მეხორცეებს მაკონტროლებლები დაერივნენ

მეხორცეებს მაკონტროლებლები დაერივნენ

მეხორცეებს მკაცრი კონტროლი დაუწესეს. დედაქალაქშიც და რეგიონებშიც სეხელმწიფო მაკონტროლებლები ხორცის სარეალიზაციო წერტილებს ამოწმებენ. შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ არის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წინამძღვრიშვილის ქ. N135-ში მდებარე აგრარული ბაზრის („დეზერტირები 2012“) ხორცის სექციაში ჯანმრთელობისათვის საშიში სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, რომელმაც საქონლის ხორცი აღნიშნულ სექციაში შეიძინა, ჯილეხით დაავადდა და ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გადის, ხორცი კი კვლევისთვის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

მოვაჭრის განცხადებით, მან ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა 15 კგ ხორცი, რომელიც ლაბორატორიის გვერდის ავლით და, შესაბამისად, ფორმა N2-ის გარეშე შეიტანა „დეზერტირები 2012“-ში. ი/მ „გრიგოლ სარალიძე“, რომელსაც აგრარული ბაზრის ხორცის სექცია იჯარით აქვს აღებული, დაჯარიმდა 1000 ლარით, ხორცის სარეალიზაციო სექციები კი დაილუქა. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებამდე ხორცის რეალიზაცია შეწყვეტილია.

ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა „დეზერტირების“ ბაზრის მიმდებარე ე. წ. გვირაბი დახურეს. ადგილზე აღებული ნიმუშები გადაგზავნილია ლაბორატორიაში და ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა რეიდებს რეგიონებშიც აქტიურად აწყობენ - ამ ორიოდე დღის წინათ სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბუნებრივი და აგრარული რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური სტაბილურობის სამსახურის უფროსის გიორგი ხიდაშელის თქმით, მან სთხოვა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს, რომ საკუთარ სოფლებში, აღნიშნული რეიდების შესახებ მოსახლეობისთვის ეცნობებინათ.

„ზუსტად იმ დღეს, ბიძინა ივანიშვილი რომ იყო ჩამოსული გორში (იგულისხმება 8 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის ფიცის მიღება მთავარ მოედანზე) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინალური სამსახურის თანამშრომლები ხორცის მოვაჭრეების დაჯარიმებას აპირებდნენ. ვთხოვეთ, რომ ეს ღონისძიებები გადაედოთ. მერე ყველას ვადა 18 აგვისტომდე მისცეს. 18 აგვისტოდან უკვე დაიწყეს დაჯარიმებები“, - განაცხადა ხიდაშელმა.

გორში, ყოფილი ხორცკომბინატის ტერიტორიაზე, შექმნილია სპეციალური სასაკლაო, სადაც მიტანილ და დასაკვლელ საქონელს ლაბორატორიული შემოწმება ჩაუტარდება, დაიკვლება საქონელი, გამოიწერება ფორმა N2. ამის შემდეგ მფლობელს ნებისმიერ ტერიტორიაზე ხორცის გაყიდვის უფლება ექნება. ხიდაშელის თქმით, სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ფასი 15 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მეპატრონე თავ-ფეხს უკან წაიღებს, 35 ლარი ექნება გადასახდელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 20 აგვისტოს გორის ბაზარში ხორცის დეფიციტი შეიქმნა. ამის შესახებ ცენტრს პროფკავშირების გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა კალმახელიძემ აცნობა.

„ხორცით მოვაჭრეები კანონის ამ მუხლის ამოქმედებას აპროტესტებენ. დღეს უკვე ცარიელია დახლები. საქმე ისაა, რომ ვეტერინარულმა სამსახურმა გორის ბაზარი დააჯარიმა და ხორცის მოვაჭრეებს აღარ ეძლევათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ისინი მოითხოვენ, რომ ხორცს ლაბორატიული შემოწმება ადგილზე ჩაუტარდეთ. ყასბები ამბობენ, რომ 45 ლარს ახდევინებენ სასაკლაოზე“, - აღნიშნა კახა კალმახელიძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

გორელი მეხორცეები სასაკლაოს გაუქმებას ითხოვენ. მის მფლობელს, მიტო ალიმბარაშვილს ისინი ამ მოთხოვნით დაუპირისპირდნენ. ალიმბარაშვილი კი ირწმუნება, რომ სასაკლაო მან პირადი საქონლის დაკვლის მიზნით გააკეთა და არავინ აიძულებს მოვაჭრეებს, ისარგებლონ ამ სასაკლაოთი.

რეიდები გრძელდება, შესაბამისად, დარღვევებიც გამოაშკარავდება და უკმაყოფილო მოვაჭრე-მეწარმეები რიცხვით გაიზრდება.