„დღეს რასაც სჩადიხართ - პრიმიტიული მარაზმია“

„დღეს რასაც სჩადიხართ - პრიმიტიული მარაზმია“

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, შეწყალების სურვილი ამ დრომდე დაფიქსირებული მონაცემებით, 2100 პირმა გამოთქვა. 2 100 ადამიანიდან 1 200-მა დარეგისტრირება უკვე მოახერხა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დილიდან იკრიბებიან ადამიანები და ნასამართლობის მოხსნის შესახებ განაცხადებს ავსებენ. პირობით მსჯავრდებულებსა და ნასამართლობის მოხსნის მსურველებს ადმინისტრაციასთან განაცხადის შევსების წესებს კონსულტანტები განუმარტავენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კონკრეტული სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ვალდებულია, დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს, პრობაციის ოფიცრისა და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები. 

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადეს სასჯელი, ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი არ შეეხებათ პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული სახელმწიფოს ან კაცობრიობის წინააღმდეგ, ასევე მათ, ვინც გასამართლებულია პედოფილიის ან განზრახ მკვლელობის საფუძველზე.

აღნიშნული აქტი არ შეეხებათ პირებს, რომლებიც გასამართლდნენ შემდეგი მუხლების მიხედვით: მუხ. 108 - განზრახ მკვლელობა; მუხ. 109 - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში; მუხ. 112 - დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა; მუხ. 140 - სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან; მუხ. 1431 - ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მუხ. 1432 - არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მუხ.

1433 - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა; მუხ. 1441 - წამება; მუხ. 2231 - ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა; მუხ. 229 - აფეთქება; მუხ. 232 - ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება; მუხ. 234 - საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიული, ტოქსიკური, სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი; მუხ. 2551 - არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონო დამზადებასა და გასაღებაში.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ათიათასობით წევრს, რომელმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადა სასჯელი, მოეხსნას ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა და მიეცეს შანსი, რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად გააგრძელოს ცხოვრება. განსხვავებით ფართომასშტაბიანი დაუსაბუთებელი ამნისტიისგან, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საზოგადოებისათვის ახალი პოზიტიური ბიძგის მიცემის მიზნებს და არ შეიცავს დანაშაულის მატებისა და კრიმინოგენური ვითარების გამწვავების რაიმე სერიოზულ რისკს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით გახდა 300 ათასი ადამიანი ნასამართლეობის სტატუსის მატარებელი. მისივე თქმით, პირისთვის ნასამართლეობის მოხსნა სასამართლოს პრეროგატივაა. როგორც კიბახიძე ამბობს, მისთვის გაუგებარია რატომ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილმა.

„პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ შეიწყალოს მსჯავრდებული, ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა. ამას სპეციალური აქტი განსაზღვრავს, მაგრამ ნასამართლეობის მოხსნა, ეს სულ სხვა სამართლებლივი პროცედურაა და ეს პროცედურა უნდა იყოს დაცული. ვისაც ეკუთვნის ნასამართლეობის მოხსნა, ეს უნდა მოხდეს სასამართლოს გზით, ამის სამართლებლივი რეგულაციები არსებობს. მაგრამ, რატომ მოიკიდა ამხელა ტვრითი სააკაშვილმა, როცა ის ინდივიდუალურად ნამდვილად ვერ აგებს პასუხს ვერც ერთის ქცევაზე, ეს უკვე საკითხავია. ის გვევლინება ახლა რაღაცა ბუმბერაზი ჰუმანისტის როლში, რომელმაც 300 ათასი ადამიანი ნასამართლევად აქცია ამ ქვეყანაში. ჯერ დააშავა, გააფუჭა და ახლა ცდილობს რაღაცის გამოსწორებას. ამ დროს კი არ ასწორებს, შესაძლებელია კიდევ დიდი მავნებლობა ჩაიდინოს.ეს არის მავნებელი ადამიანის მიერ გატარებული პოლიტიკა“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

მისივე თქმით, ადამიანების მიმართ მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური.

„ასე არ შეიძლება. იგივე ამნისტიასთან დაკავშირებით პარლამენტი შსს-თან ერთად თვეების განმავლობაში მუშაობდა, რომელ მუხლს შეხებოდა და რომელს არა. პედოფილებს რომ გაიძახის ახლა, რა თქმა უნდა, პედოფილია მძიმე დანაშაულად უნდა იქნას აღქმული და ადეკვატურად უნდა იქნას დასჯადი, მაგრამ თავად იმ სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც მათი მიღებულია, პედოფილია არ იყო მძიმე დანაშაულად დაკვალიფიცირებული. ამიტომ, როდესაც ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლებს შეეხო ამნისტია, ცხადაია ამ ტიპის დანაშაულსაც შეეხო. ასე რომ, თუ რამე არ მოსწონდა სააკაშვილს, ეს იყო ის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც მათ მიერ იყო თავის დროზე მიღებული“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

ნასამართლეობის მოხსნაზე უარს აცხადებს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს ყოფილი პატიმარი გვანცა ყუფარაძე. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, 9 წლის განმავლობაში ადამიანებს ბრალს სდებდნენ, ასამართლებდნენ, სასჯელს უფარდებდნენ და მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ იწყებოდა კონკრეტული პირის რეალური ბრალეულობის ალბათობაზე მსჯელობა. 

„უარს ვამბობ სასჯელისა და ნასამართლეობის მოხსნაზე. თქვენთვის, არაფერს ნიშნავდა ჩემი ათეულობით განაცხადი, იურიდიული მიმართვები - სამართლებრივი შეფასებები, ადვოკატთა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მხრიდან. თქვენთვის არაფერს ნიშნავდა თქვენს სისტემურ იდეოლოგიას შეწირული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. დღეს კი, რასაც სჩადიხართ - პრიმიტიული მარაზმია.

პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკოსს, არასდროს გაპატიებთ იმას, რაც საქართველოს, ქართველ ხალხს გაუკეთეთ. არ გაპატიებთ იმიტომ, რომ ქმედება უპატიებელია. ხოლო, როგორც ადამიანს - რასაკვირველია, დიახ, გაპატიებდით, რომ გეთხოვათ, თავი, სულ მცირე, დამნაშავედ, მაინც რომ გეგრძნოთ.

პოზიციით, რომელზეც დგახართ, ვერასდროს შეიძენთ ფენიქსის ფუნქციას, რადგან გარდასახვას შინაგანი სიმძიმე ხელს უშლის, აღდგენის შესაძლებლობას არ აძლევს, თუმცა არსებობს ერთი რამ, რაშიც მე და თქვენ დღეს ერთ პოზიციაზე ვდგავართ: მე ვერ შევიცვლი ფერს, რადგან უკვე ვიცვალე, ამიტომ მენტალური რეგრესის დაუშვებლობა, ჩემთვის მთავარია. თქვენ კი ვერ იცვლით ფერს, რადგან შავ-თეთრი ხართ“, – აღნიშნულია გვანცა ყუფარაძის მიმართვაში. 

ყუფარაძის მსგავსად პრეზიდენტს ნასამართლეობის მოხსნისთ თხოვნით არ მიმართავენ პოლიტპატიმრებიც. როგორც პოლიტმატიმარი თორნიკე მოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ეს არის სააკაშვილის პიარაქცია, რომელიც პირდაპირ კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნებთან.

„არ ვაპირებთ მისთვის მიმართვას. პოლიტიმრებს შეგევძლო დაგვეწერა შეწყალება პრეზიდენტის სახელზე და პრეზიდენტი შეგვიწყალებდა, მაგრამ არც-ერთმა მათგანმა ეს არ გააკეთა. ციხეში ყოფნის დროს არ მივმართეთ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით და ახლა მივმართავთ, რომ ნასამართლეობა მოგვიხსნას? სააკაშვილი ამით იკეთებს პიარაქციას. პოლიტპატიმრებს შს მინისტრის ბრძანებით გვეხსნება ნასამართლეობა“, - ამბობს თორნიკე მოლაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 16 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 644-ე ბრძანების თანახმად, დადგენილია ახალი რეგულაცია, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლებულ პირთა მიმართ ნასამართლეობის მოხსნას გულისხმობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი აცხადებს, რომ შს მინისტრის ბრძანებას და პრეზიდენტის ინიციატივას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

„ნურავის ჰგონია, რომ ნასამართლეობა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ვინმეს მოეხსნა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. ის ბრძანება, რომლზეც იქ იყო საუბარი, უკავშირდება იმას, რომ თვითონ სამსახურის შიგნით, სამინისტროს შიგნით იყო გაურკვეულობა იმის შესახებ, თუ როგორ გამოეყენებინათ ამნისტიის კანონი და მინისტრმა სამწუხაროდ, 8 თვის დაგვიანებით, მაგრამ როგორც იქნა და როგორც ჩანს, რაღაც ინსტრუქცია შეიმუშავა, რომელზეც თანამშრომლებს აცნობა. რა თქმა უნდა, ეს არანაირად პრეზიდენტის ინიციატივას არ უკავშირდება, იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა გულისხმობს არა რომელიმე ამნისტიით შეწყალებულ პირებს, არამედ ნებისმიერ სასჯელმოხდილ პირს, რომელმაც ოდესმე მსჯავრი, სასჯელი მოიხადა და აქვს ნასამართლეობა“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

სამართლის ექსპერტი, იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება და შს მინისტრის 16 აგვისტოს 644-ე ბრძანება კანონთან ჰარმონიაში არაა. მისივე თქმით, პირობით მსჯავრდებულთ ნასამართლობა გაუქარწყლდებათ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის ან არასაპატიმრო სასჯელმოხდილებს - სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ, პატიმრობამისჯილებს - სასჯელის მოხდიდან 3-დან 8 წლის შემდეგ (დამოკიდებულია დანაშაულის კატეგორიაზე).

„ნასამართლობის მოხსნას რაც შეეხება, სასამართლოს აქვს უფლება ვადამდე მოუხსნას ნასამართლობა პირს მას შემდეგ რაც მოიხდის სასჯელს და უმწიკვლოდ იქცეოდა. გარდა ამისა, ამნისტიის აქტით, მხოლოდ სასჯელმოხდილს და არა სხვა პირს - შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა, ამ შემთხვევაში პარლამენტის მიერ მიღებულ აქტში უნდა იყოს საგანგებო მითითება ნასამართლობის მოხსნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტირებულთ ნასამართლობა „ავტომატურად“ ვერ მოეხსნებათ. პრეზიდენტსაც აქვს უფლება შეწყალების აქტით ნასამართლობა მოუხსნას სასჯელმოხდილთ, მხოლოდ სასჯელმოხდილთ და არა სხვა პირებსაც.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტიის ან შეწყალების აქტის საფუძველზე პირის სასჯელისაგან ან პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, ანდაც სასჯელის მოხდა ავტომატურად არ ნიშნავს და იწვევს ნასამართლობის მოხსნას, ამას სჭირდება სასამართლოს, პრეზიდენტისა თუ პარლამენტის გადაწყვეტილება - თუ ამნისტიის, ან შეწყალების აქტში პირდაპირ არ არის მითითება, ამნისტირებული თუ შეწყალებული პირები რჩებიან ნასამართლობის სტატუსის მატარებლებად“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მისივე თქმით, პირობით მსჯავრდებული პირების მიმართ ამნისტიისა თუ შეწყალების აქტით ნასამართლობის მოხსნის შესაძლებლობას სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს, ამ პირების მიმართ გათვალისწინებულია ნასამართლობის გაქარწყლების მექანიზმი.

„სამწუხაროდ, ასეთია მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე და 78-ე და მუხლებით დადგენილი წესები. პრეზიდენტის, ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებები ვერ არის ჰარმონიაში კანონთან. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომელიც სასჯელმოუხდელი პირებისთვის ნასამართლობის მოხსნას გულისხმობს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის - იმ ნაწილში, რომელიც შინაარსობრივად ნიშნავს ნასამართლობის ე.წ. ავტომატურ მოხსნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამნისტიის ან შეწყალების აქტში ამის შესახებ არაფერი წერია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 77-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და 78-ე მუხლის მე-3 პუნქტში საგანგებო მითითებაა „სასჯელმოხდილზე“, ამასთან ტერმინი „შესაძლებელია მოეხსნას“ ნიშნავს, რომ შესაძლებელია არც მოეხსნას, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ამაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ასახოს შესაბამის დოკუმენტში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.