„ნაციონალურმა მოძრაობამ” სასჯელაღსრულების დაწესებულებების კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა გამოაქვეყნა. აკაკი მინაშვილის განცხადებით, ციხეებს კრიმანლური ავტორიტეტები ქურდები, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მართავენ. „ნაციონალების” ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. „რეზბალნიცას” ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს.
აკაკი მინაშვილის სქემის მიხედვით, ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი იგივე „ხალვა”, ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი. ქსნის ციხეს მინაშვილის მტკიცებით ლაშა ქებურია „უყურებს”, კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი.
მინაშვილის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე „მაისა”. ამ სქემის მიხედვით, გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი „აკონტროლებს”, ხოლო რუსთავის 6 დაწესებულებას - მირიანა იგივე „ჟინვალა”. რუსთავის 17 დაწესებულებას კი, „ნაციონალების“ ინფორმაციით, გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე მართავენ, რომლებიც მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არიან გასამართლებული.
ამავე სქემის თანახმად, გლდანის ციხის ე.წ. მაყურებლები კი, ზურაბ ნონიაშვილი და ზურაბ ბრეგაძე იგივე „პრაკოლა“ არიან, ეს უკანასკნელი კი, აკაკი მინაშვილის ინფორმაციის თანახმად, გაერო-ს თანამშრომლის მარია ბრილსკას მკვლელობისთვის არის გასამართლებული.
„მთავარი მოქმედი პირი არის „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ფოცხვერია, რომელიც მთავარი შემოქმედი იყო 2006 წელს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯანყისა. სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, სწორედ ფოცხვერიასთან ხდება კრიმინალური ავტორიტეტების დაბარება ე.წ. „რეზბალნიცაზე“. „ბატონი“ ტარასა ამ მაყურებლებს უხსნის მათი საქმიანობის აღწერილობას, აძლევს მითითებებს, რეკომენდაციებს და ამის შემდეგ ხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა ციხესა და საპყრობილეში.
ქსნის ციხეში, მაგალითად, დაყოფილია, სხვადასხვა ქვეჯგუფი არსებობს, საერთო რეჟიმს, კარცერს, სასადილოს, სამედიცინო ნაწილს - ყველას თავის მაყურებელი ჰყავს. რა შედეგებს იწვევს ეს ობობის ქსელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო? ეს არის „ქართული ოცნების“ შეგნებული არჩევანი. ამის დასტურად შემიძლია, მოვიყვანო შემთხვევა, როდესაც წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალიან უცნაურად დაიწყეს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ჩამოსვლა და სამართალდამცველ ორგანოებს ჩაბარება“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მინაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებით სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება შედარებით გაუმჯობესდა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ციხეებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ესაუბრა სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს.
„როგორ არ აქვთ სინდისი, რომ ისინი კიდევ ციხეებზე საუბრობენ?! თქვენ ხომ იცით რა მდგომარეობა იყო ციხეებში და დღეს იმასთან შეარებით სანატორიუმია, თუმცა პირობების გაუმჯობესება იქ კიდევ საჭიროა. ჩვენ ვცდილობთ ახალი მშენებლობები დავიწყოთ. ვესაუბრე სოზარ სუბარს, თათბირი მქონდა მასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ვცდილობთ, რომ პირობები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. C ჰეპატიტის მკურალობა პრაქტიკულად გავაწყვიტეთ. საერთოდ რა ხდებოდა ციხეებში და ნაციონალები რომ ამაზე ხმას იღებენ, ეს მათ სინდისზე იყოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ბრალდებას გამოეხმაურა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ღურწკაია, რომლის განცხადებით, ქართულ ციხეებში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ნამდვილად არსებობენ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან განსხვავებით, ციხის ადმინისტრაციები მათ არ ნიშნავენ. როგორც ღურწკაია ამბობს, ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა ციხეებში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ჩაენაცვლებინა და ეს მხოლოდ გლდანის ციხეში შეძლო, სადაც თავად იქცა კრიმინალად.
„კრიმინალური ავტორიტეტები და ლიდერები სასჯელარსრულების სისტემაში რომ არიან და იყვნენ, ეს აბსოლუტურად თვალნათელია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეეცადა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაენაცვლებინა კრიმინალური ავტორიტეტები და თვითონ გამხდარიყვნენ კრიმინალები, ეს მოახერხეს მხოლოდ მე-8 დაწესებულებაში, სადაც აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ პატიმრებს.
სხვა ყველა დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ბოლო დღემდე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები. დღევანდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ისინი ნიშნავდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს და ისინი იყვნენ გარიგებაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ნაციონალები ხელკეტის, ცემის, გაუპატიურებისა და მუქარის მექანიზმებით სარგებლობდნენ და ასე ჰქონდათ მმართველობა დამყარებული“, - აცხადებს ღურწკაია.
მისივე განცხადებით, ადმინისტრაცია ნამდვილად არ არის გარიგებაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მაგრამ თუ დაწესებულებაში პატიმრები თვითონვე გამოავლენენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს და ლიდერს, ეს მისივე განცხადებით ბუნებრივი პროცესია ყველა ქვეყნის ყველა პენიტენციური სისტემის.
„ჩვენ ვებრძვით კრიმინალურ ავტორიტეტებს არა პიროვნულად, ჩვენ ვებრძვით იდეოლოგიას და ამისათვის შესაბამისი მექანიზმებიც არსებობს, სტრატეგიაც და გეგმაც, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელთა სტრატეგია იყო მხოლოდ ძალადობა, გაუპატიურება და ცემა. იმით მანიპულირება, რომ დღეს ციხეში ძალადობა არსებობს, ეს არის ცინიზმი და სამარცხვინო განცხადება, როდესაც 800-მდე ადამიანია მათი მმართველობის პერიოდში მოკლული და გარდაცვლილი სასჯელაღსრულების სისტემაში. ახლა დაახლოებით 10-ჯერ არის შემცირებული ძალადობა. გარიგება ქურდულ სამყაროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის სტილი და ფორმაა“, - განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ.
ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ „კანონიერი ქურდების“ სახელით ციხეების მართვის მეთოდი შემოიღო ბაჩო ახალაიამ. როდესაც ადმინსტრაცია ციხეს მართავდა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მეთოდებით და სახელით. მისივე თქმით, ზუსტად იმ მეთოდებით ხდებობა ახალაიას დროს ციხის მართვა, როგორც შევარდნაძის დროს და უფრო ადრე „კანონიერი ქურდები“ მართავდნენ ციხეს.
„ის პატიმარი, რომელიც არ დაემორჩილებოდა იმ კანონებს, რომელიც მათ შემოტანეს, ის ექვემდებარებოდა ცემა-წამებას, დაჯარიმებას და ხშირად სიკვდლისაც. უბრალოდ, ამას ყველაფერს ჰქონდა ლეგალური სახე. ხდებოდა ფულის შეტანა ე.წ. ობშიაკში. ოღონდ განსხვავებით ქურდული ობშიაკისგან, ეს ობშიაკი იყო გაოფიციალებული. ოფიციალურად შეჰქონდათ ჯარიმები ახალი „კანონერი ქურდებთან“. ესენი იყვნენ ბაჩო ახალაიას მთელი ეს „სასტავი“ - მეგის ქარდავა, ჭაკუა, ქილერა და ვიღაცეები. ესენი იყვნენ იქ კანონიერი ქურდები.
ისინი მართავდნენ ციხეს „კანონიერი ქურდების“ მეთოდებით და თან მათ მიერ დასმული ე.წ. მაყურებლები ციხეებს მართავდნენ კანონიერი ქურდების სახელით და არა ახალაიას სახელით, ასე იცოდნენ პატიმრებმა. ეს იყო მათი სქმეა. დღეს, რა თქმა უნდა, გარკვეული ავტორიტეტები და ლიდერები არიან, ისევე როგორც ყველა სფეროში.
რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ციხეში არაინ, მაგრამ განსხვავებით ბაჩო ახალაიასგან, ისინი ადმინისტრაციის მიერ არ ინიშნებიან და არ იმართებიან. არამედ ეს ბუნებრივად ხდება. ისევერ როგორც საზოგადოების ნაწილში არის ლიდერები, ასევე ციხის კონტიგენტში იკვეთება ლიდერი და პატიმრები მას ჭკუას ეკითხებიან. თუმცა ახალაიას მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, ისინი ადმინისტრაციის დავალებას არ ასრულებენ“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.