„საქართველოს ბანკისა“ და სწრაფის გადახდის ბიზნესს შორის დაპირისპირება გრძელდება და მწვავდება. ჯერჯერობით კონფლიქტის მოგვარების გზები არ ჩანს.
კომპანია „ნოვა ტექნოლოჯი“ „საქართველოს ბანკს“ „არასწორი ბიზნესით ფულის შოვნასა“ და თბილისის მერიასთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი რამაზ გაბაძე და ადვოკატი აკაკი ჩარგეიშვილის აცხადებს, „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატზე - ე.წ. ექსპრეს ფეიზე - მომხმარებლისთვის 0%-ანი შეთავაზება კომპანიის გაკოტრებას გამოიწვევს. სწრაფი გადახდის ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ როგორ ახერხებს „საქართველოს ბანკი“ 0%-ან შეთავაზებას და დაადგინეს, რომ ბანკის მიერ ასევე სრულიად მონოპოლიზებულია თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდების მიღებაც.
„საქართველოს ბანკსა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის საეჭვო ვითარებაში ჩამოყალიბებულია ე.წ. მეტრომანის სისტემა, რომელიც გულისხმობს მგზავრობის საფასურის მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ ტერმინალის საშუალებით გადახდას. რატომ არ შეიძლება, მგზავრობის საფასურის გადახდა „ნოვა ტექნოლოჯის“ აპარატებითაც ხდებოდეს?“ - კითხულობს „ნოვა ტექნოლოჯის“ წარმომადგენელი.
ისინი რამდენიმე დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. „ჩვენ წინააღმდეგ კამპანიის დაწყების შემდეგ საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანაზე საკომისიო გადასახადი დაგვიწესდა მაშინ, როცა საქართველოში არცერთ ბანკს მსგავსი გადასახადი დაწესებული არ აქვს. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ წარსულში „ნოვა ტექნოლოჯის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო და სრულად ფლობდა კომპანიის ინსაიდერულ ინფორმაციას“, - აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
აღნიშნულ საკითხზე კომპანიის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში მიმართავენ საქართველოს მთავრობას, საგადასახადო ომბუდსმენს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილსა და მის მოადგილე ჯაბა სამუშიას.
2013 წლის 1-ლი აპრილიდან მოყოლებული სწრაფი გადახდის აპარატებზე საკომისიო გადასახადის სახით 4 თეთრია დაწესებული. რა პოზიცია აქვს ეროვნულ ბანკს ამასთან დაკავშირებით როდესაც ქვეყნის საბანკო სექტორს კონკურნეტების ჩაძირვასა და ბიზნესების წართმევაში ადანაშაულებენ? მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხს სებ-ში უკვე რამდენიმე თვეა იკვლევენ, კონკრეტული პასუხი ისევ არ არსებობს.
რამდენიმე თვის წინ კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საკითხის სრულფასოვნად შესწავლის პირობას იძლეოდა.
„კითხვის ნიშნებია ყველა მონაწილის, მათ შორის მობილური ოპერატორების მიმართ, თუ როგორ მოხდა, რომ ერთ დღეს სამივე ოპერატორმა გადაწყვიტა სადისტრიბუციო პოლიტიკის შეცვლა და ერთ დღეს იდენტური ხელშეკრულებები გაუგზავნეს ყველა მონაწილეს, რაც რეალურად, მათი სერვისის გაძვირებას ნიშნავს“, - ამბობდა ქადაგიძე.
აქედან მოყოლებული ეროვნული ბანკი სწავლობს სწრაფი გადახდის აპარატების ფინანსურ მდგომარეობას თუ რამდენად არსებობს მათი გაკოტრების საფრთხე, ასევე სხვა კომერციული ბანკების უფასო შეთავაზებას, ფინანსურად უფრო სუსტი კონკურენტის ბაზრიდან განდევნის ფაქტება და ა.შ.
„რამდენიმე დღეში ჩვენ დასკვნა გვექნება და კომპეტენციის ფარგლებში მოვახდენთ რეაგირებას“, - განაცხადა მაშინ ქადაგიძემ, მაგრამ მას შემდეგ არაფერი ისმის. კონკრეტულად როგორ დასრულდა აღნიშნული სამუშაო, ამ დრომდე უცნობია.
ადვოკატ აკაკი ჩარგეიშვილი განცხადებით კი ეროვნულმა ბანკმა, პირველ რიგში, ბაზრის მოკვლევა უნდა ჩაატაროს და საზოგადოებას ინფორმაცია მოაწოდოს თუ რამდენად სამართლიანად ახორციელებს „საქართველოს ბანკი“ საკუთარი კომპანიების მართვას.
„სწორედ ეროვნული ბანკს ევალება, ბაზარზე კონკურენციის პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნოს, ამისთვის კი ეროვნულ ბანკს არაერთი ბერკეტი გააჩნია“, - აცხადებს ჩარგეიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის მომზადებას ერთ თვეში დაპირდა, თუმცა არანაირი განცხადება არ გაკეთებულა და სებ-ის პოზიცია დღემდე გაურკვეველია.