"კოალიცია "ქართულ ოცნებას" ახალგაზრდები მასობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოვებენ - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა ალექსანდრე კობაიძემ, იაგო წიკლაურმა და ნიკა მემანიშვილმა გააკეთეს. მათი თქმით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით კოალიციის რიგები 3300 ახალგაზრდამ დატოვა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნება" 3300-მა ახალგაზრდამ დატოვა.
"კოალიცია ქართული ოცნების" წარმომადგენელთა დამოკიდებულება მთი ახალგაზრდული ფრთის მიმართ თავიდანვე არასწორი იყო. თავიდანვე ეს ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ თანხები, რაც მათთვის იყო გამოყოფილი არასწორად გადანაწილდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თავიანთ თავს უნდა დააბრალონ ეს ყველაფერი. მხოლოდ ბოლო შემთხვევაზე მოგახსენებთ - რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას შეხვდა კუს ტბაზე, სადაც შეხვედრების შემდეგ კონცერტი გაიმართა. კონცერტის დასრულების შემდეგ, ღამის პირველ საათზე, ეს ახალგაზრდები ფეხით გამოუშვეს. კონცერტის შემდეგ დაახლოებით 1000-მდე ახალგაზრდას ქალაქის ცენტრამდე ფეხით ჩამოსვლამ მოუწია", - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთა თქმით, "ვისაც ფული არ ჰქონდა, კუს ტბიდან გლდანამდე ფეხით მოვიდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"კოალიციის მიმართ ახალგაზრდები უკმაყოფილება ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეინიშნებოდა. დღეისთვის "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ შტაბებში იმ ადამიანებიდან, ვინც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ სანაგვეზე გასასტუმრებლად იბრძოლა, მხოლოდ 5%-ია დარჩენილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდას განსაკუთრებული პროტესტის გრძნობა უჩნდება უსამართლობაზე, ეს გასაკვირი არაა. უკმაყოფილების ერთადერთი მიზეზი ის გახდა, რომ შტაბებიდან სისტემატურად ქრებოდა მათი კვებისთვის თუ სხვა საჭიროებებისთვის განკუთვნილი თანხები. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, სხვადასხვა ღონისძიებების დროს რეგიონებში გადაადგილებისთვის ას კილომეტრზე გათვალისწინებული იყო 10 ლიტრი ბენზინის ფული, მაგრამ შტაბებში 8 ლიტრი რიგდებოდა და 2 ლიტრი სადღაც ქრებოდა - ეს ერთეული შემთხვევა არაა და სანამ ბიძინა ივანიშვილი ტკბილ სიზმრებშია, გარკვეული ადამიანები მისი ფულით საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ", - აცხადებს ნიკა მემანიშვილი.
"რაც შეეხება კუს ტბაზე გამართულ კონცერტს, ახალგაზრდებს არ მოეწონათ გიორგი მარგველაშვილის უცნაური განცხადება - ყველა ახალგაზრდას დავიმახსოვრებ და ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში შესაბამის პატივს ვცემო - ანუ ვიცი, რომ ახალგაზრდების ნაწილმა კოალიცია დატოვა, მაგრამ ახლა ვინც გვერდით დამიდგება, ამაგს არ დავუვიწყებო. სწორედ ამ დრეს მოხდა ის ამაზრზენი ფაქტიც, რომელმაც ახალგაზრდობის განსაკუთრებული განაწყენება გამოიწვია - კონცერტზე დასწრების მსურველ ახალგაზრდებს გაუნაწილეს კუს ტბის ასახვევამდე ტაქსებით მისასვლელი თანხა და აქედან დანიშნულების ადგილებამდე სამარშრუტო მიკროავტობუსებით გადაიყვანეს, თუმცა არავინ დაინტერესებულა, იქიდან რით წამოვიდოდნენ" - დასძენს "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წარმომადგენელი.