გურჯაანში „რთველი-2013“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, უშუალოდ ყურძნის კრეფა კი რამდენიმე დღეში დაიწყება. წლეულს 150 000-მდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. გლეხებისგან მოსავალს 80-მდე საწარმო ჩაიბარებს.
იგი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით შერვაშიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა ქალაქ გურჯაანში გახსნეს და მას თავად დავითაშვილი უხელმძღვანელებს. „რთველი 2013“-ის საკოორდინაციო შტაბში იმუშავებს ცხელი ხაზი, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2013 წლის რთველი წარსული პრობლემების დაძლევასა და სექტორის განვითარების მიმართულებით გარდამავალი ეტაპი იქნება.
„სახელმწიფო დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ იქნება მიმართული, რომელიც გლეხს უფრო კონკურენტუნარიანს, წარმოების პროცესს კი უფრო თანამედროვეს გახდის. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოხმარდება“, - განაცხადა შერვაშიძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა შტაბის წევრებსა და რთველის პროექტში ჩართული საწარმოების წარმომადგენლებს, რთველის მიმდინარეობის სქემა გააცნო. ყურძნის კრეფა, რთველი, აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან (სოფლები - სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო) დაიწყება, 10 სექტემბრიდან კი რთველში ჩაერთვებიან ჯერ სიღნაღის, შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები.
შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აღარ იქნება კერძო სექტორის კონკურენტის როლში და ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.
„სუბსიდიის პროგრამა განხორციელდება კომპანიებისათვის ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე. სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე შეადგენს 40 თეთრს, ხოლო 1 კგ საფერავის შემთხვევაში - 25 თეთრს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
წლეულს 150 000-მდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან, მაგრამ მთავრობა ირწმუნება, რომ გლეხებს მისი რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ.
„რთველი 2013“ იქნება ისეთი, რომ გლეხი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ხოლო წარმოება კიდევ უფრო თანამედროვე“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ - ვიცით, რომ წინა პერიოდში სახელმწიფოს ჩარევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფო გამოდიოდა როგორც მეურნეობის სექტორის ერთ-ერთი კონკურენტი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს სახელმწიფომ ჩაიბარა მთელი მოსავლის დაახლოებით 63%, რაც ნიშნავს, რომ კერძო სექტორმა ჩაიბარა გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა პერიოდში. ჩვენ შევცვლით თამაში წესებს და ამ მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს ვაპირებთ“.
რთველის სუდსიდირებას წესი ამჯერად სრულიად განსხვავებული იქნება. ნაცვლად ვაუჩერებისა, მოხდება მეწარმეების პირდაპირი დაფინანსება, პირდაპირი დახმარების წესით.
„მეწარმეები კონდიციურ ყურძენში თუ გადაიხდიან ერთ ლარს ან უფრო მაღალ ფასს, ისინი მიიღებენ შესაბამის სუბსიდირებას. სუბსიდია გავრცელდება სამ ჯიშზე: რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველასთან და რთველი 2013 იქნება წარმატებული“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
ფერმერებისგან ყურძენს 80-მდე საწარმო ჩაიბარებს, რომელთა დიდი ნაწილი ტექნიკურად გადაიარაღებულია.
„არაფერია იდეალური, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, რთველის მიმდინარე სეზონი წარმატებით განვახორციელოთ და რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა გვქონდეს. ჭარბმოსავლიანი წელია და წინააღმდეგობას შეიძლება წავაწყდეთ, თუმცა მთლიანობაში, რთველისთვის ნაყოფიერი და გამორჩეული სეზონი იქნება, ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა.