო რუსუდან, ბოლო დროს ბილბორდი _ ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!” _ აღარ ჩანს...
_ მგონი, აფხაზეთი არავისთვისღაა ტკივილი. როცა აფხაზეთში დევნილების დაბრუნებაზე ლაპარაკობენ, ვგრძნობ, რომ თვალებში სიცარიელე აქვთ. 21 წლის წინ, 1992 წელს, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო... 16 აგვისტოს აფხაზეთის სამხედრო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. მძიმე დღე იყო, ყველანი ვგრძნობდით, რომ აფხაზეთი 14 აგვისტოს დაიკარგა. არ ვარ პესიმისტი, მაგრამ პესიმისტი ინფორმირებული ოპტიმისტია _ საუკუნეების განმავლობაში, დაკარგული ტერიტორიებიდან საქართველომ მიწის ნაგლეჯიც ვერ დაიბრუნა. თუ აფხაზეთის დაბრუნება გვინდა, აფხაზის გული უნდა დავიბრუნოთ.
საერთოდ, აფხაზეთის ტერიტორიების დაკარგვაში ბრალი უგუნურ ქართველებს მიუძღვით. საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 26 ქართველი დეპუტატი უნდა შესულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან საარჩევნო უბნებზე დეპუტატობის მსურველებმა ერთმანეთი დაჭამეს... აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ავადსახსენებელი არძინბას დანიშვნაც ქართველების დამსახურებაა. არადა, რომ არა არძინბა, აფხაზეთს არ დავკარგავდით. სამთავრობო სხდომები პოპულისტური ლოზუნგებით მიდიოდა, არძინბას და კამპანიას პასუხს არავინ სცემდა, როცა ყვიროდა: ,,ჩვენ გაიძულებთ, თქვენ პირველებმა გაისროლოთ!”
აფხაზეთის ქართველთა ლიდერებს შორის სოლიდარობა არ იყო. მათი პროტესტი მხოლოდ უმაღლესი საბჭოს სხდომების უადგილო და უდროო ბოიკოტირებაში გამოიხატებოდა. ვერ დავდექით სიმაღლეზე, ვერ შევაკავეთ პროცესები ჩვენდა სასარგებლოდ.
მახსოვს, თავის დროზე როგორ იდგა გალის ხიდზე მერაბ კოსტავა და მისი გადალახვის უფლებას არავის აძლევდა. ზვიად გამსახურდიაც ამბობდა, ეშმაკთან ხელს მოვაწერ და აფხაზეთში ომს არავის დავაწყებინებო,Mმაგრამ მოულოდნელად, გაუაზრებლად დაიწყო ომი...
_ ომი, რომელიც წამოიწყო ,,კიტოვანის ჯარმა”, არა?
_ 1992 წელს, პატიმართა ამნისტიას ორი ადამიანის _ ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის ხელმოწერა ამშვენებდა.Bბევრი ამნისტირებული შეუერთდა ,,გვარდიისა” და ,,მხედრიონის” რიგებს. ყველაფრის მიუხედავად, ნახევრად მშიერი და უიარაღო ჯარი, 13 თვე და 13 დღე სერიოზულად ომობდა აფხაზებისა და რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. თენგიზ კიტოვანმა ჩაიდინა სერიოზული სახელმწიფო დანაშაული _ სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდო კანონიერი პრეზიდენტი, აფხაზეთში კი, თვითნებურად ომი დაიწყო. აფხაზეთის მიწაზე ფეხი დადგა თუ არა, ,,მოროდიორის” თვალი მოავლო იქაურობას და თქვა, თურმე, რა მაგრად ცხოვრობთ აფხაზეთშიო. კიტოვანმა ,,ლიცენზიაც მიიღო” მკვლელობაზე და დაიწყო აფხაზეთის ძარცვა-გლეჯა. თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი გამსახურდიას ერთ-ერთი შეცდომა იყო. 1990 წელს კიტოვანი დეპუტატად აირჩიეს უბანში, სადაც მეტოქეებად ცნობილი ინტელექტუალები ჰყავდა. კიტოვანმა გაიმარჯვა, როგორც გამსახურდიას საარჩევნო ბლოკის წევრმა. სწორედ მას დაავალა ზვიადმა ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელმაც 1992 წელს პრეზიდენტის ხელისუფლება დაამხო და სამხედრო საბჭო შექმნა. დასანანია, რომGგამსახურდიას გვერდით ჰყავდა დამსახურებული გენერლები, მაგრამ ქართული ჯარი საეჭვო დონის მხატვარ-მოქანდაკეს ჩააბარა, რომელმაც ამდენი დანაშაულისთვის სასჯელი არათუ მოიხადა, არამედ, დღემდე უზრუნველად ცხოვრობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მფარველობის ქვეშ.
_ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა?
_ აფხაზეთის ჰაერში ჩამოკიდებული დე ფაქტო 2008 წელს დე იურედ იქცა. აფხაზებმა მოახერხეს და ჩაატარეს დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები, გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც რუსეთის გეგმაში არ შედიოდა. გარდა ამისა, აფხაზეთში დიდი ძვრები მიდის ეკონომიკის, მიგრაციის მიმართულებით. სირიის კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთისკენ მუჰაჯირები დაიძრნენ. თურქეთიდან, იორდანიიდან ჩასულები ქონებას ყიდულობენ და არავინ იცის, ვის ნაოფლარს ეუფლებიან. ისე, აფხაზეთიდან სასიხარულო ინფორმაციებიც მოდის _ ამბობენ, აფხაზეთში სხვა ქვეყნებში ემიგრირებული ქართველებიც ბრუნდებიანო.
_ ქალბატონო რუსუდან, რითი ვართ დღეს აფხაზებისთვის მიმზიდველი?
_ თავის დროზე აკაკი ბაქრაძემ თქვა, თუ გინდათ, აფხაზეთში ურთიერთობები დავაწყოთ, ყველამ ვთქვათ, აფხაზი ვარო. ამ სიტყვებისთვის კინაღამ ჩაქოლეს, მაგრამ ამ ნათქვამში იყო დიპლომატიის მარცვალი, სიტუაციის ჩაწყნარების მეთოდი. 2008 წლის აღიარებამდე, აფხაზები გაურკვევლობაში იყვნენ, დღეს კი, წელში გამართულები არიან. რა შეიძლება შევთავაზოთ? მიმზიდველი პოლიტიკურ-სოციალური ვითარება არ გვაქვს. ომით კი, ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია, რადგან რუსეთი, სამი ობიექტის გამო, აფხაზეთს არასოდეს დათმობს
_ რას გულისხმობთ?
_ ეშერის ლაბორატორიას, ბომბორას აეროპორტსა და ფიზიკოტექნიკურ ინსტიტუტს. ცნობილი მეცნიერი ივერი ფრანგიშვილი წერდა, რომ ეშერის ლაბორატორიის ასაშენებლად მილიონებია დახარჯული. როცა მას ჰკითხეს, არსებობს თუ არა ლაბორატორიაში პულტი, რომელიც მიწისძვრას გამოიწვევს, უპასუხა, არსებობს, მხოლოდ პულტი კი არა, პულტებიო. ეშერის ლაბორატორიაში დევს იარაღი, რომელიც ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას იწვევს. ხანდახან, როცა ქართველებს ვუყურებ, ვფიქრობ, ხომ არავინ დააჭირა ხელი ამ პულტს-მეთქი? ათონის გამოქვაბულში, მიწისქვეშა ოცდაათი გვირაბიდან მხოლოდ შვიდია გახსნილი. ბომბორას სამხედრო აეროპორტი, რომელიც სოჭის ოლიმპიადისთვის მზადდება, როგორც სათადარიგო, ნებისმიერ ამინდში იღებს თვითმფრინავებს. მიუსერაში, კლდეზე აღმართულ ე.წ. გორბაჩოვის აგარაკის ქვეშ, კლდეში ნავი შედიოდა. კიდევ მრავალ საიდუმლოს ინახავს აფხაზეთის მიწა. ამიტომ, რუსეთისთვის აფხაზეთი მხოლოდ საკურორტო ზონა არაა.
სხვათა შორის, 2004 წელს, ,,მომავლის გეგმის” ფარგლებში სერგეი ბაღაფში თბილისში ჩამოვიდა და როცა იმედგაცრუებული თბილისს ტოვებდა, რამდენიმე წუთით ვნახე და მეგრულად ჩამილაპარაკა, მე ამათ არ ვაპატიებო. ამ შეხვედრიდან მალე, საოცარი რამ მოხდა: ისტორიულ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს და დაკარგეს კიდეც. რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, მხოლოდ უსასრულო ყბედობაა _ ირეცხება და კეთდება უზარმაზარი ფული... ოცდაერთი წლის განმავლობაში დევნილებით გაივსო სასაფლაოები _ მიდის თაობა, ვისაც ახსოვს აფხაზეთი. მოდიან თაობები, რომელთაც არც იციან სოხუმის გზა.Gგურამ ოდიშარიასნაირების საფუძველსმოკლებული ლოზუნგები და ოცნებები ამ განწყობას ვერ შეცვლის, პრაგმატული აზროვნებაა საჭირო, რათა მსოფლიოს ქვეყნებში გაფანტული აფხაზეთის მოსახლეობა დავაბრუნოთ და ჩვენც დავბრუნდეთ. ამასობაში პროპაგანდის მანქანა შეუსვენებლივ მუშაობს და დღითიდღე ვშორდებით დაბრუნების იმედს.
_ ომი თქვენს ოჯახსაც შეეხო, ქალბატონო რუსუდან...
_ ომი დაიწყო თუ არა, უმცროსი ვაჟი და დედაჩემი ქვეყნიდან გავხიზნე, უფროსმა, 17 წლის ბაჩამ სკოლა იმ წელს დაამთავრა და ხელი იარაღს მოჰკიდა... არ გამიჩერებია. თუ სხვისი შვილები იბრძოდნენ, ჩემიც მათ გვერდით უნდა ყოფილიყო. შემეძლო, გავცლოდი ომის ქარცეცხლში გახვეულ სამშობლოს, მაგრამ დავრჩით და ბოლომდე ვიბრძოდით. ერთხელ, კახა ტატიშვილის ბატალიონის ტყვედ ჩავარდნის ამბავი გავრცელდა, ამ ბატალიონში იბრძოდა ჩემი შვილი. 12 დღის განმავლობაში, ყოველდღე დავდიოდი შტაბში და ბატალიონის ამბავს ვკითხულობდი, ყველანი დუმდნენ, მიმალავდნენ ტყვეობის შესახებ _ არ იცოდნენ, რომ საქმის კურსში ვიყავი. როცა მებრძოლებმა ალყა გაარღვიეს და გათავისუფლდნენ, მაშინ გავამხილე, რომ ყველაფერი ვიცოდი. ხან სად დავადგებოდი თავზე შვილს, ხან _ სად. ამიტომაც, ხუმრობით ,,ჯარისკაცის დედა“ შემარქვეს. ერთხელ, ბაჩა ოჩამჩირის რაიონის სოფელ არდუში, ტყვეთა გაცვლის მორიგ პროცესზე დასასწრებად წავიყვანე. ჩემი ბავშვობის მეგობრის, ბადრი მუშკუდიანის გვამს ველოდებოდი. საშინელი სანახავი იყო მიცვალებული _ ,,კოლუმბიური ჰალსტუხი” ჰქონდა გაკეთებული... ეს ბაჩამ განიცადა... ომის ბოლო დღეებში, ბაჩა ახალდაბაში მოხვდა, მე კი, გია ყარყარაშვილთან ერთად, ჭუბერის გზით, თბილისში ჩამოვედი... ვფიქრობ, საშინელი სტრესი მიიღო, როცა უცნობმა დაურეკა და აცნობა, რომ სოხუმში მომკლეს. ჩემი შვილი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ომის მონაწილის სტატუსი არ აქვს. სიმართლე გითხრათ, არც გვიბრძოლია რაღაც შეღავათებისთვის. ხანდახან გული მიკვდება, ომის დაბეჩავებულ ვეტერანებს რომ ვხედავ. ყველაფერში აშშ-ს ვბაძავთ და იქნებ, ჩვენც ისე დავაფასოთ ნაომარი ბიჭები, როგორც აშშ ეფერება თავის მებრძოლებს?
ამასწინათ, ,,ობიექტივში” გახლდით, სადაც მარმარილოს პატარა დაფა ვნახე _ აფხაზეთის ომში დაღუპული ჟურნალისტების სახელებია ასახული. მითხრეს, ეს დაფა ქუჩაში დაგდებული ვიპოვეთო. ჟურნალისტებს შორის იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გოგიტა კობიაშვილი, რომელიც საშინელი სიკვდილით დაიღუპა _ ყუმბარაზე აფეთქდა. მე ჩამოვასვენე...
21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ომი დაიწყო და, ზვიად გამსახურდიას მსგავსად ვიტყვი, ეშმაკს მივყიდი სულს, ოღონდ აფხაზეთში ფეხი დამადგმევინა!