რაც შენია - ჩვენია!

რაც შენია - ჩვენია!

„ჩემთვის დღეს ძალიან უხერხულია ვიყო ტელევიზიის მეპატრონე, რამეთუ მთავრობის მეთაური ვარ და ამას გაგებით უნდა მოეკიდოთ. ეს არის ჩემი პოზიცია. ამავდროულად, ვცდილობ, ყველა ჟურნალისტს, ყველა ჩვენს მოქალაქეს მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოვეკიდო და მაქსიმალურად გავითვალისწინო თითოეულის ინტერესი, მაგრამ ჩემთვის ძალიან გულსატკენია, რომ ლამის, აქეთ დამამადლეს ის, რომ ეს ათი თვე 10 მილიონი დოლარი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის დავხარჯე“, - ეს ამონარიდია პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან.

ბიძინა ივანიშვილმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი ოჯახის კუთვნილებაში მყოფი ტელევიზიის, წინასაარჩევნოდ, დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ამის გამო, ვინც არ დაიზარა, ყველამ ჭკუის დარიგება დაუწყო.

სოციალურ ქსელში, სასწრაფო წესით, დაიწყო „მე-9 არხისა“ და „ინფო 9“-ის შესყიდვის მსურველთა ხელმომწერთა მოხმობა. პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას 4 500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ისინი მზადყოფნას გამოთქვამდნენ „მე-9 არხი“ და „ინფო 9“ „შეღავათიან ფასად“ შეესყიდათ. თუმცა, კონკრეტულად ჰქონდათ თუ არა გეგმა როგორ ტელევიზიას შექმნიდნენ და რა სახსრებით აპირებდნენ მის შემდგომ დაფინანსებას, არავის უთქვამს.

ითქვა, რომ ტელევიზია დაბალბიუჯეტიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა ციფრებში გამოიხატებოდა „დაბალი ბიუჯეტი“, არც ამაზე გაკეთებულა განმარტებები. არც ის მოგვისმენია, „მე-9 არხისგან“ ახალი საზოგადოებრივი არხი რომც შეიქმნას, რა გარანტიები არსებობს იმისთვის, რომ იგი ავადსახსენებელი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ დაემსგავსება?!

ის, რაც ნათლად გავიგეთ, იყო მოწოდება, რომელიც დაახლოებით ასე გამოითქვა - შევისყიდით იაფად, რა თქმა უნდა, საზოგადოების ფულით, ჩვენ კი ვმართავთ. მხოლოდ, „ჩვენ“-ში  ვინ იგულისხმება, ესეც გაუგებარი დარჩა.

ეს ძალისხმევა რატომ არ არის მიმართული იმ ტელევიზიისკენ, რომელიც მართლაც საზოგადოების ფულით ფინანსდება და დაფინანსებაც გარანტირებული აქვს და რატომ გახდა სხვისი კერძო საკუთრება ასე მომხიბვლელი, ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის. ან, რატომ აღიქმება „მე-9 არხის“ დახურვა მედიაზე ზეწოლად, კარგად ვერც ეს გავიგეთ.

მოკლედ, ასეა თუ ისე, „მე-9 არხის“ ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება და როდემდე გაგრძელდება, ესეც უცნობია. ყოველ შემთხვევაში, უცნაური ის არის, რომ საჯარო სივრცეში, ბიძინა ივანიშვილის განცხადების „ქვეტექსტების“ განხილვა უფრო აქტუალურია, ვიდრე მცირერიცხოვანი „საინიციატივო ჯგუფის“ ინტერესებისა, რომელთაგან ზოგი ერთ ლარად შენატრის მრავალმილიონიანი ქონების ხელში ჩაგდებას და ზოგიც „შეღავათიან ფასად“.

მოკლედ, ინიციატივის ავტორები იმედს გამოთქვავენ, რომ პრემიერი გამონახავს დროს და პირადად შეხვდება, ან მისი წარმომადგენლის მეშვეობით, მათ გადაწყვეტილებას და პირობებს აცნობებს.

ამასობაში კი, ბიძინა ივანიშვილი, თუმც უიმედოდ, მაგრამ სერიოზულ მყიდველს ელოდება და იმის გარკვევას ცდილობს, რას ერჩიან: „არაფერი მიზანი არ მქონია და არაფერი დაკვეთები არ მიმიცია „მე-9 არხისთვის“ არც ადრე და მით უმეტეს, არც მერე, როცა ხელისუფლებაში მოვედით... ჟურნალისტების რეაქცია, ჩემი აზრით, იყო არაპროფესიონალური. ვინც თავის პროფესიას პატივს სცემს, განცხადების მერე, არ ადგებოდა და ტელევიზიას არ მიახურავდა... სკეპტიკურად ვუყურებ თქვენს პოზიციას, რომ უამრავი მყიდველი არსებობს, მაგრამ თუ თქვენ ასე ფიქრობთ, მით უმეტეს, რისთვის დახურეთ ტელევიზია?! მაყურებელს ხომ პატივი უნდა სცეთ?! თქვენ ხომ მაყურებელი გყავდათ, რატომ დახურეთ ტელევიზია?!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, მავანთ, ჯერ კიდევ, იმედი აქვს, რომ ივანიშვილი „სწორ გადაწყვეტილებას“ მიიღებს.

ია ანთაძის შეფასებით, ტელეკომპანიის შესაძენად შექმნილი სააქციო საზოგადოების განცხადებას, რომელიც მთავრობის კანცელარიაში პრემიერის სახელზე გუშინ შევიდა, ბიძინა ივანიშვილი განიხილავს.

„მე პრემიერის განცხადებაში - რომ ეჭვი ეპარება, რეალური მყიდველი ამ მოკლე ვადაში გამოჩნდეს - ჩვენი, სააქციო საზოგადოების წევრების წინადადების უარყოფის მანიშნებელი ვერაფერი დავინახე. ჩემი აზრით, პრემიერმა ის ბიზნესმენები იგულისხმა, რომლებიც, თითქოს, გამოხატავენ „მე-9 არხის“ შეძენის სურვილს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებენ. ამ შემთხვევაში მან უფრო ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელზე, ბატონ ოქუაშვილზე მიანიშნა. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ინიციატივას მალე განიხილავენ და ან მოიწონებენ, ან დასაბუთებულ უარს გვეტყვიან“, - განაცხადა ია ანთაძემ.

ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი ამბობს: „მილიონი არის ძალიან დიდი თანხა, ხელფასით დაინტერესება არაა კარგი ტონი, მაგრამ როგორც ჩანს, ტელევიზიის თანამშრომლებს ძალიან მაღალი ხელფასები ჰქონდათ. მოვისმინე, რომ შესაძლებელია გაკეთდეს მცირებიუჯეტიანი ტელევიზია. როგორც ვხვდები, როდესაც გაჩნდა ვერსია არხის შესყიდვასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მაშინ ამის მიზანი იყოს ის, რომ ჟურნალისტები არ დარჩენილიყვნენ უმუშევრები.

თუ გააკეთებენ მცირებიუჯეტიან ტელევიზიას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ თანამშრომლების ძალიან დიდი ნაწილი უნდა დაითხოვო. იქნებ, ის მაინც გაირკვეს - რა უნდათ? ეს არარეალისტური მგონია. მერე როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ არხმა? მეეჭვება, რომ ამაზე ნაფიქრი ყოფილიყო“, - აცხადებს თამარ ჩიქოვანი.

მედია ექსპერტი ლელა კურდღელაშვილის თქმით, „მე-9 არხი“ თუ საზოგადოების ხელში გადავა, ეს კარგი იდეაა, თუმცა ის ხელფასები, რაც „მე-9 არხზე“ რიგდებოდა, ამ ხელფასებს საზოგადოება ვერ გადაიხდის.

„აქიდან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელი იყო როგორ იმუშავებდა. თუმცა რაღაცის მოფიქრება შეიძლება. თუ იქნება კარგად მოფიქრებული ინიციატივა, გარკვეული დაფინანსების მოზიდვა შეიძლება. რამდენადაც მახსოვს, იმ ინიციატივაში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება და ბიზესმენები ამოგვიდგნენო. არ ვიცი, როგორ წარმოედგენათ არხის მართვა, მე მგონია, რომ იმ წუთში ამ თემაზე ნაკლებად იყო ნაფიქრი“, - ამბობს ლელა კურდღელაშვილი.

ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ ამ განცხადებაში ჩანს პრემიერის გაღიზიანება, რაც მისთვის სრულიად გასაგებია.

„თუმცა, არის მეორე მხრეც, მას ის 10 მილიონი ტყუილად არ გადაუხდია. ჟურნალისტები ემსახურებოდნენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. გავიხსენოთ არჩევნების წინა თვეები, ჟურნალისტები საკმაოდ რისკავდნენ თავიანთი მუშაობის განმავლობაში. მართალი გითხრათ, მე ბოლომე არ ვარ ჩახედული რის გამოც მან უარი თქვა ამ ტელევიზიის შენახვაზე, თუმცა, მხოლოდ, ერთი მხრიდან გადახდილი მილიონები არ გვაქვს, გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი და რისკთან დაკავშირებული შრომაც“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მხატვარი ნიკუშა შენგელაია თვლის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი, ვინაიდან საქმე ეხება მის საკუთრებას.

„ეს არის კერძო ტელევიზია, ის არის მფლობელი, ის ხარჯავს თავის ფულს და მისი გადაწყვეტილებაა დახუროს თუ არა. მე მოვისმინე მისი განცხადება, იგი თვლის, რომ არ სჭირდება ეს ტელევიზია და, რომ არ სურს, სპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს გახდეს მანიპულაციის თემა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამ ტელევიზიაში გადაცემასაც ვაკეთებდი და ვთანამშრომლობდი, ნამდვილად ვერ ვიქნები უმადური. ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხული პრეტენზიებია. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ჟურნალისტები უმუშევრად რჩებიან, მაგრამ არ შეიძლება აიძულო ადამიანი, რომ თავის კერძო საკუთრების განკარგვაზე უარი თქვას. მე ვთვლი, რომ ეს ერთპიროვნულად, არის ბატონი პრემიერის გადასაწყვეტი საკითხი“, - აცხადებს ნიკუშა შენგელაია.