მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა _ “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს _ დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა _ “ამბები მიხეილის ციხიდან”...
“ჯიქთა ხათუმი” და “კნიაზ” დავით საცერაძე
დღეს უკვე მეცინება ქალთა “ზონის” სიხარულზე, მაგრამ არ შემიძლია, იმ ემოციაზე არ დავწერო...
შაშკინი ისე სძულდა ასობით ქალ პატიმარს, რომ წყევლაც კი მოიგონა,
არ აგცდეს შაშკინიო...
“კრიტში” გავიგეთ, რომ შაშკინი მოხსნეს, უფრო სწორად, მის სავარძელს პროფილი შეუცვალეს და სხვა სამინისტროს მესაჭედ დანიშნეს, ჩვენი სამინისტრო კი, რატომღაც პრეზიდენტმა მანდილოსანს ჩააბარა.
ხათუნა კალმახელიძე!
ისე გაგვიხარდა, ისე, რომ ჩავთვალეთ, აი, ქალი მოვიდა, მოგვისმენს და პატრონიც გვეყოლებაო. რა ვიცოდით, რომ დიდი “ჯიქთა ხათუმი” იქნებოდა და ზედ არ შემოგვხედავდა...
თურმე, სად „ბანაობ”...
2010 წლის 20 აპრილია. ეკა ბესელიამ არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა პატიმართა მხარდასაჭერი, დავურეკე და ვუთხარი, შიმშილობას ვიწყებ, მინისტრთან მინდა შეხვედრა, უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა და აუცილებლად უნდა მომისმინოს-თქო....
მეორე დღეს ბესელიამ ბრიფინგი ჩაატარა და მიმართვა გაავრცელა, მე კი, დირექტორს განცხადება გადავუგზავნე, რომ შიმშილობას ვიწყებდი და იზოლირებული ფართი მოვითხოვე, რათა შეკითხვები არ გაჩენილიყო, მართლა შიმშილობს მსჯავრდებული თუ თავს გვაცოდებსო (ეს ციხის ერთ-ერთი მიდგომაა).
„კრიტის“ დირექტორი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ჩემზე 9 თვით უფროსი.
როცა ვესაუბრებოდით, ან რამეს ვეკითხებოდით, მხოლოდ იცინოდა...
იცინოდა და იცინოდა...
თუმცა, ეს უაზრო ღიმილი მის ტანადობას სულაც არ შეეფერებოდა... მაღალ, ერთობ კარგი შესახედაობის მამაკაცს, “ზონამ”, რა თქმა უნდა, მეტსახელი შეარქვა: “კნიაზ დავით საცერაძე”.
აი, ამ ჩვენმა “კნიაზმა” ჯერ გულდასმით წაიკითხა ჩემი განცხადება, მერე, კანონით გათვალისწინებული გასაუბრება მომიწყო, ბოლოს, სადღაც, ზევით დარეკა და მითხრა, რომ საღამოსთვის იზოლირებულ ფართს გამომიყოფდა.
უკვე 6 საათი სრულდებოდა, საკნებს მალე დაკეტავდნენ, “სმენის” უფროსს ვუთხარი, იზოლირებულ ფართს ველი-თქო...
გაიკვირვა: _ ვაი, არ ვიცი... დირექტორი, რეჟიმის უფროსთან ერთად, საქეიფოდ წავიდა და დილამდე არ დაბრუნდება...
არ ვიცი, თავში საიდან მომივიდა ეს აზრი _ სირბილით ავედი მესამე სართულზე, ჩემი ლეიბი ავკეცე და ეზოში ჩამოვიტანე, გავშალე და ზედ დავჯქი.
ოფიცრები მეკითხებიან:
_ რას აკეთებ?
მშვიდად ვპასუხობ:
_ ველოდები დირექტორს, ქეიფს რომ მორჩება, მერე მაინც ხომ მომცემს იზოლირებულ ადგილს... აი, მანამდე კი, მე თვითონ ვიქნები იზოლირებული და ეზოში ვიშიმშილებ...
რატომ არ მეშინოდა? _ ამაზე პასუხი დღემდე არ მაქვს, პრაქტიკულად, შინაგანაწესს ვარღვევდი, დირექტორი კი, _ მოშიმშილის უფლებას!
მოკლედ, “კნიაზმა” სუფრა არ მიატოვა ღამის 11 საათამდე!
მე კიდე _ ეზო!
წვიმდა და მოადგილე მეცოდებოდა, მეხვეწებოდა, შედი საკანში და ხვალ რამეს გადავწყვეტთო...
ღამის 11 საათზე, როცა წვიმა შხაპუნით წამოვიდა, ჩემი მეგობრები გამოიყვანეს საკნებიდან და მათი თხოვნის საფუძველზე, დავბრუნდი საკანში.
დილით, ეზოში მობრძანებულ “კნიაზ” საცერაძეს ვუთხარი:
_ ბატონო დავით! თქვენ ჩემზე მხოლოდ 9 თვით ხართ უფროსი, სამწუხაროდ, ინტელექტით _ პატარა! ასე რომ, ხომ არ ჯობია, პატიმრობის კანონსა და შიმშილობის დებულებაზე ჩემთან გაიაროთ თრეინინგები და მერე, იქეიფოთ სადმე, სწავლის აღსანიშნავად?!
დღეს ისე მეცოდება დათო, რომ ვერ ავხსნი...
დაბნეულმა კაცმა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა, სამინისტროდან, რომელ სამინისტროსაც კალმახელიძე კურირებდა, არაოფიციალური ბრძანება ჰქონდა მიღებული, მოსიაშვილი გააწვალეთ და აჩვენეთ, თუ როგორია შიმშილობაო.
დიახ, დილით, 1979 წელს აშენებულ „სადამსჯელო საკანში” გამომიძებნეს იზოლირებული ფართი იმ მოტივით, რომ სხვა ცარიელი საკნები არ ჰქონდათ!
“კარცერის” საკანში მე და სამი თაგვი ვცხოვრობდით, ნარზე წამომჯდარი ვუყურებდი, როგორ ჩხუბობდა ორი წრუწუნა მესამეს გულის მოსაგებად... საკანში უკანასკნელი 29 წლის ლანდები დაბორიალობდნენ, კედლებზე ისტორიულ ეპითეტებად დაწერილი ამბები მაუწყებდნენ, ვის ეცხოვრა აქ _ სიმონას, საშას, მიშკას, ნუგზარს... და რა ჩამოთვლის...
კედელზე ამოფხაჭნილი ტექსტების უმრავლესობა ოჯახის ნოსტალგიას ასახავდა:
“მენატრები, ნათელა!”
“დღეს ზაქროს დაბადების დღეა, 4 წლის გახდა!“
“და ვინ არის შენი ერთგული მეგობარი ციხეში? _ კედელი, “ნარი” და ბალიში... მხოლოდ მათ იციან ყველაფერი შენზე...“
და როცა სადამსჯელო მიწურის საკანში ვშიმშილობდი, კალმახელიძე დაწესებულებას ეწვია, “ზონის” ეზოში კარი შეაღო, 600 მოფუსფუსე ქალი დაინახა, კარი მიაჯახუნა და სირბილით უკან წავიდა.
ასე რომ, მოშიმშილე არც კი უნახავს.
მაშინ დეპარტამენტში სოციალური სამსახურის უფროსი ვლადიმერ გვასალია იყო _ ერთადერთი ადამიანი, რომელიც მახსოვს, რომ ყურადღებით ყველასგან გამოირჩეოდა.
აი, მან მნახა... მომისმინა და სიტყვა მომცა, რომ “ზონას” ტელევიზორიც ექნებოდა, რადიოც, “პლასტმასის ტაშტების” შემოტანის ნებართვაც, კერამიკული ჭიქებიც, ამანათს მოხარშულ ქათამს დაუმატებდა, “პლასტმასის” კოვზებს და ჩანგლებს მაღაზია გაყიდდა, ასევე, ჟურნალებიც გაიყიდებოდა... ამანათს ხაჭოს დაუმატებდნენ და წიგნს გამოსცემდნენ _ “გისოსებს მიღმა სამყარო”, რომელშიც პატიმართა შემოქმედება დაიბეჭდებოდა, ცენზურა გავლილი...
პირობა შესრულდა _ შიმშილობა შევწყვიტე, კალმახელიძემ ყურად იღო, რომ 30 ქალზე გათვლილ საკანში ერთი “სარეცხის ტაშტი” არაჰიგიენურობის თვალსაჩინო ნიმუში იყო...
თუმცა, „უდო“, იგივე ვადაზე ადრე გათავისუფლება არ მოხდებოდა, რადგან მიშას ერთი წელი დასჯილი ვყავდით!
2010 წლის 21 მაისს “კრიტის” ცხოვრება დასრულდა _ უკან, “მატროსოვზე” დაგვაბრუნეს, “ზონის” შუაში წითლადშეღებილი კედელი გაავლეს და შექმნეს ორი დაპირისპირებული მხარე.
ერთ მხარეს “მე-13 რაიონი” დაარქვეს.
მეორეს _ “მორჩილთა საუფლო.”
მე “მე-13 რაიონის” მკვიდრი ვიყავი, პოლიტპატიმრებსაც “მე-13” ერგოთ...
არავითარი მაგიდა, არავითარი სასადილო, არავითარი ჰიგიენა...
მხოლოდ ბევრი “მობილური” და ბევრი “ბაკლოსანი”...
ჩხუბი, გარჩევა, წვიმის დროს _ ნიაღვარი ჭერიდან!
ახალი კანონმდებლობებით, მშობლის უფლებების შეზღუდვა პატიმარი დედისთვის...
ტირილი... მოთქმა და... ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა...
ეს პროცესი მხოლოდ წლის ბოლომდე გაგრძელდა და აი, მაშინ კი დაიწყო დასასრულის დასაწყისი.
კალმახელიძემ პრეზიდენტს რუსთავში აშენებული ქალთა ციხე დაათვალიერებინა, ვანო ჯავახიშვილიც კი ჰყავდათ “დელეგაციაში”. მიშამ, რომელიც პიურეს მწვანე ჩანგლით მიირთმევდა, ტელეეკრანიდან ჩანგლის ქნევით გვითხრა, რომ მალე ევროსტანდარტებით აშენებულ ციხეში გადაგვაბრძანებდა....
დეკემბრის 19-ში ეტაპირება დაიწყო “მატროსოვიდან” რუსთავისაკენ, პირველსავე დღეს წავედი, ბევრს ეშინოდა...
იმას არ ერქვა ჩხრეკვა, რაც იქ ხდებოდა, იმას ერქვა პატივისა და ღირსების შელახვა...
საკნის ჭუჭრუტანიდან ვხედავდი დეპარტამენტის მაღალჩინოსნები რომელიმე ჩვენთაგანს ხმაურის გამო როგორ უსწორდებოდნენ მუშტიკრივით...
30 დეკემბრამდე საკნები არ გახსნეს, გაგა მკურნალიძემ “ა” კორპუსი მკაცრი რეჟიმის კორპუსად გამოაცხადა და “ინტრიგანები”, როგორც ისინი უწოდებდნენ გარკვეულ ჯგუფს, “ც” და “დ” კორპუსზე გადმოასახლა.
და ვინ იყვნენ ის ინტრიგანები?! _ ვისაც შეეძლო, განცხადება დაეწერა!
ვინც იცოდა, რა ეწერა პატიმრობის კოდექსში!
ვისაც სრულფასოვანი განათლება ჰქონდა მიღებული!
ციხე, რომელიც “ევროპული სტანდარტებისაა”, ჯოჯოხეთის კოშკს ჰგავდა _ ბეტონის იატაკი, ნესტით გაჟღენთილი “ახლადგაშპაკლული” კედლები, სასადილო _ ეზოს ბოლოში, პაემანი _ მინის თეჯირით, სატელეფონო ბარათზე მხოლოდ სამი ზარი, მიუვალი გზა და... უმისამართო დაწესებულება...
“ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი!”
მგონი, ეს წინადადება “შუშანიკიდან” სრულიად საკმარისია იმის ასახსნელად, სად ვიყავით...
ხათუნამ ერთადერთხელ ინება მობრძანება!
120 ადამიანი იცავდა...
მგონი, შელოცვილიც იყო, თვალი არ მეცესო...
არასრულწლოვანთა საკანი დაათვალიერა, ტალანში ჩამწკრივებული 1 200 ქალის კორიდორში გაიარ-გამოიარა...
ხმა არავინ გასცა...
ეს იყო მდუმარე პროტესტი!
ეს იყო ზიზღი!
ეს დუმილი იყო პასუხი, რომ იგი არარაობაა!
ერთადერთმა აზერბაიჯანის მოქალაქე ქალმა პატიმარმა უთხრა:
_ აი, ხათუნა ხანუმ, მადლობა, რომ გვიხილე! არ ვჭამთ ჩვენ ხალხს... ჯეჰენემი! (აზერბაიჯანულად, თურმე, ნიშნავს _ “ჯანდაბამდის გზა გქონია!”).
მერე, დადიოდა მინისტრი ხან და ხან... ოღონდ ბიბლიოთეკაში, სულელურ აქტივობებზე... მხოლოდ მინისტრი, სტუმრები, აუცილებლად კერვალიშვილი, თანამშრომლები და, ჰა-ჰა, 4 პატიმარი...
P.S.
დღეს როგორ ვაფასებ კალმახელიძის მოღვაწეობას?
ის მინისტრთა კაბინეტში ერთი ჩვეულებრივი “ჯიქთა ხათუმი” იყო...
რა შეეძლო? _ არაფერი.
მარტივი კომუნიკაციის უნარიც კი არ ჰქონდა მდედრს, რომ მდედრთათვის მოესმინა!
ხან სარვამარტო კრებული გავუკეთეთ და გავუგზავნეთ!
ხან განცხადებები ვწერეთ!
ხან მასიურად დავიწყეთ შიმშილობა!
ხან _ ინდივიდუალურად!
ხათუნა კალმახელიძე მინისტრობისათვის შექმნილი არ იყო, ის იყო ერთი ჩვეულებრივი მდედრი, რომელიც მინისტრთა კაბინეტს “ასხივებდა”!
და მაინც:
იცოდა ყველაფერი, ყველაფერი, რაც მის სისტემაში ხდებოდა, თუმცა იყო სუსტი სქესი და ძლიერი სქესის წარმომადგენელ დეპარტამენტის მაღალ ჩინოსნებს ვერ ჯაბნიდა!
ბოლო წინადადება მთლად სერიოზულად არ აღიქვათ, უბრალოდ, ეს ჩემეული ცინიზმია!