უგზო-უკვლოდ დაკარგული დაღესტნელი მოჯაჰიდის, 24 წლის მოგამედ მაგომედოვის ოჯახის წევრები და „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ მისი გაუჩინარების საქმის გამოძიებას მოითხოვენ. დიდოელი ახალგაზრდა თბილისში, სანზონაში, კაკაბაძის ქუჩიდან 19 აპრილს დღის პირველ საათზე გაუჩინარდა, სადაც მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე For.ge-სთან საუბარში მაგომედოვის გაუჩინარებას ლაფანყურის სპეოპერაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, იგი ლაფანყურის მოვლენების დროს დაპირისპირებული ორი კლანის - მერაბიშვილისა და ახალაიასთვის საინტერესო პიროვნება იყო.
თავის მხრივ, „ვაინახები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი აიუპ ბორჩაშვილი აცხადებს, რომ მაგომედოვს კავშირი ჰქონდა იმ დაღესტნელთან, რომელმაც სპეცოპერაციის დროს დაღესტანში გადასვლა მოახერხა და მასთან ერთად წასვლა შესთავაზა მაგომედოვსაც, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მოგამედ მაგომედოვის გაუჩინარების სავარაუდო ვერსიად საქართველოს ხელისუფლების მიერ მაგომედოვის რუსული მხარისთვის გადაცემას ასახელებს. ეს დაუშვებელი იყო, რადგან მაგომედოვი დევნილის სტატუსს ელოდებოდა და მისი რუსული მხარისთვის გადაცემა ქართული კანონმდებლობით იკრძალებოდა. გელა ნიკოლაიშვილის ვერსიას არ გამორიცხავენ მაგომედოვის ოჯახის წევრები და საქართველოსა და რუსეთს შორის ფარული ექსტრადირების პრაქტიკაზეც მსჯელობენ, როგორც ამას თავის დროზე, სააკაშვილი ახორციელებდა და მისი მხრიდან უარყოფის მიუხედავად, საბოლოოდ ეთნიკური ჩეჩნები რუსეთის ციხეებში აღმოჩდებოდნენ ხოლმე.
როგორც გაუჩინარებულის და - რადიჟან მაგომედოვა იხსენებს, ოჯახის წევრებმა მის ძმასთან დაკავშირება ბოლოს 10 მაისს მოახერხეს. მისივე თქმით, შეუძლებელია, მაგომედოვი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულიყო, რადგან იგი სამართალდამცავთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ეს ის მოგამედ მაგომედოვია, რომელიც არაერთხელ გახლდათ ნაწამები რუსეთის ტერიტორიაზე. კერძოდ, მას დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა თავის არეში, ასევე, სხეულზე. ამიტომ მისი რუსეთისთვის გადაცემა არ შეიძლებოდა.
ისიც ცნობილია, რომ შსს-მ მაგომედოვი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2012 წლის 13 დეკემბერს დააკავა, თუმცა დეკემბრის ბოლოს მას საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებული საყოველთაო ამნისტია შეეხო.
ცოტა ხნის წინ მაგომედოვის დედა დაღესტნიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა და შვილის მოძებნაში დახმარება საქართველოს პრემიერ-მინისტრს სთხოვა. ჰურულენ აბდულკადიროვას სურვილი იყო, პრემიერს შეხვედროდა და მისთვის ყველაფერი მოეყოლა... მას სურდა, თავისი შვილი მკვდარი ან ცოცხალი მაინც ეპოვა.
For.ge ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.
- ვფიქრობთ, მოგამედ მაგამედოვი გატაცებულია. ეს მაშინ, როცა მის წინააღმდეგ არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმე აღძრული საქართველოში. უბრალოდ, არსებობს ეჭვი, რომ მას ჰქონდა გარკვეული ინფორმაციები ლაფანყურთან დაკავშირებით. რამდენადაც ლაფანყურის ოპერაცია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ორი კლანის დაპირისპირების შედეგი - ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილისა და ახალაიების კლანს. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომელიღაც მათგანის ინტერესში ყოფილიყო ამ ადამიანის გაუჩინარება. აღნიშნულ საქმეში მე თვითონ გახლდით ჩართული და შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეზე დავსვით ეს საკითხი. თუმცა იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ შს სამინისტროს არანაირი შეხება არ ჰქონია ამ საქმესთან.
რუსეთმა ხომ არ მოითხოვა მოგამედ მაგომედოვის ექსტრადაცია?
- რუსეთი არ ითხოვდა მის გადაცემას და იქაც არ იყო საქმე აღძრული, არადა, ფაქტია, ადამიანი გატაცებულია და რაც მთავარია, მეორე დღეს ზარი იყო გაშვებული ანაკლიის ტერიტორიიდან. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლებელია, სწორედ ძველი ხელისუფლების ამ ორი კლანიდან რომელიღაც მათგანი დაინტერესებული იყო ამ ადამიანის გაუჩინარებით. მისმა დამ და დედამ გვანახეს ტელეფონის ნომერი, რომლითაც ისინი დაუკავშირდნენ თავიანთი ოჯახის წევრს, გატაცებულ მოგამედ მაგამედოვს და მან 10 მაისს უპასუხა ამ ტელეფონზე. საინტერესოა, რომელმა ანტენამ დაიჭირა ეს ზარი და იგი სად იმყოფებოდა?! ჩვენ გვაინტერესებს ადგილსამყოფელი, თუ სად იყო იგი 10 მაისისთვის. ამიტომ შსს-მ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
თქვენ აცხადებთ, რომ მუსლიმანების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებული უნდა იყოს. რას გულისხმობთ?
- სამწუხაროდ, ამ ადამიანების მიმართ ისევ ძველი სახელმწიფო პოლიტიკა ხორციელდება. ასეთი პოლიტიკა ჰქონდა სააკაშვილს. იარაღის ჩადებით, ნარკოტოკების ჩაგდებით არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დაკავება. თუ მათ რაიმე სახის დანაშაული მიუძღვით, სწორედ დანაშაულის მიხედვით უნდა ხდებოდეს მათი დაკავება და არა წარმომავლობის ან რელიგიური ნიშნით.
პანკისში გზის გადაკეტვასთვან დაკავშირებით თქვენ ძველი ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობთ.
- რაც შეეხება ქისტებს და გზის გადაკეტვას, აქაც აშკარა იყო ძველი ხელისუფლების დაინტერესება, როდესაც მათ თქვეს, თითქოსდა, რაღაც დაპირისპირება არსებობდა ქართველებსა და ქისტებს შორის. სინამდვილეში, ეს იყო ტყუილი, ეს იყო ყოფითი შემთხვევა, ყოფითი ჩხუბი, რომელიც ნასვამებსა და ფხიზლებს შორის მოხდა. ამას არანაირი კავშირი არ ჰქონია არც რელიგიასთან, არც ცილისწამებასთან, რომელმაც პრეზიდენტის მხრიდან გაიჟღერა, თითქოს, წამალთან დაკავშირებით მოხდა ჩხუბი და დაპირისპირება. ეს იყო ნაციონალების ინტერპრეტაცია. ამ კამათის შემდეგ ისინი ისევ შერიგდნენ. ძალიან ცუდი იქნება ახალი კონფლიქტის კერები შევქმნათ საქართველოში. ისედაც საკმარისზე მეტი კონფლიქტური კერები გვაქვს, რამაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ჩვენს ქვეყანას. ქისტები, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი უფლებებიც ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც თითოეული ჩვენგანის.