ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ, 2-4 მილიონი ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი და მათი 70 პროცენტი - ქალია, რომელსაც სექსუალურ ექსპლუატაციას უწევენ და პროსტიტუციას აიძულებენ.
გასულ კვირას აჭარაში ტრეფიკინგის 4 ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის ნარგიზბეგიმ რახმანოვა ამხილეს. ძალოვანებმა ეჭვმიტანილის დაკავება ვერ შეძლეს, რადგან მან ქვეყნის დატოვება მოასწრო და ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.
აჭარის მოსახლეობა კარგა ხანია, აპროტესტებს საროსკიპოების არსებობას. ადამიანები კონკრეტულ ფაქტებზე ხმამაღლა საუბრობდნენ. კერძოდ, გონიოს მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციებიც გამართეს. ირწმუნებოდნენ, რომ მათ სოფელში 27 ბორდელი სასტუმროსა და კაფეს სახელწოდებით ინიღბებოდა. იქ ძირითადად, შუა აზიიდან ჩამოსული გოგონები იყვნენ დაკავებული მამაკაცების მომსახურებით. ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ განგაში ატეხა და თითქმის ყველა უწყებას განცხადებით მიმართა, მათ შორის - პრეზიდენტსაც, რათა ფაქტებზე რეაგირება მომხდარიყო. ამბობენ, მსგავსი საროსკიპოები ბათუმშიც არსებობს - კონკრეტულად ასახელებენ კაფე-ბარებს, სადაც მეძავები მამაკაცებს ემსახურებიან.
ბრალდებულ ნარგიზბეგიმ რახმანოვას პროსტიტუციაში ჩაბმული 4 უზბეკი ქალი უპირისპირდება.
"ნარგიზბეგიმმა 2013 წლის მარტში უზბეკეთიდან იმ პირობით ჩამომიყვანა, რომ ბარში კარგი ანაზღაურებით მამუშავებდა, მაგრამ მომატყუა. აქ რომ ჩამოვედი, წამართვა პასპორტი და მაიძულებდა, პროსტიტუციით დავსაქმებულიყავი. მემუქრებოდა - თუ არ დავემორჩილებოდი, ჩემს თავს აცემინებდა უზბეკი ეროვნების მამაკაცებს. მთელ თანხას, რასაც ამ გზით გამოვიმუშავებდით მე და სხვა გოგონები, ნარგიზბეგიმი თვითონ ითვისებდა", - ასეთი ჩვენება მისცა ერთ-ერთმა მსხვერპლმა. ანალოგიური შინაარსისაა სხვების ჩვენებებიც: "2012 წელს ნარგიზბეგიმმა წამომიყვანა ბათუმში, ბარმენად სამუშაოდ. მომატყუა, წამართვა პასპორტი და მაიძულებდა, მამაკაცებთან დამემყარებინა სექსუალური კავშირი. უარი ვთქვი, მაგრამ მან ბოლოს მოიყვანა უზბეკი ეროვნების პირები, რომლებმაც ცემითა და დაშინებით მაიძულეს, პროსტიტუციით დავკავებულიყავი. მომსახურებიდან აღებული თანხები მთლიანად მიჰქონდა ნარგიზბეგიმს და მხოლოდ საკვებისთვის საჭირო თანხას მაძლევდა".
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარგიზბეგიმ რახმანოვა საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და პროსტიტუციაში ახალგაზრდა ქალების ჩაბმით იყო დაკავებული. გამოძიების მტკიცებით, 2012-2013 წლებში ბათუმში უზბეკეთის 5 მოქალაქე, მათ შორის - მოკლული რაიხონ კ. პროსტიტუციაში მოტყუებითა და იძულებით ჩააბა. უზბეკეთიდან ჩამოსულ ყველა ქალს ის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ართმევდა და ბათუმის სასტუმროებსა და ღამის კლუბებში მეძავებად ამუშავებდა.
გამოძიებამ ნარგიზბეგიმ რახმანოვა, ტრეფიკინგთან ერთად, უმძიმეს დანაშაულშიც ამხილა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებენ.
მიმდინარე წლის 3 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე კურორტ ბეშუმში, ცენტრალური გზიდან მოშორებით, ტყეში ერთ-ერთმა მცხოვრებმა შემთხვევით, ქალის გახრწნილი ცხედარი აღმოაჩინა. ქალი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მხოლოდ თავის ქალაღა დარჩენილიყო. ჯიბეში აღმოაჩნდა რუსული ფული და 30 თეთრი. საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. გამოძიება იმის დადგენას ცდილობდა, როგორ აღმოჩნდა შუააზიური წარმოშობის ახალგაზრდა ქალი საზაფხულო კურორტ ბეშუმში მაშინ, როცა ბეშუმამდე მისასვლელი გზის ზოგიერთი მონაკვეთი ჩაკეტილი იყო და 15 მაისის შემდეგ ტრაქტორებით გაიწმინდა, მოსახლეობას იალაღზე პირუტყვის გადაყვანა რომ შესძლებოდა.
სამართალდამცავებმა ეს დანაშაული გახსნეს: მათი მტკიცებით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ნარგიზბეგიმ რახმანოვა იყო გარეული. ქართველი სამართალდამცავები უზბეკ კოლეგებთან თანამშრომლობენ და ცდილობენ, დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავებასა და საქართველოში ექსტრადირებას.
ეს ტრეფიკინგის ერთადერთი შემთხვევა როდია. ძალოვანებმა აჭარაში მიმდინარე წელს უზბეკეთის მოქალაქის ტრეფიკინგის ფაქტზე საქმე ადრეც აღძრეს. მაშინ პოლიციამ ბრალი თურქეთის მოქალაქეს, ჰამზა ბ-ს წაუყენა და დააკავა კიდეც. გამოძიების ცნობით, დაკავებული ბათუმში დროებით მყოფ უზბეკეთის მოქალაქე მადინა ე-ს, 2.000 დოლარის სანაცვლოდ, თურქეთში არალეგალურად გადაყვანას შეჰპირდა. ჰამზა ბ-მ მას პასპორტი გამოართვა, რითიც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა. ჰამზა ბ-მ მოტყუებით, შანტაჟითა და იძულებით, მადინა ე. პროსტიტუციაში ჩააბა და რამდენიმე კვირის განმავლობაში სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა: მიჰყავდა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო-კლუბ "არენაში", სადაც თურქი ეროვნების მამაკაცებს ახვედრებდა, შემდეგ კი პროსტიტუციის გზით გამომუშავებულ თანხას ითვისებდა.
ასევე მიმდინარე წელს, გონიოში კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი მოხდა: ნაქირავებ სახლში მცხოვრები "სექსმუშაკებიდან" ერთ-ერთმა თავი ჩამოიხრჩო. მაშინ სხვადასხვა ვერსია გავრცელდა - იმასაც ამბობდნენ, რომ ქალი მოკლეს და შემდეგ ჩამოხრჩობის სცენა გაითამაშეს. დადგინდა, რომ გარდაცვლილი, ყირგიზეთის მოქალაქე იყო. ოჯახმა უსახსრობის გამო მშობლიურ კუთხეში ცხედრის გადასვენება ვერ შეძლო, ამიტომ ბათუმის მერიამ ის, როგორც უპატრონო მიცვალებული, ისე დაკრძალა. გაირკვა, რომ სახლი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, თურქეთის მოქალაქეს ჰქონდა ნაქირავები და მან სასწრაფოდ დატოვა გონიო.
ამბობენ, რომ ბათუმში ბევრი ბინა აქვთ თურქებს ამ მიზნით დაქირავებული. ბევრი ასეთი ბარის სახელიც გახდა ცნობილი, მათ შორის - დისკო-კლუბები "სტარი", "ბომბასა" და "არენა". სწორედ აქ აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა მსგავსი ფაქტები.
მაშინაც ყველა მსხვერპლი უზბეკეთიდან ჩამოსული გოგონა იყო. ისინიც უზბეკეთის მოქალაქემ მოატყუა. დილშოდა მანსუროვამ გოგონები თურქეთში დასაქმების პირობით წამოიყვანა, თუმცა ბათუმში ოთხივეს უთხრა, რომ ღამის კლუბებში "სექსმუშაკებად" უნდა ემუშავათ.
გამოძიებას ჩვენებები მისცეს დაზარალებულებმა. 23 წლის უზბეკი ამბობდა, რომ მეგობართან ერთად თურქეთში სამუშაოდ მოდიოდა, მიმტანად უნდა ემუშავა და თვეში 800 დოლარს გადაუხდიდნენ.
"მეგობარმა გამაცნო დილშოდა მანსუროვა, 34 წლის ქალი, რომელიც უზბეკეთში გოგონების ჯგუფს აგროვებდა, ვისაც თურქეთში სამუშაოდ გამგზავრება სურდა. საბოლოოდ, ოთხი გოგო წამოვედით. მეგობრები ვიყავით. დილშოდამ გვითხრა, რომ თითოეულს 500-500 დოლარი უნდა მიგვეტანა თვითმფრინავის ბილეთებისთვის, დანარჩენ თანხას კი, როგორც გვითხრა, თითოზე 1.000 დოლარს, თავად დაამატებდა და თურქეთში დასაქმების შემდეგ გავისტუმრებდით... როდესაც აეროპორტში მივედით, დილშოდამ გაგვაფრთხილა, პასპორტების შემოწმების დროს, როცა პოლიცია შეგვეკითხებოდა, სად მივდიოდით, გვეთქვა - თბილისში. თბილისიდან უპრობლემოდ უნდა ჩავეყვანეთ თურქეთში. ალმა-ატიდან ჩამოვფრინდით თბილისში და იქიდან - ბათუმში. ნაქირავებ ბინაში მიგვიყვანა, ტელეფონის სიმ-ბარათები მოგვცა და გვითხრა, რომ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის გვეთქვა, რომ კარგად ვიმგზავრეთ და დავბინავდით. ასეც მოვიქეცით. ამის შემდეგ დილშოდამ გოგონებს პასპორტები გამოგვართვა და უკან მხოლოდ ქსეროასლები დაგვიბრუნა. გვითხრა, - აქ არის დისკო-კლუბები - "არენა", "ბომბასა", "სტარი", იქ წადით და იმუშავეთო. სექსმომსახურება უნდა გაგვეწია კლიენტებისთვის. მთელი ღამით თუ მოვემსახურებოდით კლიენტებს, 300 დოლარს ავიღებდით, ერთჯერად მომსახურებაში კი - 50-ს. ვუთხარი, რომ ასე არ ვიყავით შეთანხმებულები და არ ვაპირებდი დისკო-კლუბში მუშაობას. ამაზე ძალიან გაბრაზდა, დაიწყო ყვირილი, ჩხუბი, მერე ამოიღო ჩემი პასპორტი და ჩემ თვალწინ ორი ფურცელი გადახია", - იხსენებდა ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელმაც დედამისთან დარეკვა და იმის თქმა მოასწრო, რომ პოლიციისთვის მიემართა. ამის გამო დილშოდამ მას სცემა. მიხვდა, პრობლემები შეექმნებოდა და მისი თავიდან მოშორება განიზრახა. მსხვერპლის მტკიცებით, ამის შემდეგ დილშოდამ ვიღაცას დაურეკა და უთხრა: - შენ მე ერთ გოგოს შეგპირდი და მოგიყვან; ფულს მომცემ და მას დაგიტოვებო. მეორე დღეს მეგობარი გოგონები სახლიდან გაიყვანა და რამდენიმე მეტრის მოშორებით, ბათუმში, სხვა სახლში მიიყვანა, სადაც ბევრი უზბეკი გოგონა დახვდა, ნაქირავებ ბინაში კი ორი გოგონა დატოვა... მალე მათაც დაურეკა, მისამართი ჩააწერინა და უთხრა, ისინიც იქ მისულიყვნენ. თუმცა, უკვე წამოყვანილმა გოგონებმა მოახერხეს, მათთვის ეთქვათ, რომ სასწრაფოდ გაქცეულიყვნენ პოლიციაში. მართლაც, მალე გოგონები საროსკიპო ბუნაგში პოლიციასთან ერთად მივიდნენ. დილშოდა მანსუროვა სამართალდამცავებთან ირწმუნებოდა, რომ გოგონებს მისი ვალი - 4 ათასი დოლარი ჰქონდათ, რაც მათ ჩამოყვანასა და საქართველოში დაბინავებაში დახარჯა. პოლიციამ გოგონებს ჩამორთმეული პასპორტები დაუბრუნა, თუმცა პასპორტის გარეშე დარჩა ერთ-ერთი მათგანი, რადგან მისი საბუთი დილშოდამ დახია. გოგონები მოგვიანებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფარში გადაიყვანეს...
უცხოეთში სამუშაოდ წასული ბევრი ქართველიც გამხდარა ტრეფიკინგის მსხვერპლი და ხშირად მეზობელ თურქეთში ჩასული გაბმულა ანალოგიურ მახეში. სამწუხაროდ, თურქეთშიც იმავე სქემით მოქმედებენ ქართველები და ეს ბიზნესად აქვთ ქცეული.
ჩვენი რესპონდენტი, სხვებისგან განსხვავებით, მეძავად მუშაობას გადაურჩა. დღემდე ჩივის და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს, მაგრამ - უშედეგოდ. ქალბატონმა უმძიმესი დღეები გამოიარა, 5 თვე უცხო ქვეყანაში გაატარა და შემდეგ, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოში დაბრუნება მოახერხა.
მერი კ.:
- ცხინვალელი ვარ, ზნაურიდან. ქართველი მეუღლე მყავდა და გორის რაიონის სოფელ ქვიშხეთში ვცხოვრობდი. მეუღლე ტროლეიბუსის მძღოლი იყო, ამიტომ თბილისში ბინა მოგვცეს და აქ ვცხოვრობდით. 30 წლის დავქვრივდი. მეუღლე მოულოდნელად, სიმსივნით გარდამეცვალა. ორი შვილი ობლობაში, წვალებით გავზარდე. 1995 წელს უბედურება დამატყდა თავს. ფონიჭალაში ჩემი შვილი და მისი 5 მეგობარი ფეხით მიდიოდა და მანქანა დაეჯახა. ბავშვს სახლში შეშა მოჰქონდა. ხუთივე დაზიანდა. სხვები გადარჩნენ, ჩემი შვილი გარდაიცვალა. ეს მკვლელობის საქმე მაშინვე ჩაიფარცხა: გავლენიანი ადამიანი იყო საჭესთან და შერჩა დანაშაული. მაშინ ბევრი არ მიბრძოლია. მითხრეს, - თუ არ გაჩუმდები, მეორე შვილსაც მოგიკლავთო, - და შემეშინდა. გამომძიებელი მეუბნებოდა, - დეიდა, არ დამიწყევლო ჩემი ფეხმძიმე ცოლი, შენი შვილის წონა ფულია ამ საქმეში ჩაყრილი და ვერაფერს გახდებიო... მეორე შვილმა სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ სწავლის საფასურს ვეღარ ვიხდიდით. გაგვიჭირდა, ამიტომ საბერძნეთში წასვლა გადავწყვიტე. მეგობარი ქალი იყო იქ და ვიზა გამომიგზავნა. საელჩოში ბეჭედი არ ჩამირტყეს. იმ გოგოს ძალიან ვეცოდებოდი და მითხრა, რამენაირად აქამდე ჩამოაღწიეო. თან 200 ევრო გამომიგზავნა. ამ დროს გამოჩნდა ვინმე ანა გიუაშვილი. მის ფირმაში დამპირდნენ, რომ ჩამიყვანდნენ საბერძნეთში, მაგრამ ამაში 3.700 ევროს ითხოვდნენ. ამხელა თანხას სად ვიშოვიდი, ამიტომ ზემო ფონიჭალაში 3-ოთახიანი ბინა ბანკში ჩავდე და პროცენტიანი ფული მივუტანე. მითხრეს, საბუთები მზად არის და თურქეთში დაგხვდებიანო. გადავიხადე ტრანსპორტის თანხაც და ისიც ვუთხარი, რომ სხვა ფული არ მქონდა და დანიშნულების ადგილამდე უნდა ჩავეყვანე. ჩემმა შვილმა და ახლობელმა გამაცილეს. ბათუმში ჩემთვის უცნობი გოგო ამოვიდა ავტობუსში, გვერდით მომიჯდა და დაინტერესდა, სად მივდიოდი. ვუთხარი, საბერძნეთში სამუშაოდ მივდივარ-მეთქი. მან თურქეთში დარჩენა შემომთავაზა.
- უცხო ადამიანმა პირდაპირ სამსახური შემოგთავაზათ?
- რა გინდა საბერძნეთში, თურქეთში დარჩი და მე გამუშავებო. ის ქალი მომვლელს არ ჰგავდა, რას საქმიანობდა, არ ვიცი. ფული არ მქონდა, გზაში ვერაფერს ვყიდულობდი და ეს ქალბატონი გზადაგზა ჩემთვის ჩაის, ყავას ყიდულობდა და მთავაზობდა. ვიცოდი, რომ თურქეთში რომა წამალაშვილი უნდა დამხვედროდა. მართლაც, ის ვიღაც გოგოსთან ერთად დამხვდა და მითხრეს, - სასტუმროში წაგიყვანთო. კატეგორიული უარი ვუთხარი, - საბუთები მომეცით და საბერძნეთში ჩამიყვანეთ-მეთქი. - ცოტა ხანს დაისვენეო. ქუჩაში რამდენიმე საათს მარტო დავრჩი. მერე რომა მოვიდა და მითხრა, - თუ მოდიხარ, წამოეთრიეო. ავტობუსში ჩავსხედით. ხან ესპანეთში რეკავდნენ, ხან - საბერძნეთში, ხან - იტალიაში. მაღაზიაში შემიყვანა. ახლა წავალ და სავას მოვიყვანო. მოვიდა ეს კაცი, მომცა რაღაც საბუთი და პატარა მანქანით წავედით. ვეკითხებოდი, ეს რა საბუთია-მეთქი? სავამ მითხრა, - თუ ბევრს ილაპარაკებ, თავს წაგაცლი და აქ დავტოვებო. შიშისგან გავჩუმდი. ბულგარეთის საზღვარზე მიმიყვანეს და მითხრეს, - მანქანიდან გადმოეთრიე, წესიერად იარე, პოლიციამ არაფერი შეგამჩნიოს, მატარებელში ჩაგსვამ და 10 დღე უნდა ვიაროთო. ამიყვანეს მატარებელში, მაგრამ გამცილებელმა საბუთები რომ შეამოწმა, თქვა, ყალბიაო, გამომაგდეს ვაგონიდან. ჩამომიყვანეს ბულგარეთის საზღვარზე, სვინეგრეთში. შიშისგან ვკანკალებდი, ხმას ვერ ვიღებდი. იქ პოლიციამ პატიმრობა შემიფარდა და საკანში რომ შემაგდეს, საშინელ დღეში ჩავვარდი. საშინელი სიბინძურე იყო. იმ ხალხმა იქ მიმაგდო და თვითონ გაუჩინარდნენ... საკონსულოს წარმომადგენელთან დაკავშირებას ვითხოვდი, მაგრამ - უშედეგოდ. მემუქრებოდნენ, თურქებთან შეგაგდებთ, თუ არ გაჩუმდებიო. ადვოკატი მოიყვანეს. მისი დახმარებით, ჩემს მეგობარსა და დას გავაგებინე, დაჭერილი რომ ვიყავი. პატარა სასტუმროები იყო და ერთ-ერთ ასეთ ადგილას მიმიყვანეს. მარტო დავრჩი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, თან, გზის ფული არ მქონდა. სულ ვტიროდი. დიასახლისს შევეცოდე. პოლიცია რომ მოვიდა, ქალს ეგონა, საქართველოში მაბრუნებდნენ, მაგრამ ისევ საკანში შემიყვანეს. ცუდად გავხდი - დიაბეტი მაქვს. შეეშინდათ, რამე არ მომსვლოდა და ისევ უკან, იმ ქალის სასტუმროში წამიყვანეს. ქალს ტონკა ერქვა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან შევეცოდე. ბინის ქირა მისთვის მე უნდა გადამეხადა, მაგრამ არ მახდევინებდა, არც მქონდა ფული. თვითონ ყოველ დილით მაძლევდა ფულს, საჭმელი რომ მეყიდა და მშიერი არ დავრჩენილიყავი. არ ვიცოდი, თურმე სასამართლომ იძულებითი პატიმრობა მომისაჯა. ეს რომ გავიგე, ისეთ დღეში ჩავვარდი, თავის მოკვლა მინდოდა. ზამთარი დადგა და ტანსაცმელიც არ მქონდა. იმ ქალმა მიყიდა ყველაფერი და ჩამაცვა. 5 თვე იქ გავატარე... მერე მან მაპოვნინა რუსეთის საელჩო და მათ სთხოვა დახმარება.
- საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირება ვერ შეძელით?
- რუსეთის საკონსულომ მომცა საქართველოს კონსულის ნომერი. მათ კი მითხრეს, რომ მივსულიყავი საკონსულოში და თან 70 დოლარიც მქონოდა, რადგან საბუთები დაკარგული მქონდა. ჩემმა დამ გამომიგზავნა გზის ფული, ტონკამაც მომცა მცირე თანხა და ავტობუსით წავედი სოფიაში. იქ იყო საკონსულო. ფული მომთხოვეს. იმ ქალს ვუთხარი, გაუბედურებული ვარ, რა ფულს მთხოვ, დამეხმარე, სახლში რომ დავბრუნდე-მეთქი. დიდი ბრძოლის შემდეგ მომცეს საბუთი და მითხრეს, - ხუთშაბათს ჩვენი სატვირთო გემი შემოდის და ფოთში ჩაგიყვანსო. თუ იქამდე ჩამიყვანენ, ჩემი მიწის ხალხი შემიბრალებს და თბილისამდე ჩავალ-მეთქი. გემზე რომ მივედი, 150 დოლარი მომთხოვეს. ამხელა ფული არ მქონდა და ტირილი დავიწყე. წვიმდა, მერე თოვდა და ის ღამე ქუჩაში გავატარე, პოლიციის შენობასთან. ცარიელი ყუთები დავალაგე და იმის ქვეშ ვიყავი სველი, გალუმპული. რომ გათენდა, პოლიციამ დამავლო ისევ ხელი. გამომკითხეს, იქ საიდან აღმოვჩნდი. ვუთხარი, რაც თავს გადამხდა. მითხრეს, ისევ სვინეგრეთში უნდა დაგაბრუნოთო.
- იქ რატომ გაბრუნებდნენ?
- არ ვიცი. მათ სიმართლე ვუთხარი. მაშინ მითხრეს, - ალბათ ის დიასახლისი დაგეხმარა გაქცევაშიო. შიშისგან ვკანკალებდი. ისევ საკანში შემაგდეს და ერთი ღამე იქ გავათენე. სასამართლო ჩატარდა და თურქეთის ავტობუსით სტამბოლში გამიშვეს. გზის ფულად ჩემების გამოგზავნილი 200 ევრო მქონდა. ამდენი ნერვიულობისგან გზაში ცუდად გავხდი და თურქ კაცს ძალიან შევეცოდე. შეშინებულმა შევხედე. მითხრა, - ნუ გეშინია, მე ძმა, შენ - და, დაგეხმარებიო. უნდობლობით ვუყურებდი, მაგრამ კარგი ადამიანი აღმოჩნდა და დამეხმარა, მომეძებნა თბილისის ავტობუსი და იმით გამომიშვა. წვალებით ჩამოვაღწიე თბილისამდე. ამასობაში ჩემი ბინა პროცენტის გადაუხდელობის გამო დაიკარგა და ჩემი შვილი ქუჩაში დარჩა. იმის ნაცვლად, რომ შვილს დავხმარებოდი, ბავშვი უბინაოდ დავტოვე. ამას საშინლად განვიცდი.
- არ უჩივლეთ დამნაშავეებს?
- ვიჩივლე, მაგრამ საშველი არ არის. მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ვითხოვ, მაგრამ - უშედეგოდ. ის ხალხი, ვინც მე გამაუბედურა, ისევ აგრძელებს მსგავს დანაშაულებს. სამართალს ვერ მივაღწიე. დღემდე ნაქირავებში ვარ. ვითხოვ, თანხა ამინაზღაურონ და დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ. ჩემს მსგავსად, მათ ბევრი ადამიანი ეყოლებათ გაუბედურებული.
სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტი ბევრია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. იმედია, სამართალდამცავები მსგავს ბუნაგებს გამოავლენენ და დამნაშავეებს საკადრისად დასჯიან.